ნიკო ნიკოლაძე _ არდაფასებული გონება

ჩემთვის (და ალბათ სხვებისთვისაც) არსებობს მაგიური სახელები, რომელთა წარმოთმისას, მოსმენისას თუ წაკითხვისას კონკრეტული ემოცია მეუფლება. ეს მაგიური სახელები ერთსა და იმავე დროს იმდენ მოცემულობას აერთიანებენ, რომ თავბრუ გეხვევა და ყველა მათგანის სათითაოდ გამოთქმა გინდება, რათა სხვებსაც გადადო შენი ემოციები. საბოლოოდ რომ ვერბალური კომუნიკაციის რაღაც უგვანი მცდელობა გამოდის ხოლმე, მერე ხვდები რომ ასეთ მაგიურ სახელებთან შეხებისას წესით ჯობს ოლიმპიელის სიმშვიდე აღიბეჭდო და მოწყალედ გაიღიმო. ეს დაგაზღვევს სულელად გამოჩენისგან მაგრამ, სავარაუდოდ, ვერსად წაუხვალ საკუთარი მოთვალთმაქცე დეგენერატობის შეგრძნებას… მოკლედ, როგორც არ უნდა ჯობდეს, ნიკო ნიკოლაძე ჩემთვის ერთ–ერთია ასეთ მაგიურ სახელთაგან.
ნიკო ნიკოლაძე _ შეყვარებულის სახელის წერასავით მსიამოვნების მისი აკრეფა, გამეორება, გამუქება… იმიტომ რომ: _ ძალიან ბევრი იმიტომ არსებობს, ყველას აღსაწერად თვენახევარი ქრონიკული პოსტვა დამჭირდება. მხოლოდ ორიოდეს გამოთქმას შევეცდები:

