სოფოს პოლიგნოსიელის ამხდარი წინასწარმეტყველება


,,და დაფარა ზეცა მუნ ქუდმან ყოველთა ბაკალავთა ასროლილმან და მოვიდეს იგი წვიმასავით” _ ვკითხულობთ ნეტარი სოფოს პოლიგნოსიელის ჩანაწერებში, რომელიც 1918 წელს გამოცემულ პოპულარულ წინასწარმეტყველებათა ხუთტომეულის პირველსავე ტომშია მოცემული. წინასწარმეტყველებების ტრფიალი არ ვარ მაგრამ დღეს ჩემი თვალით გავხდი მოწმე თუ როგორ განხორციელდა ნეტარი სოფოსის ხილვა და ,,აღორძინდა ცოდნის ნათლის ტრფიალი მათ გონებას შიგან, ვისაც იგი არ მისცეს და დაუხშვეს გზა მასთან მისავალი.”ეს ყველაფერი კი მაშინ ვიხილე, როცა მე და ჩემი მეგობარი ხატია (პინგვინეთის სტუმრები მას უკვე კარგად იცნობენ)უნივერსიტეტის გავლით ,,გუდფუდის” შენობისაკენ მივემართებოდით რომ რომ ჩვენი ბაკალავრის მანტიები და ქუდები ჩაგვებარებინა. პირველი კორპუსის (ლამის 3 წელი რომაა რაც რემონტდება) წინ მანტიებით მოსილ სტუდენტებს მოეყარათ თავი და ჩვენი პრემიერის ომახიანი ხმა რომ არა, რომელიმე შუასაუკუნეების კეთილშობილი სასწავლებლის სასიამოვნო ასოციაცია დაგეუფლებოდათ. პრემიერი შემაღლებულზე იდგა და სიტყვებად იღვრებოდა _ მისი ნაუბარი ჰაერს კვეთდა, ვიბრირებდა და მსმენელთა გულებს იპრობდა. ჩვენ კუდამოძუებული ძაღლებივით მივიძურწებოდით და ვწუწუნებდით (ძირითადად მე ვწუწუნებდი–ხატია მოთმინებით მისმენდა). უკვე ცხელოდა. უნივერსიტეტის ეზოში არსებული 3 ნეტარი ფანტანიდან არცერთი არ მუშაობდა _ აი რატო? რის გამო? რატომ არ უნდა მქონდეს საკუთარ უნივერსიტეტში საკუთარ გამოსაშვებ საღამოზე მანტიის მოსხმის ხალისი… ამას უნდა ვუსმინო? _ წუწუნ წუწუნით ვაგრძელებდით ფანტანიდან ფანტანამდე გზას სანამ არ აღმოვაჩინეთ რომ, ყველა უდაბნოსავით უწყლო და უმოქმედო იყო. ხატიას დედაუნივერსიტეტის წიაღში ჩადგმულ წითელ კოკაკოლის მაცივარზე მივუთითე. ერთი კოკაკოლა შესასვლელში დაუდგიათ, მეორე ეკლესიისკენ და სამივე ფანტანიც უმოწყალოდ დაუდუმებიათ. ვივა აკადემ… კი არა და კაპიტალისმო ბრუტალ. _არადა გუშინ ხო მოდიოდა წყალი მშვენივრად _ ვთქვი დანანებით.
