მე

მე პინგვინეთის რიგითი მოქალაქე ვარ. ოღონდ ამის გაცნობიერება ხელს არ მიშლის საკუთარი თავის სიყვარულში. საკუთარი თავი კიდე ძალიან მიყვარს _ მიყვარს ჩემი გრძნობები, ემოციები, მოგონებები, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ჩემი სურვილები და ოცნებებიც მიყვარს, ჩემი თმა და კანიც _ მოკლედ, მიყვარს ის რაც ვარ და ისიც, რაც განმაპირობებს. სხვებზე მეტი ნარცისი არ მგონია, თავი სხვათა შორის, და საერთოდაც, არ ვთვლი რომ საკუთარი თავის სიყვარული ნარცისიზმია.
პინგვინეთში ცხოვრება რთულია, საკუთარი თავის შეყვარება კიდევ უფრო რთული. საერთოდ, პინგვინეთის ცხოვრების წესი ერთი უცნაური ორომტრიალია, საზრისისგან დაცლილი, მაგრამ საოცარი სიჩქარის მექანიკური მოძრაობა. გინდა თუ არ გინდა ამ მოძრაობას უნდა აყვე _ ალტერნატივები პინგვინეთში არ იციან. პინგვინები შრომობენ, მუშაობენ, იღვწიან, თავაღერილები მიექანებიან A პუნქტიდან B პუნქტში და B პუნქტიდან C პუნქტში ერთგანზომილებიანი პრობლემების გადასაწყვეტად. დანარჩენ დროს პინგვინები ატარებენ საგანგებოდ ამ მიზნით შექმნილი საგნების მოხმარებაში და თავისი შრომის შედეგად მოპოვებულ ფულს უბრუნებენ მათ, ვინც მათ ხელფაასს უხდის და იმასაც იფიქრებს როგორ დაიბრუნოს ეს ფული უკან ისე, რომ პინგვინების 24-ივე საათი კარგად შევსებულ -დაკავებული გახდეს და ერთი წუთიც არ დარჩეთ მაგათ რაიმეზე დასაფიქრებლად, რაიმეს მისახევდრა, რაიმე მშვენიერის აღმოსაჩენად. პინგვინეთის სოციალ-პოლიტიკური სისტემა, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ზუსტად იმგვარად, და იმ მიზნით არის მოწყობილი, რომ პინგვინებმა თავიანთი ცხოვრების ყველა წუთი ამ სისტემის ლოგიკით გაატარონ, ამ სისტემის სივრცეს არ გაცდნენ, თორემ თუ სისტემამ მათზე კონტროლი დაკარგა ყველაფერი დაინგრევა _ პინგვინები დასვამენ კითხვებს და დაიწყებენ იმაზე ფიქრს რა უნდათ თავად მათ. ის კი, რაც პიგვინებს სინამდვილეში უნდათ, ამ სისტემის საპირისპირო რეალობაა. ამიტომაც ერთადერთი გზა, რომ სისტემა შენარჩუნებული იყოს (და ამ სისტემის შენარჩუნება დიდად აძლევს ხელს ზოგიერთ სისტემის სათავეში მდგომ პინგვინს) გადის პინგვინებისათვის ცრუ სურვილების ჩაგონებაში, მათი ბუნების შესახებ წარმოდგენების გაყალბებასა და ისეთი მიზნებისკენ მომართვაში, რომლის მისაღწევად პინგვინთა მიერ დახარჯული ძალისხმევა ისევ და ისევ არსებული სისტემის გამაძლიერებელი იქნება.