ნიკო ნიკოლაძე დიდი, ნათელი გონებაა მკვეთრად გამოხატული ჰუმანისტური პრინციპებით. ის ცრურწმენებისგან თავისუფალია _ ახალი ეპოქის ადამიანია.
დღეს, 2010 წლის 5 დეკემბერს, როცა ეკლესიური დისკურსები ახალშობილ ბავშვს ჯერ კიდევ ადამის ცოდვაზე პასუხისმგებლად მიჩნევენ და რიტუალური ნათლობის საშუალებით განწმენდის გარეშე ცოდვილად აღიქვამენ, რამდენ ადამიანს აქვს გაცნობიერებული ის რასაც ნიკო ნიკოლაძე 1866 წელს ამბობდა და წერდა?! _ ის, რომ არ არსებობს დაბადებითვე დამნაშავე ადამიანი, რომ ,,ადამიანის პიროვნებას უნდა ვაფასებდეთ დამნაშავეშიც, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა საზოგადოებრივი ცხოვრების მოუწყობლობის და კანონების უსამართლობის მსხვერპლი”. _ თუ ეს ჩვენ დღეს ნამდვილად გააზრებული გვაქვს, მაშნ როგორ ხდება რომ არსებობს ,,სასჯელაღსრულებითი” და არა სარეაბილიტაციო დაწესებულებები, როგორ ხდება რომ ჩვენ ციხეებში უამრავი ,,დამნაშავე”(სადავოა, რამდენად დამნაშავე) ადამიანური ღირსებისთვის შეუფერებელ პირობებში იმყოფება და ამ ,,სასჯელაღსრულების” ღირსეულად გამძღოლი შაშკინი (გინათუ დიმიტრაკულა) განათლების მინისტრობამდე დააწინაურეს? როგორ ხდება რომ ჩვენ, ასეთი ღრმადმოაზროვნე და ნათელმოსილი ხალხი ვეგუებით მმართველი ელიტის პოლიტიკას, რომელიც ჩვენს პრიორიტეტს_ადამიანს და მის ღირსებას არაფრად აგდებს? (ან ჩვენ არ გვაქვს ეს პრიორიტეტი და ვერ ვიაზრებთ იმას, რასაც ნიკო 1886 წელს, იაზრებდა კი არა და, ქადაგებდა და ან… ან არ უნდა შევეგუოთ).
ნიკომ იცოდა, რომ საზოგადოების ეკონომიკური წყობა აიძულებს ადამიანს, ჩაიდინოს დანაშაული _ ეს წყობა დღეს ისევ არსებობს, საქართველოშიც და მთელ პლანეტაზეც. და უამრავი ადამიანი და ინსტიტუტი დასაქმებულია იმით, რომ ,,მეცნიერული” და იურიდიული გამართლება შეუნარჩუნონ ამ წყობას. შედეგად _ ჩვენ ვღებულობთ მსხვერპლს მრავალ განზომილებაში: დანაშაულის მსხვერპლი, დანაშაულის ჩამდენი,რომელიც ასევე მსხვერპლია და სისტემის მუშაკები, რომლებიც ასევე მსხვერპლები არიან, რამდენადაც იძულებული არიან დაემორჩილონ არსებული წყობისთვის მიღებულ ნორმატიულ ლოგიკას საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიუხედავად.
ნიკო ნიკოლაძე პირველი ადამიანია, ვინც ქართველი ქალები ევროპულ განათლებას აზიარა. ალბათ, პირველი ქართველი მამაკაცი, რომელსაც ქალიც ისეთსავე ადამიანად მიაჩნია, როგორადაც მამაკაცი და ამიტომაც ყველა ფასად თვლის საჭიროდ ქალებმაც მიიღონ ის, რისი მიღების საშუალება მამაკაცების პრეროგატივაა. მან 70–იანების დასაწყისში მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის საუკეთესო მოსწავლეები დიდი თავგამოდების ფასად გააგზავნა შვეიცარიაში სასწავლებლად (მათ შორის, მისი ორივე მომავალი ცოლი _ ოლღა და ბოგუმელა). ნიკო არც კანონდარღვევებს მორიდებია _ თავისი მომავალი საყვარელი ქალი, მაშინ, ჯერ კიდევ, რიგითი გიმნაზიელი ოლღა გოგონას მშობლების ჩუმადაც კი გააპარა ყალბი პასპორტით. ასეთი სითამამისა და თავგამოდების გამოჩენა მაშინ შეუძლია ადამიანს, როცა ქალების ინტელექტუალურ პოტენციალს და იმ სიკეს აღიქვამს, რომლსაც საზოგადოებას ქალთა განათლება მოუტანს.
საქართველოში მრეწველობის განვითარებაში რომ ნიკოლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, ეს ფაქტიც, რატომღაც არ არის სათანადოდ აღიარებული. ის, რომ ჭიათურის მარგანეცის ამბები აკაკის კი არა ნიკოს დამსახურებაა, ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. ამას გარდა ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი _ მთელი ინდუსტრიული დასავლეთ საქართველო _ ნიკოლაძის ნათელი გონების მუშაობის შედეგია.( ეგ კი არა და, ნიკოლაძეს მთელი პლანეტის წინაშე რომ აქვს დამსახურება ელექტროენერგიის სადენებით გადაცემის აღმოჩენა–დანერგვაში, ეგ ცალკე პოსტის თემაა)
რაც მთავარია – ნიკო ნიკოლაძე სოციალისტია! სტუდენტობისას ის უტოპისტი სოციალისტია, შემდეგ უტოპიზმის განხორციელებას კი უარყოფს, მაგრამ ფანატიკურად სწამს,რომ კაცობრიობა ოდესმე მაინც მიაღწევს სასურველ მომავალს, როცა ადამიანებს შორის ერთმანეთზე ძალადობა აღმოფხვრილი იქნება.
პეტერბურგში, სტუდენტობის დროს ნიკო ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგის სოციალისტურ მღელვარებაში და მთელი არსებით უჭერდა მხარს რევოლუციას, რის გამოც პირველსავე წელს გამორიცხეს უნივერსიტეტიდან. ,,როგორ წავსულიყავი, როცა უჩემოდ რევოლუცია შეიძლება მომხდარიყო” _ წერს ის. ჰოდა, ადგა, საბუთებიდან ამოეწერა, თითქოს სამშობლოში დაბრუნდა და არალეგალურად დარჩა პეტერბურგში. ამ არალეგალური ცხოვრებისას გაიცნო რევოლუციონერი ფილოსოფოსი ჩერნიშევსკი, რომლის იდეებიც ნიკოს მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვა. და ისე გაყვა, რომ თავად კარლ მარქსმა შესთავაზა კავკასიაში ინტერნაციონალის ხელმძღვანელობა. ის დროც იყო, ნიკო ნიკოლაძეს რომ ,,მისთვის მიჩენილი საცხოვრებელი ადგილიდან” გასვლა აუკრძალეს _ მას მერე, ჩხრეკისას ევროპიდან ჩამოტანილი აკრძალული სოციალისტური ლიტერატურა და ლითოგრაფიული დაზგა რომ უპოვეს…

ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ფოთში (ფოტოს ავტორი არ ვიცი)


