ცხელ-ცხელი აპოკალიფსი

ერთ ხუთშაბათ დღეს, VII-VIII კლასელი ვიქნებოდი მაშინ, წირვის შემდეგ მე და ჩემი კლასელი გოგონა ერთად ვბრუნდებოდით სახლში. სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდით და ხუთშაბათობით მთელი სკოლისთვის წირვას ატარებდა ხოლმე ჩვენი მოძღვარი (სხვათა შორის, საოცრად სათნო და კაცთმოყვარე ადამიანი). იმ დღეს იმ ჩვენმა მოძღვარმა აპოკალიფსზე იქადაგა უხვად _ არც პირველი ყოფილა ეს ქადაგება და არც უკანასკნელი, მაგრამ განსაკუთრებით ხატოვანი კი იყო. ადამიანები გასუსულები უსმენდნენ და ალბათ, ყველას ჩემსავით დასურათებულად წარმოუდგებოდა თვალწინ მამაოს სიტყვები _ გვალვები, დახეთქილი მიწა, ციდან ცეცხლოვანი ეტლით გარდმომავალი ილია წინასწარმეტყველი, იერუსალიმის მოკლული პატრიარქი, მძვინვარე ანტი-ქრისტე (უფრო ჭკვიანური სახელი რატომ ვერ მოუფიქრეს ნეტა), ,,მხეცის ნიშნით’’ აღბეჭდილი ნახევარზე მეტი კაცობრიობა და დანარჩენი შიმშილით გაგიჟებული და მიწის მჭამელი ადამიანები. კიდე ბეევრი გვამი (მე კიდე გვამებზე ბავშვების გვამებიც აუცილებლად წარმომედგინება ხოლმე და ძალიან ცუდი წარმოსადგენია ეგ) და ბოლოს, განკითხვის დღის ორომტრიალი. მოკლედ, ასეთი ქადაგებიდან ვბრუნდებოდით შინ მე და ის გოგო და როგორ გინდა სხვა რამეზე იფიქრო _ რაც უნდა ვაჟკაცი იყო, მაინც აპოკალიფსის ცეცხლები გიტრიალებს თავში. რაღაც დიდი უბედურება რომ გელის წინ და შენ სიმტკიცე და გამბედაობა რომ უნდა გამოიჩინო, მაგრამ გული კოჭებში გაქვს ჩავარდნილი, ეგ მომენტია.
ნახევარ გზაზე მეტი გვქონდა გავლილი და წყლის პილპილმოდებული სანიაღვრე არხის პირას ვიყავით, 9 აპრილის, მაშინ მივარდნილ-გაუდაბურებული, სკვერის ბოლოს, როცა მოხდა ის რა მოხდა _ ჩემი კლასელის სკეფსისით აღვსილ ორჭოფულ შეკითხვას შემართებით შევეგებე და ვეუბნები _ სულ ტყუილია ეგ აპოლკალიფსური ზმანებები, ალოგიკური და აბსურდულითქო და პირველად წავიკითხე ჩემი ათეისტური მანიფესტი. (მანაც თანამიგრძნო. მერე ეს ამბავი ჩვენ შემაკავშირებელ ინტიმურ, საერთო საიდუმლოდ იქცა და წლების მანძილზე უზრუნველყოფდა ჩვენ მეგობრობას, სანამ იმ ასაკამდე არ მივედით, გოგოები რომ ბავშვობის მეგობარ-დაქალებს შორდებიან და მათ ცხოვრებაში საპირისპირო სქესის და ზოგადად, ახალი პრიორიტეტების ქაოტური შემოჭრა რაღაც-რაღაცებს თავდაყირა აყენებს).
მოკლედ, ეს აპოკალიფსიანი შანტაჟი გახდა მაიძულებელი, რომ გამეცნობიერებინა და სახელები დამერქმია ჩემს თავში მორიალე აზრებისთვის. იმიტომ, რომ მსგავსი მუქარა სხვა გზას არ გიტოვებს _ ან უნდა დაემორჩილო და ან უარყო, როგორც არაარსებითი, არასაშიში და არარეალური.
