კულტურა და თვითმკვლელობა

10 სექტემბერს მსოფლიომ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნა(თურმე!). თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ რომელ ქვეყანაში რა მოქმედებებით აღნიშნავენ ამ დღეს _ ვინ დემონსტრაციას აწყობს, ვინ სემინარს და ვინ სალონურ–ელიტისტურ საღამოებს. იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეს დღე წელს უნდა აღენიშნათ სამწუხაროდ საქართველო არაა. მემგონი განსაკუთრებულ მწუხარებადაც არ ღირს კაცმა რომ თქვას, მაგრამ ცოტა ადრე რომ მცოდნოდა ჩვენი სამშობლოს სახელით შევუერთდებოდი ამ საერთაშორისო აქციას _ ჩემს სუიციდზე წუწუნისკენ მიდრეკილ მეგობარს მტკვრის პირას დავაყენებდი და ავუხსნიდი რა ბინძურია მტკვარი, რამდენ საშინელ მიკრობს და ფეკალიას შეიცავს და რაკი თვითმკვლელობის ერთადერთ რომანტიკულ გზას ხიდიდან გადახტომა წარმოადგენს (თან უთუოდ გალაქტიონის ან მეტეხის ხიდიდან), მას საბოლოოდ მოვუსპობდი თვითმკვლელობაზე წუწუნის საბაბს.
ხუმრობის მიღმა: კარგია ასეთი დღეები რომ არსებობს, მაგრამ დიდი ვერაფერი შეღავათია, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ბლოგერებს და საინფორმაციო სააგენტოებს დღის დამატებითი თემა გამოუჩნდებათ, ენჯეოშნიკებს კი ივენთის პონტი _ მეტი არაფერი! თანამედროვე ცივილიზაციაში, როცა მომხმარებლური ისტერიკა და კომერციული ბუმი მთლიანად იპყრობს ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფეროს, თვითმკვლელობის პრობლემისადმი მიძღვნილ 20 კაციან სემინარებს და ფეიერვერკებიან საღამოებს ჩიპსის წონა აქვს.

თვითმკვლელობის მოვლენას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იცნობს. პირველი თვითმკვლელები ალბათ მაშინ გაჩნდნენ როცა გაჩნდა ძალაუფლება, პრესტიჟი, სოციალური ურთიერთობები, როცა პირველმა ბელადებმა დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება… საუკუნეების განვმავლობაში ადამიანები მიიჩნევდნენ რომ თვითმკვლელობა რაიმე გარეშე ძალის ზემოქმედებით ხდება, მაგ. ეშმაკის ჩაგონებითა და ცდუნებით _ავი სულების მეცადინეობით, ან პირიქით, ღმერთთან წილნაყარობის მაცნეა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მთლიანად მისტიკურ საბურველში იყო გახვეული და არავის მოფიქრებია მისი მიზეზი ადამიაურ ბუნებაში ეძებნა. პირველი მეცნიერი, რომელმაც თვითმკველობის სოციალური ბუნება აღმოაჩინა ფრანგი კლასიკოსი სოციოლოგი, ემილ დიურკემი იყო.

დიურკემმა შეისწავლა თვმკვლელობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები და აღმოაჩინა სხვადასხვა კანონზომიერები: თვითმკვლელობების რიცხვი ქალაქში უფრო მაღალია ვიდრე სოფელში, მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში,მოხუცებში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში და ა.შ. დიურკემმა მოძებნა ის მახასიათებელი, რომელიც საერთო იყო ყველა თვითმკვლელობის მაღალი ხარისხის მატარებელი სოციალური ჯგუფისთვის_ქალაქელებისთვის, კაცებისთვის, მოხუცებისთვის, ქვრივებისა და დაუქორწინებლებისთვის _ და ეს მახასიათებელი აღმოჩნდა სოციალიზაციის ხარისხი. ყველა ამ ადამიანებს გამოარჩევდა სოციალიზაციის დაბალი დონე: ქალაქში ადამიანები მთლიანად დაკავებული არიან თავიანთი საქმიანობით, აქვთ მკაცრად გაწერილი რეჟიმი, სოციალური ურთიერთოები ქალაქში მეტადფორმალური და გაშუალებულია. ოჯახის წევრებს შორისაც კი ნაკლები ინტერაქციაა ვიდრე სოფელში. მაღალი რისკჯგუფი აღმოჩნდა მამაკაცები, რაკი უფრო მეტს მუშაობენ (ნუ, დიურკემის ეპოქაში, ანუ XIX საუკუნეში ასე იყო) ვიდრე ქალები და აღარ რჩებათ დრო სოციალური ურთიერთობებისთვის. მოხუცებისთვისაც _ აღარ არსებობს ძველი სოციალური ურთიერთობები, მათ ადგილას კი სიცარიელეა. დაუქორწინებლებიც განიცდიან ადამიანური ურთიერთობის დეფიციტს _ ერთი სიტყვით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მეტი მიზეზი აქვთ თავი მარტოსულად იგრძნონ. ამიტომაც, დიურკემმა დაასკვნა, რომ მათ თვითმკვლელობას სოციალური სარჩული აქვს. მართალია, მარტოსულობა ადამიანის შინაგანი განცდაა, მაგრამ ადამიანს ის თავისი ბუნებიდან გამომდინარე კი არ უჩნდება, არამედ მისი გაჩენა გარემოზეა დამოკიდებული.
მარტოსულობის გარდა სხვა სოციალური მოვლენებიც შეიძლება იყოს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი. ამის მიხედვით დიურკემმა თვითმკვლელობების ტიპოლოგია მოახდინა და ოთხი კატეგორია გამოყო:

