მილიტარიზმი, გენდერული ძალადობა და ქალის ოთხი ასაკი

ორი დღის წინ ფეისბუქის მეშვეობით ფრიდ საინტერესო კონკურსზე შევიტყვე, რომელსაც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრი (ICCN) ატარებდა გენდერული ძალადობის თემაზე. კონკურსს კრეატიული სახელი_,,სპილო ოთახში” ერქვა და მისი მთავარი გზავნილი იყო ,,მლიტარიზმი გენდერული ძალადობაა!”. რაკი თემა ფრიად მაღელვებდა, მითითებულ ტელეფონებზე მივრეკ–მოვრეკე, ხელთ ვიგდე კონკურსის ორგანიზატორის, ბექა ბერიკაშვილის ნომერი, ვისარგებლე რა მისი ყურადღებიან–თავაზიანობით, საფუძვლიანად გავუწყალე გული და უკვე დაკომპლექტებულ საკონკურსო ჯგუფებში ,,ჩავეტენე”. კონკურსი დღეს იყო (უფრო სწორად, უკვე გუშინ), ძალიან კარგად ჩაიარა და ფრიად კმაყოფილი დამტოვა _ სასიამოვნოდ ვიმუშავე გუნდელებთან ერთად ვთქვი ის რისი თქმაც მსურდა. აი ისიც:

