გამოცხადებული მიკერძოების ქრონიკა

parajanovi

ავტორი სერგო ფარაჯანოვი


ინტელექტი და ნება, რომლებიც ბრმა ფიზიკური
ძალებივით მოქმედებენ მასებზე _ აი, რას ეწოდება პოლიტიკა

პოლ ვალერი

ადამიანის უფლებები, თავისუფალი მედია, საერთაშორისო სტანდარტები _ ამ ტერმინებმა განსაკუთრებული აქტუალობა XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინეს, როცა კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის დავიწყებასა და მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების გარანტიის შექმნას ცდილობდა. ადამიანის უფლებები და მათი აღიარება გავლენიანი ინსტიტუტების მიერ უნდა ქცეულიყო ერთ-ერთ ასეთ გარანტიად. ადამიანის ფუნდამეტური უფლება _ გამოხატვის თავისუფლება კი თავის თავში გულისხმობდა თავისუფალი მედიის განვითარებასაც.

თუმცა XX საუკუნე უკვე წარსულში მოექცა, ომის ტრამვაც ასე თუ ისე მოშუშდა და ძალაუფლებები ახალი თაობის წარმომადგენლებს გადაეცათ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ ქონია არც მსოფლიო ომის, არც ბირთვული აფეთქების და არც 2 დიდი დიქტატურული რეჟიმის შექმნის გამო. ჰეგემონი ქვეყნის _ ამერიკის ახალმა პოლიტიკურმა ელიტამ ღირებულებები გადააფასა. ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა (ჩემი მოკრძალებული აზრით) რომ დასავლური ლიბერალიზმის მძლავრი ტალღა დასუსტდა და უკუმიქცევა დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაციები მართალია ინარჩუნებენ სერიოზულ ძალაუფლებას, მაგრამ ეროვნული მთავრობები უფრო და უფრო თამამად არღვევენ აღიარებულ ნორმებს და არ აშინებთ საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირება (რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ამის კარგი მაგალითი იყო).

რუსეთს გავლენების დასაბრუნებლად ხელსაყრელი დრო დაუდგა. ევროპამ, საკუთარი ცოდნის ნათელი რომ არავისთვის ენანება, რამდენჯერმე გამოთქვა საკუთარი თხემით-ტერფამდე აღშფოთების შესახებ მაგრამ გარეშე ძალებთან ხელჩართული ბრძოლა ამ ცივილიზაციამ ჯვაროსნულ ეპოქაში გაათავა. ასე რომ, ადრე ამერიკისგან ზურგგამაგრებული პოსტსაბჭოთა სივრცის სუსტი ქვეყნები საკუთარი თავის ამარა დარჩნენ თავიანთი უდღეური ,,დემოკრატიებითა’’ თუ ,,თავისუფალი’’ მედიებით (რომლებიც კაცმა რომ თქვას არც არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ცდილობდნენ დასავლელი მფარველების გულის გასახრად მაინც ეცადათ მისი შექმნა).

პოსტსაბჭოთა სივრცეში მედია ვერ იქნება თავისუფალი თავისთავად _ მას არ ქონია დრო რომ ჩამოყალიბებულიყო თვითმყოფად და თავისუფალ ინსტიტუტად. 70 წლიანმა დიქტატურამ მედია ოფიციალური იდეოლოგიის მქადაგებელ სარეკლამო-სააგიტაციო ..ნივთად’’ აქცია. ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ნაჭუჭიდან ახალშობილ მედიას არ შეეძლო უზრუნველეყო საკუთარი თავისუფლება _ მედიას რომ ასეთი თვისება ქონდეს ის საბჭოთა რეჟიმშიც შეძლებდა საკუთარი იმიჯის შექმნას და მის მიხედვით საზოგადოების შეცვლას. მაგრამ მედია არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე _ მისი თავისუფლება პოლიტიკური ნების პროდუქტი და გარემოებათა თანხვედრის შედეგია. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არ არსებულა თავისუფალი მედიის მოსურნე პოლიტიკური ნება.

