მღერიან და ცეკვავენ შოუჯაშუშები

ჩემი ტელევიზორთან ურთერთობა თითქმის შემოიფარგლება საღამოობით ვახშმობის დროს სამზარეულოში ჩართული გადაცემების თვალისდევნებით. ოღონდ ეგაა, რომ ეს ხანმოკლე და ალალბედი ,,მიმოხილვა” საკმარის წარმოდგენასაც მიქმნის ქართული სატელევიზიო არხების მუშაობაზე და ხშირად ისე გვარიანად აღმაშფოთებს, კვირეებით ტელევიზორსმიჩერებული ადამიანის დაგროვილ უკმაყოფილებას რომ გადაწონის. აი, წუხელ მაგალითად რუსთავი2-მა რამდენიმე ულუფა აღშფოთება ერთად შემომთავაზე რუსეთის ჯაშუშებზე დამზადებული ,,მხატვრული ფილმის” მეშვეობით (თვითონ დოკუმენტურად ჩაუთვლიათ, საიტზე ვნახე).
ჯერ ერთი, რუსთავი2-სნაირი შოუტელევიზიისგანაც არ მოველოდი ასეთ პოსტმოდერნულ სიუჟეტს _ წარმოიდგინეთ, ჯაშუშები ჯერ დაკავებული არ არიან, კი არა, ლამის მაგათი მშობლებიც არ შეხვედრიან ერთამეთს და ეს სამომავლო ჯაშუშებიც ჯერ არ დაბადებულან, რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რომ საქმეში ერთვება და ტელევიზორის შემაცქერალი, ნანახში თხემითტერფამდე ჩაფლული უბრალო მოკვდავი კონტრდაზვერვის აღმაფრთოვანებლად საიდუმლოებით მოცულ გამოძიებაში ვირტუალურად ერთვება. სიუჟეტის წამყვანი აღდგომას იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლით აღფრთოვანებული მორწმუნესავით პათეტიკურად იქნევს ხელებს და მონდომებით ცდილობს მაყურებლის ემოციები აიყოლიოს. რა არა? _ პატარა კალე ბლუმკვისტებო, ჩვენ ნამდვილ, დიდ გამოძიებაში ჩაგვახედეს. კი არა და, თავად მოგვცეს ამ გამოძიებაში მონაწილეობის მიღების საშუალება. და თან სამშობლოს მტრები, გამყიდველი და სულმდაბალი ჯაშუშები გამოვავლინეთ, ვერაგულად რომ უთხრიდნენ ძირს ჩვენს, ყველას, კეთილდღეობას. ჩვენ კი შსს-სთან ერთად პირდაპირ კუდში ჩავავლეთ ამ საზარელ აბანოს ჭიებს. რა უნდა იყოს ამაზე შთამბეჭდავი? ჩვენც აღფრთოვანების ტალღები გვივლის სხეულში და საკუთარი სიმარჯვით გაოგნებულებს გულმკერდი გვიფართოვდება ჩასუნთქული ჰაერის მომეტებული მოცულობით.
_იცით რა არის ამქვეყნად მთავარი? იცით რა არის ადამიანის არსების განუყოფელი არსი?
შსს-მ და რუსთავი2-მა მშვენივრად იციან _
ემოციები ადამიანისთვის ისეთივე ბუნებრივი მახასიათებელია, როგორც სუნთქვა, შიმშილი ან სახსრების ავტომატური რეაქცია რეზინის ჩაქუჩით გაღიზიანებისას. ფაქტების კონფიგურაციით, ცოტა შელამაზებით, ცოტა მიმატება-გამოკლებით ჩვენ შეგვიძლია შევქნათ სრულიად ახალი ფაქტი _ ემოცია! სხვათა შორის, პირველად ფაქტებს ამ უკანასკნელთან შედარებით მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ისინი საშუელებები იქნებიან, ეს კი მიზანი. მაგალითად, რა აზრი აქვს იმ გარემოებას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ადამიანი ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილია და არავის აქვს მისი ჯაშუშად მოხსენიების უფება, სანამ ამას სასამართლო არ დაამტკიცებს?! რუსთავი2-ის ,,ჭეშმარიტადჟურნალისტურ” ფილმში კიდე, ეს ადამიანები ზარ–ზეიმით არიან ,,გამოჭენებული” და აღტყინებული ჟურნალისტი ყოველ მეორე სიტყვაზე არღვევს მათ უდანაშაულობის პრეზუმფციას. როგორც ჩანს, ჟურნალისტი სავსებით ენდობა სპეცსამსახურების მიწოდებულ ინფორმაციას (ყველა დიდი ჟურნალისტი ასე იქცევა) და ბოლომდე ჯერა, რომ თუ მათ გადაწყვიტეს, ესე იგი ხსენებული ხალხი ჯაშუშები ყოფილა და სასამართლოც რომ იგივეს იტყვის, რაღა დიდი გამოცნობა უნდაო.
თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ეს ყველაფერი ზოგჯერ მერაღაცამდენეხარისხოვანია.
საერთოდ, თუ ქვეყანაში საზოგადოებრივი არხი არსებობს და სახელმწიფო სტრუქტურა მოსახლეობისთვის მისაწოდებელ აუცილებელ საჯარო ინფორმაციას ამ არხს კი არა, კომერციულ ტელევიზიას აშუქებინებს, ისე რომ ჩვენი მთავარი სახალხო ტელევიზია(და სხვა მედიასაშუალებებიც) ბაიბურში რჩება, უნდა გაგვიჩნდეს ლოგიკური კითხვა _ რატომ რუსთავი2?
რუსთავი2-ს და შსს-ს ნათესაობაზე მოარული ხმები იქით იყოს, ეგ თავისთავად იგულისხმება, მაგრამ მარტო რუსთავი2-ზე ხომ არ დადის მსგავსი ხმები ბოლოს და ბოლოს. უფრო მთავარი მეორე არგუმენტია _ შოუ!
აბა რომელი არხი გვიკეთებს ყველაზე მიმზიდველ შოუებს? რომელმა არხმა დაგვიდგა რევოლუცია და რომელი არხი გვაზიარებს ხოლმე სიცოცხლესა და სიკვდილს, ბოროტებასა და სიკეთეს, სინათლესა და სიბნელეს, წამსა და მარადისობას შორის მიმდინარე ჩვენი ცხოვრების ყველაზე იდუმალ ნაწილს? _ ცალსახად რუსთავი2, რუსთავი2 არის ჩვენი ჭეშმარიტების საზომი და უმაღლესი რეალობა. რაც გინდათ თქვით და, რუსთავი2-ს შოუს კეთება არ ეშლება… გინდა მუსიკა თქვით, გინდაკადრების დინამიურობა და სხვა სპეცეფექტები.
მე შორს ვდგავარ პოსტმოდერნული პესიმიზმისგან და ზოგადად, პისიმიზმისგან და უიმედობის შეგრძნებისგან, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა ემსგავსება ბოდრიარისეულ შავ ხვრელს, როცა ძალაუფლების მპყრობელი ელიტა ცდილობს მასებს თავს მოახვიოს ხელოვნური რეალობა და მასებს თამაშგარეთ ტოვებს, ისე რომ მათ მხოლოდ ამ შეთავაზებულ სიზმრისეულ რეალობაში ყოფნის საშუალება რჩებათ. რა თქმა უნდა, სებედნიეროდ, დღეს ჯერ კიდევ არაა ასე, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნაწილად გაზარდეს ერთი ჯგუფის მიერ მასების რეალობის ექსპლოატაციის რისკები. ფაქტია რომ არის ინტერესთა ჯგუფები, რომელსაც აწყობს თვითონ შემოგვთავაზოს სინამდვილე, თვითონ შექმნას ჩვენი გარემო, თავისი ჯგუფის წევრებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად, დანარჩენი ადამიანებისთვის კი იმგვარად, რომ მათ აღარ შეეძლოთ რაიმეს შეცვლა და ყოფა გახდეს სიზმარი, რომელსაც გვასიზმრებენ.მე მგონია, რომ ამას არ უნდა შევეგუოთ.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მღერიან და ცეკვავენ შოუჯაშუშები