ადამიანის სასიცოცხლო ციკლში 4 მთავარი ფაზის გამოყოფა შეიძლება: ბავშვობა, ახალგაზრდობა, მოზრდილობა და ხანდაზმულობა. თითოეული ფაზისთვის ადამიანს განსხვავებული მიზნები, პრიორიტეტები და შესაძლებლობები გააჩნია. მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან, ისე კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე. ხშირად, კულტურული კონტექსტი ბუნებრივი მოთხოვნილებების საპირისპიროა და მათი დათრგუნვის ხარჯზე ხორციელდება. კულტურის ცივილიზებულობის ხარისხი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად ჰარმონიულად თანაარსებობენ კულტურული ნორმები ადამიანურ სურვილებსა და საჭიროებებთან და რამდენად ხელმისაწვდომია ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება საზოგადოების თითოეული წევრისთვის _ მათ შორის, ბუნებრივია, ქალებისთვისაც.
თუ გავაანალიზებთ დღევანდელ ქართულ დისკურსებს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, დავინახავთ _ გენდერული კუთვნილება ცალსახად წყალგამყოფია მათ შორის, ვისაც აქვს ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უფლება და შესაძლებლობა და ვისაც ის არ აქვს. მამაკაცები გვევლინებიან სოციალ-პოლიტიკური არენის მთავარ გმირებად, ქალები კი მრავალფუნქციურ დეკორაციულ ჩამატებებად ამ არენაზე. კულტურა ქალებს, არათუ საკუთარ ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევს, არამედ საერთოდ კლავს ამ ნებას მათში, ქმნის რა მითებს, თითქოს ქალს არ გააჩნია იგივე ადამიანური მოთხოვნილებები, რაც მამაკაცს. ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვევლინება არა სუბიექტად, არამედ სხვათა მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ ობიექტად. შექმნილია მთელი სტრუქტურა კულტურული მითებითა თუ სოციალური მოლოდინებითურთ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალის გაობიექტება-განივთების პროცესს და გენდერული ძალადობის კვლავწარმოებას. თან იმგვარად, რომ ქალის დამორჩილებული მდგომარეობა აღქმული იყოს ბუნებრივ ნორმად.
ეს პროცესი იწყება ბავშვობიდან _ თუ, რა თქმა უნდა, გოგონას გაუმართლა და დაიბადა, ანუ, თუ დედის მუცელშივე არ გახდა მკვლელობის მსხვერპლი სქესობრივი ნიშნით ( 2009 წლის მონაცემებით საქართველო, ჩინეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მსოფლიოში III ადგილზეა სელექციური აბორტების სიხშირით). დაბადების შემთხვევაში უმალ იწყება გოგონაზე გარემოს მიერ ძალადობა, რომლის საბოლოო მიზანიც არის გოგონას სოციალიზება პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ფემინური სტერეოტიპების მიხედვით. გოგონებს მშობლები თავიდანვე აჩვევენ იმ აზრს, რომ სუსტები, ნაზები და მშიშარები არიან. მათ უზღუდავენ მოძრაობის საშუალებას, ართმევენ საკუთარი სხეულის სრულყოფილად დაუფლებისა და სურვილისამებრ მართვის ნებას: არსებობს კონკრეტული წესები, როგორ მოძრაობა შეიძლება და არ შეიძლება გოგონასთვის, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, როგორ უნდა იჯდეს, როგორ ჭამოს გოგოსთვის შესაფერისად და ა.შ. თუ გოგონა აქტიური თამაშის მოყვარულია და მოსწონს აქტივობა, როდესაც მთელი სხეულია ჩართული (მაგალითად ფეხბურთი, სირბილი…), მაშინ ის ხდება ,,ქალაბიჭას’’ ან რაიმე მსგავსი ეპითეტის მატარებელი, მისი საქციელი აღწერილია როგორც ბიჭური საქციელი, განიხილება დევიაციად და მიჩნეულია სოციალურად არასასურველ მოვლენად. ამის თავიდან ასაცილებლად, მშობლები (უფრო სწროად დედები _ რამდენადაც მამები ნაკლებ არიან ჩართული შვილების აღზრდაში) გოგონებს აჩეჩებენ თოჯინებს, დედაშვილობანასა და სახლობანას თამაშს ასწავლიან და მათ მომავალ როლურ სტერეოტიპებს ახვევენ თავს. ამავდროულად აჯერებენ რომ მშვიდები, მომთმენები და ფაქიზები იყონ, ჩუმად ისაუბრონ, ნაზად გაიცინონ…
ცხოვრების II ფაზაში, პუბერტეტის ასაკის გავლის შემდეგ, გოგონებს უკვე კარგად აქვთ ათვისებული ძირითადი როლური სტერეოტიპები და უკვე იწყება მათში ახაგაღვიძებული სექსუალობის დათრგუნვა. ცხოვრების ამ ფაზაში გოგონების სხეულზე კონტროლი გრძელდება მათი სექსუალობის კონტროლით. ჩვენს საზოგადოებაში (ისევე, როგორც სხვა პატრიარქალურ საზოგადოებებში) ამის კარგი ინდიკატორია ქალიშვილობის ინსტიტუტად წოდებული ტრადიცია, რომელიც ეროვნულ-რელიგიურობის ბუნდოვანი მანტიითაა შემოსილი და სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ქალის კონტროლის საშუალება მამაკაცების მიერ. ორმაგი კულტურული სტანდარტები, რომლებიც მამაკაცებს სექსუალურ თავისუფლებას ანიჭებს, ქალებში მარგინალიზებას უკეთებს სექსუალობას იმ დაუსაბუთებელ რწმენაზე დაყრდნობით, რომ ქალებს სექსუალური მოთხოვნილებები არ გააჩნიათ და ბუნებით უფრო წმინდა და ,,ამაღლებული’ არსებები არიან (და სექსუალობაც ცალსახად სიწმინდის საპირისპიროდ განიხილება) და მოწოდებული არიან შეასრულონ დედობის წმინდა მოვალეობა. ამგვარად, საზოგადოებას ქალისთვის უზენაესი ფუნქციის დედობით მიჩნევით ქალის სხეულსა და მთელ არსებაზე ლეგიტიმური ძალადობის საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ იოლი ხდება ქალის ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი _ პროფესიის არჩევიდან დაწყებული, მისი სანაცნობო წრის კონტროლითა თუ გარეთ გატარებული დროის მაქსიმუმის დაწესებით დამთავრებული. პარტნიორის ,,არჩევის’’ შემდეგ კი ქალზე კონტროლის განხორციელების ამ ფუნქციას ქალის ოჯახი მის მეუღლეს გადასცემს.
ცხოვრების III ფაზაში, მოზრდილი ცხოვრების დროს, ჩვენ საზოგადოებაში ქალების უმეტესობა დაკავებულია საოჯახო მეურნეობითა და ბავშვების აღზრდით. მრავალი ქალი დასაქმებულია კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ქალისთვის კარიერა ყოველთვის მეორეხარისხოვანია, რამდენადაც ბავშვობიდანვე შეთვისებული ღირებულებათა სისტემა მათ მთავარ მოვალეობად სწორედ დედობას მიიჩნევს. ამიტომ ქალებს არც თვითონ არ აქვთ კარიერული ცხოვრების ამბიცია და არც სოციალური სტრუქტურა ახალისებს მათში ამ ამბიციის გაჩენას _ მამაკაცებთან შედარებით ქალებს კარიერული წინსვლისა და მაღალი თანამდებობების დაკავების 10-ჯერ ნაკლები შანსი აქვთ.
აქედან გამომდინარე, თავიანთი ცხოვრების ყველაზე აქტიურსა და ნაყოფიერ ფაზაში ქალები ეკონომიკურად არაპროდუქტიულები და სავსებით დამოკიდებულები არიან მეუღლეებზე (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობენ). ეკონომიკური დამოკიდებულება კი პირდაპირ იწვევს დომინირებულ-დამორჩილებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ასე რომ, ქალები მთელ თავის დროსა და ენერგიეს ახარჯავენ საოჯახო საქმეებსა და შვილების აღზრდას, რის სანაცვლოდაც იღებენ თავისუფლების დაკარგვას, საკუთარი უნარებისა, პირადი სურვილებისა და მისწრაფებების უარყოფას და დამოკიდებული ხდებიან მამაკაცებზე (ჯერ მეუღლეზე, შემდეგ კი შვილზე).
ადრე თუ გვიან, ბავშვები იზრდებიან და ქალი უფუნქციოდ რჩება _ ის ხანდაზმულობაში გადადის და ამ ფაზაში ყველაზე მეტი იმედგაცრუების გადატანა უწევს. ის ყოველთვის იყო ვიღაცის ქალიშვილი, და, დედა, ცოლი, მაგრამ არასოდეს ყოფილა ,,მე’’. ახლა კი, გავლილი გზის სანაცვლოდ ხელში თითქმის არაფერი უჭირავს _ არც მეუღლესავით კოლეგები ყავს, რომლებიც დააფასებდნენ, არც ეკონომიკური დოვლათი ან სხვა მის მიერ შექმნილი რაიმე ნივთიერი. შვილები კი მის მიერ გაღებულ შრომას სავალდებულოდ მიიჩნევენ და არა განსაკუთრებულ დამსახურებად _ ასე რომ, ქალი მოკლებულია ყოველგვარ სოციალურ პრესტიჟს, დაფასებულობას, დაკარგული აქვს ყველა რესურსი _ აღარც ახალგაზრდა და შრომისუნარიანია, აღაც ლამაზი და მიმზიდველი, პროფესიაზე კი უარი თქვა _ ამიტომაც აღარავისთვისაა საჭირო (ამიტომაც ებღაუჭებიან ასაკოვანი ქალები შვილიშვილებს _ მათ სურთ ისევ გახდნენ საჭირო ვინმესვის, რომ გაექცენ საკუთარ ცხოვრებაში გაჩენილ სიცარიელეს). ქალის ცხოვრების ბოლო ფაზა მართლაც საბოლოოდ ასრულებს მისი ექსპლოატაციის ციკლს და ქალი გამოწურული ლიმონივით არის _ არარეალიზებული, ფრუსტრირებული და უსარგებლო. მათ დაჭმუჭვნილი ქარალდებივით ისვრიან კულტურულ-სოციალური ცხოვრების სანაგვეზე, მოიხსენიებენ სიძულვილის ტერმინებით (ბებრუხანა, ბებერი, ბაბაიაგა, კუდიანი…).
ქალის როლისა და დანიშნულების მოცემული გაგება, რომელიც გენდერულ ჩაგვრას განაპირობებს სხვა არაფერია, თუ არა მილიტარისტული საზოგადოების ლოგიკა. განსხვავებული გენდერული როლების საჭიროებაც აქედან გამომდინარეობს _ სამხედრო ძლიერება ემყარება მამაკაცის ძლიერებას. მილიტარისტულ საზოგადოებაში, სადაც სოციალური ცხოვრების მთავარი მოქმედი პირი მეომარი მამაკაცია, ქალს ამ მეომრების მწარმოებლის ფუნქცია დაეკისრა და მისი მთავარი დანიშნულებაც ეს გახდა. თითქოს ანაქრონიზმია, რომ დღეს საქართველოში პატრიარქალური სტერეოტიპები და გენდერული ძალადობა ასე ხელშესახებია, მაგრამ ღირს გავიხსენოთ უახლოესი ისტორიაა და კონფლიქტები. ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი და მილიტარისტული დისკურსი ახალ სიცოცხლეს სძენს პატრიარქალურ დისკურსებსა და ქალის მიმართ კულტურულ ძალადობას, რაც საბოლოოდ თავს იჩენს დისკრიმინაციის რადიკალურ ფორმებშიც.
ასე რომ, მილიტარიზმი გენდერული ძალადობაა!

