სამართლიანობა კანონზე მაღლა!

946722_288170921318708_835732911_n,,უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს იღებენ” _ ასეთი იყო ,,ლაბორატორია1918″-ის ერთერთი ლოზუნგი საპირველმაისო დემონსტრაციაზე. ერთი შეხედვით ამ შინაარსის აღქმა რთულია, მაგრამ თუ მისი შინაარსი გესმით, ესეიგი გესმით, როგორ ვითარდება საზოგადოება, როგორ იცვლება სოციალური კანონები, რას ეფუძნება დემოკრატია და როგორი ფორმირდება ძალთა ბალანსი სოციალურ ჯგუფებს შორის.

ყველა განხორციელების შესაძლებლობით გამყარებული უფლება, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანებმა ეტაპობრივად მოიპოვეს, ემყარება ბრძოლას, გაბედულ და თამამ რწმენას, რომ შენ ისეთი რამის აღების უფლება გაქვს, რის აღებასაც გიშლიან. კაცობრიობის მთელი პროგრესი ემყარება დევიაციას, გადახვევას აღიარებული წესრიგიდან, ეჭვის შეტანას მოძველებული და დისფუნქციური კანონების კეთილისმყოფელობაში და ახალი, უფრო ჰუმანური და ცივილური წესების დამყარებას.

სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ყველაფერი მოძრავია, ერთი ფორმიდან მეორეში გადადის… გალაქტიკები ფართოვდება და იკუმშება,ვარსკვლავები იბადებიან და ქრებიან, უსულო მატერია სიცოცხლის ფორმებად ორგანიზდება… მარადიულად იცვლება სოციალური კანონებიც, ღირებულებათა სისტემები, რწმენები, რელიგიები და მათ პარალელურად იცვლება სამართალი. მარტივი შესამჩნევია, რომ ამ ცვლილებებს ერთი მიმართულება აქვს – წინისაკენ. ამას ზოგადად პროგრესს ეძახიან. მისი მამოძრავებელი ძალა კი ყოველთვის ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც არ ეშინოდათ სიტყვებსა და საგნებს შორის მიმართებების გასწორების, საგნების სწორად სახელდების და ადამიანური გონების უდიდესი მიღწევის _ სიტყვის იარაღად გამოყენების.

უფლებები ჩნდებოდა მათი სახელდებისას _ შემდეგ კი ადამიანები მთავრობებთან, სისხლიან ტირანებთან და მათ ჯარისკაცებთან ბრძოლის ფასად აღწევდნენ უფლებების აღიარებას და აქცევდნენ დაწერილ კანონებად. ბუნებრივია, ამ გზაზე ბევრი შეფერხება არსებობს, მაგრამ თანამედროვე სამყარო და სოციალური წესრიგი თავისი არსებობით ამტკიცებს, რომ პროცესი შეუქცევადია. ასე მოვიდა კაცობრიობა მონათმფლობელობიდან დღევანდელობამდე. დღეს კი დღის წესრიგში მონობის იმ ფორმების აღმოფხვრაა, რასაც საკუთარ თავში ინახავს სოციაულური წესრიგი და რაც გამოხატვას ჰპოვებს პოლიტიკურ სისტემებში. ამის მაგალითია შრომის ექსპლოატაცია და დღეს მოქმედი ეკონომიკური კანონები: ბანკები, რომლებიც შენი ყოველი ამოსუნთქვიდან საკუთარ წილს იღებენ და რომელთაც მონოპოლიზებული აქვთ შენი სიცოცხლე, სიკვდილი, სახელფასო ბარათი და კუჭში გასვლის გრაფიკი. პოლიტიკოსები, რომლებიც გპირდებიან სამოთხეს შენი თვითმმართველობის უფლების მათთვის დათმობის სანაცვლოდ, შეპირებულის ნაცვლად კი შენივე შრომით დაგროვილი დოვლათით ჯარისკაცებს ქირაობენ, რათა არ მიხვდე, რომ მოგატყუეს და საკუთარი თვითმმართველობის უფლება უკან არ დაიბრუნო. ამის მაგალითია შიმშილით დახოცილი ბავშვები რუანდაში თუ საქართელოში, ამის მაგალითია ომები და სოკოების დასახლებებში შესახლებული, მიწებწართმეული და უსამსახუროდ დარჩენილი დევნილები. ეს ყველაფერი კი თავისთავად არ შეიცვლება – ამ ლოგიკას ვერ შეცვლის რომელიმე მთავრობის დეკრეტი და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები _ ცვლილებები ხდება მენტალობაში შემდეგ კი ფორმდება დეკრეტებში, ბულებსა და მისთანებში. თუ მთავრობები უარს ამბობენ მის შეცვლაზე, მაშინ კანონები მთავრობების შეცვლის შემდეგ იცვლებიან _ ასეთია განვითარების ლოგიკა და ამ ლოგიკას ირაკლი ღარიბაშვილი ან თინა ხიდაშელი ვერ შეცვლის.
197747_368008536633064_1466871928_n

გუშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე პოლიცია დემონსტრანტებს დაერია და ცემა-ტყეპა და დაკავება დაიწყო, ძალიან გამიკვირდა _ გამიკვირდა ეს მოქმედება ახალი მთავრობისგან, რომელსაც წინა მთავრობის ტირანიით შეწუხებულმა ხალხმა ცვლილებების იმედით დაუჭირა მხარი. გამიკვირდა სტუდენტების აქციის დარბევა ხელისუფლებაში მოსვლიდან ნახევარი წლის თავზე, იმის შემდეგ რაც წინა მთავრობას ლეგიტიმაცია საბოლოოდ თბილისის ქუჩებში ათასობით გამოსულმა სტუდენტებმა წაართვა. ცუდი მთავრობა და პოლიციის ცუდი მოქმედება როგორ არ მინახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ველოდი უბრალოდ. არ მესმის რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა სტუდენტების მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევას გარდა ძალის დემონსტრირებისა. ან რა მუნდირის ღირსებაზეა საუბარი… რომელი მუნდირის რომელ ღირსებაზე, რითი იქმნება ეს ღირსება _ სტუდენტების ცემით და დასჯით იმის გამო რომ გამბედაობა გამოიჩინეს და სოციალური ცვლილებები მოითხოვეს?

მათთვის სამწუხაროდ, მათი ძალის და სასჯელის არავის ეშინია. შეუძლიათ დაგვაკაონ, დაგვშალონ, გვცემონ, გვდევნონ _ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით ადრეც და ახლაც: მაშინაც, როდესაც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ ამოვიღეთ ხმა, მაშინაც როცა ქიმერიძის მკვლელობას ვაპროტესტებდით ხაშურის პოლიციასთან ცივ ზამთარში, როდესაც 26 მაისის დილით პირველები გამოვედით და პრეზიდენტის საზეიმო აღლუმს საპროტესტო აქციით შევხდით, მაშინაც როდესაც ზონდერებით გატენილ მოდულის შენობასთან ვიდექით და პატიმრების წამებისთვის მაღალჩინოსნების დასჯას ვითხოვდით. ჩვენ ადრეც გადაგვიკეტია გზა, ადრეც გაგვიკეთებია სტენსილები, დაგვიხატავს კედლები და ტროტუარები, მაგრამ ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია ის, რაც გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. რა, როცა ,,სისტემა უნდა დაინგრეს” ლოზუნგებით იყო მთელი ქალაქი აჭრელებული, ეს შენობების იერსახეზე მაშინ არ მოქმედებდა? მაშინ არ იყო გზის გადაკეტვა ყოვლად უგვანი სამარცხვინო კანონით აკრძალული? თუ ესგანსაკუთრებით მძიმე დანაშაული მას შემდეგ გახდა, რაც სტუდენტები ,,ოცნების” ოპონენტი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აღარ გამოდიოდნენ და უბრალოდ უსახლკაროების, ღატაკებისა და უმუშევრების მოთხოვნებს გაჰყვიროდნენ ქალაქში? მოთხოვნების გაჟღერების აგრესიად კვალიფიცირება ახლა დაიწყო? თუ ყველაფერი რაც ანტიკაპიტალისტურია თავისთავად ვანდალიზმია?

mtavarგუშინ სტუდენტების დაკავება ,,გაპრავდა” შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც საქართველოს კანონდებლობას ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა უსახსოვრა, რომელიც ვენეციის კომისიის, საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობის და უამრავი ორგანიზაციის მიერ შეფასებულია როგორც საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შეუსაბამო კანონი, რაკი უხეშად ზღუდავს ადამიანის თავისუფალი გამოხატვის უფლებას. გაეროს სპეციალურმა ელჩმა, მაინა კიაიმ 2012 წლის თებერვალში შემაშფოთებელი უწოდა ამ კანონს და მისით სარგებლობის პრაქტიკას. ჩვენი მეგობრები დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, მაშინ როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებაში შენობებზე სტენსილების გაკეთება და გამოხატვის უფლების ამგვარად განხორციელება იგულისხმეს. ახალი ამბავი არაა იმის თქმა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსი მოძველებული და სამარცხვინო დოკუმენტია და უნდა შეიცვალოს. ამ კოდექსის გამო წინა მთავრობა მწვავე კრიტიკის ადრესატი ხდებოდა. ამ კანონების შეცვლის ნაცვლად კი ახალმა ხელისფულებამ გაჭიმულ ბაგირზე ორმაგი სალტო გააკეთა და წინამორბედის მანკიერი პრაქტიკით თავად დაიწყო სარგებლობა. ამის პირველ ობიექტად კი სტუდენტური მოძრაობა შეარჩია _ ნამდვილად შესაშური მოწადინებაა, თუმცა დასასრული ჯერჯერობით უცნობია.

