თსუ ხიხიაა და ილიაუნი ,,ავიღოთ”? _ კვესიტაძის გადაცემის პათოსი

1 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაწყვიტა თავისი გადეცემის, ,,აქცენტების” სივრცე ჩვენთვის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემატიკისთვის დაეთმო. ახლახან ვნახე გადაცემა რომელიც შეიგიძლიათ თავად იხილოთ(გადაცემის ბმული). სავარაუდოდ, ისეთი შეგრძნება დაგრჩებათ რომ ყველაფერში დამნაშავე უნივერსიტეტის ბუა ადმინისტრაცია ყოფილა, რომელიც ხალხს წყალთან არ უშვებს და სამსხვერპლო გოგო–ბიჭებს ყლპავს. მე როგორც უნივერსიტეტის რიგითი სტუდენტი, რომელსაც ეს პრობლემები უშუალოდ აწუხებს, თავს მოვალედ ვთვლი განვაცხადო, რომ ეს ასე არაა _ მე არ მივიჩნევ რომ ჩემი პრობლემები მხოლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ბრალია. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არსებითად არაეფექტური ბიუროკრატიული აპარატია, რომელიც უნივერსიტეტის ფუნქციონირებას ხელს კი არ უწყობს, არამედ პირიქით. მაგრამ უკაცრავად და სწავლის ზედაპირულობა და უხარისხობა არაა მხოლოდ უნივერსიტეტის პრობლემა.
მთელი გადაცემის მსვლელობის დროს ეკა კვესიტაძე ცდილობდა პარალელები გაევლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, აქაოდა თსუ ხიხიაა და ილიაუნი კარგიო, იქ ბევრ წიგნებს თარგმნიან, აქ კიდე არაო (რაზეც კი უპასუხა თსუ–ს სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, ჩვენც ვთარგმნით მაგდენ წიგნებს რასაც ილიას უნივერსიტეტიო, მაგრამ ეკამ ჯიუტად არ დაიჯერა). მე ილიას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესსაც ვიცნობ და სიმართლე გითხრათ, დიდი სხვაობა არაა _ ყველგან ერთი და იგივე სისტემაა. ერთია, ილიას უნივერსიტეტში არსებობს რამოდენიმე სტრუქტურა, რომლებიც სტუდენტების მომსახურებაზე და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაზე უკეთ მუშაობს. თორემ არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყვავის სამეცნიერო ცხოვრება. მოკლედ, ჩემში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ამ გადაცემის პათოსმა და მასში სინამდვილეში წარმოჩენილი იყო არა სტუდენტებისა და ზოგადად, განათლებისა და მეცნიერების წინაშე არსებული ნამდვილი პრობლემატიკა, არამედ პირიქით _ უგულებელყოფილი იყო ამ სფეროში მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ვაკუუმი და შექმნილი იყო მცდარი სურათი _ ადმინისტრაციის თავმოუბმელობის გამო ჭაობში ჩაძირული თსუ როცა გვერდით ილიაუნი ყვავის (ამის კარგი საშუალება იყო სტუდენტების მოწვევა ადმინისტრაციის წარმოადგენლების პირისპირ, ლამის ინგა გრიგოლიას გადაცემები გამახსენდა, ერთმანეთის პირისპირ რომ დასვამდა პოლიტიკოსებს და უხაროდა თუ ერთმანეთს დააჭმევინებდა).
პრობლემა კი შემდეგშია: თსუ–ში სასწავლო პროცესი ნამდვილად ზედაპირულია, ოღონდ იმიტომ არა რომ ადმინისტრაციში სხედან ცუდი ტიპები. ამ სისტემაში, ქვეყანაში არსებული ამ საგანმანმათლებლო პოლიტიკის პირობებში თსუ–ს ადმინისტრაციაში მამაზეციერიც რომ ჩამოვიდეს და დაჯდეს სიტუაციას მაინც ვერ შეცვლის. ნუ, შეიძლება ის წიგნებისთვის გამოყოფილი სასაცილო 20 000 ლარი (მხოლოდ 9 სტუდენტის წლიური გადასახადი ანუ) დახარჯოს ძალიან მონდომებულმა ადამიანმა, მოაწყოს ბიბლიოთეკა რომ ის ქართულად მართლა თარგმნილი წიგნები მაინც წაიკითხოს სადმე სტუდენტმა თორემ რეალურად, არც ვიცით ქართულად ნათარგმნი თუ არსებობს სადმე რომელიმე თაროზე შემოდებული(პირადად მე თსუ–ს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ გამოცემული ბევრი კარგი წიგნი მხოლოდ შემთხვევით აღმომიჩენია საჯარო ბიბლიოთეკაში და უნივერსიტეტის ფარგლებში მათთან შეხება არ მქონია). მაგრამ ეს ვერ შეცვლის სიტუაციას _ ეს ვერ გააჯანსაღებს სასწავლო პროცესს და ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას. იმიტომ რომ შეუძლებელია ხარისხიანი განათლება რომელიმე უნივერსიტეტმა უზრუნველყოს ამ რესურსებით…