საერთოდ, შიშის დანერგვას და სასჯელით შანტაჟს რელიგიების უმეტესობა აქტიურად იყენებს თავის პრაქტიკაში. განსაკუთრებული სახის ძალაუფლების ქონაზე პრეტენზიის მქონე ყველა სოციალურ ინსტიტუტს სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება-წარმოების ექსკლუზიური მეთოდები. სინათლე რომ შეიტანო სადმე, ჯერ უნდა ჩააბნელო, ხსნა რომ დაპირდე ვინმეს, სასაჯელის გარდაუვალობაში უნდა დაარწმუნო, სამოთხის ბილეთების დარიგების პრეროგატივა რომ გქონდეს, ჯოჯოხეთის არსებობა უნდა მოიფიქრო (მერე რა, რომ ის, რისი დანერგვაც შიშით ხდება რწმენა კი არა, მორჩილებაა).
ოღონდ, ეს ჯოჯოხეთი მაინც რაღაც არასაკმარისია ზოგიერთი ტვინნაღრძობის დასაფეთებლად. აი, აპოკალიფსი კი, კაცმა რომ თქვას, გაცილებით ფართო დიაპაზონს იძლევა ადამიანის დაზაფვრისათვის. იმიტომ რომ საიქიოში კი არა, სააქაოშივე დაგატყდება თავს და თან, შეგიძლია ობიექტურ მაჩვენებლებზე ისაუბრო (მიწისძვრები იქნება თუ წყალდიდობები), რითაც თავზედატყდომას იწინასწარმეტყველებ. მერე, ადამიანებზე როგორ მოქმედებს ახლა, რა ვნებებს, რა ინტერესებს იწვევს. მოსაძულებელი თავი ვის აქვს, არ გაარკვიოს რა ხდება და რა საფრთხე ემუქრება მის არამოსაძულებელ თავს. აპოკალიფსით მარტო ძალაუფლების განმტკიცება და ემოციების კონტროლი კი არა, კარგა გვარიანი კომერციული მოგების მიღებაც შეიძლება. დაე ძრწოდნენ და ეშინოდეთ შენი ფილმების ყურებისას, რაც მეტად შეეშინდებათ მით უკეთესი _ მეტი ბილეთი გაიყიდება.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ არაკომერციულ საზოგადოებრივ მაუწყებელს რაღა აპოკალიფსი აუტყდა? მოდი ვნახოთ ვენახი _ იქით ხოფერიამ რომ ატეხა განგაში, არნახულად და სამარცხვინოდ გაუნათლებელ თაობას ვზრდითო, აქეთაც ხომ არ უნდა დახვედროდა ნაკლები განგაში, რომ არანაკლებ ყურებადი ყოფილიყო გადაცემა _ სანაიამ უკეთესი მოიფიქრა და, რა დროს განათლებაა პლანეტა გვემხობა თავზეო. მერე ეს ნიბრუ მარდუქიო თუ ნიბირუო, სიუჟეტი რომ იყო კარგი დამზაფვრელი მუსიკით… კიდევ კარგი ბოლოს მაინც ადამიანურად დაგვემშვიდობა და განმარტა, აპოკალიფსი კი არ გვატყდება თავს, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებები გაგაცანითო. ოღონდ დედაჩემი რომ წარმომიდგენია, არ ვიცი ბოლო სიტყვებს უფრო დაუჯერებდა თუ დედამიწისკენ გამოლაშქრებული ნიბირუს კადრები ჩაყვებოდა ძილში.