განსაკუთრებით საოცარი იყო ის განცხადებები რაც დღეს გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა, თინა ხიდაშელმა, გიორგი მარგველაშვილმა… ასეთ განცხადებებს მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა აქვს: ინტელექტუალური სიმწირე ან პოლიტიკური თვალთმაქცობა. რა, თინა ხიდაშელმა არ იცის რომ ადამიანისთვის გზის სპონტანურად გადაკეტვის უფლების შეზღუდვა უსამართლობაა, არ იცის რომ ადამიანს ამის უფლება აქვს იმის მიუხედავად, რა ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე მორგებულ კანონებში? რა, თავად არ იციან, რომ შენობაზე წარწერის გაკეთება დანაშაული არ არის? არ იციან, რომ კადრებზე აციმციმებული წითელი ისრების დადება ძალადობის ფაქტებს ვერ აჩვენებს? არ იციან რომ მანქანისთვის წინ გადადგომა, როდესაც ეს მანქანა დემოსტრაციის გადათელვას ცდილობს სასაცილოა შეაფასო როგორც თავდასხმა? არ იციან რომ ქუცაში ლოზუნგების ყვირილი აგრესია არ არის? არ იციან რომ ხმაური ბოროტების სინონიმი არაა? არიციან, რომ პოლიცია სამართალს უნდა იცავდეს და არა ბრძანებას? არ იციან, რომ ეს კანონები უნდა შეიცვალოს, და სანამ შეიცვლება მანამდე ასე სულელურად არ უნდა გამოიყენონ მშიდობიანი მანიფესტაციის დასარბევად?

მაგრამ როგორც ჩანს, მათი მიზანი არის არა ცუდი კანონის შეცვლა, არამედ ამ კანონის გამოყენება საკუთარი პირადი, და არა სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. შეუძლებელია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა გაამართლოს ის რაც დღეს მათ გაამართლეს. შეუძლებელია ფართო კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანებმა ბიუროკრატიული დეტალები სამართლის პრინციპებზე წინ დააყენონ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოში თავისუფლად მოაზროვნე 165410_529735470398155_1729972185_nადამიანები პირველ რიგში ახალგაზრდები არიან, რომლებსაც არ ეშინიათ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი კაცუნების ნორმატივების და მოქმედებენ ისე, როგორც ამას კარნახობთ ჰუმანიზმის პრინციპები, სიყვარულის კანონები და სოლიდარობის ლოგიკა. ახალგაზრდებს ესმით ის, რაც არ ესმით სხვებს _ რომ კანონებში ყველაზე მთავარი სამართლიანობის პრინციპია და არა ნორმატიული ხასიათი. კანონი რომელიც ამ პრინციპს არღვევს უნდა შეიცვალოს! ამაში ორი აზრი არ არსებობს.

მეოცე საუკუნემ აჩვენა ის მკრთალი ზღვარი, რაც ფორმალური კანონების მორჩილებასა და სოციალურ კატასტროფებს შორის არსებობს. ლეგალური არ ნიშნავს ლეგიტიმურს ან სამართლიანს. ჰიტლერმა ებრაელები ისე დახოცა, რომ მაშინდელი გერმანიის არცერთი კანონი არ დაურღვევია. სავსებით კანონიერი იყო 37 წლის რეპრესიებიც: გამოსცემ ბრძანებას და ადამიანის მოკვლის უფლებაც გენიჭება. სააკაშვილის მთავრობამ 26 მაისის აქცია ისე დაარბია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს ზემოთხსენებულიკანონს იცავდა. ფორმალური ლოგიკა რკინის გალიაა, რაც საზოგადოების განვითარების პოტენციალს ატყვევებს და ადგილს არ ტოვებს ადამიანობისთვის, სიხარულის და მწუხარების, აზროვნების და შეფასებისთვის.

ამიტომ მთავარია არა იმის შესრულება, რასაც გვიბრძანებენ, არამედ იმის, რაც ვიცით რომ სამართლიანია.
ღირსეული შრომისთვის ბრძოლა სამართლიანია, მაღაროში ჩახოცილი მუშების გახსენება სამართლიანია, შიმშილით მკვდარი ბავშვის პორტრეტის დახატვა ახალგარემონტებული აღმაშენებლის ქათქათა კედელზე სამართლიანია, ბანკებისთის ძარცვის შეწყვეტის მოთხოვნა სამართლიანია, მოხუცებისთვის ხელმისაწვდომი წამლების მოთხოვნა სამართლიანია, მონოპოლისტი სააფთიაქო ქსელების დადანაშაულება სამართლიანია, როცა მათი გასამმაგებული ფასების გამო ადამიანები უწამლოდ იტანჯებიან, ითმენენ ტკივილს და წინასწარ ეგუებიან საკუთარ უნუგეშო მდგომარეობას. ამ ხალის ხმის მისაწვდენად ქუჩის გადაკეტვა სამართლიანია. ზოგადად, სოციალური სამართლიანობა სამართლიანია! კანონები და მთავრობები კი, რომელიც ამ ყველაფრის სამართლიანობას არ აღირებს, მათთვის ბრძოლას კი აგრესიას დაარქმევს, უსამართლო!

PS. ხვალ ერთერთი ჩვენგანის, ბათუ კოპალიანის სასამართლო პროცესია. ბათუს ბრალი ედება შრომის უფლების დაცვაში, სოლიდარობაში, თანასწორობისა და თავისუფლების მოთხოვნაში!

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

ნუ შეუერთდებით თვითმმართველობის აქციას თსუ-ში 3 საათზე

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის მხრიდან განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ


მეორე დღეა სოციალური ქსელებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ პროვოკაცია იგეგმება და ხელისუფლება აქციების დაშლას სპეცრაზმის გამოყენებით აპირებს. ეს ეს ვერსია გარკვეულ დამაჯერებლობას იძენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა ციხეებში პატიმრების სასტიკი წამების კადრების გავრცელებამ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზაფრა და აღაშფოთა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მმართველი პარტიისადმი აგრესია და უნდობლობა გაუჩინა.

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მსგავსი ნაბიჯი გამანადგურებელი დარტყმაა მმართველი პარტიის რეიტინგისთვის და მას არჩევნების მოგების შანსი პრაქტიკულად ნულზე დაჰყავს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის ყველაზე კომფორტული არჩევნების გადადება იქნებოდა. არჩევნების გადადების საბაბისთვის კი არეულობა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო ამბავია. სწორედ ეს გარემოება პროვოკაციაზე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ანგარიშგასაწევს ხდის. თუმცა, საღი აზრის მიხედვით, ასეთ სიტუაციაში აქციების დარბევა თითქმის გამორიცხული უნდა იყოს.

პარასკევს 3 საათზე თსუ-ში დაგეგმილია აქცია სტუდენტების სახელით, რომლის ორგანიზატორებიც თსუ-ს თვითმმართელობში მყოფი ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წევრები არიან. მე მოსაწვევი პირადად დაჩი გუბაძემ, თვითმმართველობის პრეზიდენტმა გამომიგზავნა.

რა თქმა უნდა ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, ორგანიზაციას თუ ინდივიდს უფლება და მორალური ვალდებულება აქვს პროტესტი გამოუცხადოს ადამიანის არსების ფეხქვეშ გათელვასა და საკუთარი პოზიცია გამოხატოს პატიმრების წამების ნახვის შემდეგ. თუმცა, თსუ-ს თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი აქციის ორგანიზება მეტისმეტად არადამაჯერებელია, რადგან ის უნივერსიტეტში შინაარსობრივად ციხის ადმინისტრაციის ანალოგიური საქმიანობით იყო დაკავებული.

წლების განმავლობაში ერთიანი სტუდენტური მოძრაობა ფიზიკურად უსწორებოდა სტუდენტებს, რომლებიც პროტეტს გამოთქვამდნენ საკუთარი უფლებების შელახვის გამო. ამ დრომდე გამოძიებული არაა და სტუდენტური თვითმმართელობის არცერთი წევრის პასუხისმგებლობა არ დამდგარა სტუდენტების ცემის არცერთი ფაქტის გამო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა მმართველ პარტიასთან კოორდინებით მოქმედებს და მისი დავალებით ცდილობს სტუდენტების გაკონტროლებას. ამიტომ, ცხადია, მისი დაკვეთის შესრულების გამო არ დაისჯებოდა.