ახლა სიუჟეტი აქ დროებით გავყინოთ და ერთი დღით უკან გადავინაცვლოთ – მე, ხატიას და ჩვენს ერთ მეგობარს მანტიები ლამის აღფრთოვანებულებს გამოგვაქვს, სახლამდე ვერ ვითმენთ და გზაში ვისინჯებთ, მერე ისევ ვკეცავთ, ვშლით, ვიცვამთ, ვკეცავთ… მოკლედ ჭკუაზე აღარ ვართ ისე გვიხარია რომ ბაკალავრის მანტიები გვაქ, გულში ვივა აკადემიას ვღიღინებთ და ჩვენ ახალ რექტორს ვლოცავთ. საუნივერსიტეტო განათლების სიმბოლოა _ წამოიყვირებს ნადია, _ქუდს ოქროსფერი ფოჩები უფრო დაამშვენებდა _ გამოვთქვამ ჩემს მოკრძალებულ აზრს _ ოქროსფერი ჭავჭავაძელებს აქვთ და… _ განმარტავს მეგობარი. _აა, ლურჯიც ძალიან ლამაზია, ნეტა ერთი. თან ლოგოს ფერებშია, რა ლამაზი ლოგო გვაქვს თსუ–ს _ არ ვიტეხ იხტიბარს. საღამოს შინ მოვდივარ თუ არა მანტიას სარკის წინ ვისინჯებ, ხელში წიგნებს ვიჭერ და ვცდილობ ჭკვიანური სახე მივიღო, ან მეცადინეობით დაღლილი მაინც. ბედნიერი ვარ _ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი ვარ ქალი და ხვალ გამოსაშვები საღამო მაქვს. ზოგი ჩვენი მეგობარი საღამოზე არ მოდის _ არ ჯერა რო თსუ–ს ვუყვარვართ, მე და ხატია წასვლას ვაპირებთ… სანამ სავსებით მოსალოდნელ ინფორმაციას არ ვაწყდებით საინფორმაციო სააგენტოს საიტზე, რომ ჩვენ გამოსაშვებ საღამოზე პრემიერმინისტრი ნიკა გილაური უნდა მოვიდეს. _ (ოოო…წარმოვიდგინეთ, ჯერ გილაური, მერე შაშკინი, მერე რექტორი_ შააშკინი და რექტორი ცხადია უნდა გამოვიდნენ, მაგრამ მერე შეიძლება თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძეც გამოვიდეს სიტყვით ბარემ და ,,უმაღლესი განათლების” მიღება მოგვილოცოს _ გაგვაჟრიალა.) ომგ. ქვეყანაში სადაც განათლებაზე მშპ–ს მხოლოდ 2.4% იხარჯება (შეადარე დანია 7%, შვედეთი 6.9%, კვიპროსი 7.8%, პორტუგალია 6%, პოლონეთი 5.8% და ა.შ), ქვეყანაში სადაც განათლება და მეცნიერება ნაკლებ პრიორიტეტულია ვიდრე ტურიზმი, ქვეყანაში სადაც ცოდნის პროპაგანდას სამხედრო პროპაგანდა აჭარბებს, ქვეყანაში სადაც სამეცნიერო ლაბორატორიები თითქმის არ არსებობს და რაც საბჭოთა დროიდან მოყოლებული არსებობდა ის ლაბორატორიებიც დაიშალა უგულისყურობის გამო და სახელმწიფოს ეს ცალ ფეხზე კიდია(კონცერტი აქ პიაცაზე გასამართი ტურისტების მოსაზიდად და მტრის გულზე გასახეთქად), ქვეყანაში სადაც საუნივერსიტეტო განათლება ლამის კოლეჯის დონეზე დაიყვანონ ჩვენთვის განათლების მიღება უნდა მოელოცა ადამიანს, რომელიც იმ სახელისუფლებო ჯგუფს წარმოადგენს, რომლის სტრატეგიული პოლიტიკაც განათლების უფლებას და

