გაზაფხულზე, სიცოცხლესა და უძველეს ღმერთებზე


,,…სიგრძეზე, განზე იწევს სამყარო,
არარა ჰქრება ჟამით–ჟამადის
და თვით სიკვდილიც სულ სხვა რამ არის
ვიდრე გვეგონა ყველას აქამდის”
უოლტ უიტმანი
(კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი)

სიკეთე არის ის, რაც ემსახურება სიცოცხლის განვითარებას, ბოროტება კი ის, რაც აფერხებს სიცოცხლეს
ალბერტ შვაიცერი

რამოდენიმე ხნის წინ აღმოვაჩინე თამაზ ჩხენკელის ფრიად საინტერესო წიგნი _ ,,ტრაგიკული ნიღბები”. წიგნში ვაჟა ფშაველას პოეტური სახეები, ქართულ მითოლოგიაში მათი არქეტიპები და ქართული მითოლოგიის სხვა ერების მითოსურ წარმოდგენებთან კავშირია გაანალიზებულია. ყველაზე ამაღელვებელი ამ წარმოდგენებში სიცოცხლის ციკლურობის შესახებ ცოდნაა. ეს ცოდნა უძველესი ხალხების ცნობიერებაში ღვთაებრივ მისტერიადაა წარმოდგენილი, თანამედროვეობაში მისი ერთგვარი გამოვლინება კი აღდგომის დღესასწაულია.
უძველესი ხალხების ყოფაცხოვრება მთლიანად დამოკიდებული იყო მზეზე, ამინდსა და წელიწადის დროების ცვლილებაზე. მზის წლიური ციკლი და მასზე დაკვირვება სიცოცხლის არაობის შესახებ წარმოდგენების საფუძველი გახდა.
რაკი შემოდგომით მზის ძალა სუსტდება, გაზაფხულზე კი ძლიერდება ძველი

ქართული ბორჯღალი–მზის ღმერთის სიმბოლო

ხალხები (წინა აზიის ცივილიზაციები, ეგვიპტელები, კავკასიელები, ბერძნები…) მიიჩნევდნენ, რომ შემოდგომაზე მზე კვდება და გაზაფხულზე ისევ ცოცხლდება. მზის სიკვდილს ისინი პერსონიფიცირებული მზის ღვთაების სიკვდილად წარმოიდგენდნენ.
ქართულ მითოსში, ღვთაებები ჩადიან შავეთში, ანუ სულეთში_ქვე–სკნელში, გაზაფხულზე კი გაცოცხლებულები და გაძლიერებულები უბრუნდებიან ,,ზე–სკნელს”. თავად ზესკნელისა და ქვესკნელის ფუძე_სკუნ–სკუ, ჩხენკელის მიხედვით, გვხვდება სხვა ქართულ სიტყვებში, რომლებიც ფუქნციურად უკავშირდებიან სიცოცხლისა და სამყაროს შესახებ წარმოდგენებს. მაგალითად: მა–სკუ–ლავი (იგივე მა–სკუ–რი _ ვარსკვლავის ძველი სახელწოდება), ასევე სიტყვაში ფა–სკუნ–ჯი. ფასკუნჯს კი ძველი წარმოდგენის მიხედვით, ყოველ გაზაფხულს ქვესკნელიდან ამოჰყავდა სამყაროს გამაცოცხლებელი მზის ღმერთი.
თამაზ ჩხენკელი წელიწადის დროების აღმნიშვნელი სიტყვების ლინგვისტური ანალიზითაც ადასტურებს, რომ დროის აღქმა თუ სახელების დარქმევა მოვლენებისადმი მთლიანად მზის შესახებ ცონდითაა განპირობებული. ის ივანე ჯავახიშვილის აზრს იშველიებს, რომ ქართული ზა–მთარი და ზა–ფხული მზე–ცივისა და მზე–თბილის ცნების გამომხატველია. ძველად კი წელიწადი ორ დროდ _ზახულად (მზის სიცოცხლის პერიოდი) და ზამთრად (მზის სიკვდილის–მისი ქვესკნელში ყოფნის პერიოდი) იყოფოდა. ავტორის აზრით, ამას ასაბუთებს ამ ორ დროს შორის გარდამავალი პერიოდების, ,,გა–ზაფხულისა” და ,,შემოდგომის” სემანტიკური მნიშვნელობაც _ გა–ზაფხულება, ზამთრის ზაფხულად ქცევა და ,,შემოდგომა”, ანუ მზის შედგომა ზამთრისა და სიკვდლის ფაზაში. სვანურად კი შემოდგომას ,,მუჟღვერ” _ მზის წასვლა ჰქვია.
გაზაფხულზე გაძლიერებული მზის სინათლე და სითბო საფუძველს უდებს ახალ სასიცოცხლო ციკლს. მათ შორის, ძველი ხალხებისთვის ყველაზე შესამჩნევი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენას_ ხორბლის გაღვივებას. ხორბალი და პური ძველ ცივილიზაციებში მისტიფიცირებულია, რამდენადავ მასზე იყო დამოკიდებული ხალხების არსებობა.
,,მზის სიკვდილი, შემდეგ აღდგომა მზისა, ისე ვით ყოველწლიური სიკვდილი და აღდგომა ხორბლისა, გადაიქცა კაცის სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოდ… ეგვიპტური მზის სარწმუნოებაში მზის ცხოვრება კაცის ცხოვრების მსგავსად იყო წარმოდგენილი…”(ციტატა წიგნიდან)..
,,მე ვცხოვრობ როგორც მარცვალი, მე ქერი ვარ” _ ამბობს ოზირისი ,,მკვდართა წიგნში”. ზოგიერთი ტექსტის მიხედვით კი, ოზირისს მწვანე ფერის კანი ჰქონდა. ესეც ოზირისის აღდგომა პირამიდების ტექსტებიდან:

