ჰოლოკოსტი და თანამედროვეობა

27 იანვარი მთელს მსოფლიოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

ჰოლოკოსტის სახელით მსოფლიოს ისტორიაში შევიდა მოვლენა, რომელსაც ძალაუფლების მპყრობელი ინსტიტუტი ახორციელებდა ძალაუფლებას მოკლებული კონკრეტული სოციალური ჯგუფებისადმი_ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ ორგანიზებულად გაანადგურა 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე, ასევე დახოცეს საბჭოელი ტყვე ჯარისკაცები(2 მილიონამდე), ჰომოსექსუალები(25 ათასამდე), განსხვავებული შესაძლებლებების მქონე ადამიანები და ფსიქიურად დაავადებულები (50 ათასამდე), ბოშები, იეჰოვას მოწმეები და ა.შ. (მსხვერპლთა რაოდენობა მიახლოებითია, რადგან ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს.)

ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში


ადამიანები ხსოვნის დღეებს ვაწესებთ ხოლმე ისეთი რამეებისთვის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, უამრავ მონუმენტსა და მემორიალს ვაგებთ ამ ,,არდასავიწყებელი” გაკვეთილებისთვის, ოღონდ თავისთავად არდავიწყება ბევრს არაფერს ნიშნავს _ ის რაც გახსოვს თუ შენი შინაგანი ცხოვრების ნაწილი არაა, თუ არ ხდება მისი გააზრება და სათანადო რეფლექსია, მაშინ მისი მონოტონური დამახსოვრება ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმართული ჰოლოკოსტის მემორიალების, მასზე გადაღებული მრავალრიცხოვანი ფილმების, მასზე დაწერილი წიგნებისა და გამართული საჯარო დისკუსიების ფონზე ჰოლოკოსტი მაინც ვერ იქცა წარსულად. მერე რა რომ გაეროსნაირი ,,კომპეტენტური” ორგანიზაციები გმობენ მას, მერე რა რომ სასამართლომ ხელთქმნილი კანონების საფუძველზე დასაჯა ჰოლოკოსტის განხორციელებაში ,,მონაწილე” ადამიანები… ჰოლოკოსტი მუზეუმებს გარეთაც ისევ არსებობს, სუფთა ჰარით იბერავს ფილტვებს და, როგორც ბევრი საინტერესო მოაზროვნე ამბობს, სავსებით მოსალოდნელია მან ხელახლა იჩინოს თავი და უფრო მეტი ძალითაც კი.

XX საუკუნის სოციოლოგიის გამოჩენილმა ფიგურამ, ენტონი გიდენსმა თანამედროვე ცხოვრების ანალიზისას გამოყო თანამედროვეობის ლოგიკის 4 მთავარი მახასიათებელი, რომელთა საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გიდენსი თანამედროვეობას ახასიათებს ფორმალური რაციონალიზმის ეპოქად. ეს ფორმალური რაციონალიზმი ერთგვარი გაუცხოებაა ნამდვილი რაციოს კანონებისაგან. რაციოს მთავარი დანიშნულება ადაიანური გარემოს შექმნა და კეთილდღეობისაკენ სწრაფვაა_ამ მიზნით ხდება ადამიანთა მოქმედებების პროვოცირებაც. თუმცა, დღევანდელ სამყაროში მოქმედებები საზრისისგან დაიცალა_ისინი აღარ ილტვიან ,,ნამდვილი

ჰოლოკოსტის სახე (ანა ფრანკი)_აარონ მორგანის ნახატი

რაციოს” მიზნების განსახორციელებლად. ახალ ეპოქაში მოქმედებები ფასდებიან კრიტერიუმით, რამდენად ეფექტურად, სწრაფად და მარტივად ხორციელდებიან და არა იმით, თუ რა არის ამ მოქმედებათა შინაარსი. ამიტომაც, მოქმედებები, რომლებიც გარეგნულად/ფორმალურად გამართლებული/რაციონალური ჩანს, ხშირად გონიერი კი არაა, პირიქით, არაადამიანური დაგონიერების საწინააღმდეგოა _ ისეთი, როგორსაც არაფრით დაუშვებდა ადამიანური გონება ის რომ მართლაც სრულყოფილად ყოფილიყო ჩართული მათი განხორციელების პროცესში (ასეთი მოვლენაა ჰოლოკოსტიც).