This entry was posted in გენდერი, პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to მილიტარიზმი, გენდერული ძალადობა და ქალის ოთხი ასაკი

  1. Pingback: “სპილო ოთახში”, მილიტარიზმი და ქალის 4 ასაკი «

  2. მოკლედ, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ძალიან მომეწონე. კონკრეტულად ამ პოსტზე, კი გეტყვი, რომ თავიდან ყველა წინადადებაში და სიტყვაში გეთანხმებოდი და ბოლოს უკვე ვეღარ.. და გეტყვი, რაშიც ვეღარ, კაი?🙂
    ”მაგრამ ქალისთვის კარიერა ყოველთვის მეორეხარისხოვანია, რამდენადაც ბავშვობიდანვე შეთვისებული ღირებულებათა სისტემა მათ მთავარ მოვალეობად სწორედ დედობას მიიჩნევს.”
    ბავშვობიდან შეთვისებული ღირებულებათა სისტემა არაფერ შუაშია, მენდე. თუ ოდესმე მოისურვებ და დედა გახდები, ალბათ გაგახსენდება რასაც ახლა ვწერ- ეს კოდი ქალში აღზრდის გარეშეც დევს, ეს ბიოლოგიური კოდია. ბევრი ჯანდაბა და დოზანა გვჭირს ამ ჩვენი სულელური მენტალიტეტიდან და დრომოჭმული ტრადიციებიდან, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის აღზრდის ბრალი.
    აი, განვითარებულ ქვეყნებში ოჯახებს ქმნიან და შვილებს აჩენენ საკმაოდ გვიან, როცა განათლებას მიიღებენ, კარიერას გაიკეთებენ და შემდეგ, მთელი არსებით ეძლევიან ბავშვს. ეს ბუნებრივად ხდება ასე, თუ შვილი გიყვარს🙂

