კულტურული სტერეოტიპები ანუ ,, წმინდა ჭურჭელი’’, ,,ფაიფურის თოჯინა’, ,,კარამელის კანფეტი’’ და ,,ბოზი’’

,,თითქოს ის, რასაც ქალში პატიოსნებას ეძახიან
არ გულისხმობდეს ბედის მორჩილებასაც…’’

ანდრე ჟიდი _ ,,ყალბი ფულის მჭრელები’’

საქართველოში რომ სრულიად უცხო კულტურის წევრი ჩამოვიდეს, ვთქვათ უცხოპლანეტელი ჩამოფრინდეს ერთ მშვენიერ დღეს და დაესწროს ორიოდე ლხინის და ქელეხის სუფრას, რამდენიმე ლოგიკურ დასკვნას გააკეთებდა (ჩავთვალოთ, რომ ანალიტიკური უნარებით დაჯილდოებულ უცხოპლანეტელზე გვაქვს საუბარი). ამ დასკვნებიდან ერთ-ერთი ქალების შესახებ იქნებოდა და სავარაუდოდ ასეთი ფორმა ექნებოდა:
• ,,ქართველი ქალი’’ ადამიანის თვისობრივად განსხვავებული სახეობაა. ,,ქართველ ქალებს’’ სერიული წარმოებით უშვებენ ,,ქართული ოჯახები’. ხოლო მთელი ამ პროცესის მონიტორინგს ზეციური, მისტიკური და ამავდროულად, დაინტერესებული ძალები ახორციელებენ.
ანუ, ,,ქართველი ქალი’’ მიწის და ზეცის ერთობლივი პროდუქტია და ამიტომაც არის განსხვავებული მსოფლიოში ყველა სხვა ქალისაგან. უფრო კონკრეტულად კი, ეს სხვაობა მდგომარეობს ,,ქართელი ქალის’’ ფენომენში, როგორც მორალური პროექტის განსხვავებაში სხვა, ბიოლოგიურ-ფსიქიკური პროექტებისგან.
,,ქართველი ქალი’’ მართალია ფლობს ბიოლოგიურ სხეულს, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება ბიოლოგიურ არსებად, რაკი მამაკაცებისა და სხვა ეროვნების ქალებისგან, მოკლედ ზოგდად, ადამიანებისგან განსხვავებით ის არ ექვემდებარება ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ამას გარდა, მისი ხორციელება შემოიფარგლება შვილოსნობით, რაც განსაზღვრავს კიდეც ,,ქართველი ქალის’’ არსს _ ის არის ,,წმინდა ჭურჭელი’’, რომლის დანიშნულებაცაა დაიცვას თავისი სიწმინდე და რაც შეიძლება პირნათლად შეასრულოს ,,ჭურჭლის’’ ვალი. ქალის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი უნდა იყოს მოვალეობა მოიხადოს სამშობლოს, ღმერთის, ოჯახის წინაშე დედობით და მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნას ქმარსა და შვილებს.
არის სხვადასხვა თვისებები, რომელთა ქონაც ხელს უშლის ღირსეულ ,,წმინდა ჭურჭლობას’’ _ ვთქვათ დამოუკიდებლობის სურვილი, სიჯიუტე, შეუპოვრობა, ინტელექტი, ინდივიდუალურობა და ა.შ. მაგრამ რაკი ჭურჭლის ფუნქცია უზეშთაესია, ეს თვისებები ხდება ქალის მარგინალიზაციის მიზეზი. იმიტომ რომ, დომინანტური კულტურული დისკურსის მიხედვით, ის ხელს უშლის ქალს თავისი ნამდვილი რაობის განხორციელებაში და იწვევს ,,ჭეშმარიტი დანშნულებისგან’’ აცდენას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს დისკურსი ყოველთვის არ არის თვალშისაცემი, ან გაცილებით ძნელადშესამჩნევია, მაგრამ სუფრასთან კარგადდაკვირვებადი ხდება. ე.წ. ,,ქართული სუფრა’’ და სადღეგრძელოები წარმოადგენს კულტურაში აღიარებული ღირებულებების იდენტიფიცირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, რაკი სადღეგრძელოები გულისხმობს ობიექტის გაიდეალებას, ობიექტის ყველაზე სასურველი მოდელის წარმოჩენას. სადღეგრძელოების მეშვეობით ხდება როგორც კულტურაში აღიარებული ნორმების აფიშირება, ასევე მათი თვითდამკვიდრება და ხელახლა წარმოება.