პირველ ყოვლისა, რაც სისტემას ჭირდება პინგვინების ირიბი კონტროლისთვის, ეს მათი დროის კონტროლია! ჰოდა, რომ დაგანახათ, პინგვინთა უმრავლესობას ხელზე საათი როგორ უკეთია და როგორ სახსრავს საკუთარ ცხოვრებას, ანაწევრებს მის მთლიანობას და საკუთარივე სურვილით ემორჩილება სისტემის მითითებებს…. იმ დროისთვის კი, რომელიც A, B, C და D პუნქტებს შორის სირბილისან მორჩებათ, პინგვინებისთვის ტელევიზია, ფილმები, კლუბები, სასმელი, ნარკოტიკები და სექსი არსებობს. ტელევიზია და ფილმები იმისთვის, რომ პინგვინები აღიზარდნონ სისტემის კრიტერიუმებით, სასმელი და ნარკოტიკები იმისთვის, რომ მათ უკმაყოფილების შემთხვევაში, მცირეხნიანი განტვირთვა შეძლონ _ დაე გაერიდონ სისტემის გავლენას, ოღონდ, მცირე ხნით, ისე რომ თავად სისტემის ავტორიტეტი ამით არ დაზარალდეს. სექსს რაც შეეხება, ეს სისტემის კოზირია იმის დასამტკიცებლად, რომ პინგვინები თავისუფალი არსებები არიან და იმას აკეთებენ რაც უნდათ. ჰოდა პინგვინებსაც საკუთარი თავისუფლების ჰორიზონტი გაშლილ სივრცედ წარმოუდგენიათ, ოღონდ იმას მაინც ვერ ხვდებიან ხოლმე, რა არ ყოფნით რომ თავი კარგად იგრძნონ. თუმცა ეს არცაა პრობლემა _ მსგავსს საკითხებზე საფიქრელად დიდი დრო არცერთ პინგვინს არ აქვს, ,,მოდი ეს შემდეგში იყოს, ახლა კი ელვარე, თვალისმომჭრელი შოუ იწყება… ჩვენ გავერთობით!”
ამიტომ მგონია, რომ სიზარმაცე და მცონარება ამქვეყნად დროის ყველაზე ნაყოფიერ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთ დროს, როცა პინგვინის გონება კონკრეტული მიზნებისკენ არაა მიმართული და არც ისე გეგმაზომიერად მუშაობს, თავისუფლების ნამდვილ სივრცეებს აღწევს და მისი ცხოველქმედების შედეგები ისე ილექება ცნობიერების შრეებში, რომ პინგვინი ვერც კი ამჩნევს. შემდეგ კი, კონკრეტული საჭიროების დროს, პინგვინს გონება მზამზარეულ მოცემულობებს აწვდის, ისე რომ, პინგვინს თავადვე უკვირს საიდან ჩნდება ამდენი პასუხი მის თავში.
მე მიხარია საკუთარი უდისციპლინობა სწორედ ამიტომ… მართალია, საათებსა და მოვალეობებთან როცა ამის გარდაუვალი აუცილებლობაა კონსტრუქციულად ვურთიერთობ, მაგრამ ამის შემდეგ მიწევს დროის ფლანგვის რიტუალური პროცესები მოვაწყო, რომ თვითშეფასება არ დამიქვეითდეს. და საერთოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში სხივმოსილი, უკვდავი ოლიმპიელის ხელგაშლილობით ვფლანგავ დროს არარაციონალურ მიზნებზე. შეიძლება ამიტომაც მიყვარს საკუთარი თავი _ ცხოვრება ჩემთვის ცხოვრებაა, ამ წუთსა და ამ მომენტში სამომავლო მიზნების გარეშეც. ის შედგება უამრავი ელემენტისგან, რომელთა შეგრძნობასაც ვცდილობ, რომ მათ დავეუფლო მეხსიერებით (ადამიანებს ხომ სინამდვილეში საგანთა ფლობის სხვა ხერხები არ გაგვაჩნია, გარდა ჩვენი ფსიქიკური რეალობისა. ყველა ფლობის სიგელ-სერთიფიკატი თუ სხვა იურიდიული დოკუმენტი სისტემის მოგონილი მტკნარი სიცრუეა). მეხსიერება ადამიანის იარაღია სისუსტის წინააღმდეგ.
ჩემი მეხსიერება უამრავ მოცემულობას ინახავს. ყველაფერი, რაც მახსოვს, ჩემი ნაწილია!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s