    ახლა კი, გავლილი გზის სანაცვლოდ ხელში თითქმის არაფერი უჭირავს _ არც მეუღლესავით კოლეგები ყავს, რომლებიც დააფასებდნენ, არც ეკონომიკური დოვლათი ან სხვა მის მიერ შექმნილი რაიმე ნივთიერი.

    აქაც ვერ დაგეთამხმები. ასაკში შესვლის შემდეგ, საქართველოში სწორედ – ქალები დომინირებენ კაცებზე (ვერგეტყვი რისი ბრალია). მამაკაცის მიერ ოჯახში ფულის შემოტანის მიუხედავად, სწორედ ქალი ქმნის/იძენს/იზოგავს საქრთველოში ოჯახის დოვლათს და არ ვიცი რაზე დაყრდობით დაწერე ზემოთ მოყვანილი ფრაზები. ერთი მაგლითიც კი არ შემხვედრია ამის.

    შვილები კი მის მიერ გაღებულ შრომას სავალდებულოდ მიიჩნევენ და არა განსაკუთრებულ დამსახურებად

    ეს ასეა. მიიჩნევენ. მაგრამ, სიმართლეც დევს ამაში რაღაც დოზით. ბავშვი შინაური ცხოველი არ არის დავარცხნო და აჭამო მხოლოდ, როცა აჩენ, პასუხისმგებლობა გეკისრება მის წინაშე. ადამიანური პასუხიმგებლობა. კი არავინ გაკისრებს, შენ თვითონ გრძნობ, რომ ასეა.

    _ ასე რომ, ქალი მოკლებულია ყოველგვარ სოციალურ პრესტიჟს, დაფასებულობას, დაკარგული აქვს ყველა რესურსი _ აღარც ახალგაზრდა და შრომისუნარიანია, აღაც ლამაზი და მიმზიდველი,

    აუ, არა და არა. სიცოცხლის რაღაც ერთ ეტაპზე ვერ გაიყინები ადამიანი. ვერც დროს გააჩერებ. ყველაფერი ევოლუციის პრინციპს ემყარება, ადიხარ კიბეზე, მიხვალ რაღაც დონეზე და მერე ჩამოდიხარ. ყველაფერი, ყველაფერი ასეა.
    ცოლ-მქრული ურთიერთობაც. აბა, გამოდის, აზრი არ აქვს არაფერს ამ ქვეყანაზე, პარტნიორი მარტო ორგანული მოთხოვნილებებისთვის გვინდოდეს, ბავშვი პასუხისმგებლობაა და რა ჯანდაბად გვინდა და ვიცხოვროთ ასე?
    როცა ოჯახს ქმნი, უნდა იცოდე, რომ რარაც პერიოდის მერე, ის ვნება და ალები უკანა პლანზე გადადის და მის ადგილს სხვა რამე იკავებს, ყველა ასაკში დამოკიდებულება იცვლება ოჯახში. მე რამდენადაც ვიცი, ხანში შესულ წყვილებს უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ ვიდრე მაგალითად შუა ასაკში თანაცხოვრებია. როცა ერთმანეთი ყავთ, ბავშვები გაზარდეს, საქმე ცოტა აქვთ, თავისუფალი დრო მეტი და ერთმანეთს უთმობენ. მეწყვილეს სიკვდილიც ამიტომ უფრო რთულად გადააქვთ და მიყვებიან ხოლმე ერთი-მეორეს.
    მოკლედ, არ არის სიმართლე რაც ზემოთ გიწერია.

    პროფესიაზე კი უარი თქვა _ ამიტომაც აღარავისთვისაა საჭირო (ამიტომაც ებღაუჭებიან ასაკოვანი ქალები შვილიშვილებს _ მათ სურთ ისევ გახდნენ საჭირო ვინმესვის, რომ გაექცენ საკუთარ ცხოვრებაში გაჩენილ სიცარიელეს).

    შვილიშვილებზეც.. მისხალი სიმართლე არ დევს. ალბათ ეს შენი სუბიექტური აზრია, ხო? ასეთი დასკვნა გააკეთე? :))))))
    არა, არა და არა.

    მათ დაჭმუჭვნილი ქარალდებივით ისვრიან კულტურულ-სოციალური ცხოვრების სანაგვეზე, მოიხსენიებენ სიძულვილის ტერმინებით (ბებრუხანა, ბებერი, ბაბაიაგა, კუდიანი…).