თანამედროვე საქართველოში ქალების სადღეგრძელო სუფრის პროტოკოლის განუყოფელი ნაწილია, თუნცდაც ქალები საერთოდ არ ესწრებოდნენ სუფრას. ცალკეა დიასახლისის სადღეგრძელოები, რომლითაც მამაკაცები თავისებურად აფასებენ დიასახლისის შრომას, ცალკე კი ქალის, როგორც ასეთის, სადღეგრძელო. ამ სადღეგრძელოში მამაკაცები ლოცავენ თავიანთ დებს, დედებს, ქალიშვილებს და სწორედ აქ იკვეთება გაიდეალებული მოდელი _ ქართველი ქალის’’ სახე.
ასეთი სადღეგრძელოებით ქალის ეტალონი წარმოდგენილია, როგორც კდემამოსილი, სათნო, კეთილშობილი, ღვთისნიერი, ნაზი, მორჩილი და უპრეტენზიო ცოლი, კარგი დიასახლისი, კარგი დედა, მომთმენი და მზრუნველი, შრომის მოყვარე ადამიანი. საინტერესოა რომ, როგორც წესი, ამ ეტალონში ვერ ხვდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმამაცე, დამოუკიდებლობა, ჭკუა, განათლება, შეუპოვრობა, პრინციპულობა… ეს ფაქტი მოულოდნელი და გასაოცარია, თუ დავეყრდნობით აზრს, რომ ქართული სუფრა ტრადიციებისა და ისტორიულობის პრეზენტაციის ადგილია სადაც ამ ისტორიულობის გახსენებით მყარდება ,,ძირძველი ქართული იდენტობა’’. თუ მართლაც ასეა, მაშინ ქალის ეტალონი განპირობებული უნდა იყოს საქართველოს ისტორიულ წარსულში გამორჩეული ქალი აქტორებით. მაგ. წმინდა ნინო, შუშანიკ დედოფალი, თამარ მეფე, მაია წყნეთელი თუ ქეთევან წამებული… ეს ქალები, დღევანდელი პოზიციიდან რომ შევაფასოთ, მასკულინურ თვისებებს უფრო ფლობენ ვიდრე ფემინურს _ არცერთი მათგანი არ არის მორჩილი, მორცხვი, გამუდმებით შინმოფუსფუსე და სუსტი, მამაკაცს მიკედლებული და საკუთარი ინდივიდუალურობის არმქონე, პასიური ადამიანი. პირიქით, ისინი არიან აქტიურები, გაბედულები, უკომპრომისოები, რაც მიჩნეულია მამაკაცურ თვისებად. ერთი მხრივ, ამ ქალების მნიშვნელობა თითქოს აღიარებულია დღევანდელ კულტურაში _ მათი სახელები ყველაზე გავრცელებული სახელებია რომლებსაც სიამოვნებით არქმევენ თავიანთ ქალიშვილებს თანამედროვე ქართველები, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ქალიშვილებს კულტურა უყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომ ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ თავიანღი სეხნიებისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებად, სრულიად განსხვავებული პრიორიტეტებით.
ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ისტორიულ წყვეტასთან _ ის, რაც გამოცხადებულია ისტორიულ-მემკვიდრეობით სტანდარტად და მოითხოვს მიღებული იყოს საყოველთაოდ სწორედ იმიტომ, რომ ისტორიული მემკვიდრეობაა, სინამდვილეში არ არის ისტორიული სტანდარტი და უფრო მეტიც, არაფერი აქვს საერთო ამ სტანდარტთან. ( რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ზედმეტად ხმამაღალ განცხადებად მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ძნელი დასადგენია და ცალკე კვლევას მოითხოვს რა იყო რეალურად კულტურული სტანდარტი სხვადასხვა დროს, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულ

შუშანიკი, როგორც წმინდანი

წყაროებზე დაყრდნობით, ჩემი აზრით, ასეთი დასკვნა ლოგიკურია). მაგალითად, ერთი მხრივ აბსურდულია წარმოვიდგინოთ შუშანიკ დედოფლის პროტოტიპი, როგორც მორჩილი და მორიდებული მეუღლე _ პირიქით, ეს იყო საკუთარი პოზიციის პრინციპულად გამტარებელი ქალი, რომელმაც ინდივიდუალური შეხედულების, საკუთარი რწმენის, საკუთარი იდეის გამო უარყო ქმარიც და შვილებიც. მეორე მხრივ რთული წარმოსადგენია ასეთი ქალის იდეალის სადღეგრძელო ე.წ. ,,ქართულ სუფრაზე’’. იმის მიუხედავად, რომ შუშანიკის ცხოვრების ამსახველი ლიტერატურული ნაწარმოები ათწლეულების განმავლობაში ისწავლებოდა სკოლებში, მთელი მისი ისტორია წაკითხული და გააზრებული იყო სპეციფიკურად და აპელირება ხდებოდა რომ ის სამშობლოსა და რწმენისთვის თავდადებული ქალია, ხოლო მისი პიროვნული თავისუფლების ფენომენი, ინდივიდუალურობა, სიმამაცე, დამოუკიდებლობა და პრინციპულობა გაუფასურებული და უგულებელყოფილი იყო.
ქალის სისუსტის და პასიური როლის აღიარება-განმტკიცებას ეწევა დღევანდელი მართმადიდებლური ეკლესიაც, რომელიც ძალიან გავლენიანი სოციალური ინსტიტუტია. ის, რომ ქალი ითვლება ევას ცოდვაზე პასუხისმგებლად, ეკლესიის პოზიციით, ქალს აკისრებს მოვალეობას გამოისყიდოს კაცობრიობის წინაშე თავისი შეცოდება ტანჯვით, რთული მშობიარობით, ბავშვების აღზრდით და საკუთარი ცხოვრების სხვათა ცხოვრების სამსახურში ჩაყენებით. ამის მიუხედავად, ქალი თავისი არსით უწმინდურია და ეკრძალება საკურთხეველში შესვლა, ღვთისმსახურება (არ არსებობენ მართმადიდებელი ქალი მოძღვრები), მენსტრუაციის დროს ან მშობიარობის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კი საკრალურ საგნებად აღქმულ საგნებთან შეხება (სანთელი, ხატი, მირონი… თუმცა ბოლო წლებში პატრიარქმა ქალებს ნაწილობრივ დართო ნება ელოცათ, საყდარში შესულიყვნენ ,,უწმინდურობის’’ დროსაც). ამავე დროს, ეკლესია კაცს მიიჩნევს ქალის ,,თავად’’, მის უფროსად და ამის აღიარება ხდება წყვილებისთვის ჯვრისწერის დროსაც.
ეს რელიგიური დისკურსი, რომელიც, როგორც რელიგიურ დისკურსს შეეფერება, თავს უალტერნატიოდ აცხადებს, სინამდვილეში არც უძველესია და არც ერთადერთი. ქრისტიანობის ადრინდელ წლებში ქალები ისევე იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, როგორც მამაკაცები (ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა ქრისტიანობის ადრეულ წლებში ქალები იყვნენ), ეწეოდნენ ღვთისმსახურებასაც და არ ითვლებოდა, რომ ქალი მამაკაცზე ცოდვილია და მამაკაცი ქალზე უფრო ახლოსაა ღმერთთან. ქრისტიანული ლოგიკით ისინი აღქმული იყვნენ თანასწორ ინდივიდებად. IV-V საუკუნეების ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, ნეტარი ავგუსტინე წერს: ,,ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა, მისი თავისაგან შექმნიდა, მონად რომ დაეწესებინა, ფეხისგან, მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა, ნეკნისგან შექმნა’’. ქალების მარგინალიზაცია, ღვთისმსახურებას მათი ჩამოშორება და ცოდვილად გამოცხადება მოგვიანებით მოხდა, როცა პატრიარქალურ საზოგადოებებში ჩამოყალიბდა ქრისტიანული ეკლესიები, როგორც დომინანტური ეკლესიები და ქრისტეს მოძღვრება გარკვეულწილად გააერთიანეს ქრისტემდელ რელიგიურ წარმოდგენებთან.
დავუბრუნდეთ თანამედროვე ქართულ სტერეოტიპებს ქალურობის შესხებ _ დომინანტური კულტურის პოზიციიდან შეგვიძლია გამოვყოთ ქალის ოთხი ტიპი _ ოთხი კატეგორია:
• წმინდა ჭურჭელი
• ფაიფურის თოჯინა
• კარამელის კანფეტი
• ,,ბოზი’’
ეს ოთხი კატეგორია არის მოთხოვნადი და ,,გასაღებადი’’ სოციალურ ბაზარზე ქალებისთვის. ქალი მიკედლებული უნდა იყოს ერთ-ერთ ზემოთჩამოთვლილ პოზიციასთან და ამის მიხედვით იძენს სოციალურ სტატუსს და მის შესაბამისად განესაზღვრება სოციალური როლებიც. შესაძლებელია ამ სტატუსებს შორის მობილობაც, მაგრამ არა ნებისმიერი კატეგორიიდან _ ,,ბოზი’’ არის სტატუსი, რომელიც ვერასდროს შეიცვლება სხვა სტატუსით ( თუმცა სხვა სტატუსის ჩანაცვლება მისით შესაძლებელია).