PS. ოლდოს ჰაქსლიმ, ჩემთვის ფრიად საყვარელმა და შთამაგონებელმა მწერალმა, 1921 წელს გამოაქყვეყნა ნოველა ,,ყვითელი ქრომი’’. ამ ნოველაში ჰაქსლის ერთი სახალისო პერსონაჟი ყავს _ მოძღვარი მისტერ ბოდიჰამი. ეს მოძღვარი ბოდიჰამი ინგლისის საკმაოდ პროვინციულ დასახლებაში მთელი ვნებით ქადაგებს არმაგედონის დადგომას და ცდილობს ქრომის არაეკლესიური, ,,თავხედი’’ ,,ურწმუნო’’ და ,,ხელიდან წასული’’ მოსახლეობა ეკლესის გავლენის ქვეშ დააბრუნოს და სულის ხსნისკენ წარუძღვეს. მთელი ოთხი წელია ქადაგებს და ქადაგებს, დღე-დღეზე არმაგედონიაო. ზოგჯერ სასოწარკვეთილებას ეძლევა თვითონაც, ამდენი ხანი რატომ არ დგება ეს არმაგედონიო. ხან საშინელებებით, უბედურებებით, ტანჯვით და სისხლით სავსე XIX საუკუნეს იხსენებს და ამ ფონზეც რომ ,,მეორედ მოსვლა’’ კიდევ არა და არ ხორციელდება მთლად უბედურად გრძნობს თავს.
მაგრამ, მისტერ ბოდიჰამი ისეთ წიგნში ცხოვრობს, მოქმედება რომ XX საუკუნის გარიჟრაჟზე ხდება. მისი ტრიბუნა იმ პროვინციული ქრომის ეკლესიის საკურთხევლით შემოიფარგლება. მაშინ არ იყო არც ახალი ამბების რეპორტაჟები, არც ინტერნეტი, არც ტელევიზია და საერთოდ, მასობრივი კომუნიკაცია არ არსებობდა. რაც უნდა გეცადა, სახლში ხომ ვერ შეუვარდებოდი ადმიანს და იქ ვერ შეაშინებდი ცეცხლით და მახვილით, თუ თვითონ არ მოვიდოდა შენთან. დღეს კიდე ,,სახლი ‘’აღარ არსებობს. ინფორმაციის ,,შემოქმედები’’ შედიან და გამოდიან ჩვენ სახლში, ემოციებში, გონებაში…

