სხვების corrobbori_პოსტი ახალ წელზე

ციტატა კლასიკოსი სოციოლოგის, ემილ დიურკემის წიგნიდან ,,რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები”: ,,…ეგზალტაციის ამ ზღვარს მიღწეული ადამიანი თავს ვეღარ ერევა. იგი გრძნობს, რომ მასზე ბატონობს, მას მართავს რაღაც გარეშე ძალა, რაც მას აფიქრებინებს და ამოქმედებს სხვაგვარად, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მას ბუნებრივად ეუფლება შთაბეჭდილება, რომ იგი აღარ არის რაც ცოტა ხნის წინ იყო, რომ იგი სხვა ადამიანად იქცა; ამ შინაგან ტრანსფორმაციას მატერიალურად მისი სასაცილო მორულობა, ნიღბები, კიდევ უფრო მეტად გამოხატავს. ყველა მისი თანმხლები გრძნობს ასეთსავე გარდასახვას და ამას გამოხატავს ყვირილით, ჟესტებით, ქცევით…” _ ასე აღწერს დიურკემი პირველყოფილ საზოგადოებებში არსებულ მოვლენას, რომელსაც corrobbori–ის უწოდებს. corrobbori არაა ტიპიური რელიგიური ცერემონიალი, რომელში მონაწილეობაც, როგორც წესი, ტომის წევრთაგან მხოლოდ კონკრეტული სტატუსების და მოვალეობის შემსრულებლებს შეეძლოთ(შამანები, მეომრები). corrobbori არის ისეთი ცერემონიალი, რომელიც საყპოველთაოა_მასში მონაწილეობენ ქალები და არაინიცირებულებიც. corrobbori–ის ფუნქცია ტომის წევრების საკრალური გარემოს ზიარებაა, ყოველდღიური რუტინიდან და ქანცისგამცლელი არსებობისგან მათი გამოთიშვა და ალტერნატიული, ტრნასცედენტული რეალობის შეთავაზება.
დიურკემი ადამიანური ვნებათაღელვის დემონსტრირებისა და წარმოებისთვის შექმნილ ასეთ რიტუალურ გარემოს მიიჩნევს რელიგიის იდეის წარმომშობად.
საუკუნეთა განმავლობაში რელიგია (და კულტურული ეთიკა, რომელიც ერწყმოდა რელიგიას) წარმატებით ახორციელებდა ამ ფუნქციას _ მიჯნავდა რუტინულ და ტრანსცენდენტულ რეალობებს _ ქმნიდა დღესასწაულებს, ამაღლებულ მომენტებს, ერთგვარ ოაზისებს ადამიანების რთულ და დამღლელ ცხოვრებაში. ამ ,,ოაზისებიდან” კი ადამიანები განახლებული მორალური და ფიზიკური ძალებით უბრუნდებოდნენ ცხოვრებისეულო უდაბნოს. რელიგიური აზროვნების ამ მომენტით კი პოლიტიკური და რელიგიური ელიტები სარგებლობდნენ და თავიანთ ძალაუფლებას არხეინდ ახორციელებდნენ. თუმცა, კაპიტალისტურმა ფორმაციამ, განსაკუთრებით მისი განვითარების ახალ ფაზებში (თანამედროვე კასპიტალისტური ლოგიკა) რეალობების სხვაგვარი კატეგორიზაცია გამოიწვია. თუ მანამდე რელიგია და კულტურა რეალობების სტრატიფიკაციისას ეყრდნობოდნენ რიტუალებში მონაწილეობის ემოციებს და ინდივიდების მიერ როლების შესრულებას, კაპიტალიზმის განვითარების ახალ ფაზებში სტრატიფიკაცია ილუზიებზე დაყრდნობით ხორციელდება. კაპიტალიზმიც ენერგიულად აწარმოებს ილუზიებსა და იმიჯებს, მასებს კი მათი მორგებაღა დარჩენიათ. ასე რომ, დღეს ადამიანების ცხოვრებაზე მთელი ძალაუფლება ტრადიციული ინსტიტუტებიდან ილუზიების მწარმოებელთა ხელში გადავიდა(ილუზიებს კი კაპიტალის მფლობელები აწარმოებენ). ,,რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი სხვა ნებისმიერ რელიგიაზე ეფექტურად ახდენს საზოგადოების ჰომოგენიზაციას და ძალაუფლების ლეგიტიმაციას, ამიტომ ის ხდება ძალაუფლების პრიორიტეტული ინსტრუმენტი. ძველი რელიგიები მასთან ბრძოლაში იმსხვრევიან ან ემორჩილებიან მას. მეტიც, თუ წინათ ძალაუფლება და რელიგია ფორმალურად მაინც იყო გამიჯნული დღეს მათ შორის ზღვარი წაშლილია, რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი ძალაუფლების და რელიგიის სინთეზია” (ლევან ასაბაშვილი).
თანამედროვე კაპიტალიზმში არსებობს ერთგვარი ,,სიცოცხლის არხები” _ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ტელევიზია, პრესა, რადიო, სოციალური ქსელები და და ინტერნეტმედია. (სოციალური ქსელები და ინტერნეტმედია, შეიძლება ითქვას ალტერნატიული სასიცოცხლო არხებია და და ოფიციოზის ალტერნატიული რეალობის წარმოების საშუალებას იძლევა.) დღეს სიცოცხლის შეგრძნება დამოკიდებულია ამ სასიცოცხლო არხებისაგან რომელიმეში მოხვედრასთან. მათ საზღვრებს გარეთ რეალობა უბრალოდ არ არსებობს. ეს არხები ყიდიან რეალობის ლიცენზიებს, ისინი რელურობის ეტიკეტებს ადებენ ილუზიებს და მათ ოფიციალურად აღიარებენ. მაგრამ ილუზიური რეალობა მაინც ილუზიურია და არა რეალური. დღეს, პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, ჩვენზე ძალაუფლების მოსაპოვებლად აღარც კია აუცილებელი თავად ჩვენ ჩავებათ რაიმე ფერხულში, ნიღბებაფარებულებმა ვიჟივილოთ, სანტას ქუდები ჩამოვიმხოთ და შამპანურიანი ჭიქებით ხელში ვიცუნდრუკოთ ცუმპარუმპაზე _ დღეს საკმარისია, ვუყუროთ როგორ აკეთებენ ამას სხვები.
ხომ არ გვიკვირს, რატომ ვერ ვიგრძენით ახალი წლის მისტიკა სატელევიზიო ეკრანებზე აციმციმებული ათასფერი ილუზიების მიუხედავად? ჩვენ ხომ ყოველ წამს გვიმეორებენ, რომ მზრუნველ ხელში ვართ და ყველაფერი ჩვენთვის ხდება, ჩვენ ხომ 24საათიან რეჟიმი გვეღვრება ეკრანებიდან ბედნიერება, მაგრამ რაღაც მაინც არაა ,,ისე” (ამას ჯერ კიდევ ვხვდებთ). ჩვენ ბედნიერები კი არა, გაბრუებულები ვართ და ბრედბერის საკულტო რომანის პერსონაჟების არ იყოს, სანამ ეს ეკრანები თავზე არ დაგვემხობა, მანამდე ვერც მივხვდებით რა ამბავია ჩვენ თავს.

PS. ესეც, ,,ცისფერი ეკრანების” ალტერნატიული საახალწლო რეალობა ზომბისგან

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s