შრომის დღესა და პროფკავშირებზე


დღეს 1 მაისია, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენთან გასაგებია რომ ეს დღე ბევრს კიდე საბჭოური დღესასწაული გონია, მაგრამ ჩვენი შრომის უფლებები რომ უგულებელყოფილი და ფეხქვეშ გათელილია და დაცვას საჭიროებს, ამაზე საბჭოური მოგონებების გარეშე–მიუხედავად უნდა გვქონდეს წესით რეფლექსია.
1 მაისი და შრომის უფლების დაცვა დასავლური ქვეყნების ისტორიაში უშუალოდ უკავშირდება პროფესიული მოძრაობის_პროფ.კავშირების გაჩენას. ჰოდა ამიტომაც გადავწყვიტე ბლოგზე დამედო ნაწყვეტი ჩემ მიერ პროფკავშირების შესახებ ადრე დაწერილი ესედან.

პროფკავშირები სამრეწველო რევოლუციის შედეგია, და ბუნებრივია, პირველი პროფკავშირებიც ამ რევოლუციის სამშობლოში _ დიდ ბრიტანეთში გაჩნდა. თუმცა, ზოგადად, პროფკავშირების გაჩენა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დიდი ბრიტანეთის ანალოგიურია და წინაპირობად მუშათა კლასის ჩამოყალიბება უძღვის.
ორთქლის ძრავის გამოგონებამ განაპირობა წარმოების ახალ წესზე გადასვლა _ მექანიზებურ საწარმოებში ნაკლები ძალისხმევით მეტი შედეგის მიღება გახდა შესაძლებელი. საწარმოები გადაიქცა მომგებიან საქმედ. სოკოებივით გაჩნდა სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნები მრეწველობის ყველა დარგში. ისინი ტექნიკური პროგრესის წინსვლასთან ერთად უფრო და უფრო მრავლდებოდნენ. ფაბრიკა-ქარხნებში საჭირო იყო მუშა ძალა _ ინგლისში (და ზოგადად, ევროპაში) დაიწყო მასობრივი ურბანიზაცია. ღარიბმა გლეხობამ მიწის ნაკლებობის პირობებში ქალაქს მიაშურა ახლადგაჩენილი საარსებო წყაროს გამოსაყენებლად და ქარხნების მეპატრონეთათვის დაიწყო მუშაობა კონკრეტული საზღაურის სანაცვლოდ.
ასე გაჩნდა პროლეტარიატი _ სოციალური კლასი, რომელსაც არაფერი ებადა ცუდადანაზღაურებადი და შრომატევადი სამუშაოს გარდა და რომელიც დღედაღამ შრომობდა სხვათა ბეღელში დოვლათის დასაგროვებლად.
საწარმოების მფლობელები სარგებლობდნენ საკუთარი პრეროგატივით და იოლად ეწეოდნენ მუშათა შრომის ექსპლოატაციას. მუშებს ზოგჯერ 18-20 საათი უწევდათ შრომა დღე-ღამის მანძილზე, ხოლო ხელფასი საკვებზეც არ ყოფნიდათ. დასაქმება და განთავისუფლება იყო მეპატრონის პრეროგატივა, ისევე როგორც გასამრჯელოს განსაზღვრა. მუშებს შრომა უწევდათ ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, სარისკო საქმიანობისას მიღებული დაზიანება ისევ და ისევ მუშის პრობლემა იყო. შრომის სიმძიმე და გრაფიკი კი ნებისმიერ შემთხვევაში ზიანს აყენებდა მუშის ჯანმრთელობას. ისინი ხშირად ავადდებოდნენ და ნაადრევად ბერდებოდნენ და კვდებოდნენ.
ამას ემატება ბავშვთა შრომის გამოყენება. ამავდროულად, მეპატრონეები, როგორც წესი, ბავშვებს სხვა მუშებზე ორჯერ იაფად ამუშავებდნენ (ნაკლებს უხდიდნენ ასევე ქალებსაც).
ამგვარ პირობებში მცხოვრებმა მუშებმა ნელნელა დაიწყეს პროტესტის გამოხატვა არსებული სოციალური სინამდვილისადმი _ მათ დაიწყეს საკუთარი ინტერესების დასაცავად მეპატრონეების წინააღმდეგ გაერთიანება, რომელიც სულ უფრო და უფრო ორგანიზებული ხდებოდა _ საფუძველი ჩაეყარა პროფკავშირულ მოძრაობას.
პირველი პროფკავშირები აერთიანებდა არა ერთი პროფესიის, არამედ ერთი საწარმოს მუშებს. შემდგმომ დაიწყეს გაერთიანება პროფესიული ნიშნით. ასეთი პროფკავშირები ერთიანდებოდნენ ქვეყნის მასშტაბით და ფართო ქსელს ქმნიდნენ. Aმგვარად, ახდენდნენ ძალების მობილიზაციას და შეეძლოთ კოლექტიური ხელშეკრულებების მოთხოვნა, შეეძლოთ მასობრივი გაფიცვების მოწყობა.