ლექტორები წიგნებს არ წერენ და არ თარგმნიანო _ როგორ დაწერონ ლექტორებმა წიგნები, მაქსიმუმ სხვისი დაწერილი თარგმნონ და შეაჯერონ თორემ ღამე დაესიზმრებათ სამეცნიერო ლაბორატორიები და გაღვიძებულები ჩაიწერენ სიზმრებს? ის წიგნები, რომელიც ბატონმა იაგომ ახსენა, ნათარგმნია დონორი ორგანიზაციების გრანტებით, მაგრამ დონორი ორგანიზაციები ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროვოცირებას ვერ მოახდენენ. ამის გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება და ამ ფუფუნებით სარგებლობა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია.
საქართველოში დღეს განათლების დაფინანსება ძირითადად კერძო სექტორზე მოდის, ძალიან ძვირია სახელფასო ფონდთან მიმართებით, და ამის მიუხედავდ, თითქმის არაფერში გადახდილი ფულია. სახელმწიფო განათლებასა და მეცნიერებას მიზერულად აფინანსებს. საქართელო არა თუ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ყველაზე ბოლო ადგილზეა ბიუჯეტიდან განათლებაზე გაღებული ხარჯების წილით (და ისეთ პოსტსაბჭოურ ქვეყანასაც კი, როგორიც უკრაინაა თითქმის სამჯერ ჩამორჩება ამ მაჩვენებლით). საქმე იმაზე კი არაა რომ ნორვეგიას უფრო ბევრი ფული აქვს და ბუნებრივია მეტს დახარჯავს განათლებაზე _ არამედ იმაზე, თავისი ბიუჯეტის რა ნაწილი ემეტება ქვეყანას განათლებასა და მეცნიერებაზე.
,,საკუთრივ განათლებაზე გაღებულ ხარჯებს თუ მოსახლეობის სულადობაზე გადავიანგარიშებთ, გამოგვივა, რომ იგი საქართველოში მაცხოვრებელ ერთ ადამიანზე დაახლოებით 65 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 520 დოლარამდე აღწევს, სხვა ქვეყნებში კი ასეთი მდგომარეობა გვაქვს: სლოვაკეთი 700 აშშ დოლარი, უნგრეთი და პოლონეთი –1000–1000, ლიტვა და ლატვია 1100–1100, ესტონეთი და იტალია 1400–1400, საფრანგეთი –2000მ დიდი ბრიტანეთი 2300, შვედეთი 2600, ნორვეგია 2800, ლუქსემბურგი 3600 დოლარი. რა თქმა უნდა, საქართველო ჩამორჩება ყველა ამ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დონით, მაგრამ განათლებაზე გაღებული ხარჯები ორჯერ და ნეტად ნაკლებია ეკონომიკურ ჩამორჩენაზე, მაშასადამე, ქვეყნის ხელისუფლებას აქვს იმის შესძლებლობა, რომ მინიმუმ ორჯერ გაზარდოს განათლების დაფინანსება…” _ ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ევროპული არჩევანი საქართველოსათვის” მიერ 2010 წელს ჩატარებული კონფერენციის ანგარიშიდან.
საინტერესო რამეა _ რატომ ხარჯავს ქვეყანა იმაზე ორჯერ ნაკლებს განათლებაზე, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს? ან ჯგუფმა, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს, არ იცის რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მომგებიანია და რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას სამომავლოდ და ან კი იცის მაგრამ სულაც არ აინტერესებს და ურჩევნია დღეს განათლების სფეროში დაზოგილი ფული სხვა სტრუქტურას მოახმაროს ( მეორე საქმეა ამ ისედაც მცირე თანხას როგორ ხარჯავს უნვერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა, რაც , რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ძალიან ეფექტურადაც რომ ხარჯონ ის ფული, რეალურად განათლების მდგომარეობა ამით ვერ გამოსწორდება).
ასე რომ, თუ ვინმეს მართლა სურს განათლების სფეროში არსებულ პრობლემატიკას ჩასწვდეს, ამ რეალურ პრობლემაზე უნდა ისაუბროს და ეს პრობლემა არც სოციალ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნოდარ ბელქანიას შექმნილი არაა და არც მხოლოდ თსუ–ს თავს ხდება.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to თსუ ხიხიაა და ილიაუნი ,,ავიღოთ”? _ კვესიტაძის გადაცემის პათოსი