მოკლედ, ნიკო თავის ეპოქის საქართველოში ყველაზე ნათელი ფიგურაა, ყველაზე პროგრესული აზრებით. ცხადია ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ბლოგის ფორმატი იძლევა იძლევა საშუალებას ხმამაღლა განაცხადო რასაც ფიქრობ: დიახ, ნიკო ნიკოლაძე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და შეუსაბამოა ილიას ცადატაცების პარალელურად მისი მუზეუმში მტვერდასადებად გამეტება. შეიძლება ბავშურად მოგეჩვენოთ ,,ილია მოერევა თუ ნიკო” დისკურსი, მაგრამ როცა ერთის ღვაწლი და ,,სინათლე” დაფასებული და წარმოჩენილია და მისი ხატები ეკლესიებში ასვენია, მეორის სახელს კიდე ყურმოკვრით იცნობენ, უნდა არსებობდეს ფაქტორები, რომელთა ზემოქმედებითაც აიხსნება მსგავსი შეუსაბამობის არსებობა. ჩემი აზრით, ეს ფაქტორები არის იდეოლოგიური პრიორიტეტები!
,,ილია მოერევა თუ ნიკო” იმიტომ არ მიხსენებია, დუელი რომ უნდა გაემართათ _ ისინი განსხვავებული იდეური მიმართულების მოაზროვნეები იყვნენ!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ნიკო ნიკოლაძე _ არდაფასებული გონება

  1. გიორგი ბერუჩაშვილი says:

    “დიახ, ნიკო ნიკოლაძე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და შეუსაბამოა ილიას ცადატაცების პარალელურად მისი მუზეუმში მტვერდასადებად გამეტება” – დიახ, ეს დიდი შეუსაბამობაა და მას საფუძვლად ქართულ მენტალიტეტში ღრმად ფესვგამჯდარი ფაქტორები განაპირობებს, რომელთა კვლევა-შესწავლისა და შედეგების გამოხატვის ფორმების დახვეწისათვის ვერა და ვერ მოგვიცლია.
    ნიშანდობლივია, რომ თითქოსდა განვითარებაზე ორიენტირებული, საქართველოში მომუშავე ფონდები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ თემებს და უპირველსად ნიკო ნიკოლაძეს – ცოდნისმიერი (ინოვაციური) ეკონომიკის ინიციატორსა და მატერიალურ გამოხატულებას, დღემდე ვერ აცნობიერებენ.
    ავტორს ვთხოვთ შეგვეხმიანოს მისამართზე: g_berucha@yahoo.com, Mob.: 877 133 334
    ნამუშევრის შემეცნებითი ღირებულება უდაოა.

  2. niko nikolaZis saxl-muzeumi giwvevT CvenTan

  3. chankotadze says:

    სიამოვნებით და აუცილებლად :)) ამ ზაფხულშიც მინდოდა ფოთში ყოფნისას, მაგრამ არ გამოვიდა

  4. ქ-ნ ლია ბიბილეიშვილს,
    ანი ჭანკოტაძეს,
    მხოლოდ დღეს მომეცა თქვენი აქ წარმოდგენილი კომენტარების გაცნობის შესაძლებლობა.
    ქ-ნო ლია, მოწვეულებში თუ ვიგულისხმები, გმადლობთ. აუცილებლად გეწვევით!
    დღეს უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა შორის გამორჩეული – უნივერსალური გონიერების კაცი – ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს განათლებულმა საზოგადოებამ, არათუ ჯეროვნად ვერ დააფასა, არამედ ვერც კი გაიგო მისი სიდიდე!

  5. P.s. რასაც აქ წარმოდგენილ კომენტართა სიმცირეც ადასტურებს.

  6. mkk says:

    “ჩვენი პრიორიტეტი – ადამიანი და მისი ღირსება”
    ფოკუს-ჯგუფებთან ვიმუშავე – ახალგაზრდები (18-25) და უფროსები (35-55), რომლებიც კიდევ სამ ჯგუფს წარმოადგენდნენ – ხელისუფლების მხარდამჭერები, ნეიტრალურები და ოპოზიციის მხარდამჭერები. არც ერთ ამ ჯგუფში არა გააზრებული ადამიანის პრიორიტეტულობა. მიჩნიათ, რომ თუ აუცილებელი გახდა, სახელმწიფოს მიანიჭებენ უპირატესობას.

  7. chankotadze says:

    mkk
    ძალიან საინტერესო იქნებოდა მაგ ფოკუსჯგუფების ანალიზი. თავად სახელმწიფოს ცნება კი აქვთ გააზრებული მაშინ ?

  8. ფოკუს-ჯგუფებზე აქ მოყვანილი ინფორმაცია, უკვე მერამდენედ ნათელყოფს, რომ ქვეყნის განათლების სისტემაში მემკვიდრეობითობის პრობლემა, სადღეისოდ არა თუ დაუძლეველია, არამედ საერთოდაც გაუაზრებელია.
    ამ, რთული თემატიკაში სიცხადის შეტანის მიზნით, ვეცადეთ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა: http://www.polity.ge/oppinion/analise/2666-vvitardebit-ki-vis-nakvalevze.html, მანამდე კი, საკითხის უფრო ფართო კონტექსტში გაშუქება:
    http://www.polity.ge/georgia/media/2473-moulodneli-kitxvebi.html – “ქართული მასმედია ყოფითი აზროვნების განზომილებაში”.
    მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოში მომუშავე – განვითარებაზე ორიენტირებული ფონდები, მიუხედავად არაერთი, წინასწარი საკონსულტაციო მიმართვისა, ამ საკითხებში პარტნიორობას ვერ გვიწევენ! ბეჭდურ მედიაში, მითითებულ საიტზე და სოციალურ ქსელებში არსებული ჩვენი მრავალწლიანი აქტიურობა, მათთვის დღემდე
    გაუგებარი რჩება, რაც ამ ფონდების სამეთვალყურო საბჭოს წევრთ, ჩვენს თვალში, პატივს ნამდვილად არ სძენთ.
    არ არსებობს ქვეყნის რეალური განვითარება ამ – ფუნდამენტურ საკითხებში, საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევის გარეშე!

  9. chankotadze says:

    ვნახე თქვენი ბმულები ბატონო გიორგი და რთულია არ დაგეთანხმოთ, განსაკუთრებით ტექნიკურ დარგებზე. ჩვენი ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესწავლის არ იყოს, ტექნიკური დარგების სამეცნიერო თუ პრაქტიკულ დონეზე განვითარება რომ მდგრად განვითარებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, დავაც კი არ ღირს ამ საკითხზე _ ეს აქსიომაა. მაგრამ პრობლემა ისაა, არის თუ არა ქვეყნის სათავეში მყოფი ჯგუფის აზრით მდგრადი განვითარება ქვეყნის მიზანი (ანუ მათი მიზანი _ ამ ორ რამეს ეჭვი მაქვს რომ ერთმანეთში ურევენ). ქვეყნის ეკონომიკის წამყვან ძალად ტურიზმის გამოცხადება ჩემი აზრით უბრალოდ იმის შედეგია, რომ მმართველ გუნდს არც შეუძლია სხვა დარგების განვითარების პროვოცირება_მათ ამის არც ინტელექტუალური რესურსი აქვთ, არც მოტივაცია და უბრალოდ ცდილობენ ,,შეირგონ პოსტები”. ეს ადამიანები საკუთარი შესაძლებლობისდამიხედვით ისახავენ ამოცანებს და ეგაა. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკას, რომელსაც არც განათლება და მეცნიერება ჭირდება და არც განათლებული ადამიანები _ ცოტა ინგლისური და 6 თვიანი კურსები _ აი განათლების სასურველი საფეხური განვითარებული ტურიზმის საქართველოში.

  10. დიახ ანი,
    ვითარების სრულიად ადეკვატურ სურათს წარმოადგენთ.
    მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: საგნების, მოვლენების და პროცესებისათვის თავისი სახელის დარქმევის მომხრე ვიყავი და ვრჩები. ვოლფგანგ გოეთეს ვერ მივბაძავ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ამგვარ ხელისუფალთან სასაუბრო ტონი, მომავალი შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, მომგებიანია (ქვეყნისათვის!) რომ უფრო დიპლომატიური იყოს!
    ფარისეველნი შეჭამა მგლებმა, მაგრამ კატეგორიულობით რას მივაღწევთ! – ისინი ხომ “ჩვენიანი” და “უცხონი”-ს კატეგორიებით აზროვნებენ!
    მგონი გადავაჭარბე კიდეც …

  11. ლია says:

    ამიტომ, ხომ არ სჯობს, მათ ვურჩიოთ ისევ ნიკოლაძეს მიუბრუნდნენ და წაიკითხონ, ღრმად ჩასწვდნენ მის ნააზრევს ეკონომიკის, განათლების, პოლიტიკის, სოციალურ, სამართლებრივ, იურიდიულ და ა.შ. საკითხებზე; გაიცნონ და ახალგაზრდებს – მომავალ თაობას გააცნონ თუნდაც ნიკოლაძის მუზეუმის მონახულებით რას ნიშნავს მამულის ჭეშმარიტი სიყვარული და მსახურება!? უცხოელებსაც გავაცნოთ ჩვენი მუზეუმი. ოდენ ველური და ექსტრემალური ტურიზმით ნუ შემოიფარგლებიან იმ ქვეყნის მესვეურნი, სადაც არის ”პირველი ქართველი ევროპელის” – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, დაინტერესდნენ ამ მუზეუმით და იზრუნონ მის განვითარებაზეც. ეს მიუცილებლად სჭირდება მომავალს!!!

  12. ლია says:

    ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი ელის მეგობრებს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s