ამას გარდა, გიდენსი აღწერს თანამედროვე სამყაროს თავისებურებებს, რომლებიც ხსენებულ ფორმალურ რაციონალობასთან ტანდემში საბოლოოდ ქმნიან ყველაზე ,,უგუნური” მოქმედებების რაციონალიზაციის წინაპირობას. ეს მახასიათებლებია:
* კაპიტალიზმი _ ფულის დომინირება, რაც საბოლოოდ გამოიხატება ნებისმიერი ღირებულების, თუნდაც ადამიანების სცოცხლისა და ჯანმრთელობის ფულის ეკვივალენტებით გამოსახვაში.
* ინდუსტრიალიზმი _ ინდუსტრიული წარმოების მექანიკური ხასიათი დომინანტური ფორმა გახდა არაინდუსტრიულ სივრცეებშიც და ეს გრძელდება დღემდე.
* ზედამხედველობის შესაძლებლობა _ XX საუკუნე შეიძლება ითქვას, მასობრივი კონტროლის დასაწყისად იქცა. პოლიციის ინსტიტუტების გაძლიერება–ყოვლისმომცველობის პარალელურად, გაჩნდა ზედამხედველობის მექანიზმები ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანთა ზუსტმა აღრიცხვამ და ორგანიზებამ გააჩინა საშუალებები გაგვეგო_რამდენი ადამიანი სად, როგორ, რას აკეთებს რას ამბობს, რას ფიქრობს… დღეს კი უფრო მეტიც, უამრავი სათვალთვალო კამერა აკვირდება და სწავლობს თქვენს საქციელს და ,,მათი მედველობის არე” უფრო და უფრო იზრდება. თქენ ვერსად დაიმალებით, ვერფერს იზამთ ისეთს, რომ სხვებს გამოაპაროთ.
* კონტროლი ძალადობის საშუალებებზე _ ძალადობა ისევ არსებობს, არსებობს იარაღიც, საპატიმროებიც, ატომური ბომბებიც და მოკლედ, ძალადობის მამაპაპური თუ სუპერახალი იარაღები ისევ მომართულია. თუმცა შეიცვალა ერთი რაიმე _ ადრე შეგეძლოთ შერვუდის ტყეში გაჭრილიყავით და მეფის ავაზაკებს ტყის ავაზაკების სახით დაპირისპირებოდით. დღეს კი მხოლოდ მეფის ავაზაკები არსებობენ _ ძალადობის საშუალებების ლეგალურად გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ ოფიციალურ ხელისუფლებას და ის იმდენად ძლიერია, რომ დროულად შეუძლია აღკვეთოს ყველა სხვა ძალადობა, რომელიც არ ხორციელდება მისი სისტემის მხრიდან.

როცა არსებობს ძალაუფლების ერთი ცენტრი, რომელმაც იცის რას აკეთებენ დანარჩენები, როდესაც არსებობს სიცოცხლისთვის ერთადერთი ადეკვატური ლოგიკა_მატერიალური სარგებელის ლოგიკა, და როცა ამ მატერიალური სარგებელისაკენ სწრაფვა მონოტონურად ხორციელდება, მაშინ გვაქვს კი რაიმე, რაც ხელს შეუშლიდა ძალაუფლების ცენტრის მიერ წამოწყებულ რომელიმე პროექტის ნებაყოფლობით განხორციელებას, თუნდაც ეს პროექტი ჰოლოკოსტი ყოფილიყო?

სოციოლოგმა ზიგმუნდ ბაუმანმა თვალსაჩინოდ ჩამოაყალიბა, რომ გარემოებები, რომლებმაც ნახევარი საუკუნის წინ შესაძლებელი გახადა ჰოლოკოსტი, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლოკოსტის განმეორება, ან უფრო საშინელი მოვლენის განხორციელება სავსებით შესაძლებელია. ზიგმუნდ ბაუმანმა ხაზი გაუსვა ერთ ძალიან სპეციფიკურ საკითხს _ ჰოლოკოსტი მხოლოდ ვინმე შეშლილ ჰიტლერს არ განუხორციელებია, მასში საკუთარი ნებით მონაწილეობდა უამრავი ჩვეულებრივი, სრულ გონებაზე მყოფი ადამიანი, რომელთაც არც ფსიქიური დაავადებები აწუხებდათ, არც ამორალურები იყვნენ, არც სატანისტები და არც ეშმაკის მსახურები (სოციალური ფსიქოლოგიის დარგში ექსპერიმენტალურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანები ავტორიტეტების დავალებით ახორციელებენ ისეთ მომედებებს, რასაც არ ჩაიდენდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით _ მათ შეუძლიათ სასიკვდილოდ გაიმეტონ სრულიად უცნობი ადამიანი, თუ თვლიან რომ ეს მათი მოვალეობაა, მაშინაც კი, როცა იციან რომ უცნობი უდანაშაულოა). ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ ჩვენგან _ მორჩილად მისდევდნენ სისტემის ლოგიკას და პატიოსნად აკეთებდნენ იმას რაც ევალებოდათ. _ რამდენი ებრაელია ვაგონით გასაგზავნი? კი ბატონო, ყველაფერი მომზადდება, მატარებელი დროულად ჩავა. ბანაკებში განაწილებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რამდენი რამეა გასათვალისწინებელი… გვამები ,,ხარისიხიანად” გავანადგუროთ, ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ… _ მოკლედ, ამ პროცესში ჩართული უწყინარი ადამიანები თავიანთ პატარ–პატარა მოვალეობებს ასრულებდნენ და ეგ იყო. უბრალდ, არავინ სვამდა კითხვას ,,რატომ”_ თუ ამ სამუშაოზე თავად უარს იტყოდნენ უბრალოდ უმუშევარი დარჩებოდნენ თორემ მათ გასაკეთებელს სხვა შეასრულებდა. ასე რომ, აკეთებდნენ საკუთარ საქმეს და მშვიდად აგრძელებდნენ ოჯახის წევრების სიყვარულს. ბაუმანის თქმით, ჩვენი უმრავლესობა მათ ადგილას ანალოგიურად მოიქცეოდა იმ სოციალურ სივრცეში, და უფრო მეტიც… ჩვენ ანალოგიურად მოვიქცევით დღესაც, უეცრად რომ ჩვენმა მთავრობებმა მსგასი გადაწყვეტილებების განხორციელება დაგვავალონ. ამისთვის ყველა პირობა არსებობს…