ერთიანი სტუდენტური მოძრაობა არის ორგანიზაცია, რომელიც ძალადობას ყოველდღიურად იყენებდა ბრძოლის იარაღად სტუდენტების დასამოჩილებლად. ამიტომ სრული აბსურდია მისი მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლა. ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ ორ რამეს: საკუთარ იმიჯზე ზრუნვას და წარსული გამოცდილების მიუხედავად გადარჩენის ცდას, ან პროვოკაციის მოწყობას და აქციაზე იმგვარი მდგომარეობის შექმნას, რომ სტუდენტური მოძრაობის დისკრედიტაცია მოხდეს და ძალოვან სტრუქტურებს სტუდენტების დარბევის საფუძველი მიეცეთ, რასაც კიდევ ახალი არეულობები და ესეიგი, არჩევნების გადადება მოყვება.

ცხადია ეს უკანასკნელი გარკვეულწილად კონსპირაციის თეორიასავით ჟღერს, მაგრამ მაინც არსებობს უმცირესი ალბათობა. მით უფრო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკვე აქვს მშვიდობიანი სტუდენტური მანიფესტაციის დარბევის პრაქტიკა. 3 წლის წინ ზონდერების მიერ სტუდენტების აქციის დარბევა, რომელიც თავის დროზე მედიაშიც კი არ გაშუქებულა ნორმალურად, დღემდე გამოუძიებელია საქართველოში და სტუდენტების საქმეს ამჟამად სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.

ცხადია, დღეს სხვა მდგომარეობაა, გარეთ, ადამიანის უფლებების სადარაჯოზე გაცილებით ბევრი სტუდენტი დგას და ისინი ძალიან გაბრაზებულიები და ძალიან მოტივირებულები არიან. ამიტომ მსგავსი რაიმეს განმეორება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მაინც ყველას ვთხოვ, ნუ მივლენ დღეს თსუ-ში 3-ზე და ნუ მისცემენ თვითმმართველობას ჩვენი პროტესტის მართვის, განეიტრალების ან მარგინალიზების საშუალებას. ლაბორატორიის წევრები ვაპირებთ 1 საათიდან შევიკრიბოთ თსუ-ს ეზოში და თითმმართველობის აქციაზე მოსულ სტუდენტებს გაბრუნება ან გლდანის ციხესთა გამართულ აქციას შეერთება ვთხოვოთ.

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ამბავი კანცლერ-უფალთან შეხვედრისა


1) დაიშალოს რეგენტთა საბჭო
2) დააბრუნეთ უნივერსიტეტში გათავისუფლებული ლექტორები
3) ყველა სტუდენტს ქონდეს საგნების თავისუფლად არჩევის საშუალება
4) გადადგეს ანდრო ბარნოვი
_ ეს მოთხოვნები წამოაყენეს გუშინ სტუდენტებმა, რომელთა შეშვებაც უნივერსიტეტის დაცვას უნივერსიტეტში ცოცხალი თავით არ სურდა. პირველი კორპუსის შესასვლელთან შეკრებილი სტუდენტები ხან სტუდბილეთმომარჯვებულები ეხვეწებოდნენ დაცვას შეშვებას და ხან გადახდილ 2250 ლარს ახსენებდნენ, რომელიც უნივერსიტეტის შენობითა და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას აძლევს სტუდენტს (ნუ, რომ არ გავიხსენოთ, რომ თსუ საჯარო დაწესებულებაა და ის ორიოდე ათეული მილიონი ლარი რომელსაც გადასახადების გადამხდელთა ჯიბეებიდან იღებს და საკუთარი ფუნქციები საერთო სახალხო საკუთრებად აქცევს) მაგრამ არაფერი გეტკინათ: დაცვის ბიჭები იდგნენ ამაყად აღმართული ვითარცა გმირთა მოედნის ობელისკი და ამაო იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. იმის მიუხედავად, რომ მათ არ შეეძლოთ ახსნა რა მოტივით არ უშვებდნენ სტუდენტებს საკუთარ უნივერსიტეტში, ,,კარიბჭის” გახსნას არ აპირებდნენ. საბოლოოდ, სანამ ერთერთი სტუდენტი ფანჯრიდან არ გადაძვრა და ციხის შიგნიდან გაღება არ ცადა, ამ ამბავს არაფერი ეშველა. მოგვიანებით კი თსუ-ს ადმინისტრაციამ მეტისმეტად ,,სერიოზული” განცხადება გაავრცელა სადაც ეს ფაქტი ძალადობრივ შეჭრად გაასაღა, გარდა იმისა რომ აქციის დროს პოლიციის მთელი კორპუსი გამოიძახა, გეგონება მართლა მოძალადე შეიჭრა სადმე ადმინისტრაციას თავები დააყრევინა.

უნივერსიტეტს შენობაში შესვლის შემდეგ სტუდენტებთან რექტორის მრჩეველი, მარინა ლომოური გამოვიდა და სტუდენტებთან დალაპარაკება სცადა. უნდა ითქვას, რომ მას პიროვნულად ჩვენი ნდობის მოპოვება არ გაჭირვებია, მაგრამ ფაქტია რომ რექტორის მრჩეველი და თავად რექტორიც კი ჩვენ რეალობაში გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ არიან. თსუს მთავარი რუხი კარდინალი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე კი სტუდენტებთან შესახვედრად აუდიტორიაში ალესილი ხანჯლის სიფათით შემოვიდა და საკუთარ თვალებს კიდევ არ უჯერებდა, ეს რა გაბედეს ცხვირმოუხოცავმა სტუდენტებმაო. ჩემთან შეხვედრა ვის გინდოდათო, მსოფლიოს მბრძანებლის ამბიციით იკითხა და ღრმად დარწმუნებულმა იმაში, რომ ჩვენთვის მისი უბრალოდ დანახვაც დიდი პატივი იყო, მოწყალება მოიღო და კითხვების დასმის უფლება მოგვცა.
,,ჩვენ თქვენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვართ, ჩვენი მოთხოვნების გასაცნობად მოვედით” _ ავზუზუნდით ბუზებივით და პირველად სიბრაზისგან აქ უმტყუნა ნერვებმა ჩვენს კანცლერს, ბატონსა და განმკარგველს. დაფაზე ჩამოწერილ მოთხოვნებს ამრეზით შეხედა და დაიწყო განმარტება, თუ რა ტუპიაკი ხალხი ვართ რომ თურმე რეგენტთა საბჭოს გაუქმებას ვითხოვთ. ბოლოს, მას შემდეგ რაც დიტომ რეგენტთა საბჭოს შემადგენლობა ხმამაღლა წაიკითხა, სეფერთელაძის თავჯდომარეობით დაწყებული ფინანსთა და ა.შ მინისტრთა მოადგილეებით დაკომპლექტებით გაგრძელებული და კანცლერ-უფალმა შეატყო, ვიცოდით რას ვითხოვდით, იმის დაჯერება დაგვიწყო, უი, ეგ კი მასეა მაგრამ თქვენ რატომ გაწუხებთ, ბაზებს ეგ ავი ძიები არ ეხებიან და აკადემიურ პერსონალსო. როცა სტუდენტებმა თსუ-ს მმართელობის სქემა ააფარეს ცხვირწინ სადაც ჩანს, რომ ამ სამთავრობო ჩინოვნიკების არჩეული კანცლერი ფაქტობრივად მთელ უნივერსიტეტს განაგებს და რექტორი ინგლისის მეფესავით სიმბოლური რჩება, ჩვენმა სამთავრობო კანცლერმა იგრძნო რომ გაქცევის დრო იყო. ჯერ ერთერთ სტუდენტს ჩააჯინდა, აი წამოდი შენ თუ ინტრიგანი არ ხარ აქ კი ნუ ყვირი პრობლემა მაქვს, გამომყევი და მე მოგიგვარებ, რა საგანსაც გინდა აგირჩევო და მერე სასწრაფოდ კუნთმაგარი ბიჭების გარემოცვით გაგვშორდა. გაგვშორდა და დაგვიტევა გულში უსაშველო სევდა. გაგვშორდა ისე, რომ არ უღიარებია და სერიოზულად არ მიუღია ჩვენი არცერთი პრობლემა და მოთხოვნა. ყველაზე უმიშვნელოსა და მისთის უხიფათოზე, გაუმართავ ბაზებზეც კი გაგვიცხადა, ბაზები იდეალურია და თქვენ იგონებთო.