წმინდა ჭურჭელზე უკვე ითქვა ზემოთ _ ეს არის სიწმინდისა და მოკრძალებული ხორციელების ტანდემი, ქალი-დედა. დამატებით იმის თქმა შეიძლება, რომ ქართველ დედას მსოფლიოში ყველა სხვა დედაზე მეტად უყვარს თავისი შვილი, ამიტომ მსოფლიოში ყველა სხვა დედაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს. ეს სოციალური პოზიცია პატივსაცემი და ყველა სხვა პოზიციაზე აღმატებულია, რომლის დაკავებაც ქალს შეუძლია.
ფაიფურის თოჯინა _ ეს არის ლამაზი გარეგნობის მდედრობითი სქესის არსება (წმინდა ჭურჭელი არაა სავალდებულო, რომ ლამაზი იყოს), რომელსაც მეტი არაფერი მოეთხოვება გარდა იმისა, რომ ლამაზია და ანიჭებს მამაკაცს ესთეტიკურ ტკბობას. ასევე, გამოხატავს მამაკაცის პრესტიჟს და ითვლება ,,კარგ სამკაულად’’ საზოგადოებაში. ფაიფურის თოჯინას პოტენციალი აქვს გახდეს ,,წმინდა ჭურჭელიც’’ ( თუმცა შესაძლებელია გახდეს ,,ბოზიც’’).
კარამელის (გინა თუ ყანდის) კანფეტს რაც შეეხება _ ეს კატეგორიაც გულისხმობს გარეგნულ სილამაზეს, მაგრამ, ფაიფურის თოჯინასგან განსხვავებით, აქ ნატიფი სილამაზის მაგივრად მოითხოვება ვულგარული სექსუალობა. ,,კარამელის კანფეტი’’ უფრო გულახდილი და მხიარულია, ვიდრე ფაიფურის თოჯინა, თანაც, ბოლოს და ბოლოს კანფეტია და მისით პირის ჩატკბარუნებაც შეიძლება. კარამელის კანფეტს შანსი აქვს გარდაიქმნას ,,წმინდა ჭურჭელად’’, მაგრამ უფრო მოსალოდნელია რომ გარდაიქმნას ,,ბოზად’’.
,,ბოზი’’ არ არის უბრალოდ მეძავი, რომელიც ფულზე ყიდის საკუთარ სხეულს, არც მრუში, რომელიც ქმარს ღალატობს _ ეს არის ,,ბოზი’’ და გათავდა _ ქალი რომელიც არაფერში გამოგადგება გარდა სექსუალური ჟინის ერთჯერადად დაკმაყოფილებისა. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ქალები იმსახურებენ მამაკაცების ზიზღს, თუმცა საჭირონი არიან მათთვის.
საბოლოო ჯამში, კულტურულ ალტერნატივათა რიცვხვი ქალებისთვის ორამდე დადის, რაკი ,,კარამელის კანფეტი’ და ,,ფაიფურის თოჯინა’’ უფრო ასაკობრივი პერიოდებია და საბოლოოდ გარდაიქმნება ან პირველ ან მეოთხე კატეგორიაში.
მამაკაცებსაც, კულტურის მიერ მათთვის მიწოდებული სამყაროს აღქმის მოდელისდა მიხედვით სჭირდებათ 4 სახის ფუნქცია, რომელიც უნდა შეასრულოს ქალმა მათ წინაშე:
• და, დობილი, დედა ან მათი შვილის დედა _ პატივსაცემი ქალი
• ესთეტიკური ტკბობის საგანი
• სექსუალური გატაცებისა და ჟინის ობიექტი
• სექსუალური ჟინის დაკმაყოფილების ობიექტი
მოთხოვნილებებიდან ამოვარდნილია სავსებით ადამიანური და ბუნებრივი მოთხოვნილება, რაც მამაკაცს მოსალოდნელია რომ ჰქონდეს ქალის მიმართ – მეგობრობის, შინაგანი სიახლოვის მოთხოვნილება. ამ ფაქტის ლოგიკური ახსნა შეიძლება თუ გავიხსენებთ, რომ კულტურული სტერეოტიპები ქალს არ აღიარებს მამაკაცის მსგავსად სრულფასოვან ინდივიდად, მეგობრობა კი მხოლოდ ტოლძალოვან აქტორებს შორის არის შესაძლებელი. ქალსა და მამაკაცს შორის არსობრივი, საფეხურეობრივი განსხვავების აღიარება აბსურდულად აქცევს მათ შორის ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც თანასწორ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ და შესაძლებლად ტოვებს მხოლოდ იმ ოთხი სახის ურთიერთობას რომელიც ზემოთაა ჩამოთვლილი.
საინტერესოა ისიც, რომ ეს ფუნქციები არაბუნებრივადაა დასახსრული და დისტანცირებული ერთანეთისგან _ ისინი არ კვეთენ ერთმანეთს, რაც სავსებით ნორმალური იქნებოდა _ შვილების დედა კულტურული ნორმების მიხედვით ვერ იქნება ვნებიანი საყვარელი. ქალი იძულებულია ურთიერთგამომრიცხავ ურთიერთობებში ერთ-ერთი აირჩიოს.
ეს თეორიული კონსტრუქტი, რასაკვირველია უხეშია და ზედმიწევნით არ ასახავს ემპირიულ რეალობას, მით უფრო არ გამორიცხავს სხვა პოზიციების და კატეგორიების არსებობას. ეს უბრალოდ არის ჩემი მცდელობა აღვწერო გაბატონებული ტენდენცია, რომელიც ძირითადად შეიმჩნევა საშუალო ფენაში, რაც მოსახლეობის უმეტესობას გულისხმობს.