გაფიცვა _ ეს ყოველთვის მთავარი იარაღი იყო პროფკავშირების ხელში. რაც უფრო მეტი მუშა ერთიანდებოდა როფკავშირში პროცენტულად, მით უფრო იზრდებოდა პროფკავშირების სიტყვის პოლიტიკური წონა. ინგლისში, სადაც XX ს-ის 20-იანი წლებისთვის უკვე მუშათა ნახევარზე მეტი გაერთიანებული იყო პროფკავშირებში, შესაძლებელი იყო საყოველთაო გაფიცვების მოწყობა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ დღეში დესტაბილიზაცია _ ამიტომაც, ხელისუფლება იძულებული ხდებოდა მოესმინა მუშათა მოთხოვნებისათვის, იქნებოდა ეს სამუშაო დღის შემცირების, ხელფასის გაზრდის მოთხოვნა თუ, არსებული ხელფასის შენარჩუნებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნები.
არსებითად, სახელისუფლებო გუნდის ინტერესები ყოველთვის განსხვავდებოდა მუშათა კლასის ინტერესებისგან. ხელისუფლება მზად იყო საკუთარი მიზნები _საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის ზრდაში თუ სიმდიდრის დაგროვებაში _ მუშათა ხარჯზე განეხორციელებინა. (მაგალითდ, ტეტჩერის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ანუ იაფი პროდუქციის გატანა. ამ პროდუქციის გაიაფება კი მუშათა ანაზღაურების შემცირების ხარჯზე უნდა მომხდარიყო, რასაც პროფკავშირების მხრიდან მასობრივი პროტესტი მოყვა). ანუ, მმართველი გუნდი და მუშათა კლასი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები იყო. ამიტომაც, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები ყოველთვის მონდომებით ებრძოდნენ პროფკავშირულ მოძრაობებს. ინგლისში ჯერ კიდევ 1800 წელს მიიღეს კანონი, რომელიც მუშებს პროფკავშირებში გაერთიანებას უკრძალავდა და დემონსტრაციების ჩატარებას პატიმრობით სჯიდა; აშშ-ში, 1920-30-იან წლებში, მეწარმეთა ეროვნულმა ასოციაციამ შემოიღო ,,ყვითელ ძაღლებად’’ წოდებული კონტრაქტები, რომლებიც დაქირავებულ მუშებს პროფკავშირებში გაერთიანებას უკრძალავდა. თუმცა, ასეთი კანონები ვერასოდეს ამართლებდა და რამდენიმე წლის შემდეგ, მუშათა აქტიური წინააღმდეგობის გამო, ისევ კანონმდებლებს უწევდათ დათმობაზე წასვლა.
პროფკავშირების ყველაზე აქტიური მოღვაწეობის ხანა ევროპასა და ამერიკაში XX საუკუნის I ნახევარი იყო.მართალია, პოლიტიკური ელიტების ინტერესები, როგორც წესი, განსხვავდებოდა მუშათა ინტერესებისგან, მაგრამ XX საუკუნეში მშრომელთა ფენამ შეძლო პოლიტიკურ არენაზე გამოეყვანა საკუთარი მოთამაშეები _ გაჩნდა პოლიტიკური ძალები, რომელიც მუშათა ინტერესს დაიცავდა და არა კლასიკური ელიტებისას. მთელ რიგ ქვეყნებში შეიქმნა პარტიები, ზოგი უშუალოდ მშრომელების ბაზაზე, ზოგმა კი თავიანთი სივრცე შესთავაზა პროფკავშირებს. მაგ. საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში პროფკავშირები ანარქო-სინდიკალისტების მოკავშირეები გახდნენ, გერმანიაში, ავსტრიასა და შვედეთში _ სოციალ-დემოკრატების. შეიქმნა ლეიბორისტული, კომუნისტური თუ სოციალისტური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ და მშრომელების მოთხოვნილ პოლიტიკას ატარებდნენ.
საბოლოოდ, დასავლეთში სამოთხე არ შექმნილა, მაგრამ შეიქმნა ყველაზე კარგი გარემო რიგითი ადამიანისთვის იმ ვარიანტებს შორის, რაც აქამდე ყოფილა დედამიწაზე. ევროპის ქვეყნებში წასვლა იმიტომ გვინდა ახალგაზრდებს რომ იქ სწავლის, განვითარებისა და ღირსეული შრომის მეტი პირობებია შემქნილი და ეს პირობები იმ ადამიანთა დმსახურება, დიდი ხნის წინ რომ დაწიყეს საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ ჯერჯერჯერობით ეს ამბავი არ დაგვიწყია და სანამ არ დავიწყებთ, მანამ თვეში 300 ლარად მუშაობა მოგვიწევს დღეში 10–12–14 საათიანი განრიგით.

PS.

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღედ პირველად ამერიკაში,1888 წელს გამოცხადდა იმ დიდი ამბებისა და საერთო გაფიცვის შემდეგ, ამერიკის პროფკავშირთა ფედერაციამ რომ მოაწყო. თუ ამ ძალიან საინტერესო ამბის შესახებ წაკითხვა არ დაგეზარებათ ამ ანარქო–სინდიკალისტურ ლინკს მიჰყევით.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s