მოკლედ ეგეთი მდგომარეობაა. უნივერსიტეტის მმართველ-კანცლერ-მეუფეს სტუდენტების გაგონებაც არ უნდა. ბუნებრივია _ მას ხომ სტუდენტები და ლექტორები კი არა მინისტრის მოადგილეები ირჩევენ და მოვალეა იგი წინაშე არა სტუდენტთა და ლექტორთა და რექტორისა, არამედ წინაშე მის პარტიისა და არა ჰმორჩილებს სხვა უფალსა თვინიერ პარტიისა. სამაგიეროდ მის ხელშია უნივერსიტეტის მთელი ფინანსები და ყველაფერი სხვა დანარჩენიც. აი სწორედ ამიტომ არ შეიძლება ჩინოვნიკები შედიოდნენ რეგენთა საბჭოში და ისინი ნიშნავდნენ უნივერსიტეტის მმართველს. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ლექტორებმაც და სტუდენტებმაც (და მე თუ მკითხავთ, რექტორმაც) განათლების სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოსადმი რეგენტთა საბჭოს გაუქმების მოთხოვნა. ყველა დანარჩენი პრობლემა, ლექტორების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა, ბაზების გამართვა და ანდრო ბარნოვის დეკანად წამოსკუპება განპირობებულია ზუსტად იმით, რო, მუსიკას ჩვენ კი არა, ნაცმო უკვეთავს. რეგენტთა საბჭო არის უნივერსიტეტებში მმართველი პარტიის წლობით გაძლიერებული გავლენის ნორმატიული აქტით დაკანონება (რეგენტთა საბჭოს მექანიზმი ამ ფორმით კანონში შეაპარეს სასწავლებლების სსიპ-იდან ააიპ-ად გადაყვანისას). ეს არის ყველაზე თავხედური თავდასხმა უნივერსიტეტის ავტონომიაზე და საკუთარი თავისა და აკადემიური ღირსების წინაშე არ იქნება მართალი არცერთი სტუდენტი, ლექტორი თუ გარეშე მოქალაქე, რომელიც ამაზე ხმას არ ამოიღებს.

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

რეგიონული ქცევის ფუნქცია და რეგიონული ქცევა პოლიტიკის სივრცეში

მასალები ირვინგ გოფმანის 90 წლის იუბილისადმი მიძღნილი კონფერენციიდან
ხელმძღვანელი: ამირან ბერძენიშვილი

რეგიონული ქცევა ამერიკელი სოციოლოგისა და ანთროპოლოგის, ირვინ გოფმანის (1922-1982) სოციალური დრამატურგიის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის საფუძვლიანი გაანალიზების გარეშეც გოფმანის მიერ სოციალური სისტემის ანალოოგიით შექმნილი მოდელის ღერძული მოცემულობა _ შესრულება, ანუ პერფორმანსი ბუნდოვანი დარჩებოდა.
რეგიონული ქცევის, როგორც სოციალური მოცემულობის გასააზრებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი სახელდება და აღწერა, არამედ მისი ფუნქციის შესწავლაც, რაც, მეტნაკლებად ახსნიდა ამ მოვლენის სოციალურ საზრისს და საშუალებას მოგვცემდა უფრო ფართო პლანით დაგვენახა მისი მიზეზები და შედეგები.

გოფმანი სასცენო სპეკტაკლის ანალოგიურად მიჩნეული ცხოვრებისეული თეატრის აღსაწერად შემდეგ ტერმინებს იყენებს:
,,შესრულება”ანუ პერფორმანსი_ ამ ტერმინში გოფმანი აქტორის მიერ თავისი სოციალური როლის შესრულებას, საზოგადოების წინაშე პრეზენტაციას გულისხმობს. შესრულების მიზანია აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენა და სწორედ ამისთის მზადდება და იგეგმება იგი წინასწარ.
,,აუდიტორია”_ საზოგადოება, რომლის წინაშეც ხდება და ,,შესრულება“.
,,მე“_ წარმოდგენა, რწმენათა და ნიშანთა ერთობლიბა, რომელსაც ინდივიდი საკუთარ თავში აღიქვამს და განსხვავდება მეორე ,,მე“-სგან, როგორადაც სურს მას საკუთარი თავის წარდგენა გარშემომყოფთათვის.
,,გუნდი“ _ ანუ რაიმე ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც დამოკიდებული არიან ერთმანეთზე, ერთმანეთის ქცევასა და მიზნებზე. მათ გააჩნიათ საერთო მახასიათებლები და შთაბეჭდილებები. საყურადღებოა, რომ გუნდი ადამიანების ხანმოკლე დროით გაერთიანებას გულისხმობს.
,,ჩარჩო“ ანუ ფრეიმი _ ეს არის სოციალური მოქმედების სტრუქტურული ელემენტი, გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მონაცემთა გაცვლა.
,,გარემო“_ ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა თანხლებითაც ხდება შესრულება და რომლებიც მასზე გარკვეულწილად ზემოქმედებენ. გარემოში, პირველ რიგში, შედის დრო და სივრცე.

რეგიონს გოფმანი განსაზღვრავს, როგორც ადგილს, სადაც შესრულების აღქმა ბარიერებითაა შემოსაზღვრული.
სოციალური მოქმედების არეალის რეგიონული დაყოფა ჩვენ ირგვლივ მიმიდნარე სოციალ-პოლიტიკური პროცესების ანალიზის დამატებით საშუალებას გვაძლევს.

გოფმანი გამოყოფს ,,წინა პლანის რეგიონს“ ანუ გარემოცვას, რომელიც აუდიტორიის ხედვის არეშია. სწორედ ისაა პერფორმანსის ზოგიერთი ასპექტის მთვარი სამიზნე სეგმენტი. წინა პლანის რეგიონში შესრულება მიზნად ისახავს კონკრეტული სოციალური სტანდარტების განმტკიცებას და სასურველი შთაბეჭდილებების მიღებას.

სოციალური სტანდარტები მარტივად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: თავაზიანობის წესები და ეტიკეტი:
თავაზიანობის წესები გულისხმობს იმ ნორმების შინაარსს, რომლებსაც შემსრულებელი, ანუ აქტორი პრეზენტაციის დროს იცავს და რომლის მიხედვითაც აუდიტორიასთან კომუნიკაციაშია ჩაბმული. ეტიკეტი კი იმ საშუალებების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობით შემსრულებელი თავაზიანობის წესებს ამჟღავნებს როცა ის აუდიტორიის სმენით, ან ვიზუალურ არეში იმყოფება.
ეტიკეტი, თავის მხრივ, იყოფა მორალურ და ინსტრუმენტულ მოთხოვნებად.
მორალური მოთხოვნები ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც მიზანს საკუთარ თავში ატარებენ _ ისინი მორალური შინაარსის პრინციპები, მორალური იმპერატივებია. რაც შეეხება ინსტრუმენტულ მოთხოვნებს, ისინი მოვალეობებს, ვალდებულებებს წარმოადგენენ .

როგორც წესი, ეტიკეტის დაცვა უფრო იოლად დაკვირვებადია და შესაბამისად, აუდიტორიის მხრიდანაც აქცენტირება მასზე უფრო კეთდება, ვიდრე თავაზიანობის წესებზე, ანუ შინაარსზე რომლის გამოც ხდება ეტიკეტის დაცვა. ეტიკეტს, შეგვიძლია თავაზიანობის დაკვირვებადი და ,,მექანიზებული“ გამოვლინება ვუწოდოთ, თუმცა, უფრო სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ეტიკეტი ზოგადად გაუცხოვებული ხდება თავაზიანობის წესებისაგან და ნორმების მონოტონურ ერთობლიობად იქცევა. ეტიკეტი სწორედ ის დემონსტრაციაა, რომელიც აუდიტორიაზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით სრულდება, თუმცა, ხშირად გამოცლილი აქვს ის საფუძველი, რის გამოც აუდიტორია მოხიბლული უნდა დარჩენილიყო ამ შესრულებით.

გოფმანი გამოყოფს წინა პლანის რეგიონს , რომელიც თეატრის სცენის ანალოგიად შეგვიძლია გავიგოთ, და უკანა პლანის რეგიონს, ანუ ,,კულისებს მიღმა რეგიონს.
შემსრულებლის ქცევა, შეიძლება ითქვას, განპირობებულია იმით, თუ რომელ რეგიონში მიმდინარეობს მოქმედება _ შესრულება აბსოლუტურად განსხვავებულია წინა პლანის რეგიონში _ სწორედ აქ შეიძლება მას ეწოდოს ,,პერფორმანსი“. ხოლო კულისებს მიღმა რეგიონში შესრულება აღარ ხდება _ აქ ნიღაბჩამოხსნილი მსახიობი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება _ ან ემზადება სოციალური როლის მორგებისა და თამაშისთვის და ან ისვენებს საკუთარი როლის შესრულების შემდეგ.
,,როცა ვინმეს ქმედება სხვა პიროვნების თანდასწრებით ხდება, ამ ქმედების ზოგიერთ ასპექტი ექსპრესიულად ხაზგასმულია, სხვა ასპექტები, რომლებსაც შექმნილი შთაბეშდილების დისკრედიტაცია შეუძლია _ დაფარული. ნათელია, რომ მომგებიან ფაქტებს შემსრულებლები წინა პლანის რეგიონში წარმოადგენენ. ასევე ნათელი უნდა იყოს, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა რეგიონიც _ ,,უკანა პლანის რეგიონი“, ანუ ,,კულისებს მიღმა რეგიონი“, _ სადაც აუდიტორიისაგან დაფარული ფაქტები წარმოჩინდება. ‘’ _ წერს გოფმანი.