About these ads
This entry was posted in გენდერი, სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to კულტურული სტერეოტიპები ანუ ,, წმინდა ჭურჭელი’’, ,,ფაიფურის თოჯინა’, ,,კარამელის კანფეტი’’ და ,,ბოზი’’

  1. lex tempus says:

    saintereso klasifikaciaa… momewona!!!

  2. lina says:

    ანი ძალიან კარგი პოსტია (როგორც ყოველთვის :) ) და ბევრი მომენტია რაც ზედმიწევნით ასახავს სამწუხარო ემპირიულ რეალობას !!! მაგრამ მიხარია, რომ ბევრს ვიცნობ ვინც არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ამიტომ შეგიძლია დაამატო კატეგორია ”შერისხულნი” ან რაღაც მსგავსი :)

  3. chankotadze says:

    კი, კი… დამატებითი კატეგორიაა ,,მარგინალები”, ოღონდ ეგენი კულტურულ კონტექსტში ვერ ჯდებიან, ამოვარდნილები არიან…
    ჰო, არ მიყვარს ზედმეტად აპოკალიფტური სურათების შექმნა, რა თქმა უნდა ყოველთვის ასეც არ არის, მაგრამ გამონაკლისის არსებობა წესს ადასტურებს.
    ,,ელიტარულ” ფენებზე ვერ გავრცელდება ეს კლასიფიკაცია ასე თამამად.