საბჭოურ მედიამენტატლიტეტს ემატება ფერადრევოლუციური (და არამხოლოდ) ქვეყნების ახალი სახის დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც, თავის მხრივ, დამატებით ზღუდავენ მედიის თავისუფლების ხარისხს.

ზემოთქმულის დასურათება შეიძლება გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების _ ,,თავისუფლების სახლისა’’ და ,,რეპორტიორები საზღვრების გარეშეს’’ ყოველწლიური ანგარიშებით. ,,თავისუფლების სახლის’’ 2008 წლის ანგარიშში საუბარია პრესის თავისუფლების დაცემაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა დაპოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.

,,მედიის თავისუფლების ტრაექტორია ამ რეგიონში გამოხატავს მასმედიის არათავისუფალ გარემოს, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო. ამას სერიოზული შედეგი აქვს დღეს, როცა გლობალური ეკონომიკა დამოუკიდებელი მედიის სიჯანსაღეში თავის როლს ასრულებს. დღეს უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლია დამოუკიდებელ მედიას, იმოქმედოს ყოფილ საბჭოთა კავშირში” _ ამბობს თავისუფლების სახლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრისტოფერ უოკერი.

პოსტსაბჭოთა მედიის კარგ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ რუსული მედია. რუსეთის ფედერაცია 2000 წლიდან მოყოლებული, თავისუფლების ინდექსის დაბალ შეფასებებს იღებს ორგანიზაციის _ ,,რეპორტიორები საზღვრების გარეშეს’’ ანგარიშებში.

რუსული მედია საბჭოთა მედიის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა. მაგალითისთვის შეგვიძლია გაზეთი ,,კომსომოლსკაია პრავდა’’ დავასახელოთ, რომელიც საბჭოეთშიც გამოდიოდა(დაარსდა 1925 წელს) იგივე სახელით. ამ გაზეთში, სიახლეების გაშუქებაში საბჭოური მყვირალა-დემაგოგიური ტონი ჩანაცვლებულია ვითომ ნეიტრალური და ობიექტური სტილით, რომელიც სინამდვილეში დეტალების უღონო და არაფრისმომცემ ჩამოთვლას წარმოადგენს. თან იმ კუთხით დანახული დეტალების, საითაც ოფიციალურმა მთავრობამ ისურვა ობიექტივის მიმართვა. მაგალითად, ამ გაზეთის სტატია პრემიერმინისტრ პუტინის ახალი დემოგრაფიული პოლიტიკით გამოსვლაზე არსებითად შემოიფარგლება პრემიერის ციტირებით _ მედია კი უბრალოდ საშუალებაა, რაც შეიძლება მომხბლავად და შთამბეჭდავად დალაგებული დაპირებები მიაწოდოს მოსახლეობას _ ის არის კარგი გამტარი, რომელიც კომენტარისა და გადამოწმების გარეშე მუშაობს. საერთოდ კი, გაზეთი ხელისუფალთა მოქმედებების სკურპულოზურ გაშუქებაზეა ორიენტირებული და არა მიმდინარე მოვლენების შესახებ სურათის შექმნაზე. ხოლო მედიასაშუალება ოფიციალურ მთავრობასთან და სახელმწიფოსთან თვითონვე რომ აიგივებს საკუთარ თავს, ამას მხოლოდ შინაარსის ანალიზი კი არა წერის სტილი და მეტყველების ფორმებიც ხაზს უსვამს _ გაზეთი აქტიურად იყენებს მიუკერძოვებელი ჟურნალისტიკისთვის უადგილო, პირველი პირის მრავლობითი პირის ნაცვალსახელს _ მაგალითად, როცა უნდა ამბობდეს ,,რუსეთი’’, ამბობს ,,ჩვენ’’ _ ასეთი ლინგვისტური მიდგომა მიზნად ჰოლისტური ცნობიერების დამკვიდრებას ისახავს და საბჭოური მედიის მიერ აპრობირებული მეთოდია. წინამდებარე სტატიაში ძლევამოსილი საბჭოეთის დაუფარავი ნოსტალგია იკვეთება. ამას გარდა, ჟურნალისტი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია მარტო საკუთარ პოზიციად კი არ აქციოს, ერთადერთ საჭირო და სწორ მიდგომად მონათლოს, რომელსაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი თავისთავად უნდა ემხრობოდეს _ ეს გულისხმობს ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას და საზოგადოების მოწოდებას საჭიროების შემთხვევაში ამ ,,ჭეშმარიტების’’ დასაცავად უკომპრომისო ბრძოლისთვის მზადყოფნისკენ. თუმცა ეს მიდგომა იმდენად ყოფით და ყოველდღიურ ფორმებშია გადმოცემული, რომ ძნელი შესამჩნევია. Aმის ნაცვლად ჩნდება შეგრძნება, რომ ,,ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც უნდა იყოს’’. წარმოჩენილი არაა საპირისპირო პოზიცია. თითქოს მთელი რუსეთი ერთ ჭრილში აზროვნებს და რუსეთის საზღვაო ფლოტის სევასტოპოლში ჩადგომის სანაცვლოდ უზარმაზარი ეკონომიკური რესურსის გაღების საჭიროებასა და მართებულობაზე უპირობო თანხმობაა გამოცხადებული. ერთადერთ მსგავსი შინაარსის აბზაცში სტატიის ავტორს მოჰყავს არა საპირისპირო აზრი, არამედ სკეპტიკური განწყობა რუსეთის ფლოტის ძლიერებისადმი (А тут еще некоторые российские эксперты стали ныть: мол, уже и так остались от Черноморского флота рожки да ножки, стал он дряхлым старичком, да и нужен ли он нам там вообще?). და ესეც იმიტომ, რომ მერე ეს, ისედაც აგდებულად ნახსენები განწყობა განაქარწყლოს და მკითხველს შეაგნებინოს ჭეშმარიტება რუსეთის ფლოტის ძლიერებაზე.