(პატარა უხეში პარალელი: რატომ აკეთებენ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები საქმეს, რომლის გამართლებაც არ შეუძლიათ?_ მასშტაბებში განსხვავება მნიშვნელოვანია, მაგრამ შინაარსობრივი მსგავსება მრავლისმეტყველი)

შოას (ასე უწოდებენ თავად ებრაელები უშუალოდ მათ მიმართ განხორციელებულ გენოციდს) ამსახველი კადრები და ჯონ უილიამსის მუსიკა ,,შინდლერის სიიდან”

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ჰოლოკოსტი და თანამედროვეობა

  1. tamaRa says:

    ძალიან კარგი პოსტია!
    იმ ფაქტს, რომ საშინელებას არა მხოლოდ შეშლილი ლიდერი, არამედ მილიონობით სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი სჩადიოდა, მე იდეოლოგიის ძალით ვხსნიდი…
    იქნებ ვიდეოს სხვა ვერსია მოიძიო, არ ირთვება…

  2. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ბლოგია!❤

  3. Tornike says:

    კარგი პოსტია. თუმცა იმის მიუხედავად, რომ მსგავსი მოვლენების კვლავ დადგომის საშიშროება შეიძლება მართლაც არსებობს, ისტორიული გაკვეთილი მაინც სასარგებლო იყო. ძალაუფლების ხელში ჩაგდების და შემდეგ მისი მსგავსი მიზნებით გამოყენების განვითარების სქემის მაგალითი როცა გვაქვს, უფრო ადვილია მისი აღკვეთა მანამდე, სანამ ის შესრულდება.

  4. Tornike says:

    @ tamaRa Watch on YouTube-ს უნდა დააჭირო რომ იუთუბზე ნახო. ზოგ ვიდეოს ჩასმულ საიტებზე არ აჩვენებს.

  5. lobzhanidze says:

    არ მახსოვს იმ ადამიანის გვარი, მაგრამ არქიტექტორი იყო ნაცისტურ გერმანიაში და დავალებად ჰქონდა მიცემული საკონცეტრაციო ბანაკების მოწყობა-პროექტირება. ომის დასრულების შემდეგ შეამოწმეს რამდენად ჯანმრთელი იყო და აღმოჩნდა რომ არანაირი გადახრა არ ქონდა, მისი თქმით ის უბრალოდ სამსახურს აკეთებდა. არადა, რა საშინელებაა იცოდე რას აკეთებ და ამას მაინც აკეთებდე, რთულია იმის წარმოდგენა რომ ასეთი ადამიანი ფსიქიკურად მართლა ჯანსაღია.
    კარგია პოსტია, შეიძლება მსოფლიოს მაშტაბით უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მჯერა რომ ყოველი ასეთი შეხსენება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და შესაძლო საშინელებას თავიდან გვაცილებს. მადლობა.

  6. Qilipa says:

    ბრავო ანი!

  7. chankotadze says:

    ძლიერ გამეხარდა რომ ამ პოსტზე ამდენი გამოხმაურება დამხვდა…🙂 სხვანაირად გამეხარდა🙂
    tamaRa
    ლინკებს დავდებ:

  8. visitor says:

    ძალიან კარგი პოსტია! ბაუმანი დღევანდელობას ასევე “liquid modernity”-ის უწოდებს. იმედია, რამე გამოსავალი არსებობს ამ ფორმალური რაციონალურობის ლოგიკიდან.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s