რეგიონული ქცევის ფუნქციები და მიზნები

რეგიონების მიხედვით ქცევის განსხვავებას, ბუნებრივია საკუთარი მიზეზები და ფუნქციური დანიშნულება აქვს. კულისები უმნიშვნელოვანესი ადგილია იმისთვის, რათა სცენაზე ყველაფერი სურვილისამებრ წარიმართოს: სცენაზე გამოსვლამდე შავი სამუშაოები სწორედ აქ ტარდება. საკუთარი როლის შესრულების შემდეგაც აქტორი იქ ისვენებს და ახალი შესრულებისათვის აღიდგენს ძალებს.
სწორედ ამგვარი დანიშნულება აქვს კულისებსმიღმა რეგიონსაც სოციალური თეატრის შესრულებისთვის. აქ აქტორი თავისუფლდება იმ სოციალური როლისაგან, რომელსაც წინა პლანის აუდიტორიისთვის ასრულებდა. უკანა პლანის რეგიონი, ერთგვარი შიდასამზარეულოა, სადაც, გოფმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ერთადაა თავმოყრილი და შენახული პერსონალური წინა პლანის სასცენო რეკვიზიტი და ცალკეული ნივთი მოქმედებისა და მოქმედი პირების მთელი რეპერტუარისთის“ .

ცხადია, ერთიდაიგივე სივრცე, გარემოებებისდა მიხედვით, შესაძლოა მოგვევლინოს როგორც წინა, ისე უკანა პლანის რეგიონად. თავისთავად რომელიმე სივრცე კვალიფიცირებული ვერ იქნება, როგორც უკანა პლანის რეგიონი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ მოცემულ შემთხვევაში მკვეთრად გაიმიჯნოს ეს რეგიონები და უკანა რეგიონში გადასვლის საშუალება არავის ჰქონდეს თავად შემსრულებლის გარდა. ამაზეა დამოკიდებული შესრულების მიერ საკუთარი მიზნის მიღწევა _ რამდენად შეძლებს ის სასურველი შთაბეჭდილების შექმნასა და შენარჩუნებას. თუ წინა და უკანა პლანებს შორის გასასვლელლი მკაცრად არ იქნებოდა დაგმანული, მაშინ მაყურებლისთვის, რომელიც უკან შეჭვრეტას შეძლებდა, წინა პლანზე მიღწეული ეფექტი გაუფერულდებოდა, რამდენადაც მის უკან მდგარი სამუშაოების შესრულების ლოგიკა პერფორმანსს ბუნებრივ შედეგად აქცევდა და არა იმ უნიკალურ მოვლენად, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია უნდა გამოიწვიოს მაყურებელში.
იმისთვის, რომ შესრულებამ განსაკუთრებული ეფექტი მოახდინოს, მაყურებელმა ვერ უნდა შეძლოს მის უკან მდგარი ძალისხმევისა და მოსამზადებელი სამუშაოების დანახვა.
ასე რომ, რეგიონული ქცევის მთავარი ფუნქცია შთაბეჭდილებების ეფექტური, შემსრულებლისთვის მომგებიანი კუთხით წარმართვაა.


რეგიონული ქცევა პოლიტიკაში

შეიძლება ითქვას, შთაბეჭდილებების მართვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენ ხანაში შეიძინა, სადაც ადამიანების კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად დაუკავშირდა და განპირობებული გახდა იმ კეთილგანწყობით, რომლის მოპოვებასაც მოახერხებენ საკუთარი აუდიტორიისგან. ეს ფენომენი უთუოდ ჩვენი თანამედროვე სამყაროს, უფრო კონკრეტულად, კი დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკური კულტურის კანონზომიერებებით არის ნაკარნახევი.
წინამორბედი ფორმაციებისგან განსხვავებით, კაპიტალიზმის განვითარებამ და საბაზრო ეკონომიკის ლოგიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა შთაბეჭდილებებს, როგორც რეალური საგნობრივი ვითარების ვიზუალურად საგრძნობ გამოხატულებას. თუკი წინარე ეპოქებში გადამწყვეტი მნიშვნელობა სამხედრო ძალას ჰქონდა და მატერიალური სიკეთეთა მოპოვებაც ამ მოცემულობის პროპორციულად ხდებოდა, საბაზრო ეკონომიკამ შექმნა ისეთი ფაქტორი, როგორიცაა კონკურენცია. კონკურენცია კი ამ შემთხვევაში გულისხმობს არა მეტოქესთან ფიზიკურ დაპირისპირებასა და საკუთარი რესურსების მასთან ბრძოლაში დახარჯვას, არამედ მობილიზებას მასზე მეტი რესურსის დასაგროვებლად და მასზე მეტი ძლიერების დემონსტრირებას. ანუ, შთაბეჭდილების შექმნას, რომ მეტოქეზე ძლიერი ხარ. ამგვარად, წამყვანი მნიშვნელობის ხდება არა საგნობრივი ვითარება, არამედ მისი აღქმადი პრეზენტაცია.

თუ ამ განვითარების ლოგიკის კიდევ უფრო ახალ სტადიებს შევეხებით, აღმოჩნდება, რომ საგნობრივი ვითარება, როგორც ასეთი, საერთოდ დაკარგავს მნიშვნელობას და გაუჩინარდება თავის ვირტუალურ პრეზენტაციასთან მიმართებაში _ თავად მისი ვირტუალური პრეზენტაცია _ მის მიერ შექმნილი შთაბეჭდილება გახდება ერთადერთი არსებული მოცემულობა. თუმცა, გოფმანის ანალიზის ველში, ცხადია, ეს სტადია არ გვხვდება და იგი მხოლოდ შემდგომი პოსტმოდერნისტი ავტორების ანალიზის ობიქტი ხდება.

რაც შეეხება გოფმანს, ის მკვეთრად მიჯნავს იმ მოცემულობას, რაც რეალობაში არსებობს და ინდივიდი აღიქვამს კიდეც მას არსებულ რეალობად, იმისგან, რისი დანახვებაც მას სხვებისთვის სურს.

კაპიტალიზმის ლოგიკასა და საარჩევნო დემოკრატიის პირობებში, როცა პოლიტიკური თამაშის წესები მასში მონაწილეობის საშუალებას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ანიჭებს და მათ ნებაყოფლობით მოქმედებისა და თვითორგანიზების, მინიმუმ, ფორმალურ საშუალებას აძლევს, პოლიტიკოსის მიერ მიზნის მიღწევა დამოკიდებული ხდება იმაზე, რამდენად მოახერხებს სხვებისთვის რეალობის სასურველი კუთხით დანახვებას, ანუ ამომრჩევლის შთაბეჭდილებების მართვას.
თუ გოფმანის ტერმინებით აღვწერთ ჩვენს თანამედროვე აუდიტორიას, შეიძლება რეგიონების კლასიფიცირება შემდეგნაირად მოვახდინოთ: წინა პლანის რეგიონი არის პოლიტიკოსების მოღვაწეობის ის ნაწილი, რომელიც საჯარო ხილვადობისაა და რომელიც ტელეეთერში ხვდება _ მათი აუდიტორიაა მოსახლეობაა. უკანა პლანის რეგიონად კი შეგვიძლია მათი პოლიტიკური შიდასამზარეულო ჩავთვალოთ: დროისა და სივრცის ის ნაწილი, სადაც მათი პოლიტიკური მესიჯები იგეგმება, სადაც მათი რეიტინგები ანალიზდება და მათი ,,რებრენდინგი“ მიმდინარეობს _ ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც ვერ ხვდება კამერის ობიექტივში, მაგრამ რისი შედეგიც სწორედ ტირაჟრებისთვისაა გამიზნული.

ოჯახური პორტრეტი ეკლესიაში _ მედიისთვის გამიზნული ერთიდაიგივე შესრულება პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ

ამგვარად, მედია გამოდის სცენის როლში _ ის არის სივრცე, საიდანც შემსრულებელი როლის საკუთარ შესრულებას სთავაზობს მაყურებელს.
თუ გავიხსენებთ რა მნიშვნელობას ანიჭებს გოფმანი უკანა და წინა პლანის რეგიონების გამიჯვნას და უკანა პლანის რეგიონის შეუვალობას, შეგვიძლია პოლიტიკოსების შემთხვევაშიც ვიმსჯელოთ, სად გადის ზღვარი ამ რეგიონებს შორის პოლიტიკოსების შემთხვევაში, რამდენად მყარია ის, და რამდენად მნიშვნელოვანია რომ მედიამ _ სცენამ _ არ მოახერხოს შეჭრა პოლიტიკოსების შესრულების უკანა პლანის რეგიონში.