    ვერც აქ დაგეთანხმები. არავის არსად არ ისვრიან, თუ შთამომავლობა გაუჩენია (ნორმალურზე მაქვს საუბარი). მოსროლილი და დაჭმუჭვნილი ისინი არიან, მთელი ცხოვრება რო საკუთარ დუნდულებზე იზრუნეს მხოლოდ, არც შვილი ყავთ, არც შვილიშვილი, მეგობრებიც დაეხოცათ, ძველი სიყვარულებიც და რჩებიან სასტიკად მარტო.

    რაც შეეხება ტერმინებს, ეგ ტერმნიები ცალკეულ შემთხვევაში გამოიყენება და ბებერ კაცებზეც ბევრი მსმენია დაცინვა და მაიმუნობა.

    მოკლედ, ტავიდან კარგი იყო🙂

  3. chankotadze says:

    გულწრფელი მადლობა ამ კომენტარისთვის:
    ნამდვილად სამართლიანი კრიტიკაა
    ეს ტექსტი არის საკონკურსო ესეი, არის არა მწყობრი და ჩამოყალიბებული აზრები, არამედ უფრო ნახევრადემოციური აზრთა უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც კრიტიკისა და შეფასების გარეშეა ჩაწერილი, რომელიც 2 საათში დავწერე ერთი ამოსუნთქვით, ასე ვთქვათ, ექსტრემალურ პირობებში და გადახედვა–გარედაქტირების დროც აღარ მქონდა. ახლა ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ რაკი საკონკურსო ვერსია ეს იყო ბლოგზეც ამ სახით დავდე.
    სინამდვილეში კი თავადვე გამიჩნდა უნდობლობის განცდა რაღაც მომენტებისადმი, კონკრეტულად _ სიბერეზე. ჰოდა, მინდოდა რომ ვინმეს ეთქვა ზუსტად ეგ, რაც შენ თქვი _ მაინტერესებდა საკუთარი არგუმენტები :დ

    ჰო, სინამდვილეში დედობა პრესტიჟის წყაროა ნამდვილად და არა პირიქით _ და ეს უფრო თვალშისაცემი ხდება ასაკში შესვლისას. თუმცა ეს დედობის პრესტიჟი რეალურად არ უკავშირდება ძალაუფლებას და ქალის მიერ რესურსების წვდომას და ძირითადად სიმბოლურ დონეზე დაფასებით შემოიფარგლება _სადღეგრძელოები, პატივისცემა…(ჩემი აზრია, რა თქმა უნდა). _ეს რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან, თორემ უშუალოდ შვილის მხრიდან, მართალია, დედა მეტ სიყვარულსა და სიხარულს იღებს და ეს არის კიდევაც ღირებული მოტივი (ესეის წერისას არ გამითვალისწინებია :დ)
    მოხუც ქალებზე ცალსახად გეთანხმები _ თუ მას შვილები არ ყავს მიტოვებული და მარტოსულია. ისევე როგორც მამაკაციც,პრინციპში.

    დედობრივ ინსტინქტებზეც გეთანხმები_ნამდვილად გვაქვს ქალებს სპეციფიკური უნარები და მოთხოვნილებები რომლითაც აღგვჭურვა სიცოცხლის გაგრძელებისა და სახეობის შენარჩუნების ლოგიკამ. არც მგონია, რომ ამ უნარების ჩახშობაა მიზანი_ უბრალოდ, არ მჯერა რომ მამაკაცებს არ გააჩნდეთ იგივე უნარი. არ მჯერა რომ ქალი უფრო ორიენტირებულია ახლობლების სიყვარულსა და ზრუნვაზე ვიდრე მამაკაცი _ რეალურად, არც არსებობს ამის სამეცნიერო მტკიცებულება თუ პოპფროიდიზმს არ ჩავთვლით მეცნიერულად. ახალი კვლევები კი უფრო და უფრო წარმოაჩენენ რომ ერთმანეთისგან ამ მხრივაც არ განვსხვავდებით დიდად სინამდვილეში მაგ: ,,სარა იაფესა და ჯანეტ ჰაიდის მიერ 2000 წელს ჩატარებულ მორალური განწყობების კვლევაში ქალთა და მამაკაცთა 73%-ს არ გამოუვლენია არავითარი განსხვავება ახლობლებზე მზრუნველობისათვის მზადყოფნაში.” (ნაწყვეტი ირინა ტარტაკოვსკაიას სტატიიდან).
    მოკლედ, დედობის მნიშვნელობის უარყოფა და მასზე უარის თქმა კი არაა გამოსავალი (ეს პირიქით, ჩემი აზრით დისკრიმინაციის სახე იქნებოდა), არამედ მამების მიერ გაზიარება იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც მამებს ბევრი კულტურა არიდებს და ქალებს უწევთ იტვირთონ ყველაფერი ერთად, ყველას წილი სიმძიმე საკუთარ თავზე.
    მე დედა არ ვარ, მაგრამ მაინც ვხვდები დაახლოებით რას უნდა ნიშნავდეს ეგ _ დედათა უმრავლესობისთვის არაფერი არსებობს შვილზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს ბავშვები მამების შვილებიც ხომ არიან. არიან კი მართლა მოკლებული მამები საკუთარი ნაშიერების სიყვარულის უნარს (ქალებთან შედარებით) სინამდვილეში? ჩემი აზრით მათ კულტურული ნორმები განუსაზღვრავთ საქციელის ნიმუშებს, მოითხოვს მათგან იყონ ნაკლებმგრძნობიარეები და ა.შ. თან, გული მშვიდად აქვთ _ იციან არაფერი დააკლდება ბავშვს, დედა ხომ ყველაფერს მოუვლის და მოაგვარებს. მარტოხელა მამები რომ დედებზე არანაკლებ კარგი მშობლები არიან (თუ ისევ და ისევ მზრუნველი ბებია, მამიდა ან პასუხისმგებლობის მტვირთელი ქალი არ ჩნდება, რა თქმა უნდა) ამის საბუთია ჩემი აზრით.