დააკვირდით კამერებსა და ჟურნალისტების განლაგებას _ ბაკალავრები რეალობის ფარდას მიღმა არიან

შესაძლებლობას გვიზღუდავს. თავისთავად პრემიერის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის დამთავრების მილოცვა სავსებით ლოგიკური და მოსაწონი საქციელიც კია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბაკალავრებთან გამოსვლა უბრალოდ ყველა ტელევიზიით რეკლამირების საშუალება და სრული ფარსი იყო _ პრემიერი ხომ იმ თავრობის წარმომადგენელია, რომლის პოლიტიკის გამოც გაძვალტყავებულ ქვეყანაში სწავლის ხარისხის დაცემის პარალელურად საფასური 2500 ლარამდე გაიზარდა და რომლის პოლიტიკაც ყოველწლიურად ამცირებს სწავლაზე გაცემული სახელმწიფო გრანტების ოდენობას, რომელიც ამ ბაკალავრებიდან, დღეს რო პრემიერმა ,,მომავალი თვქენ უნდა აშენოთ” უძახა, მთელი ქვეყნის სხვა ყველა სხვა ბაკალავრთან ერთად მხოლოდ 88 ადამიანს აძლევს მაგისტრატურაში სწავლის უფასოდ გაგრძელების საშუალებას. დღეს რომ საქართველო რომელიმე უმოწყალო დამპყრობელს ეპყრას, აღარ მაღმად ხანი გინდათ თემურ ლენგი, მურვან ყრუ თუ ჯალალედდინი, თავს დავდებ, 88 კაცს ეგენიც დააფინანსებდნენ _ შანსი არაა ამაზე ცოტა ექნათ. ჰოდა მე, კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების ვერმოპოვების შემთხვევაში სამაგისტრო განათლების გარეშე დავრჩები რაც არ უნდა მინდოდეს სწავლა(ძალიან ძვირია და ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მაქვს), ვერ მივიღებდი სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მოლოცვას, რომელიც ასე მიუღწევადს ხდის ჩემთვის განათლებას.
ახლა ისევ იქ დავბრუნდეთ, სადაც ასე მოუხეშავად შევწყვიტეთ სიუჟეტი _ უთენია მივდივართ მე და ხატია წუწუნ წუწუნით ქუდების და მანტიების ჩასაბარებლად წინა ღამის გადაწყვეტილებისამებრ. გზაში რამდენიმე სურათის გადაღებას ვასწრებ… უკან დაბრუნებულებს ნაცმნობ სტუდენტებს ვხვდებით და სანამ მათ ვებაასებით გულისწყვეტით ვამჩნევთ რომ ახლა უფრო საუნივერსიტეტო გარემოა _ პრემიერი ნაცვლად რექტორი გამოდის სიტყვით. მერე ბაკალავრები ქუდებს ისვრიან, ციდან კიდე ანგელოზები ეშვებიან და ყვავილების გირლიანდები, ვარსკვლავები და ზეციური სინათლის გამომხატველი ბრჭყვიალა ქაღალდები ცვივა. მერე რექტორმა ვიღაცების სახელები და გვარები გამოაცხადა _ თურმე უმაღლესი ჯი პი ეი–ს მქონე სტუდენტების(ანუ ყველაზე მაღალი ქულები ვინც მოაგროვა მთელი 4 წლის განმავლობაში), _ხატია ნადარაიაო, ისმა ხმა _ ყურმა არ მოგვატყუა და ჩემი მეგობარი ხატიაც ამ წარჩინებულ სტუდენტთა შორის ამოიკითხეს, რომლებიც ახლა ,,კვარცხლბეკზე” ადიოდნენ და სერთიფიკატებით ჯილდოვდებოდნენ. თვალებიც დავაბრიალე და მუჯლუგუნებიც ვკარი ხატიას მაგრამ არაფერი _ ფეხი ვერ მოვაცვლევინე. არ მოინდომა ეს პომპეზური და ფარსი დაჯილდოება მიეღო მისი 4 წლიანი შრომის და სწავლის ვითომდასაფასებლად, რაც დაახლოებით იგივეა უწყლობით გატანჯულ ხეს რომ იმიტირებული გამოსახულებით მორწყავ (თუ ასეთი რამე საერთოდ შესაძლებელია). _თურმე რაზე მირეკავდა გუშინ პიარის სამსახურიო ჩაიბუზღუნა და ოდნავი ჭოჭმანი მაშინ დაეტყო მე რომ ვუთხარი, გოგო სერთიფიკატებთან ერთად რამეს აძლევენ ალბათ უთუოდ, წიგნის მაღაზიის ლიმიტს ან რამე ეგეთს გაჩუქებენ როგორც წესითქო _ წიგნის მაღაზიის ლიმიტი ძალიან მაცდური აღმოჩნდა მაგრამ მაინც გაუძლო ხატიამ. საღამოს კი ფეისბუქზე დამიწერა: ,,გოგო საბოლოოდ ჩამოემყარა ყურები _ შენ რომ თქვი წიგნის მაღაზიის ბარათს მაინც მოგცემენო, უნივერსიტეტის პიარმა დამირეკა და რატო არამოეთერი იქო, მოდი და წაიღე შენი ”ფურცელიო”. ”სერთიფიკატი რა ” :(”
აი, ასეთი იყო ჩვენი ამბავი და ასე ახდა ნეტარი სოფოს პოლიგნოსიელის წინასწარმეტყველება, ანუ ,,აღორძინდა ცოდნის ნათლის ტრფიალი მათ გონებას შიგან, ვისაც იგი არ მისცეს და დაუხშვეს გზა მასთან მისავალი.”

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to სოფოს პოლიგნოსიელის ამხდარი წინასწარმეტყველება

  1. lasha says:

    ხატია❤

  2. თსუ სავაჭრო პალატად იქცა?!

  3. კაი იყო, მარა სახელმწიფო 1000 მაგისტრს აფინანსებს :დ

  4. chankotadze says:

    @Bimurza Dadeshqeliani-Afrasidze
    სამწუხაროდ არის ეგეთი ტენდენციაც და მაგ ტენდენციის ხარდამჭერი ჯგუფებიც (ზოგადად, განათლების განხილვა ნეოლიბერალურ პლანში განათლების პამიდორივით გაყიდვას გულისხმობს, აბა რაა)

    @Mari Akhsiashvili
    ? ამას ვინ მიმალავდა არ შემშალოთ. ეგ რომ სიმართლე იყოს საჯარო ბოდიშს მოვიხდიდი სასოწარკვეთილებისთვის მარა მაგისტრანტს კი არა მაგდენს ბაკალავრსაც არ აფინანსებენ :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s