საჯარო და პირადი ტრაგედია

იმ დღეს თითქოს თარსი დღე იყო _ ჩანთა ინფრა, ლაზერულ, რენტგენულ თუ რაღაცნარი დასხივების აპარატით შემიმოწმეს და ის ის იყო მხარზე გადავიკიდე და ჩემებური არხეინი ნაბიჯებით უნდა გამელაჯებინა პირველ კორპუსში გამავალ ჰოლში რომ რომ ჩანთების რაღაცნაირი დასხივებით შემმოწმებელმა ქალმა ნიშნისმოგებით შემომჰყვირა, აბა სად მიდიხარო. პირკატა მეცა _ ამ შენობაში მომუშავე ადამანთა ხმაში აგრესიის არსებული დონის შეგრძნობის პირველი შემთხვევა იყო. ჩემი და საჯარო ბიბლიოთეკის მეგობრობის 4 წლიან მანძილზე ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ რომ მომსახურე პერსონალს არაკეთილგანწყობა გამოემჟღავნებინოს, ზანტად მომმსახურებოდეს, უმართებულო შენიშვნა მოეცეს ან თავიანთი პირადი პრობლემების გამო წარმოქმნილი გაღიზიანების მკითხველებზე გადმონთხევა მოესურვებინოს. ამიტომ ჩანთების შემმოწმებელ ქალს, რომელიც მანამდე არ მენახა, გაოგნებული მივაჩერდი. ქალმა სხეულის მარჯვენა მხარეს არსებული სახსრებით აღჭურვილი და მტევნით დაბოლოებული მოქნილი მკლავი მოძრაობაში მოიყვნა და დაახლოებით მხრის სიმაღლეზე შემართა. შემდეგ ხელის მტევნის ერთერთი, სახელდობრ კი საჩვენებელი თითის ფალანგი წინ გამოიშვირა და სახის მიმიკით ამ ფრიად იმპერატიულ პერფორმანსში მთელი ვნებით ჩართულობა განასახიერა. პერფორმანსმა საფუძველი მომცა მეფიქრა, რომ მისი მიზანი ჩემი მზერის თითის ფალანგის მიერ ნაჩვენები მიმართულებით შეცვლა იყო და მასეც მოვიქეცი: თვალებად წოდებული მეტად ძვირფასი და მგრძნობიარე ოპტიკური აპარატის დამალენჩებლად ზუსტი მოძრაობით მზერა მითითებულ მხარეს მივაბჯინე _ პირველ კორპუსში გამავალი ჰოლის კარი უმოწყალოდ დაგმანულიყო, მზრუნველ ხელს კი ზედ აკურატულად გაეკრა A4 ფორმატის ქათქათა ფურცელზე 40 თუ 50–იანი შრიფტით ამოპრინტერებული გულისმომკვლელი ცნობა _ I კორპუსი დაკეტილი იყო. ჩანთების შემმოწმებელმა ქალმა თავზარს ჩემთვის დაცემა არ აცადა და თავად დაასწრო _ დაკეტილია სად მიდიხარო ხელახლა დასჭექა. ჩემი წარბები ბოროლაზედ მობორიალე ღრუბლებივით შეიყარენ, ქალმა კი დაბნეულ ,,რატომ” შეკითხვას სულ ნება–ნება გამომარცვლული ნიშნისმოგებაში ამოვლებული სიტყვები შეაგება. არემონტებენ I კორპუსს და კიდევ ძალიან დიდ ხანს, რამდენიმე წელიწადი ვერ შეხვალთ და ვერ ისარგებლებთო ისეთი ბოროტი სიამოვნებით მითხრა კინაღამ მანანაც ჩამოვყარე ღაპაღუპით. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოვითმინე და ისეთი სამართლიანი აღშფოთებითა და გულისტკენით შეფერილი ხმით ვიკითხე ეგ კი გასაგებია, მაგრამ მასეთი ტონით რატომ მელაპარაკებით ვერ გავიგეთქო, რომ ეტყობა ჩანთებისშემმოწმებელმა ქალმა თავი უხერხულად იგრძნო, რაღაც ამოილუღლუღა და ტუილზე წასწრებული პოლიტიკოსივით ნირწამხდარი მიიჩუტა თავის სკამზე.
აი ასე დაიწყო ჩემი და საჯარო ბიბლიოთეკის ურთიერთობაში სირთულეები: წინა დარბაზში გამოწერილი და შენახული წიგნები გაუქმდაო, ამჟამად კი მხოლოდ მამარდაშვილის სახელობის დარბაზი მუშაობს, სადაც გამოწერას ყიფიანის სახელობის ტკბილი დარბაზისგან განსხვავებით მაქსიმუმ 30 წუთის ნაცვლად 40 წუთი ან 1 საათი უნდა. წიგნებს ყიფიანის ტკბილი დარბაზისგან განსხვავებით 10 დღის ნაცვლად მხოლოდ 5 დღით ინახავენ და გამოწერილი წიგნების რაოდენობაც მხოლოდ 5 ცალით შემოიფარგლება. წიგნებს ელექტროკატალოგში ადგილზე ვერ აარჩევთ, იმიტომ რომ ამ დარბაზში მკითხველებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები არ დგას საძიებლად _ წინასწარამოწერილი ,,საჭირო” წიგნის ავტორ–სათაურით იქვე მჯდარ ორ (ხანდახან სამ), ხალხმრავლობის გამო აგონიაში მყოფ კატალოგისტსს უნდა მიაკითხოთ და ძიების პროცესში იმპროვიზაციები უნდა გამორიცხოთ. ამას გარდა, მამარდაშვილის სახელობის დარბაზი არც ისე დიდია და ერთთავად ხალხითაა გაძეძგილი. მას მერე კი, რაც სხვა დარბაზები დაიხურა ნემსის ჩაგდება გაგიჭირდება რასაც ქვია. მოკლედ, თუ სამკვდრო–სასიცოცხლოდ არ გაქვს საქმე ამ დარბაზში წიგნის წასაკითხად ნაღდად არ შეხვალ.