    სიძულვილის ტერმინებით მამაკაცების და ქალების ერთგვარად მოხსენიებაზეც ხელები ამიწევია და გეთანხმები :დ

    შვილიშვილებს რაც შეეხება, ჩემი აზრი არაა, უბრალოდ ვიზიარებ _ პირადად მე ბიოგრაფიკის სახელმძღვანელოში ვნახე _ როცა ავტორი აღწერს ხანდაზმულობის კრიზისებს, ქალების შემთხვევაში წერს, რომ უფრო იოლად იტანენ ამ კრიზისს, რაკი საოჯახო საქმეებსა და შვილიშვილების აღზრდაში პოულობენ საკუთარ დანიშნულებას. მამაკაცებისთვის უფრო რთული დასაძლევია ხანდაზმულობის კრიზისები მისი აზრით. და პრინციპში, მგონი მეც ვეთანხმები ესეიში გამოთქმულის საპირისპიროდ (ახლა დავფიქრდი) :დ
    ასაკოვან ოჯახებში რომ ქალები დომინირებენ მამაკაცებზე, დამაჯერებლად ჟღერს. მე და ჩემმა მეგობარმა დავასკვენით ჩვენი ჭკუით ადრე რომ საერთოდაც, მამაკაცური კულტურა აბსტრაქტული სახით ძალადობს ქალზე, ქალი კი კონკრეტულ მამაკაცზე ,,ანთხევს” ამ ძალადობას, განსაკუთრებით წლების მატებასთან ერთად, რაც უფრო აცნობიერებს თავის მდგომარეობას და რაც უფრო იღლება საკუთარი როლით.

    მოკლედ, ჩაგვრა არასდროსაა ერთვექტორიანი(ჩემი აზრით) _ თუ ქალები ზარალდებიან სოციალ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მათთვის შექმნილი ბარიერებით და დაბალვალენტიანი სტატუსით, მამაკაცები პირად ცხოვრებაში შექმნილი ბარიერებით ზიანდებიან. თუ ქალების შემთხვევაში სექსუალობაა ოპრესირებული, მამაკაცების შემთხვევაში ეს ემოციებია. თუ ქალებისგან არაპრესტიჟულ საქმიანობას მოითხოვენ, მამაკაცების სისხლით მინდვრებს ანაყოფიერებენ და მათგან გულადობას ითხვენ დაბეჯითებით, თუ ქალებს სოციალ–ეკონომიკური სტატუსების წვდომა უჭირთ და არ მოეთხოვებათ, მამაკაცები რეპრესირებულნი არიან სოციალ–ეკონომიკური წარმატების იდეალებით.

  4. ბლაბლაბლა says:

    შესანიშნავი,კარგად დასაბუთებული პოსტია🙂 რა თქმა უნდა,გეთანხმებით, მილიტარიზმი აგრესიული ფალოცენტრისტული ძალადობაა ზოგადად ქალზე.ნუ დავივიწყებთ ნურც ეთნოცენტრიზმზე,მართლმორწმუნეობაზე, საკუთარი ერის უზენაესობაზე დაფუძნებულ იმპერიალისტურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც სხვა ერის ან რელიგიის ქალი ითვლება თავისაზე დაბალი დონის “ადამიანად”.მას,როგორც მტრის ქალს,”უცხოს,მწვალებელს,ურჯულოს” ღირსება არ გააჩნია,ამიტომ “ღვთისგან რჩეულ” სახელმწიფოს,რომელსაც ჰყავს საკუთარი ინკუბატორებისგან შობილი მეომრები,უფლება აქვს დაარბიოს,ააწიოკოს, გაძარცვოს სხვათა მიწები,ტყვედ იგდოს მშვიდობიანი მოსახლეობა,ძალა იხმაროს ქალებზე,რომლებიც მატერიალურ ნადავლად ითვლებიან,ეს თვითნებობა გამართლებულია საკუთარი ქვეყნის გასამდიდრებლად,”რასის” განსადიდებლად,”ურჯულოების” გასანადგურებლად.გაიხსენეთ სერბების მიერ მოწყობილი “ეთნიკური წმენდა”, რომლის დროსაც მათ მილიონობით მუსლიმ ბოსნიელ ქალზე განახორციელეს ძალადობა ზუსტად ზემოთხსენებული საბაბით.ამასვე აკეთებდნენ “ღვთის რჩეული” ისრაელელი მეომრები,გერმანელი ნაცისტები,ვიკინგები,ესპანელი კონკისტადორები,ევროპელი კოლონისტები,მონღოლები,რომაელები,ბერძნები,
    “ქრისტიანი” ჯვაროსანი “რაინდები”,ამით ამტკიცებდნენ საკუთარ “მამაკაცურობას”.არ გამოვრიცხავ,ჩვენი ვითომდა “ქალის კულტის მიმდევარი” და “ტოლერანტი” მეომრებიც სჩადიოდნენ ამ სისაძაგლეს სამეფოებისა და ქალაქების შემოერთებისას!!!!!!

  5. რატომღაც ეს კომენტარი ახლა ვნახე.. ერთი თვის აგვიანებით.
    ”მოკლედ, ჩაგვრა არასდროსაა ერთვექტორიანი(ჩემი აზრით) _ თუ ქალები ზარალდებიან სოციალ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მათთვის შექმნილი ბარიერებით და დაბალვალენტიანი სტატუსით, მამაკაცები პირად ცხოვრებაში შექმნილი ბარიერებით ზიანდებიან. თუ ქალების შემთხვევაში სექსუალობაა ოპრესირებული, მამაკაცების შემთხვევაში ეს ემოციებია. თუ ქალებისგან არაპრესტიჟულ საქმიანობას მოითხოვენ, მამაკაცების სისხლით მინდვრებს ანაყოფიერებენ და მათგან გულადობას ითხვენ დაბეჯითებით, თუ ქალებს სოციალ–ეკონომიკური სტატუსების წვდომა უჭირთ და არ მოეთხოვებათ, მამაკაცები რეპრესირებულნი არიან სოციალ–ეკონომიკური წარმატების იდეალებით.”
    აი, ამიტომ მომწონს შენი ”კითხვა”!🙂

  6. civiseli says:

    მეც მინდოდა მანდ😦😦

  7. giorgi didi says:

