რაია

რაია 12 წლის ბოშა გოგოა. აზიური ცეცხლით ანთებული შავი თვალები და ბიჭურად შეჭრილი თმა აქვს.
მაშინ (ერთი კვირის წინ) დიდუბის მეტროს ბაქანზე ვცემდი ბოლთას _ ჩემი და საერთოდ, მთელი კაცობრიობის საყვარელი საქმიანობაა მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ მე მაინც ნამდვილი გემის კაპიტნის მონაცემები მაქვს, გემბანზე რომ გადი-გამოდის და ხის ფეხს დააკაკუნებს დიდი ამბით. ოღონდ დიდუბის მეტროს ბაქანზე მთლად კარგი პირობები არაა შექმნილი ბოლთის მცემთათვის _ ყურადღებით მზირალი დანარჩენი თანამემამულეები სცენის ეფექტს ქმნიან და ვერაა სასიამოვნო. ამიტომაც ამ საერთაშორისო სპორტის სახეობას თავი დავანებე და მორჩილად ჩამოვჯექი ყველაზე ნეიტრალურ გარემოებაში მდებარე სკამზე, სადაც მხოლოდ ერთი და ისიც ბავშვობის ასაკში მყოფი არსება იჯდა. დანარჩენს არაფერს დავკვირვებივარ მაშინ _ არც სქესს, არც კანის ფერს, არც ეროვნულ კუთვნილებას, არც რელიგიურ მრწამსს და არც სოციალური ფენიდან წარმომავლობას. ჩემ სკამის მეზობელს მხოლოდ ორიოდე წუთის შემდეგ შევხედე დაკვირვებითა და გაკვირვებით, ოდნავი მოკრძალებით რომ მითხრა რაღაცნაირმა, ჩახრინწულმა ხმამ, ლამაზო რა გქვიაო. მეთქი ამ პაწაწინა ჯეელს შეხეთ, მეარშიყება თუ რა ამბავიათქო და ცნობისმოყვარე თვალი მივაპყარ. ჩემ გვერდით ბოშა ბავშვი იჯდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა და ჩაცმულობის სტილი გაფიქრებინებდათ ბიჭიაო, მაგრამ პაწაწინა, ყურზე მიკრული ბრჭყვიალა საყურეები და ასევე ბრჭყვიალა ,,პლასტმასის ალმასებით” შემკული, ჭუჭყიანი ტერფების შემმოსველი ფოსტლები ნათელს ფენდა ჩემი რძიანშოკოლადისფერი მეზობლის სქესს. ესენიც რომ არა, მისი თვალებიც საკმარისი იქნებოდა. მისი თვალები უნდა გენახათ _ ზაფრანის ელვარე ყვავილების და წაბლის თაფლის ასოციაციები გაგირბენდათ გონებაში.
მოკლედ, სავსე მთვარესავით გაბადრულმა და ფართოდ გაღიმებულმა, ჩემს ტურფა და ჭუჭყიან მეზობელს ჩემი სახელი ვამცნე, რაც მას ფრიად ესიამოვნა. უთუოდ არ ელოდა ჩემგან ასეთ მეგობრულ ღიმილს. ჩვენ შორის არსებული ეროვნულ-რელიგიურ-კულტურულ-ეკონომიკურ-პრესტიჟული უფსკრულისდა გათვალისწინებით რაიამ, ასე ერქვა თვითონ, ეტიკეტის სრული დაცვით დაიწყო ჩემთან გასაუბრება _ ლამაზო რა გქვია; ლამაზო, საით გაგიწევია; ლამაზო ვინ გიყვარს; ლამაზო, რა გიჭირს და ა.შ. _ ამ ტრადიციული ფრაზებით იწყებენ ბოშა ქალები სხვა, არაბოშა ქალებთან ურთიერთობას, რასაც მოყვება ხელზე მკითხაობა, მოწყალების თხოვნა, გამოძალვა და ა.შ. მე კიდე, სულელმა, მეგობრული ღიმილი შევაფრქვიე და ყველაფერი გავუფუჭე. მე ვაიძულე რაია შერცხვენოდა საკუთარი თავის გამო. თუ ყველაფერი ისე იქნებოდა, ,,როგორც საჭიროა”, თუ მე, გარემოს მიერ ნაბოძები ჩემი წვრილმანი უპირატესობებით გაზვიადებული ზიზღით შევხედავდი და მის თავიდან მოშორებას შევეცდებოდი სავსებით ნაცნობ სიტუაციაში მყოფი რაია სრულიად დაუძაბავად განაგრძობდა მოქმედებას, ახლა კიდე ვეღარ გაიგო რა ექნა და თანაც ძალიან უხერხულად იგრძნო თავი. სად მიდიხარო, გააგრძელა იხტიბარი რომ აღარ გაეტეხა, მეც ვუპასუხე ვაგზალზე-მეთქი და ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე შევეკითხე იგივე. რაიამ კიდე, მე ვმათხოვრობო, თქვა და ისე მოწყვეტით ჩაკიდა თავი რომ საგონებელს მივეცი _ არასდროს მინახავს მათხოვარ ბავშვს ასე ეუხერხულებოდეს თავისი საქმიანობა. (ეს გოგო რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა-მეთქი, გავიფიქრე მაგრამ გამახსენდა ანალოგიური შემთხვევა სხვა ბოშა გოგოსთან.)
რაის ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, მელნით მიხატული სმაილებით, მზეების მსგავსი ქმნილებებით, უბრალოდ უმიზნო ნაჯღაბნებით და მოშლილი ელვა შესაკრავით. ამ შესაკრავს დროდადრო დაძაბული ისწორებდა ხოლმე და ალბათ იმას განიცდიდა, რის განცდასაც ადამიანებს მათ ყოფაში ულმობლად შეჭრილი პრესტიჟისა და ძალაუფლების კანიბალური ლოგიკა აიძულებს. ეს ლოგიკა ადამიანებს ყურში ჩაყვირის, ხომ ხედავ რომ არარაობა ხარ, ხომ ხედავ რომ გშია, გწყურია, შიშველი ხარ და აბა რა პრეტენზია უნდა გქონდეს რომ შენც და დანარეჩენებიც ერთნაირ ადამიანებად ირაცხებოდეთო.
რაიასთან საუბარი არ აეწყო _ ვერ მივაგენი თემას, რაზეც ვისაუბრებდით, რაც ორივესთვის ნაცნობი და საერთო იქნებოდა. ვერც შემწვარი კარტოფილი და ვერც დახუჭობანა ამ საქმეში ვერ გამოდგა. რაია აბსტრაქტულ პასუხებს იძლეოდა და ბნელი ფარდით დაგმანულ მის ცხოვრებაში შეჭვრეტის საშუალებას არ მაძლევდა. მხოლოდ ერთი წამით გამიზიარა თავისი ემოციები, მშობლების კალთით დაფარული ნაცნობი ქერა გოგონა როცა დაინახა, მასზე თითქმის ორჯერ უმცროსი, მაგრამ სულ მცირე, ორჯერ მეტი სოციალური პრესტიჟის მქონე. ძალიან ცუდი ბავშვიაო შემომჩივლა, სულ ცუდ რამეებს მეუბნებაო. მე ნათლად წარმოვიდგინე ის პატარა გოგო როგორ დასცინის ბოგანო რაიას და ტკბება ცოდვილი სიამოვნებით, რომელსაც ადამიანებს ერთი-მეორის მორალური თუ ფიზიკური ტანჯვა ანიჭებთ. არც რაიას გაუჭირდება ლანძღვა-ყვირილითქო ვფიქრობ, მაგრამ ჩემ წარმოსახვაში მაშინვე ჩნდება იმ ქერა გოგოს დედა ან ბებია, მკლავებდაკაპიწებული რომ გამორბის მეზობელი ქალების მზესუმზირიანი თავყრილობიდან და ცეცხლით და მახვილით იცავს თავის პირმშოს ურჯულო ბოგანოსგან.
აი, რაიას ვინ დაიცავს საკუთარი თავის გარდა?!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to რაია

  1. lex tempus says:

    ძალიან, ძალიან კარგი პოსტია!!!
    თავიდან რაია ნიუმენლენდის ბინადარი მეგონა, მაგრამ ჩემი თანამედროვე და ნაცნობი აღმოჩნდა…🙂

  2. chankotadze says:

    :გასხივოსნებულისმაილიმადლობისჟესტით:

  3. michael says:

    მე მგონი ვიცი ეგ ბავშვი, დიდუბის მეტროში ერთი ორჯერ მინახავს…

    კარგი პოსტია…

  4. udabno says:

    საინტერეოსა ,მაგრამ ბოშებს რატომ უწოდებსთ ამ არსებებს😀
    ალბათ იმიტომ რომ ესტეტი ბრძანდებით🙂

  5. chankotadze says:

    თქვენსავით, სერ გიორგი🙂

  6. salomeaa says:

    ვააჰ როგორ ვთქვა ცუდი ასეთი პოსტის მერე? არადა უნდა ვთქვა. ასეთი ბევრი ბავშვის გამო მე და არამარტო მე საყოველთაო შიში გაგვიჩნდა, სადაც დაგინახავენ იქ მოგახტებიან და კაცმა არ იცის იმ გაშავებულ, პატარა თავებში რა აზრი დაებადებათ ( კარგი არაფერი). რამდენჯერმე მე და შენ ერთად მოვხვედრილვართ ამგვარ სიტუაციაში და არა მგონია მაშინ მათზე ისე გეფიქრა, როგორც აქ აღწერე. (პირადი მწარე გამოცდილება მაინც სულ სხვაა)
    ნუ რაია შემიყვარდა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ შენი პოსტის მერე ნამდვილად მოვეფერებოდი:* და ვეცდებოდი ჟელიბონები მიმეცა:*

  7. chankotadze says:

    salomeaa

    ჰო, მახსოვს შენ რომ პანიკდები მაგათ დანახვაზე😀 მე არ მეშინია სიმართლე ვთქვა. მაგიტომ არ მიჭირს ბავშვების მოშორება. რა აზრი უნდა მოუვიდეს ნეტავ, რითი უნდა დაგაზარალოს – რა გააჩნიათ საკუთარი მყიფე ხორცის და სისხლის მეტი. შეფურთხებით იმუქნრებიან _ ნერწყვია მთელი მაგათი იარაღი ამ ,,დაყაჩაღებებისას”.
    რაის ჟელიბონები გაეხარდებოდა, ასე მგონია… (sun)

  8. salomeaa says:

    ეჰ ანა , ანა ნამდვილი ავსული ხარ
    მხოლოდ შენ შეგიძლია ასე აღწერო ეს მოხეტიალე საშიში ბავშვები:*

  9. chankotadze says:

    სალომეა
    ავსული კი ვარ, მაგრამ მე სად ვიყავი ჰიუგომ რომ მაწანწალები და ათასი ჯურის ბოგანო უკვდავ პერსონაჟებად აქცია, ბალზაკმა რომ კლასიკურ ლიტერატურაში პირველმა აღწერა მეძავი ქალების უბადრუკი ყოფა და ა.შ. ჩემი რაია მათ გვერდში შედევრების იაფფასიანი რეპროდუქცია თუა მხოლოდ…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s