    ,,თუმცა წარხდი _მოიქეც ისევ.
    თუმცა გეძინა–აღდეგ ძილისგან.
    თუმცარა მოკვდი _ გაცოცხლდი ისევ.”

ასევე ცოცხლდებოდა ბაბილონელთა ღმერთი, თამუზიც (რომლის მოდიფიცირებული სახელიც – თამაზი საქართველოში დღემდე გავრცელებული სახელია).
ერთი სიტყვით, უძველესი ხალხები ბუნებაზე დაკვირვებით შექმნილი წარმოდგენებიდან გამომდინარე, გაზაფხულობით ზეიმობდნენ სიკვდილისგან გამოღვიძებისა და სიცოცხლის დღესასწაულს და ამიტომაც იყო ,,ახალი წლის” დასაწყისი გაზაფხული. დღეს ეს ტრადიცია სახეცვლილადაა შემორჩენილი აღდგომის დღესასწაულის სახით.
ჩემი აზრით, სავსებით ნათელია ქრისტეს მზის ღმერთთან გაიგივება. თუნდაც ჯეჯილი, რომელშიც მორწმუნეები წითელ კვერცხებს ალაგებენ, ხორბლის განახლების უძველეს ზეიმს ეხმაურება.
ეს მზის გაცოცხლებას რაც შეეხება, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო მეორე პარალელიც, რომელიც მზის კვდომასთან დაკავშირებით აღმოვაჩინე და რომელიც დღეს ასევე ქრისტიანულ ტრადიციასაა შერწყმული. ეს არის ბარბარობის დღესასწაული შემოდგომით, რომელსაც საქართველოში ხალხი ,,ბარბალობას” ეძახის. ბავშობაში, როცა სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი და კარგად ვიცოდი ვინ იყო წმინდა ბარბარე და რატომ აღნიშნავდნენ მის დღეს, ბებიაჩემს, რომელიც ბარბარობის დღესასწაულს, რატომღაც ,,ბარბალობას” ეძახდა, ვუსწორებდი ხოლმე, ბები მაგას ,,ბარბალობა” კი არა ,,ბარბარობა” ქვია–მეთქი. ბებიამ არ იცოდა ვინ იყო ბარბარე და რატომ აცხობდა ამ დღეს მრგვალ ლობიანებს, მაგრამ იცოდა რომ ეს უნდა გაეკეთებინა, რაკი ასე შვებოდნენ მისი ბებიაც, ბებიის ბებიაც და ბებიის ბებიის ბებიაც.
თავის დროზე, სკოლაში აგვიხსნეს, რომ ლობიანებს ხალხი იმიტომ აცხობდა რომ ბარბარობის აღნიშვნა არ დავიწყებოდათ (რაკი კომუნისტები ლოცვას უშლიდნენო ). ჩხენკელის წიგნში მოცემულმა ფაქტებმა და ეთნოგრაფიულმა მასალამ ლობიანების დაცხობისა და წმინდა ბარბარეს დღის ,,ბარბალობად” ქცევის მიზეზს მიმახვედრა. სინამდვილეში ეს მზის ქალღმერთის ძველი, ე.წ. წარმართული დღესასწაულის ქრისტიანულ დღესასწაულთან შერწყმაა.
ბარბალ–ბარბოლი მზის ღვთაება იყო. რაკი მზის დისკო მრგვალია ბარბალ–ბარბოლის ხატებაც მრგვალი ფიგურა გახდა. მისი სახელიდანვე მოდის სიმრგვალის ცნება და მრგვალი საგნების აღმნიშვნელი სიტყვები: აფხაზური