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to ცხელ-ცხელი აპოკალიფსი

  1. NoNaMe says:

    ანუ შენი აზრით ხალხის სამართავადაა შექმნილი რელიგიები?🙂

  2. chankotadze says:

    არა, არ ვფიქრობ ხალხის სამართავადაა შექმნილ-მეთქი, მაგრამ ზოგიერთი ღვთისმსახური ხშირად ცდილობს მაგ მიზნით გამოყენებას ჩემი აზრით.
    რელიგიისადმი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. რელიგიები იმიტომ იქმნება რომ ადამიანს აქვს მოთხოვნილება რწმენაზე და ეს სავსებით ნორმალურია.

  3. NoNaMe says:

    აი საღოლ… ძლივს ვიპოვე ჩემნაირი აზრის მქონე ადამიანი…🙂 და შენ ათეისტი ხარ?😛

  4. chankotadze says:

    კი😀 ნუ, აგნოსტიკოსი უფრო სწორად ჟღერს ალბათ.
    ძალიან სასიამოვნოა თანამოაზრეების აღნოჩენა (sun)

  5. NoNaMe says:

    აგნოსტიკოსი ანუ ეგ ის არის ყველაფერს შორის რო დგანან? არცერთი არიან და არც მეორენი?

  6. chankotadze says:

    კი, კი, ეგ არის:D

    ,,დავანებოთ თავი ღმერთის არსებობა-არარსებობას, ჩვენთვის ვიცხოვროთ ადამიანური ღირსებებით”პოზიცია მაქვს მოკლედ😛

  7. NoNaMe says:

    შვეიცარიის რა ხარ…🙂 და მერე რო მოგეკითხება? იქ ორი კარიბჭე რო იქნება ერთი ოქროსფერი, მეორე შავი და რო ჩახედავენ შენს ოქმში და გეტყვიან “შენ ის არა ხარ, ღმერთის არსებობა არარსებობა რო არ გაინტერესებდაო?” ხოდა გაგიშვებენ შავში :):)

  8. chankotadze says:

    შვეიცარიის…. კეთილმოსურნე ვარ😀 ,,იქაურობას” რაც შეეხება, ჯანდაბას, სადაც ჩემთვის საყვარელ ადამიანთა უმეტესობა ქვემოთ უნდა დამხვდეს, მე რაღა მინდა ზემოთ😀

  9. Anonymous says:

    ერთი მამაოს ქადაგების გამო მთელ მოძღვრებას ხაზი არ უნდა გადაუსვა.

    ან უნდა დაემორჩილო ან უარყო? იქნებ მესამე გზაც არსებობს?

  10. chankotadze says:

    ანონიმური says:
    ერთი მამაოს ქადაგების გამო მთელ მოძღვრებას ხაზი არ უნდა გადაუსვა.
    ან უნდა დაემორჩილო ან უარყო? იქნებ მესამე გზაც არსებობს?

    რა თქმა უნდა, მთელ მოძღვრებას ხაზი არ უდა გადაუსვა, გეთანხმები. მე ქრისტიანული მოძღვრებისთვის არც გადამისვამს ხაზი. პირიქით, ძალიან დიდ პატივს ვცემ. იმიტომ რომ ჰუმანურ პრინციპებს ეყრდნობა ქრისტიანობა ზოგადად. ქრისტიანობა ჰუმანიზმის ყველაზე დიდი კუნძულია დღემდე და მე სწორედ ის სიბნელე არ მომწონს, რომლის შერწყმასაც კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ ამ ძველი რელიგიისთვის.
    მოკლედ, ჩემი აზრით ცალკე არსებობს ქრისტიანობა, როგორც მორალურ-ეთიკურ ღირებულებათა ერთიანობა და ცალკე არსებობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც მისტიფიცირებით, შანტაჟებით, ინდულიგენციებით, აპოკალიფსებით თუ რაღაც ასეთებით ამახინჯებენ ქრისტიანობის იდეას და წარმართულ სააზროვნო სტილში მომართავენ მორწმუნეებსაც. ეს ჩემი პირადი აზრია(თუმცა არა ორიგინალური, უამრავი ადამიანი ჩემამდე ფიქრობდა იგივეს) და არავითარი პრეტენზია არ მაქვს მის ერთადერთ ჭეშმარიტებად გამოცხადებაზე.

    მგონი ეს არის მესამე გზა. არ ვიცი. რას გულისხმობ შენ?

  11. michael says:

    ნეტავ როდის გამოფხიზლდება ხალხის უმრავლესობა და ამ აპოკალიფსებს და მეორედ მოსვლებს როდის დაანებებს თავს…
    კარგი პოსტია!
    ჩემი აზრით ქრისტიანობას ყოველთვის მრავლად ყავდა, აპოკალიფსებით და ჯოჯოხეთით დამაშინებელი მღვდლები ეპისკოპოსები და სხვა საეკლესიო მსახურები, საერთოდაც რელიგიის ნამდვილი ფუნქცია ადამიანების მართვაა და სხვა არაფერი, რიგითი ადამიანის რწმენისადმი სწრაფვას კარგად იყენებდნენ და კვლავაც იყენებენ ეკლესიის მსახურნი. ეს იყო პოლიტიკა და არის კიდეც.

  12. chankotadze says:

    michael

    რაღაცებში გეთანხმები, მაგრამ რელიგიის ფუნქციაზე არა… მე ვფიქრობ, რომ ადამიანს რწმენის მოთხოვნილება ბუნებრივად აქვს და რელიგიის ფუნქცია ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ოღონდ იმაში მართალი ხარ, ძირითადად მაინც ეგრე გამოდის _ რელიგიები ადამიანების სამართავადაა გამოყენებული. ეგ არის პოლიტიკა მართლაც.

