ფატიმა (პრენიუმენლენდური ქრონიკა)


ფატიმა ჩემი მეზობელი იყო. ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობდა. აივანზე რომ ვიყავით ხოლმე, ის შპილკებს ისვროდა ზემოდან (მერე ჩემი ამოსატანი იყო ის შპილკები, ცხადია), მე მოაჯირს მივეყუდებოდი ხოლმე, ხელებით ჩავეჭიდებოდი და კისერმოღრეცილი, იმდენ ხანს ვიყურებოდი ზემოთ, სანამ ჩემი ხერხემალი გაუძლებდა ასეთ დაძაბულობას. ფატიმა მოაჯირზე გადმოკიდებული ჩამომყურებდა. ზოგჯერ მეშინოდა, არ გადმოვარდეს-მეთქი ისე იხრებოდა წინ. სწორი, მწიფეჭვავისფერი თმები ფარდასავით ეფარებოდა სახეზე და ზედა ტუჩი წინ ეწეოდა ხოლმე, დაბლა რომ იყურებოდა. ახლაც ვხედავ, გეგონება, ფატიმას ქერათმაშემოვლებულ მომღიმარ სახეს უსახური აივნის და დამპალხისშპილკებიანი სარეცხის თოკების ფონზე…
12 წლის ვიყავი ჩვენს ზემოთ რომ გადმოვიდნენ. ის 2 წლით იყო ჩემზე უფროსი. უკვე განიერი თეძოები და პატარა, მაგრამ თვალშისაცემი ძუძუები ჰქონდა. მახსოვს, პირველად რომ დავინახე _ მაღაზიიდან გამოვიდა პურის პარკით ხელში. კაპიშუნიონი ჟაკეტი ეცვა და ქერა თმები ეყარა სიფრიფანა მხრებზე. მთელი მონდომებით ღეჭდა კევს, რომელიც, როგორც ჩანს, ზედმეტად დიდი იყო მისი ყბებისთვის. აშკარად ანგარიშგასაწევ ძალღონეს ახმარდა ყბების მოძრაობას და ლოყაც გვარიანად გამოჰბეროდა. მერე დიდი, ვარდისფერი ბუშტი გაბერა და ხელით მიიხეთქა ტუჩებზე. თავისთვის მიდიოდა და ამ ყველაფერს ისე შვებოდა, გეგონება მაგის გარდა კაციშვილი არ იყო ქუჩაში. საერთოდ, სამეჯლისოდ გამოსულ ველურ ფერიას გავდა ხულიგნური მხიარულებით. მე ვიდექი და გულში რაღაცაჩაღვრილი ვუყურებდი.
ეგ იყო და ეგ… ჩამეღვარა ის რაღაც გულ-გვამში და აღარც ამორთქლებია. ფატიმას თუ ვხედავდი, აღარაფერი მინდოდა მეტი. ის თავიდან აგდებულად მექცეოდა, პატარა რომ ვიყავი მაგიტომ. მაგრამ, მერე მეზოლობამ და ჩემმა მეცადინეობამ მაინც თავისი ქნა _ მალე მის ,,დაქალ ბიჭად’’ ვიქეცი და განუყრელები გავხდით, ასეც შეიძლება ითქვას. სკოლაში ერთად მივდიოდით, ეზოში ერთად ვიყავით, გაკვეთილებსაც კი ერთად ვმეცადინეობდით. აკრეფდა ის თავის წიგნებს, ჩამოვიდოდა ჩემთან და არხეინად მოკალათდებოდა ხოლმე სამზარეულოს დივანზე. მე მაგიდასთან დამსვამდა და უფლებას არ მაძლევდა, რომ მელაპარაკა. ჩვენ-ჩვენი გაკვეთილები წავიკითხოთ, მეცადინეობის დროს ლაპარაკი არ შეიძლებაო, ამბობდა. თუ თვითონ მოუნდებოდა რამის თქმა, რა თქმა უნდა, ეს წესი ისე ქრებოდა, გეგონება არც არასდროს უარსებია, ან თუ არსებობდა მარტო ჩემთვის. ოღონდ, მე რომ მეთქვა რამე პირველს, ის ტუჩებს მოკუმავდა და და ხელს ისე ამიქნევდა, გეგონებოდა ბუზს იგერიებდა. თუმცა, ძირითადად მაინც ვლაპარაკობდით _ ყველაფერს მიყვებოდა თავისი ახალი თმისსამაგრების ისტორიებიდან დაწყებული, ახალი შეყვარებულების ისტორიებით გათავებული. მე ვიჯექი და ვუყურებდი. მეტი რა მინდოდა _ მის ახლოს ვიყავი და ვხედავდი, თორემ… დანარჩენზე ვფიქრობდი, ყველაფერი ასეც უნდა იყოს-მეთქი. განცდით როგორ არ განვიცდიდი, მაგრამ ბუნებრივად მეჩვენებოდა. უფრო სწორად, სხვაგვარად რომ ყოფილიყო საქმე, ეგ მეჩვენებოდა შეუძლებელი…
ამას რატომ ვიხსენებ ახლა _ გავყიდეთ ეს ბინა მე და თამრიკომ, გავყიდეთ და სხვაგან გადავედით საცხოვრბლად. ერთი თვეა გაზის კომპანიაში დავიწყე მუშაობა ინკასატორად. აქ გამანაწილეს_ ჩემს ძველ უბანში. ბავშობის სახლშიც იმიტომ მოვედი, გაზის მრიცხველი რომ შევამოწმო.