    me albat shenze bevrad ufrosi viqnebi. sasixaruloa, roca axalgazrda narkotikebis nacvlad sazogadoebriv temebze fiqrobs. Chveni qveynistvis, romelic saghad moazrovne adamianebis umwvaves deficits ganicdis, es ukve didi mighwevaa. tqveni nawerebidan chans, rom gsurt gaerkvet am rtul temashi da tqveni poziciac sheimushavot. magram, chemis azrit, tqveni pirveli werili axalgazrduli maqsimalizmitaa gajerebuli, sakmaod zedapirulia, naklebia problemashi wvdomis survili. meore werilshi (anu pasuxshi) meti moqniloba sheimchneva, aris daechvebac, problemis ufro farto xedvac. es dzalian kargia, radgan mxolod faseulobata patiosani gadafasebit yalibdeba saghi azri. winaaghmdeg shemtxvevashi fanatizmsa da akviatebul mtkicebebshi gadavvardebit. girchevt, xshirad esaubrot am temebze tqvenze ufro mozrdil adamianebs, qalebs da gansakutrebit ki kacebs, tanac ufro metad yuri daugdot, vidre tavad ilaparakebt. saqme isaa, rom problema dzalze rtulia da misi martivad gadawyveta (risi mcdelobac tqvens pirvel werilshia) yoveltvis marcxit mtavrdeba. metic, misi saboloo gadawyveta sheudzlebelicaa, radgan yovel adamians taviseburad esmis iseti zogadi cnebebi, rogoricaa, patiosneba, vazhkacoba, prestizhi, qalis tu mamakacis roli da danishnuleba, tavisufleba, ertguleba, ghalati, ufleba-movaleobani, samshoblo, kariera, ojaxi, shvilebi da a. sh.
    cota zogadi werili gamomdis da tanac formatitac shezghuduli var, magram vityvi, rom upirveles yovlisa aucilebelia gadaamowmot da ertgvari sifrtxilit moekidot faqtobriv masalasa da sxvadasxva statistikur monacemebs. magalitad, ver dagetanxmebit imashi, rom saqartveloshi qals kargi samsaxuris shovnis naklebi (da tanc 10-jer!!!) shansi hqondes, vidre kacs. saidan moitanet es? chemi gamocdileba, romelic garwmunebt tqvensas bevrad aghemateba, sruliad sawinaagmdegos metyvelebs. yvela prestizhul ofisshi, sadac mimushavia, sul cota, naxevarze meti (zogan 80-90%-ic ki) qalebi iyvnen. an saidan moitanet rom saqartveloshi qali kacze naklebad dafasevulia? es meored aghar gaimeorot! tumca tqvens shemdgom msjelobashi es momenti (iseve, rogorc zogierti sxva, sherbilebulia). da saertod, mgoni zedmetad tragikulad xatavt qalis xvedrs. magram is, rac yvelaze naklebad mesmis tqvens tavdapirvel msjelobashi, aris is, rom titqos qalebs vighacam “miusaja” dedoba!!!! titqos tundac yvelaze warmatebuli qalebic ki dedobas udides bednierebad ar tvlidnen. kargia, rom shemdgom msjelobashi es mosazrebac gadaafaset. es namdvilad tqvens moqnil da patiosan gonebaze metyvelebs. an ras nishnavs, rom gogonebs aswavlian rom turme gogonebivit unda iqceodnen? ra aris cudi imashi rom gogos gogooba uxdeba da bichs bichoba? agharc es gaimeorot meti! gogos tojinebs achechebeno…?! vin achechebs?! me bichic myavs (ukve 20 wl1s) da gogoc (13 wlis). garwmunebt, arasdros aravistvis araferi shemichechebia – isini bunebis instinqtma miiyvana iqitken, rom bichi bichis saqmes aketebs da gogo gogosi. piriqit unda yofiliyo? an romelime matgani ukmayofiloa tavisi bedit? chavtlalot, rom es ver gamogividat kargad natqvami… dabolos, 100% procentiT getanxmebit, rom qalishvilobis institutma tavisi istoriuli misia sheasrula da droa igi damsaxurebul pensiaze gavushvat. anu chemis azrtit, ERTADERTI sfero, sadac qali mamakactan shedarebit martlac dachagrulia, es seqsualuri sferoa da yvela sxva “chagvra” (tuki aseti martlac arsebobs) swored seqsualori chagvris anareklia. tumca es tema, DZALZE rtuli da FAQIZIA. nuravis hgonia rom es erti xelis aqnevit wydeba, radgan mas uamravi fsiqo-socialuri aspeqti aqvs. nurc is gvegoneba, rom qalishvilobis institutis gauqmeba (rac, vimeoreb, saerto jamshi, gasaketebelia) oaziss sheqmnis. qalishvilobis instituti vighacis axireba tu despotizmis gamovlineba ki ar iyo, rogorc es orwignwakitxul “liberalebs” hgoniat, aramed urtulesi fsiqo-socilauri sistema, romelmac tavisi didi istoriuli misia sheasrula da romelsac adamiani udidesi mokrdzalebis grdznobit unda moepyros, tu ar surs rom tavisive istoria da warmomavloba fexebit ar telos. chven am institutis winashe pativiscemis nishnad qudi unda movixadot da mowiwebit gavushvat igi damsaxurebul pensiaze. epoqebi icvlebian, icvleba cxovrebis wesic, adamianebs shoris urtiertobebic. amitomac dghes es instituti veghar mushaobs da mxolod fexebshi eblandeba adamianebs da, sxvata shoris, ara mxolod qalebs. magram, albat, tavisit araferi ar xdeba, da sachiroa erti patara revolucia… ra tqma unda usisxlo. magram nuravis gvegoneba, rom amis shemdeg ayvavebuli baghi iwyeba. es iluzia evropis qveynebma sakutar tavze gamoscades… vart ki chven mzad imisatvis, rom es axali situacia mivighot. me cota ar iyos echvi mepareba, radgan darwmunebuli ara var, rom iman, ramac kargad imushava evropashi, chventanac kargad imushavebs, radgan chven, qartvelebs, yvelafris gabazrebis arachveulebrivi nichi gvaqvs. shevishnobt ki chven seqsualur tavisuflebas da gamoviyenebt mas rogorc sachiroa? xom faqtia, rom verc erovnuli damoukidebloba shevirget da verc demokratia da swore tavisuflebis pirobebshi movspet chvenive ganatleba da kultura. tumca es ukve sxva temaa. dabolos, ert paradoqsul azrsac getyvit, romelshic cxovrebam damarwmuna. AR ARSEBOBS QALISA DA KACIS PROBLEMEBI CALCALKE! rac ufro gaizrdebi, mit ufro darwmundebi amashi. matriarqatis xanshi es qalebs ar esmodat, tariarqatis xanashi ki kacebs. exla raghac axali, shereuli xana dgeba da imedia, amas ukve orive mixvdeba. bodishi tu cota abda-ubdad gelaparake. mixaria chkvian axalgazrdebtan kamati. didis pativiscemit. giorgi.

  8. Pingback: სპილო ოთახში და 7 მილიარდი | პინგვინთა კუნძული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s