ალუბლის ღვეზელები და პროვინციული ქალაქის ხიბლი


ვაშინგტონის შტატის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, ნაძვებისა და ნისლების სამფლობელოში გამოგონილი ქალაქი ტვინ პიკსი მდებარეობს და ამ ქალაქის ცხოვრების გარკვეულ ეტაპს მსოფლიოში საუკეთესო სერიალი აღწერს.ქალაქში ცხოვრება დუნეა და მოვლენები პროვინციული მასშტაბის, ანუ ისეთ დიდ და თან ლოკალურ მნიშვნელობას ატარებენ როგორსაც მხოლოდ ჩაკეტილ პროვინციულ გარემოში და ფოლკნერის რომანებში შეხვდებით.

კამერის ობიექტივში ექცევა კოლეჯი, სასტუმრო გრეით ნოტერნი, ედის (რომელიც ცალთვალა ნადინის ქმარია) ბენზინგასამართი სადგური, შერიფის ოფისი, ნორმას კაფე და სხვა შენობები, სადაც მოქმედება ვითარდება, ტვინ პიქსის მცხოვრებლები ერთმანეთს ხვდებიან, ინტრიგებს ხლართავენ, უხარიათ, ეშინიათ თუ სასოწარკვეთილება იპყრობთ. აქ არის ყველაფერი, რაც პროვინციულ ამერიკულ ქალაქებზე გადაღებულ ფილმებში გატკბობთ – ადგილობრივი ლამაზმანები და დიდ მოვლენებად ქცეული წვეულებები, ,,სასიყვარულო მოწვევა”–სერიალი რომელსაც ტვინპიკსელი დიასახლისები უყურებენ, შეყვარებული წყვილები, გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭები,რესპექტაბელური მშობლები, ხის ავეჯიანი ამერიკული კაფეები, ჯემიანი ღვეზელები და უამრავი კურიოზული პერსონაჟი, თითქოს შაბლონური, მაგრამ განუმეორებელი სახეები.
სერიალის სიუჟეტი ახალგაზრდა და ყველასთვის საყვარელი ლორა პალმერის მკვლელობის გამოძიებაზეა აგებული. მკვლელობის გამოსაძიებლად ქალაქში FBI-ის აგენტი, დეილ კუპერი ჩამოდის რომელიც ერთობ მგრძნობიარე და ესთეტური ნატურის პატრონია, ყოველ 15 წუთში აღფრთოვანებას გამოხატავს ტვინ პიკსის ფლორისადმი, თვალდახუჭული მიირთმევს ყავას რომ მისი დიდებული არომატი სრულიად შეიგრძნოს და ჭკუას კარგავს ალუბლის ღვეზელებზე, რომელსაც ტვინ პიკსში აცხობენ. ამას გარდა ეს დიდებული პერსონა დაჯილდოვებულია ფრიად რომანტიკული ბუნებით, ინგლისელი ჯენტლმენის შესაფერი ზრდილობით და კრიტიკულ სიტუაციებში ისე ღირსეულად გამოიყურება, გული არ მოგითენთ არ შეიყვაროთ (ყოველ შემთხვევაში, მე არ მომითმინა).
აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი შერიფის განყოფილების მთელი გენიალური შემადგენლობა _ შერიფი ტრუმანი, გულუბყვილო ვაჟკაცობისა და მაღალი ზნეობის კოვბოური ვარიანტი, მისტიკური გამოხედვის ინდიელი, წოწოლა პოლიციელი _ ენდი, რომელიც ყოველი გვამის აღმოჩენაზე ტირილით კვდება და უყვარს მათი მდივანი ლუსი _ ლუსის დაახოლებით მერვეკლასელის აზროვნება აქვს მაგრამ საქმეში გულმოდგინეა და თავის უფროსობას ყავითა და ღვეზელებით პერმანენტულად ამარაგებს.

,,შერიფის აპარატი''

ტვინ პიქსში ყველა პერსონაჟი კოლორიტულია, შეშლილი კეტრინიდან დაწყებული, ხელში შვილივით აყვანილ ხის მორს რომ დაატარებს და ელაპარაკება, ცხონებული ლორა პალმერის ემოციური დაქალით, დონა ჰეივარდით დამთავრებული, რომელსაც თავის მხრივ სიგიჟემდე უყვარს ბიჭი რომელსაც ასევე თავის მხრივ ცხონებული ლორა პალმერი უყვარდა (სერიალია რა <3). სიტუაციები ერთდროულად კომიკური და დრამატულია და იმის მიუხედავად რომ სერიალში ზებუნებრივი, აუხსნელი მოვლენები ხდება, ის მაინც დოკუმენტურად ასახავს ცხოვრებას.
ყველაზე მიმზიდველი ტვინ პიქსში იმ ჯადოსნური წრის შექმნაა, რომლისთვისაც აუცილებელია ყველა ყველას იცნობდეს, როცა გარკვეული რაოდენობის ადამიანებს შორის იკეტება სამყარო და ყველა მოქმედება მათ შორის ვითარდება. ჩაკეტილი, დანარჩენი სამყაროს შემოჭრისგან დაცული სივრცე ონტოლოგიური უსაფრთხოების გარანტიას აჩენს ადამიანის მოწყვლად ფსიქიკაში და მშობლიურ გარემოდ აღიქმება. ასეთი სივრცეები ფორმირდება საზაფხულო ბანაკებში, სკოლის უფროს კლასებში, პატარა პროვინციულ ქალაქებში, სექტებში და ა.შ. ასევე წიგნებსა და ფილმებშიც _ იმ იშვიათ შემთხვევებში როცა ავტორებს ნიჭიერება ყოფნით ჰერმეტული, დაცული სამყაროს, ჩაკეტილი წრის შესაქმნელად. ჰოდა, როგორც ჰარი პოტერს, ბეჭდების მბრძანებელს თუ მარტოობის ას წელიწადს, ტვინ პიკსსაც უამრავი ფანი ყავს, რომლებსაც აღარ უნდათ ამ თბილი და დედის საშოსავით ნაცნობი სამყაროს მიტოვება, ყოველწლიურად ტვინ პიკსის ფესტივალებს აწყობენ, ტვინ პიკსისადმი მიძღვნილ ფორუმებზე ღამეებს ათენებენ და იმ ადგილების მოსანახულებლადაც მიეშურებიან ხოლმე სადაც 20 წლის წინ დევიდ ლინჩი და მარკ ფროსტი ამ დიდებულ სატელევიზიო დრამას იღებდნენ.
სერიალი 90-იანების ჰიტი გახდა ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თუ რამდენიმე თავისუფალი დღე გაქვთ, ისე რომ ტვინ პიკსის ყურებამ მნიშვნელოვან საქმეებს არ მოგწყვიტოთ (თქვენ ნებისყოფაზე არ იქნება დამოკიდებული), მაშინ თავად შეაფასეთ საუკუნის სერიალი. მანამდე კი ჯული კრუზის სულშიჩამწვდომ ხმას გთავაზობთ, რომელიც ტვინ პიკსს ხავერდოვან ნოტად გასდევს.

This entry was posted in კინო and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ალუბლის ღვეზელები და პროვინციული ქალაქის ხიბლი

  1. spamwriters says:

    კარგი რამეა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s