რეგიონულ დაყოფას საკუთარი სპეციფიკა გააჩნია სოციო-პოლიტიკური ფაქტორების ზემოქმედებიდან გამომდინარე. მაგალითად პოლიტიკოსების ქცევის არეალის რეგიონული დაყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებში განსხვავდება საქართველოში არსებული დაყოფისგან. მართალია, პოლიტიკოსებისთვის ორივე შემთხვევაში წამყვანია სასურველი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ ამის ორგანიზება ამერიკასა და საქარველოში სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი.
შეერთებულ შტატებში, რომლის კონსტიტუციის პირველი შესწორება სიტყვის თავისუფლებას ხელშეუებელ უფლებად აქცევს, მედიის პირდაპირი შეზღუდვა ან მის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რაც უხეშად არღვევს მედიის მუშაობის პრინციპებს, თითქმის შეუძლებელია _ ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსებს(რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესზე) ამის რესურსი ნაკლებად გააჩნიათ, თუნდაც, მთავრობაში ყოფნის დროს. თუმცა, კონკრეტულ სატელევიზო არხებსა თუ მედიაგამოცემებზე პოლიტიკოსებს გავლენა გააჩნიათ. მაგალითად FOX NEWS ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ,,ადმინისტრაციულ ტელევიზიად“ ითვლებოდა და მისი ყოფილი თანამშრომელი, ჩარლი რეინა ყვება კიდევაც, როგორ იღებდა ტელევიზია ახალია მბების გაშუქებისას დირექტივებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. თუმცა ამერიკა, როგორც ყველაზე დიდი ბაზარი ალტერნატივების განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას გულისხმობს და ფოქს-ნიუსი არ წარმოადგენდა ერთადერთ ,,წინა პლანის აუდიტორიას“ ბუშისთვის. უამრავი სხვა მედია არხი, რომელიც მოვლენებს განსხვავებულად აშუქებდა, წინაღობას უქმნიდა ჯორჯ ბუშის შესრულებას აუდიტორიაზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენაში, თუ აუდიტორიაში ამომრჩეველთა გენერალურ ერთობლიობას ვიგულისხმებთ.
ამგვარად, ამერიკელი პოლიტიკოსისთვის შეუძლებელია მედიასაშუალების პირდაპირი კონტროლი იმგვარად, რომ აუდიტორიის შთაბეჭდილებები ეფექტურად მართოს. ამიტომ, ის ცდილობს აკონტროლოს მედიასაშუალების მესიჯების შინაარსი, არამედ აკონტროლოს საკუთარი შესრულება და შესრულების სრულყოფით უზრუნველყოს კეთილგანწყობის მოპოვება ვისაც არ უნდა მოუხდეს ამ შესრულების აუდიტორიამდე მიტანა ტექნიკურად. სწორედ ამიტომ ტარდება მსოფლიოში ყველაზე ძვირი არჩევნები ამერიკაში, სადაც კანდიდატები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ,,კულისებსმიღმა სამუშაოებში“ და საკუთარი საშემსრულებლო ხელოვნების სრულყოფაში. (წელს მაგალითად, რესპუბლიკელების კანდიდატი მიტ რომნი და მისი დემოკრატი კონკურენტი, ბარაკ ობამა მილიარდ-მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის. _ აქ, ფაქტობრივად იმარჯვებს ის, ვინც მეტ ფულს დახარჯავს, რადგან მეტი ფულით სასურველი შთაბეჭდილების შექმნა და ამომრჩევლის სიმპათიის დამსახურება ,,მეტად ხერხდება“.)

სავსებით განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, სადაც ეროვნული მასშტაბით 3 ტელეარხი მაუწყებლობს. აქ პოლიტიკოსებს გამოსდით პირდაპირ აკონტროლონ სცენა და კულისები _ თავად განსაზღვრონ წინა და უანა პლანის რეგიონების მოცულობა. ამას ადასტურებს ის, რომ სამივე ტელევიზიის მაუწყებლობის შინაარსი ერთგვაროვანი და მმართელი პარტიისთის ხელსაყრელია. მმართელ პოლიტიკურ გუნდს, ფაქტობრივად ხელი მიუწვდება ყველა მათგანზე: ერთი ტელევიზია საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმყოფება და მისი ფინანსური მდგმარეობა ერთპარტიული მთავრობის პირობებში ცალსახად მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, მეორე _ კერძო ტელევიზია მმართველი პარტიის მიერ აქტიურ იარაღად იქნა გამოყენებული თავის დროზე მოსახლეობის შთაბეჭდილებების მართვისთვის, სანამ ახალი მმართველი გუნდი ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და მესამე _ ასევე კერძო ტელევიზია, რომელიც ცდილობდა ალტერნატიული საინფორმაციო ველის ფუნქცია შეესრულებინა და რომელშიც ასეთი შინაარსის მაუწყებლობის დროს შეიარაღებული რაზმი შეიჭრა და მაუწყებლობა შეაჩერა _ მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ კი ტელევიზიის მმართელი გუნდი შეიცვალა.

ბუნებრივია, პოლიტიკურ სივრცეზე საუბრისას, შესრულებაში იგულისხმება არა მარტო პოლიტიკოსების ინდივივიდუალური ქცევა, არამედ მათი გატარებული პოლიტიკა თავიანთი შედეგებით წარმოადგენს მათ შესრულებას _ მათ პოლიტიკურ პრეზენტაციას და ამდენად, მნიშვნელოვანია მედიის წინა პლანის რეგიონში არამარტო პოლიტიკოსების წარმოდგენა, არამედ იმ ვითარებისაც, რომელიც მათ შექმნეს, ან რომლის შეცვლასაც აპირებენ.

ციხეში გარდაცვლილი პატიმრისადა 26 მაისის ღამეს დარბეული მიტინგის კადრები, რომელიც ნაციონალურ მაუწყებლებზე ვერ ხვდება

მუშების მდგომარეობა საქართველოში: პირველ სემთხვევაში ნაციონალური მაუწყებლების მიერ პრეზენტირებული მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ქვემოთ კი ვებგამოცემა ,,ნეტგაზეთის” რეპორტინგი ქუტაისში ,,ჰერკულესის” მუშების გაფიცვიდან, რომელიც პოლიციამ დაარბია

ნაციონალურ მაუწყებლებზე თითქმის ვერ ხვდება ციხეებში პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების კრიტიკული შენიშვნები მთავრობის მისამართით, გაეროს რეკომენდაციები, სიღატაკისა და უმუშევრობის ამსახავი ინფორმაცია _ ერთი სიტყვით, ინფორმაცია, რომელიცეჭქვეშ დააყენებდა მთავრობის ეფექტურ მუშაობას. სამაგიეროდ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი პატივისცემითა და ერთგვარი სითბოთი ეკიდებიან მმართველი გუნდის წევრების ქმედებებს, გარკვეულწილად, ეხმარებიან მათ თავიანთი როლის ,,წარმატებით შესრულებაში“. ეს იგრძნობა კამერის რაკურსის შერჩევაში, მუსიკაში, კადრების თანმიმდევრობასა და ბუნებრივია, ტექსტუალურ გაფორმებაში. მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან ვერ ხვდებიან ტელესივრცეში და ამგვარად, მათ წართმეული აქვთ აუდიტორიის წინაშე საკუთარი როლის შესრულების საშუალება, ან მათი შესრულება გაფორმებულია იმგვარი ტექსტუალური მასალით, რაც გამორიცხავს შესრულების მიერ სასურველი შთაბეჭდილების შექმნას მაყურებელში.
მაგალითისთის, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა ადგილას ვიზიტებსა და სიტყვით გამოსვლას სამმა ნაციონალურმა მაუწყებელმა საინფორმაციო ბადეში 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით 3 საათი და 17 წუთი დაუთმო. რაც, აღემატება იმ დროის მოცულობას, რაც ტელევიზიებმა საერთო ჯამში დაუთმეს ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა სადაზღვევო სისტემა, სახალხო დამცველის განცხადებები, კონტროლის პალატის საქმიანობა და ა.შ. _ ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ ნაციონალური მაუწყებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ სივრცე გამოყენებული იქნეს როგორც წინა პლანის რეგიონი პრეზიდენტისთვის.

განსხვავება ონლაინ მედიაში წარმოჩენილსა და თავად ნაციონალური მოძრაობის მიერ პრეზენტირებულ მოცემულობებს შორის

განსხვავებული სურათია თბილისის მასშტაბით მაუწყებელი ორი ტელევიზიის შემთვხვევაში, რომლებიც არ სჯერდებიან მმართელი გუნდის შესრულების ოფიციალურ ვერსიას და ცდილობენ გააქარწყლონ მისი შთაბეჭდილებები. ამისთვის ტელევიზიები ცდილობენ დაარღვიონ მმართელი გუნდის პოლიტიკოსების მიერ დადგენილი საზღვარი სცენასა და კულისებს შორის და წინა პლანზე გამოიტანონ ის მოქმედებები, რასაც მმართველი გუნდის პოლიტიკოსები მხოლოდ კულისებში ჩადიან. ამის მაგალითია ტელეკომპანია მაესტროს მიერ წამოწეული ერთერთი მთავარი თემა _ მმართელი გუნდის წარმომადგენელი საჯარო მოხელეების დახურული მასობრივი შეხვედრები ამომრჩევლებთან, რომელიც ფაქტობრივად არღვევს მმართველი გუნდისვე ინიცირებულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
გამოდის, რომ მმართველი გუნდი არღვევს საკუთარ შექმნილ კანონს, რომლის დარღვევის გამო მილიონიანი სანქციებს უწესებს ოპოზიციური მოთამაშე ძალისთვის. ცხადია არცერთი შემსრულებელი ამას საჯაროდ არ გააკეთებს, რადგან ასეთი პერფორმანსი ვერ გახდება მოსახლეობაში დადებითი განწყობის ინსპირატორი. მაგრამ მსგავსი ქმედების ჩადენა კულისებს მიღმა სავსებით შესაძლებელია.