1. ეგოისტური
2. ალტრუისტული
3. ანომიური
4. ფატალისტური

მარტოსულობის გრძნობით გამოწვეული თვითმკვლელობა სწორედ ეგოისტურ კატეგორიას მიეკუთვნება. ეგოისტური თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზი არის სოციალურ კავშირთა რღვევა. მიზეზი შეიძლება იყოს ასევე უკიდურესი ინდივიდუალიზმი. მაგ. სელინჯერის ერთ-ერთი მოთხრობის, ,,ბანანა თევზის ამინდის ‘’ გმირი _ სიმორ გლასი_ თავს იკლავს თაფლობის თვეში. ის წარმატებულია, განათლებული, ლამაზი… უყვარს მომხიბვლელ ქალიშვილს, რომელიც ეს-ესაა შეირთო ცოლად. თვითმკვლელობამდე პატარა გოგონას ეთამაშება სიამოვნებით. მას საერთოდაც არ ემჩნევა სოციალურ ურთიერთობათა ნაკლებობას განიცდიდეს. საქმე იმაშია, რომ მას აღარ ჯერა ამ ურთიერთობების და სიყალბედ მიაჩნია_ის საკუთარი ნებით ამბობს უარს ადამიანთა შექმნილ სიცოცხლის სამყაროზე და ეცლება მას, რაკი არ სურს მისი ნაწილი გახდეს. ზოგადად, ეგოისტური თვითმკვლელობის ძირითადი განმსაზღვრელი არის ,,კოლექტიური უგრძნობლობა’’, ,,სოციალური სევდა’’.


ალტრუისტული თვითმკლელობა
დიურკემმა უწოდა თვითმკვლელობის ისეთ შემთხვევას, როდესაც პირიქით, ინდივიდი ,,ზედმეტადაა’’ ინტეგრირებული და იმდენად მაღალია ინტეგრაციის დონე, რომ იგი თავის დამოუკიდებლობას კარგავს. ასეთია მაგალითად ძველი ადათები (მაგ. ხარაკირი), მოხუცების, ავადმყოფების თვითმკვლელობა, მეუღლის სიკვდილის შემდეგ თვითმკვლელობა, ჰაკი აძბას თუ რომეოსა და ჯულიეტას თვითმკვლელობები.

ანომიური თვითმკვლელობები გამოწვეულია დიდი სახელმწიფოებრივი ძვრებით, ეკონომიკური კრიზისებით… ასეთ დროს წარმოიქმნება ერთგვარი მორალური ვაკუუმი, რადგან უვარგისია ძველი ნორმატივები, ძველი იერარქია ინგრევა, ახალი კი ჯერ არ არის შექმნილი. ასეთ დროს ინდივიდი ვეღარ გებულობს როგორ მოიქცეს, რის მიხედვით იმოქმედოს. ის კარგავს სოციალურ ძვრებთან შეგუების უნარს. თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაკი თამაშის წესები ვერ გაიგო და თავის მოკვლის გარდა აღარც არაფერი დარჩენია. ასეთი თვითმკვლელობები უფრო მეტად ვაჭრებსა და კომერსანტებშია გავრცელებული. ხშირად ყოფილა პრეცენდენტი, რომ გაკოტრებულ კომერსანტებს თავი მოუკლავთ.

ფატალისტური თვითმკვლელობის მიზეზი ხდება ხოლმე ჯგუფის მიერ ინდივიდის გაძლიერებული კონტროლი. ,,მას ჩადიან ადამიანები, რომელთა მომავალი უმოწყალოდ ამოგმანულია, ჩაკეტილია, რომელთა ვნებებიც მკაცრად შეზღუდულია დისციპლინით’’_წერს დიურკემი. მართლაც, რა დარჩენი ადამიანს თვითმკვლელობის გარდა თუკი თვითონ ვერ იქნება თავისი ცხოვრების განმგებელი და მარადიულ კონტროლს დაუწესებს ვინმე. ფატალისტური თვითმკვლელობის კლასიკური მაგალითია სოფია კოპოლას ,,ქალიშვილების თვითმკვლელობა’’, სადაც ნაჩვენებია როგორ იკლავს თავს ოთხი და, რომლებიც არ შეეგუენ მშობლების აკრძალვებს.