  4. doryan says:

    Pirvel rigshi unda aginishnos, rom dzalian kargi statiaa, gansakutrebit qalis poziciidan shefasebuli problematika. saertod, ishviatia rom qalebi ase kargad werdnen(miuxedavad imisa, rom nobelianti qalebic arseboben:) rac sheexeba shushanikisa da wminda ninos, isini qartvelebi ar ikvnen da mati agiareba qartveli qalis prototipad kidev sxvagvari simaxinjis gamovlinebaa. amavdroulad, minda vtqva, rom bazarze koveltvis aris imis motxovna rac kvelas moswons, magram rac kvelas moswons is koveltvis uxarisxoa xolme. xshirad xarisxianic uxarisxo xdeba roca farto masebistvis gasagebi(an mati azrit gasagebi) xdeba. ase rom am statiis avtors vtxov shemomexmianos da siamovnebit gavuziareb chems “arairudiul” mosazrebebs:)

  5. chankotadze says:

    მადლობა დორიან…
    მასობრივ გემოვნებას რაც შეეხება, რატომაც არა, ნამდვილად ღირს კამათი. მე თითქმის რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს და მაგიტომ. მე მჯერა საშუალოსტატიკური ადამიანის გემოვნების, აზროვნების, ადამიანურობის… ელიტიზმის წინააღმდეგი ვარ. იძულებული კი ვარ ვაღიარო, რომ ხშირად მართლაც ხდება როგორც შენ ამბობ, მაგრამ ამაში მასობრიობის ბუნება კი არა სისტემის გავლენაა მთავარი. ჩემი აბურდული შეხედულებებისდა მიხედვით, გემოვნება კი არ აქვთ მასებს უხარისხო, იძულებულები არიან ცუდად იცხოვრონ და ესაა…

  6. michael says:

    კარგი პოსტია გენდერულ საკითხზე, იმდენად კარგი რომ კომენტარისთვის არაფერი დამიტოვე :))
    ძალიან გამაღიზიანებელი ეს კულტურული სტერეოტიპები და მეც ხშირად მიფიქრია მაგ საკითხზე.

  7. chankotadze says:

    ჰო, ჩვენ და ჩვენ წინა რამდენიმე თაობაში არნახული გამკვეთრება მოხდა ამ სტერეოტიპების, მაგრამ უმცროს თაობებში მქრქალდება ნელ-ნელა ვგონებ.

  8. salomeaa says:

    • წმინდა ჭურჭელი
    • ფაიფურის თოჯინა
    • კარამელის კანფეტი
    • ,,ბოზი’’

    Zalian magaria, momewona. saocari mofikrebaa, dzalian sainterseo da damafikrebeli. magram ar momewona eklesiis dadanashauleba. ici shen ratomac.
    ise shen romel kategorias miakutvneb tavs? tu dzalian piraduli ar ikneba es shekitxva?: D

  9. chankotadze says:

    ოი სალომეა… ნამდვილად არ ველოდი რომ შენ მოგეწონებოდა. ეკლესიაზე რომ აღშფოთდებოდი კი ვიცოდი და მაგადაც არ გეპატიჟებოდი :D
    მოფიქრებას რაც შეეხება კიდე, ჩემი რა დამსახურებაა, ეს თავად ,,გენიალურმა” კულტურულმა სივრცემ შვა :D

    რატომაც არა, ცხადია ვუპასუხებ შეკითხვას _ რაკი დომინანტური კულტურული დისკურსით მაგ სტატუსების ერთად ფლობა შეუძლებელია, და თან სტატუსებით გათვალისწინებული როლები ჩემთვის არასაკმარისი, ესე იგი მარგინალი გამოვდივარ :P

  10. salomeaa says:

    bolomde ar gaecit chems kitxvas pasuxi, marginali gadmodixart ki ara im otxidan romeli xartko?:*

  11. doryan says:

    elita, inteligencia da a.sh. xelovnurad sheqmnili kastebi didi afsurdia, magram dgemde mjera rom xelovneba xelovnebistvisaa da ara xelovneba xalxistvis. cheshmariti isaa rasac cota gebulobs da es koveltvis ase iko, sistemac im mcire nawilis sheqmnilia. ase rom me mat vuwodeb “inteligent” pankebs:)

  12. chankotadze says:

    salomeaa

    ბოლომდე ვუპასუხე ადამიანო _ მარგინალობა იმას ნიშნავს რომ რომელიმე მათგანი არ გყოფნის მხოლოდ. რომელიმე რომ იყო მადედან მხოლოდ მარგინალიც აღარ იქნები აბა.
    მე არასდროს ვიქნები ერთგანზომილებიანი ,,წმინდა ჭურჭელი” (სად მაქვს მაგდენი კდემა), მაგრამ უთუოდ მეყოლება შვილები (რაც შეიძლება ბევრი. შვილი ჩემთვის ,,რაღაც ძალიან დიდია”). არასდროს ვიქნები ერთგანზომილებიანი კარამელის კანფეტი, თუმცა გამეხარდება თუ სექსუალური ვიქნები. ვერც ,,ბოზად” ვერ ჩავთვლი ჩემ თავს, მაგრამ ნამდვილად არ ვარ ფრიგიდული და გულგრილი… ზეცას აკამკამებული თვალებით.
    აბა, კიდე რა დავაზუსტო? :P

    doryan

    ხელოვნებაზე უნდა დაგეთანხმო. ორმაგად უფრო რომ მარქსისტ-სოციალისტიც რომ ვიყო ხელოვნების შემთხვევაში მაინც იგივეს ვიტყოდი _ რა თქმა უნდა, ხელოვნება არ შეიძლება უტილიტარისტული იყოს თავისი არსით.
    ხელოვნება ,,არაა ჭეშმარიტება”, რომლის წვდომაც რჩეულებს შეუძლიათ, საერთოდ არ უკავშირდება ხელოვნებას,,ჭეშმარიტება” ჩემი აზრით. შეიძლება ხელოვნება ზედმეტი ფუფუნებაა, სადღესასწაულო სამოსია. საბოლოოდ ხელოვნება(სალოური) ერთგვარი მორალური უზნეობაა, ზუსტად იმიტომ რომ ის არასოციალურია და მარტო ,,ვიღაცებს” ეკუთვნით, ხელოვნების მონოპოლისტებს…

  13. Green says:

    უკაცრავად, რომ გეჩრებით, მაგრამ ხელოვნებასთან დაკავშირებით არ გეთანხმები. ჩემი აზრით, ხელოვნება ფუფუნება კი არა, ისეთივე აუცილებელი რამეა, როგორც ჰაერი ან წყალი. არც არასოციალურია.

  14. chankotadze says:

    Green
    კი ბატონო, პატივს მივაგებთ შენს აზრს…

    გააჩნია ხელოვნებას. ასე განზოგადება ზედმეტად აბსტრაქტული გამოდის კაცმა რომ თქვას. თანამედროვე ცხოვრებაში ელიტარული ხელოვნება გაუფასურდა და სოციალური, საყოველთაო მოხმარების ხელოვნება გახდა ტირაჟირებადი. ეს არ ნიშნავს რომ ცუდი და უხარისხოა, რა თქმაა უნდა… მაგრამ მე მიმაჩნია რომ ხელოვანისთვის შემოქმედების პროცესში მთავარი ის ტკბობაა, რასაც ამ პროცესიდან იღებს და არა იმაზე ფიქრი რამდენი ადამიანი ,,მოიხმარს” მის შექმნილ ,,პროდუქტს” და რამდენად კომფორტული იქნება ეს მათთვის. (იმასაც ვაღიარებ, რომ დღეს უკვე აღარ ხდება ხშირად ასე და შემოქმედება კომერციულად დაგეგმილი ხდება კარგი მარკეტინგული შეფუთვით, თუმცა მაინც შემოქმედებაა, ვერ დააკნინებ ამის გამო).

  15. teitt says:

    “ქართველი ქალი’’ მართალია ფლობს ბიოლოგიურ სხეულს, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება ბიოლოგიურ არსებად, რაკი მამაკაცებისა და სხვა ეროვნების ქალებისგან, მოკლედ ზოგდად, ადამიანებისგან განსხვავებით ის არ ექვემდებარება ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ” __ lol, აი ამ წინადადებაზე აზრიც ვერ გაიყოფა. რომელ ფენასაც გინდა წააკითხე :P

  16. chankotadze says:

    მე მაინც წინააღმდეგი ვარ :D
    ყველა ფენას მართლა არ ეხება მითების ამ ჭრილში აზროვნება. ელიტარულ ფენებს განათლება აძლევს საშუალებას, რომ რაციონალურები იყონ და დაუსაბუთებელი მითები ბრმად არ ირწმუნონ, უღარიბეს, პრესტიჟისა და ძალაუფლების იერარქიის ფსკერზე მცხოვრებ ადამიანებს კი უამბიციობა _ მათ არ ჭირდებათ განსაკუთრებული წარმოდგენები.

  17. Anonymous says:

    rac sheexeba mentruaciis dros qalebis ar sheshvebas es wesi gamomdinareobda wminda higinuri problemidan ,ase rom eklesisas dges tamam d sheudzlia am wesis amogeba ..konfortuli sapenebis arsebobis gamo…ubralod martlmadidebluri eklesia erideba xshir cvlilebebs da zogjer aset mcire umnishvnelo warmaval problemebsac ayolebs…

  18. toko says:

    sapenebze me davwere

  19. chankotadze says:

    საინტერესო ვერსიაა… მაგრამ ბკარგად ვერ მივხვდი, რატომ იყო ჰიგიენური პრობლემა, საფეწნები და ჰიგიენა ყველა დროშI არსებობდა…
    ანუ, კრიტიკულ დღეებში ბუნებრივი არაჰიგიენურობიდან წარმოიშვა ის სტერეოტიპი, რომ ქალი ასეთ დროს უწმინდურია ხომ?

  20. lobzhanidze says:

    Zalian momewona, saintereso analizia, zogadad mipikria am sakitxze, magram ase grmad ar wavsulvar. madloba :)

  21. chankotadze says:

    პირიქით, მადლობა რომ უკვე ბევრნი ვფიქრობთ :)

  22. უჰ, ძალიან მომეწონა. კარგად აზროვნებ, კარგად წერ, ჭკვიანი გოგო ხარ!!
    რათქმაუნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ, ზოგადად ისეა, როგორც გიწერია. ნიუანსებზე კამათი შეიძლება, მაგრამ აქ იმდენი კომენტარია, არ ღირს მგონი :)
    my respect!

  23. chankotadze says:

    მადლობა და საპასუხო პატივისცემა ასევე :)

  24. salomeaa says:

    http://www.gwi-boell.de/web/democracy-cultural-stereotypes-women-georgia-society-rolls-3127.html

    ვამაყობ ჩემო მწვანეთვალება:*

  25. chankotadze says:

    ნუ მანებივრებ შენ მე :პ

  26. salomeaa says:

    სტატიების კრებული ვნახე და ვფიქრობ, რომ შენ მესამე კი არა პირველი ადგილი გეკუთვნოდა დაგჩაგრეს:(

    ,,თითქოს ის, რასაც ქალში პატიოსნებას ეძახიან არ გულისხმობდეს ბედის მორჩილებასაც” ანდრე ჟიდი ,,ყალბი ფულის მჭრელები”– ოჰ ეს წიგნი ხომ შენ მირჩიე ჩემო მწვანეთვალება.

    ხატიას ესეც მომწონა მარტოხელა ქალებზე:) გადაეცი:*
    ჩემი ჭკვიანი:*

  27. chankotadze says:

    სალომეა, ვიცი რომ გიყვარვარ :დ მეც კი მიყვარს ჩემი თავი, მარა არ გეთანხმები შეფასებებში :დ ნამდვილად არ დავუჩაგრივარ არავის :პ

    ჰო, ,,ყალბი ფულის მჭრელები” ჩემ საყვარელ წიგნთა სიაში რჩება :პ (ხატია გკითხულობს ხოლმე)

  28. Orlandu says:

    zalian momewona.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s