ბრძოლა, რომელიც პოლიტიკურ მეტოქეებს შორის მიმდინარეობს, როგორც წესი, მიზნად ერთმანეთის უკანა პლანის ცხოვრების გამომზიურებას ისახავს. მართალია, შესაძლოა აუდიტორიამ ზოგადად იცოდეს, რომ შესრულების დროს უბრალოდ, ეტიკეტის დაცვა ხდება და კულისებში შემსრულებელი ქმედებები სხვაგვარად გამოიყურება, მაგრამ კულისების გამომზიურებას ყოველთვის განსაკუთრებით ნეგატიური ეფექტი აქვს და ეს ,,მაინც მუშაობს”.

2011 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მმართველი გუნდის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება დაიწყო. თითქმის განიარაღებულმა და აუდიტორიასთან საკუთარი როლის შესრულების საშუალებას მოკლებულმა ივანიშვილმა პირველივე რაც გააკეთა ის იყო, რომ ტელევიზიის შეძენაზე ზრუნვა დაიწყო. მას სივრცე დაუთმო ორმა ლოკალურმა ტელევიზიამ, მოახერხა მაუწყებლის ყიდვა და საკუთარი გაზეთის გამოშვება. ეს ცხადია მოკრძალებული მასშტაბის სივრცეა საკუთარი თავის პრეზენტირებისთვის ეროვნული მასშტაბის მაუწყებლებთან შედარებით, თუმცა ამ მასშტაბში მანაც დაიწყო შეტევა ოპონენტების კულისებზე, როგორც მათ ამ უკანასკნელისაზე.

ამგვარად, კულისების კონტროლის უფლება პოლიტიკური ძალაუფლებაა და ყველაზე ძლევამოსილთ შეუძლიათ ყველაზე უკეთ დაიცვან საკუთარი კულისები. თუმცა, საინტერესოა, როგორ ცდილობენ პოლიტიკის სივრცეში ,,ნაკლებძლევამოსილები“ ამ დისბალანსის გამოსწორებას და ძლიერი მეტოქის დისკრედიტაციას კულისებში შეუღწევლობის გამო მათზე ფაქტობრივი სამიხილების ქონისა და მათი პრეზენტირების გარეშე.

ვარდების რევოლუციამდე, როდესაც მოსახლეობის მმართველობისადმი უკმაყოფილება პიკს აღწევდა, საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა მულტიპლიკაციური სერიალი ,,დარდუბალა“, რომელიც მაშინდელი მმართველი გუნდისა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისადმი მიმართულ პოლიტიკურ სატირას წარმოადგენდა. ამ სერიალით, ფაქტობრივად, ხდებოდა ,,კულისების“ მხილება _ უკანა პლანის რეგიონის ყველა სიმახინჯის გამომზიურება. რაკი ამ კულისებში შეღწევის რესურსები არ არსებობდა, სერიალის შემქმნელები ანალოგიებითა და ფანტაზიით ცდილობდნენ მმართველი გუნდის უკანა პლანის რეგიონული ქცევის გაცოცხლებას.
დარდუბალას შემქნელმა ანალოგიურ სერიალზე მუშაობა ხელახლა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი საქმიანობა უკვე ხსენებულმა ოპოზიონერმა პოლიტიკოსმა დააფინანსა. ,,ბანანის რესპუბლიკა“ მიმართულია მმართველი გუნდის დისკრედიტაციაზე _ მისი პერსონაჟები არიან მთავრობის წევრები, რომლებიც სერიალში სულელ, არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო და ხარბ არსებებად არიან წარმოდგენილი.

ასეთი ასოციაციებით თამაშსა და წინა პლანზე შექმნილი შთაბეჭდილებების გაქარწყლებას ემსახურება პოლიტიკური კარიკატურებიც, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად იყენებს ჟურნალი

,,დიადი მუნჯი ალაპარაკდა” ჟურნალი ტაბულა ოპოზიციის ლიდერზე

ტაბულა, რაც უცნაური იქნებოდა ისეთი მედიასაშუალებისთის, რომელიც რომელიმე პოლიტიკური ძალის ,,შესრულებაში“ დაინტერესებულ მონაწილეობას არ იღებს და არ თამაშობს ამ ძალის სასარგებლოდ. მმართველი გუნდის წარმომადგენელი, დიმიტრი შაშკინი ტაბულას გარეკანზე ელეგანტურად გამოწყობილი ხვდება, მის შემთხვევაში ციტირებულია კონსტრუქციული ციტატა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი კი ტაბულაში მხოლო ზებრაზე ამხედრებული შეიძლება იხილოთ, ან დამცინავი წარწერით გარეკანზე _ ,,დიადი მუნჯი ალაპარაკდა“.

ამგვარად, მედიის მიერ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზრისის მქონე, ასოციაციების გამომწვევი სიმბოლოებით ხორციელდება, წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის იარაღს, რომელიც პოლიტიკური ძალის მიერ ცნობიერად გამოიყენება როგორც საკუთარი თავის რეკლამა, ან ოპონენტი ძალის დისკრედიტაციის საშუალება. რეგიონული ქცევა ამ კომუნიკაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რამდენადაც თავად მედია ქცეულია წინა პლანის რეგიონის ასლად. ამავე დროს ის შემოფარგლავს სცენის საზღვრებს და აქვს ძალაუფლება _ შეარღვიოს კულისები.

Posted in სოციოლოგია | დატოვე კომენტარი

ზაფხული ქალაქში

პინგვინთა ნაწილს ჰგონია რომ ზაფხულის მშვენიერებით დატკბობა მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე ან კომფორტულ აგარაკზე შეიძლება. სინამდვილეში კი ზაფხული ქალაქებშიც შლის თავის ფერთა გამასა და ეგზოტიკას _ საკმარისია მისი შემჩნევა შეგეძლოს. ცხადია, როცა ადუღებული ტვინი თხევად მასად გეღვენთება საფეთქლებზე, მაინცდამაინც რაიმეთი ტკბობის ხასიათზე არ ხარ. მაგრამ თუ მთლად ასეთი საბედისწერო შემთხვევა არაა, უბრალოდ ცადეთ დააკვირდეთ ურბანულ გარემოში სიცოცხლის თავისუფლად განვითარებისთის შემორჩენილ კუნძულებს _ გზისპირა არხებსა და ლამის ნაგვით დაფარულ სავარგულებს. ყველა ქვემო სურათი ასეთი ,,ნაგვიანი” ქუჩის განაპირა მიწაყრილზეა გადაღებული. ზაფხული ყველგან და ნებისმიერ შემთხვევაში დიდებული, ელეგანტური და სადღესასწაულოა…

,,სწერვა” ბალახი

ყვითლის და მწვანის გულისამაჩუყებელი კონტრასტი

ხვართქლა, მოთეთრო-ვარდისფერი სიფრიფანა გვირგვინით

ბაბუაწვერას ,,ნაყოფი” _ ქოლგებით აღჭურვილი თესლი, რომელიც ქარის მეშვეობით ვრცელდება

