ამერიკული მედია-გავლენები

სიტყვა ადამიანის მიერ ადამიანის მართვის იარაღია.
მეძახიან _ მე ვბრუნდები… მაგინებენ _ მე მიკვირს,
ვბრაზდები და გარტყმით ვპასუხობ… მაგრამ ვემორჩილები.
ეს მორჩილებაა _ ჩემი ქცევა წინასწარ განპირობებული იყო.
პოლ ვალერი

1704 წელს გარდაიცვალა ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი, შეიცვალა უნგრეთის მეფე, პეტრე დიდის ჯარებმა დაიპყრო ტარტუ და ნარვა, ისააკ ნიუტონმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი გამოკვლევები ოპტიკის დარგში და გამოვიდა პირველი ამერკული პერიოდული გაზეთი _ ,,,Boston News-Letter’’.
ამ გაზეთიდან დაიწყო ამერიკული ჟურნალისტიკის ისტორია.
,,Boston News-Letter’’-ის დამაარსებელი, ბოსტონის ფოსტის უფროსი, ჯონ კემპბელი, ერთგვერდიანი გაზეთისთვის ცნობების უმეტეს ნაწილს ინგლისური ჟურნალ-გაზეთებიდან კრებდა. მოსახლეობას ძირითადად ინგლისური პოლიტიკის მანევრები და ევროპული ომები ანაღვლებდა და გაზეთის თემატიკაც ამით შემოიფარგლებოდა. თუმცა გაზეთი იყო არა მარტო საინფორმაციო, არამედ მძლავრი იდეოლოგიური იარაღიც. XVIII საუკუნის I ნახევრის ამერიკა, განსაკუთრებით კი ბოსტონი, პურიტანებსა და ანგლიკანებს შორის მძაფრი დაპირისპირების არენა იყო. ანგლიკანი ჯონ კემპბელიც თავის გაზეთს, ბუნებრივია, საკუთარი შეხეედულებების გამოსახატავად და საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებდა.
საერთოდ, ადრეული ამერიკული მედიისთვის, რომელიც ძირითადად საგაზეთო ჟურნალისტიკით იყო წარმოდგენილი, მეტად ბუნებრივი მოვლენა იყო, რომ გაზეთი მისი დამაარსებლის აზრს გამოხატავდა _ ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და მსგავსი კრიტერიუმები შედარებით მოგვიანებით გახდა აქტუალური. მანამდე კი, ახალ კონტინენტზე სოკოებივით მრავლდებოდა გაზეთები და ისინი, როგორც წესი, ერთ, კონკრეტულ იდეურ მიმართულებას გამოხატავდნენ. თითქმის ყველა ქალაქს, პატარა ქალაქებსაც კი, საკუთარი გაზეთები ჰქონდათ, ზოგჯერ რამდენიმეც. ამ პროვინციული გაზეთების პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდებოდა დედაქალაქის გაზეთებიგან, რაკი პროვინციული გაზეთების მფლობელების ინტერესები განსხვავდებოდა დედაქალაქელების ინტერესებისაგან.
XVII-XIX საუკუნეების ამერიკაში გაზეთებს მოსახლეობის უმეტესობა კითხულობდა (ამას ხელს უწყობდა საგაზეთო წერის მარტივი და გასაგები, ხალხური სტილიც), ამიტომაც ის კარგი საშუალება იყო მოსახლეობისთვის ,,ვიღაცისთვის სასურველი’’ ინფორმაციის მისაწოდებლად.
გაზეთებში პოლიტიკური პროპაგანდის ყველაზე მკაფი მაგალითებია დამოუკიდებელი ამერიკის ერთ-ერთი პირველი გაზეთები ,,,Newspaper of The United States’’ და ,,National Newspaper’’. ,,Newspaper of The United States’’-ის რედაქტორი, ჯონ ფენო, უშუალოდ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის და მისი ფინანსთა მინისტრის _ ალექსანდრ ჰამილტონის მითითებებით მოქმედებდა. ხოლო ,,National Newspaper’’ ვაშინგტონის პოლიტიკურმა ოპონენტმა, შემდგომში ამერიკის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა ჩამოაყალიბა. ამ ორ გაზეთს შორის გამართული იყო ღია დაპირისპირება, როგორც ფედერალისტებსა და ანტიფედერალისტებს შორის, რომელიც საბოლოოდ თომას ჯეფერსონის და ჯორჯ ვაშინგტონის იდეურ დაპირისპირებამდე დადიოდა.
ვაშინგტონის შემდგმომი პრეზიდენტის, ჯონ ადამ ქვინსისთვის იმდენად რთული ასატანი აღმოჩნდა მედიაკრიტიკა (თუმცა ვაშინგტონსაც არ ეხატებოდა გულზე, ბუნებრივია) და იმდენად უფრთხოდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ხელში გაზეთს, როგორც პროპაგანდის მძლავრ იარაღს, რომ 1798 წელს მან მიაღებინა კანონი _ Alien and Sedition Acts რომლის მიხედვითაც გაზეთის რედაქტორები ისჯებოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების წაქეზებისათვის 200 000 დოლარით (რაც იმდროინდელი კურსით ძალიან დიდი თანხა იყო) ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით. ამ კანონმა სულ სამი წელი იმოქმედა. მის საფუძველზე 24 რესპუბლიკური გაზეთის რედაქტორი დააპატიმრეს.
საინტერესოა, რომ თომას ჯეფერსონი, რომელიც ქვეყნის პიველ ორ პრეზიდენტს აქტიურად აკრიტიკებდა გაზეთებიდან, როცა თვითონ გახდა პრეზიდენტი თვითონაც ადანაშაულებდა ოპოზიციურ გაზეთებს უსამართლო კრიტიკაში და მისთისაც რთული ასატანი იყო მათი თავდასხმები.
საქმე იმაშია, რომ გაზეთები იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული _ თამამად იყენებდნენ საბრალმდებლო ტონს, თუნდაც არგუმენტაციის გარეშე. ასევე, გაზეთები იყო პოლიტიკური შეხედულებების ლეგიტიმაციეს და პროპაგანდის საუკეთესო საშუალება. მაგალითად, ახალგაზრდა პოლიტიკოსების, ალექსანდრ ჰამილტონის და ჯეიმს მედისონის მიერ ნიუიორკული გაზეთებისათვის შექმნილი პუბლიცისტური წერილების სერია, ფედერალისტური ჩანაწერები, რომლითაც მათ აშშ-ს კონსტიტუცია დაიცვეს და მისი ინტერპრეტაცია მოახდინეს, დღემდე ითვლება პრესისა და პოლიტიკის მძლავრი თანამშრომლობის ნიმუშად.
XIX საუკუნებში ამერიკულ გაზეთებში გაჩნდა სიახლე _ ედიტორიალისა და სიახლეთა გვერდის გამიჯვნამ შესაძლეო გახადა ნელ-ნელა ისეთი ცნებების გააქტუალურება, როგორიცაა მიუკერძოვებლობა და ობიექტურობა, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ერთმანეთისაგან. XX საუკუნეში კი გაჩნდა ყვითელი პრესაც. გაზეთების ნაწილმა სახსრების შენარჩუნებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით ყვითელი ჟურნალისტიკის მღვრიე წყალში შეცურა, ნაწილმა კი საარსებო წყაროდ სარეკლამო დაკვეთები აქცია. ასე რომ, თუ ადრე გაზეთი გამომცემლის პოლიტიკური ინტერესების გავლენას განიცდიდა, XX საუკუნემ მოიტანა მსხვილი სარეკლამო დამკვეთების გავლენის საშიშროება, რომელიც უფრო სახიფათოდაც შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე პოლიტიკური გავლენები იყო. რაკი პოლიტიკური გავლენა ასე თუ ისე, ცხადი და დაუფარავი იყო და თან რაიმე მსოფლხედველობრივ და პოლიტიკურ შეხედულებებს ეყრდნობოდა. კომერციის გავლენა კი უფრო შეფარული, ინტერესები კი კერძო საწარმოთა ინდივიდუალური მოგებითა და მეტი მატერიალური სარგებლის მიღებით იყო განპირობებული. ამას გარდა, პოლიტიკური გავლენები არ არის ცალმხრივი. როგორც წესი, არსებობს სულ მცირე, ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა. კომერსანტების შემთხვევაში კი, მილიონი ერთმანეთთან დაპირისპირებული კომერსანტიც რომ იყოს, ისინი მაინც არ ქმნიან ალტერნატივებს და ყველა მათგანს ერთი სახის ინტერესი აქვს.
თუმცა, კომერციული გავლენის გაჩენის პარალელურად, სულაც არ გამქრალა პოლიტიკური გავლენები. კომერციული გავლენა დამატებითი აქტორია, თორემ ძველი აქტორები არ გაუძევებია სცენიდან. პირიქით, რადიომ და ტელევიზიამ დამატებითი შესაძლებლობები მისცა პოლიტიკურ ძალებს გაევრცელებინათ მოსახლეობაში მათთვის სასურველი დისკურსი. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ რადიოს და ტელევიზიას ყავდა გაცილებით უფრო დიდი აუდიტორია, ვიდრე გაზეთებს. ეს უკვე მასობრივი აუდიტორია იყო.
კელვინ კულიჯი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც ხალხს რადიოთი მიმართა 1922 წელს. სამთავრობო პროპაგანდისათვის რადიოს მოხერხებულად იყენებდა იულიუს კლეინი _ 1929 წლიდან ამერიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. კლეინი რეგულარულად გამოდიოდა რადიოში და სხვადასხვა ეკონომიკურ-სოციალურ -პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდა. ყველა მის გამოსვლაში ხაზი ესმებოდა ამერიკის მთავრობის მიღწევებს, მრეწველობის სხვადასხვა დარგების ტრიუმფს, აშშ-ს პროგრესს და ა.შ. კლეინის გამოსვლები ამერიკელებს მთავრობის სიყვარულს და მისადმი ნდობას უნერგავდა და მმართველი პარტიის პოპულარობას მაღლა სწევდა. როგორ ახერხებდა იულიუს კლეინი ამას? _ პირველ რიგში იმით, რომ იყო უშუალო, როგორც ამერიკული სტილი მოითხოვს. რთულ საკითხებსაც კი განმარტავდა ყველასთვის გასაგები სიტყვებით. ამიტომ მისი საუბარი ერთნაირად გასაგები იყო ნიუიორკელი მაკლერისთვისაც და ოკლაჰომელი ფერმერისთვისაც. ამას გარდა, თავის გამოსვლებს უხვად აზავებდა იუმორით _ ესეც, ზოგადად ამერიკული ტრადიციაა. საჯარო გამოსვლა რიგიანად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს თუ მასში ერთი-ორი ხუმრობა მაინცაა ჩართული. ამასთან ერთად, იუმორი აქრობს დისტანციის შეგრძნებას, ინტიმურობის ილუზიას აჩენს და ხალხს საჯარო გამომსვლელის მისადმი (ხალხის ფენისადმი) მიკუთვნებულობას აგრძნობინებს.
რადიოს კვალდაკვალ ,,ფერხულში ჩაება’’ ტელევიზიაც, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ზოგადად პროპაანდის, მასებზე ზემოქმედებისა და

ფრანკლინ დელანო რუზველტი

სასურველი რეალობების ,,გაყიდვის’’ კუთხით.
ფრანკლინ დელანო რუზველტი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ტელევიზია გამოიყენა ხალხისთვის მისამართად. რუზველტს ჰქონდა ყოველკვირეული ტელეგამოსვლები, სადაც ისე საუბრობდა თითქოს ყველა ამერიკული ოჯახის ვირტუალური სტუმარი იყო. რუზველტის ტელეგამოსვლებმა შექმნა ,,მზრუნველი’’ პრეზიდენტის იმიჯი და მოსახლეობას გაუმძაფრა შეგრძნება, რომ ეს ,,სწორედ მათი პრეზიდენტია’’.

მედიის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არჩევნების დროს. ამერიკაში კანდიდატების თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაყენებას დიდ მნიშვნელობას აქცევენ და მედია ცდილობს ფორმალურად მაინც ობიექტურად და მიკერძოების გარეშე გააშუქოს კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიები. წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატებში, რომელიც უკვე მყარი ამერიკული პოლიტიკური ტრადიციაა, კანდიდატებს ზუსტად თანაბარი დრო ეძლევათ თავიანთი მოსაზრებების გამოსახატავად. მაგრამ სინამდვილეში მიკერძოება ამერიკულ მედიას ისევე ახასიათებს, როგორც სხვა მედიებს.
Zogby International-მა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ მედიაში გამოთქმული რესპონდენტების აზრების 64% ლიბერალური იყო, ხოლო მხლოლდ 28% იყო კონსერვატორული. 2008 წლის აგვისტოში კი Washington Post-ის ომბუდსმენმა გამოაქვეყნა თავისი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გაზეთმა, სანამ ბარაკ ობამა დემოკრატიული ფრთის წარდგენილი კანდიდატის ნომინაციაში გაიმარჯვებდა, იმ დრომდე თითქმის სამჯერ მეტი საგაზეთო სივრცე დაუთმო ბარაკ ობამას შესახებ დაწერილ სტატიებს, ვიდრე ჯონ მაკკეინის შესახებ დაწერილს.

20-იანი წლების ამერიკაში პოლიტიკურ ძალებს, ასე ვთქვათ, გადანაწილებული ჰქონდათ გაზეთები. მაგალითად, დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული გაზეთი იყო New York Times, ხოლო აშკარად კონსერვატორული და პრორესპუბლიკური იყო Chicago Daily Tribune. ასეთი გავლენები მედიაში დღეს ნაკლებად არსებობს, თუმცა მედიას აქვს საკუთარი იდეოლოგიური კურსი, თუნდაც ეს არ იყოს აღიარებული. UCLA-ის პოლიტოლოგიის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 20 მთავარი მედიაპროექტის კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ 18 მათგანი მემარცხენე ცენტრისტული ორიენტაციისაა.

პოლიტიკის და მედიის განსაკუთრებული ,,ჰარმონია’’ამერიკას სხვა ქვეყნებში წარმოებული ომების დროს სჭირდება ხოლმე და მთავრობაც აქტიურად ცდილობდა ამის მიღწევას.

FOX NEWS-ის ყოფილი პროდუსერის, ჩარლი რეინას თქმით, FOX NEWS-ის სარედაქციო პოლიტიკა ერაყის ომის დროს ,,ზემოდან’’ იმართებოდა. ბუშის ადმინისტრაცია მინიშნებებს აძლევდა ტელევიზიას თუ როგორ გაეშუქებინათ დღის მთავარი სიახლეები, რაზე გაეკეთებინათ აქცენტი და ა.შ. FOX NEWS-მა, ბუნებრივია, უარყო რეინას განცხადება და ის განაწყენებულ თანამშრომლად შერაცხა, რომელიც შურისძიებას პროვოკაციული გზებით ცდილობდა. (თუმცა სხვა სახის რეფლექსია გასაოცარი იქნებოდა – არცერთი ტელევიზია არ განაცხადებს საჯაროდ, ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობ და სიახლეებს ობიექტურობის, ჟურნალისტური ეთიკის და ასეთი რამეების მიხედვით კი არა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტივების მიხედვით ვაშუქებო.
2003 წლის ოქტომბერში FAIR -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერაყის ომის შესახებ სატელევიზიო ქსელში გასული ახალი ამბების ისტორიების 319 წყაროდან 76 % მოდიოდა მთავრობის და ოფიციალური სამხედრო უწყებებისგან. ხოლო 2003 წლის მარტში, შეერთებულ შტატებში ჰეზბოლას მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანიები: , AL-NOUR-ის რადიოსადგური და AL-MANAR-ის სატელევიზიო სადგური გამოცხადებული იქნა ,,ტერორისტულად’’. ამ ,,ტერორისტულად’’ შერაცხვის ინიციატორი იყო პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელსაც 51-მა სენატორმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი.
სიტყვები და საერთოდ, ვერბალური დისკურსი ყოველთვის ნაკარნახებია ძალაუფლების დისკურსით. სამეტყველო სივრცის გავლით ხდება ძალაუფლების აღიარება, ასე რომ ტერმნების და საგნებისთვის სახელების დარქმევის ანალიზით მარტივად შეგვიძლია შევადგინოთ ძალაუფლების განაწილების ამსახველი რუკა. დღემდე ყველაზე ძალმოსილ სფეროდ პოლიტიკის სფერო რჩება რომელსაც ყველა სხვა სფეროზე აქვს გავლენა. ასე რომ, გასაკვირი არაა, თუ პოლიტიკის სფერო გავლენას ახდენს სპეციფიკური ტერმინების საკუთარი ინტერესებისდა მიხედვით დამკვიდრება-გამოყენებაზე, მათ შორის მედიაშიც და ამგვარად წინასწარ განსაზღვრავს ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც გააზრებული უნდა იყოს რეალობა მასების მიერ.

პოლიტიკის სფეროს უფრო და უფრო ეცილება ძალაუფლებაში კომერცია. თავისთავად, ეს დიდი საფრთხე არ იქნებოდა რომ არა თანამედროვე ყოფის სპეციფიკა _ ახალი ტექნოლოგიები და ინფორმაციული რევოლუცია. ახალმა ტექნოლოგიებმა, ინტერნეტმა, ცხოვრების ახალმა, პოსტინდუსტრიულმა წესმა სავსაებით შეცვალა წინანდელი რეალობა. საზოგადოებრივი ცხოვრება ორგანიზებული გახდა სრულიად სხვაგვარად, რაკი შეიცვალა ცხოვრების სტილი ინდივიდუალურ დონეზეც. მზარდი ტემპით ვითარდება გართობის ინდუსტრია, რომელსაც არათუ გავლენა აქვს მდიაზე _ თავად მედია ითავსებს გასართობ ფუნქციებს. ყოველწლიურად იმატებს გასართობი შოუების რიცხვი, და თვითონ პოლიტიკური გადაცემებიც კი იღებს შოუს ხასიათს _ მაგალითად პოლიტიკური თოქშოუები. კინოინდუსტრია სერიოზულ გავლენებს ახდენს და მედიის ინტერესის მძლავრ ობიექტადაა ქცეული, ხოლო სპორტულ მატჩებს საკუთარი რეჟისორები ყავთ და შემოქმედებითი ჯგუფები დაუღლელად მუშაობენ, რომ მაყურებელმა კარგი სანახაობა იხილოს. მოკლედ მედია უფრო და უფრო მეტს ფიქრობს აუდიტორიის კარგად გართობაზე და ნაკლებს მის ინფორმირებაზე.
გართობის ინდუსტრიის წამლეკაობის ყველაზე კარგი დასურათება ისაა რომ, პლანეტის უდიდესი მედია კონგლომერატი უოლტ დისნეის კომპანიაა. თანამედროვე მედიის კომერციალიზაციის ხარისხზე კი წარმოდგენის შექმნა რუპერტ მერდოკის გიგანტურ კონგლომერატის – ნიუს კორპის მაგალითზე შეიძლება. ამ კომპანიის შემოსავალმა 2009 წელს 30 ბილიონიო შეადგინა, აქედან კი 70 %-ზე მეტი გაყიდვები ამერიკელ ბიზნესმენებზე მოდიოდა.
ჩემი აზრით კომერციული ბიზნესის გავლენა არის ყველაზე სახიფათო გავლენა მედიისთვის, გაცილებით სახიფათო პოლიტიკურ გავლენაზე. სურათმა შეიძლება აპოკალიფტური კონტურებიც კი შეიძინოს თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ბიზნესის სპეციფიკას – თანამედროვე მსხვილი ბიზნესი, ეს ავტომობილების ან ტანსაცმლის წარმოება კი აღარაა, რომელიც თავის მატერიალურ საქონელს ასაღებდა და მედიაზე გავლენით შესაძლებლობა ექნებოდა ცუდად შეკერილი ჯინსები ან უხარისხო გაზქურები გაეყიდა _ თანამედროვე ბიზნესი ინფორმაციის მწარმოებელია: გემოვნების, შეხედულებების და ცხოვრების წესის _ ეს არის ცოდნის მწარმოებელი ბიზნესი. ამიტომ მედიაზე გავლენის მეშვეობით შეუძლია უხარისხო ცოდნა შეაჩეჩოს მასებს. მთავარი ცოდნა კი _ სწორედ ამ ბიზნესის კეთებისა და მასების მართვის ცოდნა, გახადოს მიუღწეველი გარეშეთათვის. მასებს კი შეეძლებათ თავდავიწყებით ჩაეფლონ შეთავაზებულ სანახაობებში, ქონდეთ მასმედია, მასგართობა, მასკულტურა, მასკინო, მასგემოვნება, მასაზროვნება…

This entry was posted in მედია, პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ამერიკული მედია-გავლენები

  1. ზიზი says:

    ძალიან საინტერესო პოსტია!

  2. Kety Tyson says:

    აღფრთოვანებული ვარ ამ ბლოგით!!! საინტერესო, ინფორმატიული, არაჩვეულებრივი ენით დაწერილი! ბრავო!!! საქართველოდან შორს მყოფს (შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ) და სოციოლოგიით გატაცებულს უზომოდ მჭირდება ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა.
    მიხარია რომ გიპოვე🙂

  3. chankotadze says:

    დიდი მადლობა ქეთი ასეთი შეფასებისთვის🙂 ზალიან სასიამოვნო იყო… ცოტა კი მეუხერხულება შეფერება კოლეგის რანგის… (სკეპტიკურად ვუყურებ საკუთარ პრაქტიკულ სოციოლოგიურ უნარებს :შ)

  4. Kety says:

    🙂 samcuxarod saxeli ar vici sheni jer! Skeptikurad ki ara, siamayit unda uyurebde “sakutar praktikul sociologiur unarebs”🙂 Mixaria, rom aset axalgazrdas ukve aseti grma xedva gakvs. me samcuxarod Sociologia ager 44 clis asakshi agmovachine da madloba gmerts am kvekanashi universitetshi scavlis sashualeba momeca. damijere, uzomod saintereso blogi gakvs. Me mxolod ramdenime tvis cin viscavle blogis carmoeba – Kvebis Sociologiis klasshi savaldebulo davalebad gvkonda. exla minda kartuli blogic gavxsna da rasac ak vscavlob, mandaurebsac gagiziarot🙂

  5. Anonymous says:

    arachveulbrivia namdvilad ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s