  1. litterator says:

    ბრავო, კარგია keep that way!🙂

  2. Mr. Nomad says:

    პოსტი ძალიან მომეწონა, გეთანხმები კიდეც ბევრ რამეში. მაგრამ მე მაინც მგონია, მთავარი მიზეზი ზედაპირული განათლების ისაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტია. მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილებამ – ა.შ.შ. ბრიტანეთი და საფრანგეთი, დაადასტურა რომ უნივერსიტეტი უფრო მაღალი ხარისხის განათლებას იძლევა თუ იგი კერძო ბიზნესია. შემიძლია ვთქვა, რომ თსუ შორსაა მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტისგან.🙂

  3. kevana says:

    ზოგჯერ ნამეტანი შეაკიკინებენ ილიას უნივერსიტეტით.. ვერ ვიტან ასეთ რამეს:/

  4. თსუ მაგარია, უბრალოდ სტუდენტობა არ ვარგა. მეტი რა ვთქვა არ ვიცი.

  5. civiseli says:

    ასეც ვიცოდი

  6. niksologi says:

    უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი და მერე მოგვარდებოდა საქმე. რას ვგულისხმობ: იმას, რომ არ იქნებოდა გაბერილი ადმინისტრაცია გაურკვეველი ფუნქციების მქონე პირებით; ვინც იქნებოდა, მათ შესაბამისი კვალიფიკაცია ექნებოდათ; იქნებოდა მკაცრი მონიტორინგი.
    და კიდევ: როდესაც უნივერსიტეტები და მთლიანად განათლების სისტემა არაა აებული სტუდენტისა თუ მოსწავლის ინტერესებზე, მაშინ რომელ განათლებუს სისტემის წარმატებულობაზე შეიძლეა იყოს საუბარი …
    კარგი მენეჯერია საჭირო…

  7. chankotadze says:

    Mr. Nomad
    თუ უნივერსიტეტს სტუდენტების მოზვიდის მიზნით მოუწევს განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და სხვა უნივერსიტეტებისთვის კონკურენციის გაწევა, ეს ძალიან კარგი იქნება და სავსებით გეთანხმები ამაში. მაგრამ განათლების მხოლოდ კერძო ბიზნესად ქცევა ჩემთვის მიუღებელია, ვთვლი რომ განათლება საზოგადოების საკუთრება, საერთო სიკეთე უნდა იყოს…

  8. chankotadze says:

    თორნიკე ორბელაძე

    სტუდენტობა რომ ,,არ ვვარგივართ ამაში” გეთანხმები _ იმ გაგებით რომ ინერტულები ვართ. მაგრამ თსუ–ს სიმაგრე რაში გამოიხატება ეგ არ მესმის.

  9. chankotadze says:

    niksologi
    მთავარი პრობლემა ისაა, რომ განათლების სისტემა არაა სტუდენტსა და მის ინტერესებზე (ზოგადად, მოქალაქის ინტერესებზე) აგებული და ამის შეუცვლელად ვერასოდეს ვერგახდება წარმატებული _ ბოლომდე გეთანხმებით ამაში.
    მენეჯერს რაც შეეხება, ისევ სტუდენტებმა უნდა იტვირთონ ეგ ფუნქცია ჩემი აზრით.

  10. Threx says:

    თსუ-ს ადმინისტრაციაც, რომ არ ვარგა, ესეც ფაქტია… ნახევარზე მეტს ვიცნობ იქიდან და, მაპატიეთ, მაგრამ თავის დროზე “ოროსანი” სტუდენტები იყვნენ… ახლა კი საქართველოს ცენტრალურ უნივერსიტეტს მართავენ და პროფესორებს უთითებენ თუ რა უნდა გააკეთონ… სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს )))

  11. მაკო says:

    უნივერსიტეტი არაა შპს, რომ მოგებაზე იყოს ორიენტირებული. მისი დანიშნულება ცოდნის გაცემაა. ზემოთ სწორად თქვა ერთმა, განათლება და უნივერსიტეტი საერთო სიკეთეა და ასეც უნდა იყოს.
    ეაც შეეხება სტატიაში გამოთქმულ აზრს თუ რიტორიკულ შეკითხვას, “როგორ დაწერონ ლექტორებმა წიგნები”-ო, ეს საკითხი საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ისეთი თავისთავადი უნდა იყოს. პროფესორის ხარისხი რომ მიიღოს ამა თუ იმ ლეტორმა, წიგნებს უნდა წერდეს, იკვლევდეს, მუშაობდეს. აბა, დაბადებით არ მოდის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s