ლურჯი…

შიშველთესლოვნების საზაფხული განწყობა

,,მხსხმოაიარე” ეკლის ხე ალექსანდრობის” ბაღთან :დ

ხმელი ბალახი – ზაფხულის მთავარი ინგრედიენტი

სიმწვანის ჩრდილში

ლავანდი (თუ არ ვცდები) და მისი ჯადოსნური ლურჯი აურა

Posted in ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

სოლიდარობა ქველმოქმედების ნაცვლად

ბაზრობა გუდიაშვილის მოედანზე (С) მარიამ გაბრიჩიძე

ქველმოქმედება ყბადაღებული თემაა, რომლითაც მორჭმული ადამიანები არიან დაკავებული და ამ შინაარსის ფარგლებში ღატაკ, უბადრუკ და გასაცოდავებულ ადამიანებს გულმოწყალედ ეხმარებიან.
ქველმოქმედების მთელი აზრი იმაში გამოიხატება რომ საფეხურებრივად უფრო მაღლა მდგომი ჰომოსაპიენსი დიდსულოვნად ეხმარება თავისზე ,,დაბლა” მდგომ თანამოძმეს _ უბოძებს მას საკუთარი უხვი რესურსებიდან მცირედ წილს, რომ ბედკრულმა, არსებობის გაგრძელება შეძლოს და ყოფა შეიმსუბუქოს. მაგრამ, ქველმოქმედები არასოდეს სვამენ შეკითხვას, რატომ არ შეუძლიათ გლახაკებსა და სხვების სამოწყალოდ დარჩენილთ თავად მოიპოვონ რესურსები _ რატომ არიან ისინი უქონელნი და რატომ აქვთ სხვებს ეს რესურსები.
ქველმოქმედი აპრიორულად იღებს, რომ თავად უფრო დამსახურებული გვამია, გამომუშავება უკეთ შეუძლია და მორჭმას მეტად იმსახურებს. ის საკუთარი პიროვნული სიდიადისა და სიქველის გამო ეხმარება მას, ვისაც გამომუშავება არ შეუძლია _ მისი ლოგიკით, ყველაფერი სწორადაა განაწილებული, ყველაფერი წონასწორობაშია და ასეც უნდა გაგრძელდეს _ მარადიულად იარსებებენ უსახლკაროთა კასტები, რომელთაგან ზოგიერთვის ფონდი იავნანა კვარტალში ერთ ბინას იყიდის _ დანაარჩენები კი არამარტო ბინის გარეშე დარჩებიან, არამედ ის კანონზომიერება და წესებიც უცვლელად შენარჩუნდება, რომლებიც ადამიანებს უსახლკაროებად აქცევს.
საქველმოქმედო აქციაზე ჩემდათავად ფეხს არ მივადგამდი _ აი ისეთზე, ნაპატივები გვამები რომ აფრიკელი ოჯახების დასახმარელად მართავენ და იქ საკუთარ ავტოგრაფებს და იმიჯს ყიდიან. მაგრამ ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად აგორებული კამპანია სოლიდარობის აქტი უფროა, ვიდრე ქველმოქმედება. ამიტომაც ვუერთდები.
სოლიდარობა, ქველმოქმედებისგან განსხვავებით, ერთ სიბრტყეში მდებარე ინდივიდებს შორის ურთიერთობაა _ აქ არავინაა წარჩინებული და უჩინო, ადამიანები ერთმანეთისადმი თანადგომას გამოხატავენ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს გვანან, ერთ მდგომარეობაში არიან და ძალების გაერთიანება ჭირდებათ გადასარჩენად.
ქველმოქმედები საკუთარი ნასუფრალის ნამცეცებს უწილადებენ ხოლმე უპოვართ, ისეთ ნივთებს იმეტებენ მათთვის, რაც თავად უკვე აღარ ჭირდებათ, იმდენ ფულს _ რაც თავად დიდად არ დააზარალებთ. სოლიდარობა კი ისეთი რამის გაღებას ნიშნავს, რაც შენთისაც ძვირფასია და სწორედ ამიტომ იმეტებ სხვისთვის რომ ძვირფასია, მთლი არსებთ უჭერ მხარს, ვისაც უჭერ (და არა სასხვათაშორისო, მოვალეობის მოხდისა და ნატიფი მანერების გამო, ქველმოქმედების მსგავსად) და იგივეს მოელი მისაგანაც _ამაშია სოლიდარობის არსი.
ერთმანეთის მიმართ სოლიდარულობა მხოლოდ ერთ ნავში მსხდომთ შეუძლიათ, რომელთაც ჩაძირვაც და ნაპირამდე მიღწევაც ერთად უწერიათ. ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახის და ჩვენი (ჩვენი ანუ, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, საშუალო და დაბალი წრის ოჯახებიდან გამოსული პრესპექტივასა და პრესტიჟის შესაძლებლობას მოკლებული ახალგაზრდების) შემთხვევაც სწორედ ასეთია _ ჩვენ ერთი სოციალური სივრცის ნაწილები ვართ, მსგავსი ინტერესები გვაქვს და მსგავსი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ყველას საარსებო რესურესებს გვიკავებენ ფინანსური კორპორაციები და სამთავრობო დონის მონოპოლიები და მათი თვითნებობის შეზღუდვითა და ჩვენი ინტერესების გატარებითაც ერთნაირად უნდა ვიყოთ დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. ჰემოფილიით დაავადებული შვილის სამკურნალოდ გამოტანილი სესხი ოჯახმა მიცემულ დროში ვერ დაფარა. საკრედიტო ორგანიზაცია კი გადახდის ვადას არ უზრდის და საცხოვრებელი ბინის დაყადაღებას უპირებს. არადა ღარიბ ოჯახს (და საქართველოში ყოველი მეორე ოჯახი ასეთია) სულ 2700 დოლარი დარჩა გადასახდელი.
ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად კამპანიის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ღონისძიებებით უკვე 1460 ლარი შეაგროვეს. შაბათს გუდიაშვილის მოედანზე მაგართულ ძალიან მცირემასშტაბიან გამოფენა-ბაზრობაზე 240 ლარი და 50 თეთრი შეგროვდა. იგეგმება კონცერტის მოწყობაც. ხვალ კი, 29 მაისს 6 საათიადან პუშკინის სკვერში კიდევ ერთი ასეთი ბაზრობა იგეგმება და ამ პოსტის მიზანია იქ მოსვლა გთხოვოთ: წამოიღეთ თქვენი ნივთები და შეიძინეთ სხვების. ნუ წავიღებთ გადასაყრელ ნივთებს – ისეთი რამე გავიმეტოთ, რაც ჩვენ თითონაც მოგვწონს (შაბათს მაგალითად ჩემი საყვარელი პოეზიის თარგმანები დავტოვე, ხვალისთისაც რამე ,,სათუთ” ნივთს შევარჩევ). ნუ ჩავთვლით ამ ბაზრობას ქველმოქმედებად და სოლიდარობის აქტად ვაქციოთ _ პირველ რიგში კი ხაზი გავუსვათ პრობლემის რეალურ მიზეზებს, რატომ აღმოჩნდა ამდენი ხალხი გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებში, რატომ ტოვებს სახელმწიფო ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვს ღვთის ანაბარა და სადაა შექმნილი სიტუაციიდან რეალური გამოსავალი.

ესეც წინა ბაზრობის ვიდეო

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პინტას უკანასკნელი მოჰიკანი

მარტოხელა ჯოჯი _ პინტას უკანასკნელი მოჰიკანი


მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება უკვე ერთი სახეობით ნაკლებს ითვლის. ორიოდე დღის წინ გალაპაგოსის ეროვნულ პარკში საკუთარ ვოლიერში გარდაცვლილი იპოვეს მარტოხელა ჯორჯი, რომელიც 100 წელზე მეტის იყო და 200 ფუნტამდე იწონიდა. ის თავისი ქვესახეობის (Geochelone nigra abingdoni) უკანასკნელი გალაპაგოსის კუ იყო.

გალაპაგოსის კუების სახეობა რამდენიმე კუნძულზე ბინდარობს ეკვადორის მახლობლად. მარტოხელა ჯორჯს, რომელიც მეცნიერებმა პინტას კუნძულზე 1971 წელს იპოვნეს და ამ კუნძულის ბოლო ბინადრად ითვლება, შთამომავლობა არ დარჩენია. მეცნიერებმა მისი შეჯვარება რამდენიმეჯერ სცადეს სხვა ქვესახეობის მდედრ ინდივიდებთან, მაგრამ მათმა შრომამ ამაოდ ჩაიარა _ მდედრების კვერცხები უნაყოფო აღმოჩნდა.

გიგანტური კუები წყნარი ოკეანის არქიპელაგზე პირველად ევროპელმა მეზღვაურებმა 17 საუკუნეში აღმოაჩინეს. გალაპაგოსის კუნძულებს მეზღვაურებმა სახელი სწორედ მათი უცნაური ბინადრების პატივსაცემად უწოდეს (გალაპაგო პორტუგალიურად კუს ნიშნავს). კუების უმეტესობა მეზღვაურების საკვები რაციონის მსხვერპლი აღმოჩნდა _ გემები კუნძულებს სპეციალურად აკითხავდნენ რომ შორი ცურვისათვის თან წაეყვანათ ,,ბუნებრივი კონსერვები” რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში არც საკვები ჭირდებოდა და არც წყალი და საბრალო, უწყინარი ზოზინა კუებიც ხარბი მეზღვაურების სტომაქისაკენ გზას დაჩქარებული ტენმპებით მიუყვებოდნენ. მართალია, კუების წვნიანზე უარს არც კუნძულების ადგილობრივი მკვიდრები ამბობდნენ, მაგრამ ისინი მხოლოდ ამ მიზნით მოშინაურებული რეპტილიებს შეექცეოდნენ და ხელს არ უშლიდნენ ბუნებაში მცხოვრები კუების გამრავლებასა და ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას. შეერთებული შტატების ბიბლიოთეკებში შემონახული გემის ჟურნალებიდან ირკვევა რომ მხოლოდ ამ ქვეყნის ფლოტმა გალაპაგოსის კუნძულებიდან 1831-დან 1868 წლამდე 13013 კუ წაიყვანა. საბოლოოდ, მეზღვაურებისა და მონადირეების ქმედებებმა კუები განადგურების ზღვარზე მიიყვანა, თუმცა ამასობაში ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოებამ გიგანტური კუების არსებობა ირწმუნა, შეისწავლა და განგაშიც ატეხა ამ იშვიათი სახეობის ლამის გადაშენების გამო.

დღისითვის გალაპაგოსის კუები საკმაო ყურადღების ობიექტები არიან, თუმცა ზოგ შემთხვევაში ადამიანების მიერ მიყენებული ზიანის რეაბილიტაცია ბუნებისთვის შეუძლებელია _ კუების გადაშენებული ქვესახეობა სწორედ ამაზე მეტყველებს. ჰო, სანამ ამ 200 წლოვან გიგანტებზე საუბარს დავასრულებდე, ისიც უნდა ითქვას რომ გალაპაგოსის კუებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს დარვინის ევოლუციური მოძღვრების დასბუთებაში, როგორც უძველესი სამყაროდან შემორჩენილმა ცოცხალმა რელიქტებმა.

Posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი