ბანანისნამცხვრიანი ეპიზოდი

ჯეიმს სილტმენმა კისერზე კოღოს ნაკბენი მოიფხანა და კომპიუტერის მაგიდაზე ფეხის მკვეთრი დარტყმით გორგოლაჭებიან სკამზე მოთავსებული საკუთარი სხეული სკამიანად გაისროლა უკან. შემდეგ შუა ოთახში სკამიანადვე, ნისლიანი ზმანებასავით ძალიან ნელა დაიწყო ტრიალი. თან თავი სავარძლის საზურგეზე გადაეყრდნო და ჭერს უყურებდა. უფრო სწორად, ჭერის მიმართულებით აეშვირა თვალები. ყურებით კი არაფერსაც არ უყურებდა. გეგონება, თავს მოვალედ თვლიდა, საკუთარი თავი უგულებელეყო და ერბოსავით გამდნარიყო იმ მქუხარე მუსიკაში, კედელზე მიმაგრებული დინამიკებიდან რომ იღვრებოდა და ოთახს ვიბრაცით ავსებდა. ბოლოს ჯეიმს სილტმენს უთუოდ თავბრუ დაეხვა, რაკი ტრიალი შეწყვიტა და თვალები დახუჭა. შემდეგ, უფრო მოსახერხებელ პოზაში მოსათავსებლად რომ იატაკზე გაწვა და ფეხები სავარძელზე შეაწყო, მისის სილტმანიც სწორედ მაშინ შემოვიდა ოთახში. მუსიკის ტალღები გამყინავმა წივილა ხმამ გააპო და ჯეიმს სილტმანს ისარივით ჩაერჭო თავში. ჯეიმს სილტმენი გველნაკბენივით წამოვარდა, ფეხები იატაკზე განალაგა, კორპუსს კი ვერტიკალური მდგომარეობა მიანიჭა და მუსიკასაც უმალ ჩაუწია. ამან საშუალება მიცა დედამისის ,,საუბარში” მეტყველების ნაწილები გამოეყო და მათი კონტექსტუალური მნიშვნელობაც განესაზღვრა. ამ მეტყველების ნაწილებით აგებული შინაარსის გათვალისწინების შემდგომ ჯეიმს სილტმენი უხალისოდ გაიზლაზნა ჰოლში, უჯრიანი რვეულიდან ამოგლეჯილ ფურცელზე ჩამოწერილი საყიდლების სია აიღო და კარი სახეზე აღბეჭდილი უსახელო ემოციით გაიჯახუნა.