    მადლობა კარგი კომენტარისთვის

  13. lasha says:

    მოკლედ მე ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ უფრო ნათელი სურათი წამომედგინა თვალწინ,მეგობარო პატივს ვცემ შენს მოსაზრბეას,მაგრამ იმაზე რატომ არ ფიქრობ რატო და საიდან მოდის ეს რწმენა?ეს ხომ მთლად ფანტაზიის ნაყოფი არაა და მითუმეტეს იმ დროს არამგონია კაციობრიობის გონება იმ დონეზე ყოფილიყო განვიტარებული რომ თუ არ ნახავდნენ იწამებდნენ, ანუ მე იმის თქმა მინდა რომ,იყვნენ ადამიანები რომლებმაც იხილეს იესო და მისი სასწაულები,წმინდა მარიამი და ის ყოველი წმინდანი…ეს ჩვენ ქრისტიანებს შემოგვრჩა,თაობიდან თაობაში,როგორც შემოგვრჩა ისტორია,მაშინ მოდით ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც ნუ ვიწამებთ,არადა ბევრი ისტორიული ფაქტი დაუმტკიცებელია და მხოლოდ გადმოცემით ვიცით რასაც ზოგ შემთხვევაში ლეგენდას ვეძახით.ანუ ის საშიშროებები რომლებიც თავს კოსმოსიდან დვატყდება ღმერთთან არანაირ კავშირში არ მიმაჩნია,ეს მხოლოდ ფიზიკური,ქიმიური პროცესებია, რომელსაც სულიერსაზრდოსთან და არსებობასთან არანაირი კავშირი აქვს.
    ხოლო წინასწამეტყველება მიმაჩნია ღვთაებრივ ნიჭად,და წინასწარმეტყველებისაც მწამს, ეს იგივეა რაც იწამო ჯოჯოხეთი და სამოთხე,იწამო რეალობა და წინასწარმეტყველება,ხოლოდ მე ამ მწამსს ლაბირინთში არ გავყავარ,არ ვიკარგები,ჩემი რწმენა არ მაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაც აგნოტიკოსობა დავიწყო. ღვთის წამება იმითაც კმარა რომ ჩვენმა ურჯულო მტრებმა ჩვენი წინაპრების სისხლი დალიეს რელიგიისთვის,მე უბრალოდ არმქავს ამ ყველაფრის შემდეგ კითხვისნიშნის ქვეშ განვიხილო რამე, ისე კი პოსტისთვის მადლობ : ) ძალიან საინტერესო და რაღაც დონეზე აზრიანი იყო,ასევე მდიდარი ლექსიკით,ვხედავ რომ განათლებული ადამიანი ხარ,ამის წერის ნაცვლად რამე სასარგებლო მწერლობაზე რომ იფიქრო რამე დაგიშავდებაა?მაგალითად:წიგნი დაწერე,რამე ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება თუ რელიგიაზე გადაწვიტავ,მაშინ საერთოდ არ დაწერო და ხალხი შეცდომაში არ შეიყვანო

  14. chankotadze says:

    lasha🙂
    გულწრფელი კომენტარისთვის მადლობა მეგობარო.
    მე რწმენის წინააღმდეგი არ ვარ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რწმენა კეთილშობილური რამეა და ადამიანს ნამდვილად სჭირდება (ჩემი აზრით). მაგრამ სიმახინჯე მგონია, როცა ადამიანთა რწმენას ორგანიზებულად იყენებენ ძალაუფლების მოსაპოვებლად. სულ ესაა🙂

  15. akakimetal says:

    martoo erti mamaoo ki araa yvelaa maseaa tan ramden puls aketeben icit eklesiaa magaziat aris qceuli. erti chemi mezobeliaa mgvdeli daa icit raa saxli daa raa manqanaa yavs da sanam chveulebrivi kaci iyoo araperi ar ebdaaa

  16. akakimetal says:

    daa kidee erti am mamaoebs sheveshvat, maraa erti mitxarit adamidaa evas shemdeg rogor gamravlda kacobriobaa anu dedmamishvilebs intimuri irtiertobaa hqondaat. magaze mamaoc ki ver cems xalxoo pasuxs da icit ras geubnebaa mag kitxvis dassmaa ar sheidzlebaoo sasaciloaa pirdapir. an bibliashi roaa habeli mamamis echxubda daa sxvagan wavida da coli moiyvanaoo da tu martoo eg 4 adamiani arsebobda is coli saidangaa moiyvanaa :D:D:D…. ateistobaa cheshmaritebaa meti ki araperi : ))))

  17. chankotadze says:

    akakimetal
    გეთანხმები, სასულიერო კარიერა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კარიერაა დღეს ჩვენ გაძალტყავებულ ქვეყანაში, რომელიც მატერიალური სტაბილურობით და სოციალური პრესტიჟით უმალ აღგჭურვავს. თან დიდი განსაკუთრებული უნარებიც არაა საჭირო _ მთავარია გაუთვალისწინებელი და ,,ცენტრთან” შეუთანხმებელკი რამეები არ ილაპარაკო და მორჩილი იყო ვითარცა მტრედი.

    მეორე კითხვას რაც შეეხება, მეც მაქვს ეგ კითხვა დასმული წლებს მიღმა საღვთო სჯულის გაკვეთილებზე, თუმცა არ მახსოვს ადეკვატური პასუხი მიმეღოს :დ
    მერე რაღა გზა მქონდა სანამ თავად არ მივხვდი რომ რეალურად, ძველი აღთქმა კაცობრიობის ისტორია კი არა, ეროვნული ზღაპრების ნაკრებია, რომლის დიდი ნაწილიც მომთაბარე და გადასახლებაგამოვლილმა ებრაელებმა სხვადსხვა ხალხების მითოსისგანაც ისესხეს.

    მაგრამ, ჩემი აზრით, რწმენასთან ეს მითები წესით არავითარ კავშირში არ უნდა იყოს, მითუფრო ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

  18. akakimetal says:

    gindac xalxi ro dadis eklesiaa shi vitom ro swamt😀 aradaa gogoebze sachalichod midian chemi dzmakaci iyooo shobas wasuli daa bijebio gogoebs echalichebodnen locvas ki arusmednenoo daa magari ekidato😀

  19. ევას და ადამს აბელის და კაენის გარდა კიდევ ჰყავდათ შვილები… მე რომ დამაინტერესა მაგ კითხვამ მოვძებნე ბიბლიაში… წერია რომ ევამ და ადამმა მათ შემდეგ ძენი და ასულნი კიდევ შვეს…. მსგავსი “ნათესაური კავშირები” ძველ აღთქმაში იყო….

  20. მომეწონა პოსტი : ) და მართალია ნათესაური კავშირები მართლაც იყო ძველ აღთქმაში.. ადამიანები უფრო მეტხანს ცხოვრობდნენ.. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.. ასე რომ ბევრი შვილის ყოლა შეეძლოთ.. და პასუხს რომ ვერ მიიღებ ხოლმე მსგავს კითხვებზე, ეს არ ნიშნავს იმას რომ არ არსებობს ადეკვატური პასუხი.. ეს იმ ადამიანის გაუნათლებლობაზე მეყველებს.. იმ სასულიერო პირის გაუნათლებლობაზე.. ფანატიზმია დღეს უფრო.. ვიდრე რწმენა.. მოჩვენებითია.. ისე კი.. ყველას თავისი გზა აქვს.. ღმერთამდე.. მეტი არაფერია.. არაფერი ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s