ეგვიპტური მზის ღმერთის, რას სიმბოლო–მზის თვალი

აბარბალ(ბორბალი), სვანური ბარბა(მშვილდის რკალი), ჭანური ვირვილი(საბავშვო მრგვალი, სატრიალებელი სათამაშო), ქართული ვარვარი და ბორბალი (რომელსაც ზოგჯერ ,,თვალს” უწოდებენ და ესეც ისევ და ისევ ,,მზის თვალთანაა” დაკავშირებული). ასევე სიტყვები ბურთი, ბორცვი (რომელიც მზის ქალღმერთის ბინაა), მზის ხალხური სახელი ბორ–ჯღალი… გეოგრაფიული სახელები: ბორბალო, ბორი, ბოჩხა, ბორითი და ა.შ._ და რაც მთავარია, ,,ბარბალ–ბარბოლიდან” მოდის სახელი ,,ბურთი”_ იმ საგნის სახელი, რომელიც თავისი ფორმით მზეს იმეორებს. საერთოდ, ბურთაობა ქართულ მითოსში მზესთანაა დაკავშირებული. ლელოს თამაშის შემდეგ გამარჯვებულები ბურთს მდინარეში აგდებდნენ ღმერთისთვის მიძღვნის ნიშნად. ერთი ძველი იმერული ლექსის ფრაზა კი ,,წარმართული” წარმოდგენების ქრისტიანული დასახელებების ქვეშ მოქცევის კლასიკური მაგალითია:
,,ქრისტე ღმერთი ბურთაობს ბურბულეთის მთაზედა” _ აქ ქრისტე ცხადია მზის ღვთაებასაა ჩანაცვლებული. ბურთაობა და ბურბულეთის მთაც სწორედ ბარბალ–ბარბოლზე მიანიშნებს. ბუნებრივია, ქრისტეს კლასიკურ სახეში არ ჯდება ბურთაობა (ქართულ მითოსში კი პირიქით, ზღაპრებში ღმერთები, ქაჯები, დევები თუ სხვა არსებები ხშირად ,,ბურთაობენ”).
ერთობ საინტერესო იყო მზესთანა და გაზაფხულთან დაკავშირებული კიდევ ერთი ღვთაების სახე _ მინდი, სი–მინდი. მინდი ქალღმერთ მინდორის ვაჟია (მზისა და მაისის ღვთაების ტანდემი). მინდის გულგვამს დემონები ჭამენ. ის ყოველ გაზაფხულს ამოდის ბნელეთიდან, მთელდება და შემოდგომით ისევ ქვესკნელს უბრუნდება შეჭმული. თამაზ ჩხენკელის აზრით, ეს მითი გარკვეულწილად უკავშირდება ძველბერძნულ მითს ჩვილ დიონისზე, რომელსა მენადები ცოცხლად გლეჯენ რომ დაორსულდნენ. ზევსი მენადებს სჯის და ფერფლად აქცევს, მათი ფერფლიდან კი ადამიანები ჩნდებიან. მართალია ადამიანები მიწიერი მენადების ნაშიერნი არიან, მაგრამ ამ ადამიანთა გულში დიონისის ღვთაებრივი ნაწილი ღვივის და ამიტომ ისინი ამავდროულად კეთილი არსებები არიან _მიწიერი და ზეციერი, ორი საწყისის მქონე არსებები. არც ეს წარმოდგენაა ორიგინალური და ის ხშირად მეორდება უძველესსა თუ თანამედროვე რელიგიურ წარმოდგენებში.

ერთი სიტყვით, ძველი ხალხებისთის ,,არარსებობა” როგოერც თავისთავადი მოვლენა არ არსებობს, სიკვდილი კი სასიცოცხლო ციკლის შემადგენელი ნაწილია. ეს ოპტიმისტურ–რომანტიკული რწმენა სიცოცხლის თავისთავად გამარჯვებას უსვამს ხაზს და სიცოცხლეს სიკეთესთან, საზრისთან, თავისთავად მოცემულობასთან აიგივებს. ასეთი რწმენის მიხედვით, სიცოცხლისა და განვითარების, ცხოველქმედების ძალა ის ერთადერთი რეალობაა, რომლის მიღმაც არაფერი არსებობს…

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to გაზაფხულზე, სიცოცხლესა და უძველეს ღმერთებზე

  1. osssisssg says:

    უწვალია ავტორს, მაგრამ მაინც სუსტი შედარებებია :)))

  2. gogi says:

    სკნელი კოსმოსია უფრო და ბორჯღალოები გალაქტიკების ფორმებია, რომელსაც ,,ღვთაებრივ” ნიშნებს უწოდებდნენ ხალხურ ყოფაში. ქართულ ენაში უამრავი სახელწოდება და ტერმინია სადაც ჩანს არქეოასტრონომიული ცოდნის კვალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s