ჩემი ძველი სახლის ახალმა, მკლავებდაკაპიწებულმა დიასახლისმა აივნამდე გამომაცილა და თვითონ ოჯახური მყუდროების სულისშემხუთველი, დაგუბებული სუნით გაჟღენთილ სამზარეულოში შებრუნდა ქურაზე შემოდგმული ორთქლმდინარი კერძის მოსარევად (მსუქანი ქალი იყო, ზედმეტად აფუებული ცომივით ალაგ-ალაგ გადმოსული და ფორმადაკარგული. რომ დადიოდა ისე თუხთუხებდა, იფიქრებდით ძველი ორთქმავალი მოირწევა და ქშინავსო.) მე ვისარგებლე დიასახლისის შებრუნებით, ცელოფანშემოკრულ მრიცხველს თავი მივანებე და აივნის შუაში გავედი. აივნის მოაჯირს მივეყრდენი, შებრუნებული, ხელებით მოვეჭიდე და ზემოთა აივანს ავხედე. თითქოს, იქ ისევე ველოდის ფატიმას მწვანეთვალებაბრჭყვიალებული, მოცინარი საახის დნახვას. ზემოთ ახალი სარეცხის თოკბი გაებათ და ზედ ფერად-ფერადი შპილკებით აკურატულად გაეფინათ ბავშვის ტანსაცმელი და დათუნიებით მოხატული პირსახოცი. რაღაცა ჩამწყდა გულ-გვამში. გეგონება, მარტო ახლა მივხვდი, რომ სამუდამოდ გამოუსწორებელი საქმე მოხდა. ისევ ის ძველი, დამპალხისშპილკებიანი თოკების დანახვა მინდოდა ალბათ, თუნდაც უფატიმაოდ. ალბათ ეგრე უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. გეგონება ფატიმას ნავალზე სპილოების ჯოგმა გადაიარა და უწყალოდ გადაშალა იმისი პატარა ფეხების ნაკვალევი. მის ნასიცოცხლარ ადგილზე ახალი მჩქეფარე სიცოცხლის დანახვამ ისე გამხადა, თითქოს შუბლში ტყვია დამახალეს და დამყვირეს, ამ ახალ სიცოცხლეებთან ერთად შენი სასიცოცხლო ადგილი აღარ არისო. თითქოს, გამქრალი ცივილიზაციის უკანასკნელი მოჰიკანი ვიყავი ახალ რასაში. ეს ჭრელი შარვლები და დათუნიებიანი პირსახოცი მაინც ისე საქმიანად და საზეიმოდ ეფინა, ისე ყელყელაობდა, გეგონება მაგათით იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი. გეგონება, მანამდე აარაფერი ყოფილა, სანამ ეგენი დაეკიდებოდნენ იქ პლასტმასის ფერად-ფერადი შპილკებით. თითქოს, არც არასდროს ყოფილა ვინმე, ვისაც ფატიმა ერქვა, ქერა თმები ქონდა და ბალახისფერი თვალები, ვინც ორ-ორ, სამ-სამ კევს ღეჭავდა ხოლმე ერთად და მერე ბეჯითად გაბერილ ბუშტებს ხელის მიტყაპუნებით იხეთქავდა ტუჩებზე. გეგონება, ამ აივნიდან არ გადამხტარიყოს, ბოლოს და ბოლოს…
იმ ხანებში სულ სახლში იყო ჩაკეტილი, თავის ოთახში… მეზობლები ჭორაობდნენ… ეგენი კი ვიცოდი, მაგრამ… მამამისის ძველი მეგობარი მოსკოველი ქართველიც მართლა იყო მოსული პრიალა შავი მანქანით _ შემზარა, ამ ბეხრეკს რა ესაქმება ჩემ ფატიმასთან–მეთქი, გადავირიე. ეგ რამდენიმე დღის წინ იყო. მერე ვნახე მე, რომ ტიროდა და მაშინ მითხრა, მუცლიდან ნაწილ-ნაწილ ამომაცალეს შვილიო…
სკოლიდან რომ მოვედი ეზოში ფუსფუსი იყო. ვიღაცა შლანგით ასხამდა წყალს ასფალტზე. ყველა უცნაურად დაფორიაქებდა და ვიშვიშებდა.საიდანღაც დედაჩემი გაჩნდა, ხელი ჩამავლო და დღეს ბებიასთან დარჩებიო მითხრა. ძვლებით მივხვდი მაშინ რა მოხდა, ხორცით თუ კანით, არ ვიცი, მაგრამ მთლიანად კი გავიჟღინთე იმ საშინელებით…
გაზის მრიცხველი შევამოწმე, ჩვენება ამოვიწერე და დინჯად გავაბიჯე სხვისი ოჯახური ბედნიერების თუ მოთუშული კომბოსტოს სუნით აყროლებულ სამზარეულოში. აივანზე კი, წლების მიღმა, ჩვენი ორეულები დავტოვე. მე და ფატიმა გვერდიგვერდ ვისხედით ჩამავალი მზის ოქროსფერ სხივებში გახვეულები. ფატიმას მოხალულ მზესუმზირას ვჭამდით, კანებს ძირს ვყრიდით და ჩვენს საერთო მათემატიკის მასწავლებელზე ვლაპარაკობდით.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ფატიმა (პრენიუმენლენდური ქრონიკა)

  1. Di@ says:

    მომეწონა. საოცრად სევდიანი ჩანახატია.

  2. salomeaa says:

    ან ეს შენ დაწერე? შენი ემოციებია თუ გამოგონილი?:(

  3. chankotadze says:

    სხვების ემოციებიც ჩემი ემოციებია სალ… (sun)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s