საერთო ჯამში კი, გაზეთის ვებ-გვერდიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ხსენებული მედიაორგანო აუდიტორიის მოთხოვნილებათა ,,სატყუარებით’’ დაკმაყოფილებას ემსახურება. ასეთი ,,სატყუარებია’’ მსგავსი სტატიები თუ მათ გვერდით განთავსებული განცხადებები ნათელმხილველთა მომსახურებაზე და საომარი ანტიკვარიატის შეძენაზე. კომსომოლსკაია პრავდას ონლაინ ვარიანტის მკითხველი ასევე უზრუნველყოფილია ,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან’’ ინფორმაციათა ბმულებით, მაგალითად საიტიდან www.dezinfo.ru . მსგავსი ბმულების მეშვეობით აუდიტორიას საშუალება აქვს დაიკმაყოფილოს ,,შიმშილი’’ სხვადასხვა სენსაცებით – ნიკოლ კიდმანის ავარიაში დაღუპვა იქნება ეს, საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მერაია ქერი თუ ბათუმში, სასტუმრო ინტურისტის წინ ტრაგიკულად დაღუპული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გლეხებს ციტრუსების მანქანაში ჩატვირთვაში ეხმარებოდა.

არსებითად, კომსომოლსკაია პრავდა ოფიციოზია და სამთავრობო დისკურსის გაშუქებაში მუშაობს ისევე, როგორც შეეფერება საბჭოური მენტალიტეტის გაზეთს. თუმცა შეთავსებული აქვს ამ მენტალიტეტისთვის მიუღებელი ,,ყვითელი სენსაციურობა’’ და მცირეოდენი მისტიციზმი. კომსომოლსკაია პრავდა არის პოლიტიკა, რომელიც მობარებული აბეზარი მეზობლის ბავშვების პიტნის კანფეტებით დაშოშმინებას ესახურება, და რომელიც ჯერ კიდევ ძველმა რომმა შეიმუშავა.

This entry was posted in მედია, პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s