  1. salomeaa says:

    ოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ენვერი”
    ამან აღმაშფოთა და უფრო მეტიც შემაშფოთა. ღმერთმანი ჯაშუშები დავიჭირეთო და კურიერში 40 წუთი სიუჟეტი მიდიოდა, დასრულდა კურიერი და ,,დოკუმენტური ფილმით” გვამცნეს ეს სასიხარულო ამბავი. შენ მართალი თქვი ანნა, რომ ვუყურებდი ,,ეჭვმიტანილებს” ემოცია მქონდა ასეთი – გულში მჯიღს ვირტყამდი და ვამბობდი– ეგ მოღალატეები, სამშობლოს მტრები . სიკვდილით დასჯა რატომ გააუქმეს მეთქი.
    ამ ქვეყანაში ყველაფერი ყალბია– ჯაშუშები, სამშობლოს მტრები, პატრიოტები, გმირები. ნინა წკრიალაშვილს და ლელა წურწუმიას (შოუ–ბიზნების სხვა არაერთ კორიფეს) ღირსების მედალს რომ მისცემენ ის ქვეყანა დაღუპულია. ჯაშუშების გამოვლენის თუ არ გამოვლენის გარეშე.

  2. michael says:

    ძალიან იშვიათად ვუყურებ ქართულ ტელევიზიას და ბედნიერი ვარ ამით🙂
    ყველაფერი მაღიზიანებს თითქმის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s