ბზარი, კი არა და ნაპრალი ბიბლიოთეკის შენობაში (ფოტო აღებულია ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტიდან)

ეჰ, ტკბილო დროებანო… უსაქმურობა–გართობის ნიადაგზე საჯაროში ბურჭალობანო, აღკვეთილი ხართ ამიერიდან,ბოლო მოეღო ბაირამობას, ლიტერატურულ ავხორცობას, წიგნთაშორის ცანცარსა და კატალოგებში არქეოლოგიას.
არადა…
ამ ქალაქში ერთერთი ყველაზე კარგი, მშვენიერი, მყუდრო და საყვარელი ადგილი _ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, იგივე საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი ლამის საუკუნის შენობაა (1916 წელს დასრულდა მისი მშენებლობა) და აგების დღიდან რემონტი არ ღირსებია. კედლები ისეთი დაბზარული იყო, თვალის გაყოლების შეგეშინდებოდათ. ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა… ჰოდა, ეგ გაარემნოტონ და ჯანდაბას პირადი ტრაგედია!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to საჯარო და პირადი ტრაგედია

  1. kevana says:

    კი, მეც მინდოდა და დაცვამ, არ მუშაობს დაკეტილია, ასე 2 წელი მაინცო… პერიოდიკის წიგნები წესით სხვა კორპუსში უნდა გადაეტანათ, ნაწილი მაინც…

    თუ რამეს გაიგებ, შეგვატყობინე რა🙂

  2. chankotadze says:

    პერიოდიკის წიგნებს კი წერენ მამარდაშვილის დარბაზშიც (ყველას არა ოღონდ) მაგრამ გინდ მოუციათ გინდ არა, მაინც ვერსად წაიკითხავ. დღესაც ნერვებჰაბურდულმა დავტოვე იქაურობა, ვერც გადავაქსეროქსე რაც მჭირდებოდა იმხელა რიგი იყო ქსეროქსთან :შ

  3. Anonymous says:

    ra unda vknat raga meshveleba amis garesheee…arada tbilisi amit mixaridaa……ramis movkvdi rom tkves ramodenime weli agar gaigebaooo…..;;;;;;;;;kai eg jandabas neta gaigos…tan chemi aivanic daketes:(

  4. chankotadze says:

    შენ აივანს რას ერჩოდნენ? გვერდით ცხოვრობ?<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s