ნილსმა სათვალე მოიხსნა და გამომცდელი თვალი მოგვავლო. შემდეგ, პაუზის შესავსებად და მსჯელობის წამოწყების მიზნით დაამატა, სულ ეს არის რაც დღეს დავწერეო და ქერა ულვაშების წვალება დაიწყო, რომლებიც თითქმის ერთ ფერში გადიოდა მის მოვარდისფრო პირსახის კანთან.
ის იყო ნილსის ლიტერატურისადმი საკუთარი კეთილგანწყობის მიზეზების დაფიქსირებას ვაპირებდი, რომ პროფესორი ოვცოვი ხელფეხიანად ამეტყველდა:
_ თქვენ ჭეშმარიტად ლიტერატურული სტილი გვაქვთ ჩემო მეგობარო. მომილოცავს! ეს უკვე მზა წარმატებას გულისხმობს. მსუბუქი, გულუბყვილო ირონიისა და ცხოვრებისეული დინამიკის თქვენეული შერწყმა საინტერესოდ საკითხავი და თან ღირებული ლიტერატურის შექმნის კარგი პირობაა ჩემო უმცროსო მეგობარო!_ აქ პროფესორმა ოვცოვმა ამოიხვნეშა და ხელების ქნევით განაგრძო _ ყველაზე მეტად კი დასაფასებელი თქვენს ხელწერაში სწორედ ისაა, რომ თქვენი გმირის ცხოვრების პაწაწინა ნაგლეჯიდან მთელი მისი ყოფა წარმოდგინდება. აი, ეს უკვე ჭეშმარიტი ოსტატობაა ბატონო ნილ! მე თითქოს ვხედავ როგორ ჩარბის ჯეიმს სილტმენი კიბეებზე, რა აცვია, როგორი თმა აქვს, როგორი თვალები… როგორია ქუჩა, სადაც მაღაზიაში შედის ჯეიმს სილტმანი…
_ ეს პალეონტოლოგიის პროფესორია, ხომ გახსოვს _ მრავლისმეტყველად ჩამჩურჩულა თინამ და ორივეს კინაღამ სიცილი აგვივარდა.
_ თქვენი მოთხრობიდან იმ ქუჩაში დაგებული ქვაფენილის მასალის გამოცნობაც კი შემიძლია _ არა და არ ცხრებოდა პროფესორი ოვცოვი. ხელებს ფართოდ შლიდა, ენერგიულად იქნევდა და ყოველ სიტყვას ჟესტებით ასურათებდა. დაფანჩულ წარბებქვეშ ღრმად ჩამჯდარი, თითქოს პოლიეთილენის ცელოფანგადაკრულივით გაბაცებული ცისფერი თვალები კი ისე ანთებოდა, გეგონება მიტინგზე გამოდიოდა სიტყვით. ეს კაცი ხატიამ ნიუმენლენდის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიცნო ადრე და ხანდახან შინაც ეპატიჟებოდა ხოლმე _ როცა ბანანის ნამცხვარს ვაცხობდით, მაშინ. ბანანის ნამცხვარი რიგით მეორე იყო მოხუცი პროფესორი ოვცოვის საყვარელ საგანთა სიაში დაბეჯითებით საუბრის შემდეგ. ისეთი საუბრის მანერა ჰქონდა, თავი დაწყებითი კლასების მოსწავლე გეგონებოდა. ხშირად, იმ აზრის გამოთქმისას, რომელიც თავად შენც გაგაჩნდა, პროფესორი ისეთ მომაბეზრებელ თვითშემოქმედებას ეწეოდა საუბრისას, გაიძულებდათ მარტო მის მიმართ კი არა, თავად ამ თქვენს მიერ გაზიარებულ აზრის მისამართითაც კი გაღიზიანებულიყავით.
ასე რომ, სანამ პროფესორი ოვცოვი საკუთარი მჭევრმეტყველებით ტკბებოდა მე სიხარულიანი წვენების დამატება მოვიმიზეზე, ცარიელი ბოთლები ავიღე და სამზარეულოში გავედი.
დაბრუნებულს მოხუცი პროფესორი უკვე ბანანის ნამცხვრის ჭამაში გართული დამხვდა. ნილსს კი ფატიმა თავის მოსაზრებებს უზიარებდა ჯეიმს სილტმანის თაობაზე. ფატიმას აზრით ჯეიმსს უთუოდ უნდა ყოლოდა სატრფო, რომ მისი ამბავი უფრო საინტერესო ყოფილიყო. მის სატრფოს თავის მხრივ უნდა ყოლოდა სხვა მიჯნური და ერთი სიტყვით, სამიჯნურო ინტრიგები უნდა გახლართულიყო. ნილსი წყნარად იმართლებდა თავს, ეგ ჩემი სტილი არ არისო. თინა აქტიურად ერეოდა მსჯელობაში _ რა სისულელეა, რის სამიჯნურო ინტრიგები, მსგავს იაფფასიანი ხრიკებს უგემოვნებო აუდიტორიის მოსაზიდად თუ გამოიყენებ და ეგეთი აუდტორია გინდ გყოლია, გინდ არაო. ხატია, როგორც ყოველთვის, აპროტესტებდა, რას ნიშნავს იაფფასიანი და რას ნიშნავს ელიტარული აუდიტორიაო, ვინ განსაზღვრავს აუდიტორიის ღირებულებასო და ერთი სიტყვით, ისეთი ცხარე კამათი გაიმართა, რომ პროფესორ ოვცოვს კინაღამ ბანანიანი ნამცხვარი გადასცდა და ხველებით მოკვდა, ფატიმამ კი გაცხარებისას თავისი საყვარელი ღიღილოს სიხარულიანი წვენი გადაასხა ხატიას ახალ კაბაზე.
შუაღამემდე ვკამათობდით _ აუდიტორიის ღირებულების გაზომვის შესაძლებლობიდან ზოგადად ღირებულებათა ნომენკლატურაზე გადავედით, ღირებულებათა ნომენკლატურიდან კი აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობის საკითხზე. ამას ადამიანის ცხოვრების არსის განხილვა მოყვა და საბოლოოდ დედამიწის სახელმწიფოებისა და ნიუმენლენდის პოლიტიკური სისტემების შედარებასაც მივადექით. ხმის ჩახლეჩადე გავყვიროდით, კონიაკსა და სიხარულიან წვენებს ვსვამდით და ვაითროზენშირულ პუდინგებსა და ანწლის კანფეტებს ვაყოლებდით. ბოლოს კარგად შებრუჟებული პროფესორი ოვცოვი ძლივს ჩავტენეთ ნილსის მანქანაში. ნილსი შეგვპირდა, რომ სილტმანის ამბის გაგრძელებას უთუოდ შეგვატყობინებდა ხოლმე. ბოლოს მოხუცმა ოვცოვმა ფანჯარიდან თავი გამოყო და გადმოგვძახა _ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. ერთი პატარა დეტალით მთლიანი არსის დანახვა შეიძლება და ეს საღამოც საკმარისი იქნება ჩემი სიბერის შესახებ რომ კარგი მოგონებები დამრჩესო და მადლობა გადაგვიხადა. ჩვენ ზღურბლზე ვიდექით და ტუჩებს ვიჭამდით, რომ არ გაგვცინებოდა.

This entry was posted in ნიუმენლენდის ქრონიკები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ბანანისნამცხვრიანი ეპიზოდი

  1. tatia says:

    anko… Super….
    dzaaalian momcons…. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s