დიურკემისეული თვითმკვლელობის ანალიზი დღემდე აქტუალურია, თუმცა შეიცვალა მთელი რიგი ფაქტორები და რისკჯგუფებიც _ თვითმკვლელობა გაახალგაზრდავდა და გახშირდა. თუ ადრე ახალგაზრდული თვითმკვლელობის მოტივი წმინდა ვერტერული და სამიჯნურო იყო, დღეს ის იდენტობის პრობლემებსა და კულტურის კრიზისს უკავშირდება. კაპიტალისტურმა კულტურულმა ლოგიკამ ახალი იდენტობების, ცხოვრების ახალი წესის წარმოება მასშტაბურად, ორგანიზებულად და მიზანმიმართულად დაიწყო. XX საუკუნე ცვლილებების დაჩქარების ხანა იყო, XXI–ში კი ცვლილებები უბრალოდ ზებგერითი გახდა. მყისიერად შეიცვალა გარემო და ცხოვრების წესი,მაშინ როცა არ შეცვლილა ადამიანური მოთხოვნილებები, სამყარო უფრო და უფრო უცხოვდება ამ მოთხოვნილებებისგან და მათ უნივერსალურ ენაზე _ ფულის ენაზე თარგმნის. ნებისმიერი მიწიერი და ზეციერი სიკეთე თუ ჯოჯოხეთური უბედურება დღეს შეიძლება დოლარის ეკვივალენტში გაიზომოს _ თქვენ ადეკვატურად ვერ გამოხატავთ თქვენ მწუხარებას თუ იტყვით რომ საყვარელი სახლი დაგეწვათ, მაგრამ თუ უტყვით რომ მილიონდოლარად შეფასებული სახლი დაკარგეთ თქვენი გულისტკივილი დედამიწის 6–ვე მილიარდი მოსახლისთვის ნათელი გახდება. ამ მარტივ მექანიკაში იკარგება ადამიანური არსის უამრავი დეტალი, სიღრმე თუ სისუსტე და საბოლოოდ მასობრივი აპათიის მსოფლიო სურათს ვიღებთ. თვითმკვლელობა კი საპასუხო რეაქციაა გარემოზე_ სოციალური აქტი, უკანასკნელი სოციალური მოქმედება(ცხოველებში თვითმკვლელობა არ არსებობს_ცოცხალ ორგანიზმთაგან მხოლოდ ადამიანი ამბობს საკუთარი სურვილით უარს თავისი ბიოლოგიური კონსტიტუციის მორჩილებაზე და ანადგურებს საკუთარ ბიოკოდს).
მორგან სლეიდის და ალექს გროსის სურათი
ასე რომ, სულაც არაა გასაკვირი თვითმკვლელობის ფატალური გახშირება ბოლო ათწლეულებში. 2006 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომ ყოველწლიურად მილიონი ადამიანი იკლავს თავს, რაც მოკლულთა და ომში დაღუპულთა რიცხვს აჭარბებს. ყოველი 40 წამის განმავლობაში საშუალოდ 1 თვითმკვლელობა ხდება პლანეტაზე. ბოლო 45 წლის განმავლობაში კი თვითმკვლელობის სტატისტიკა 60%–ით გაიზარდა. ეს ეპიდემიაა, რომელიც პროგრესირებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნები თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი სტატისტიკით გამოირჩევიან, რაკი აქ საყოფაცხოვრებო პრობლემებს თან ერთვის რელიგიური წნეხი და პოლიტიკური კატაკლიზმების გავლენა. ყველა თქვენგანს, ვინც ამ პოსტს კითხულობთ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი თვითმკვლელი მაინც თქვენი სანაცნობოდან. მათ აუცილებლად ამტყუნებენ და ხშირად რაცხავენ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებად _ ეს შუასაუკუნეობრივი მიდგომაა და დემონების მიერ ჭკუაზე გადაყვანის თეორიის განვრცობას წარმოადგენს. ადამიანები თავს იმიტომ იკლავენ, რომ ადამიანური ცხოვრების საშუალება არ აქვთ და აღარც იციან სად უნდა ეძებონ ხსნა. ასე რომ, თვითმკვლელობის პრევენციის ნამდვილი საშუალება სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურის მოწესრიგება და ადამიანის ღირებულების პატივისცემაა მისი ეკონომიკურ ღირებულებაზე გადაყვანის გარეშე.

This entry was posted in სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to კულტურა და თვითმკვლელობა

  1. spamwriters says:

    სისულელეა თავის მოკვლა. კარმის და რეინკარნაციის კანონსაც თუ შევეხებით, ამ ყველაფრის თავიდნ გავლა მოგვიწევს. ეგეც არ იყოს, უამრავი გამოსავალი არსებობს, რომლითაც შეგიძლია თავი “გადაირჩინო”, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედათ. მთავარია გონება მეფობდეს და არა ემოციები. მაშინ ყველაფერი დალაგდება.

  2. salomeaa says:

    ანა ჩემო ავსულო, ჩემო ამოუცნობო ნატურალისტო შემთხვევით google-მა მომიყვანა შენს ბლოგზე, 3 წლის წინ დაწერილი პოსტის წასაკითხად:*

  3. chankotadze says:

    შეუცნობელი არს გზანი გუგლისანი :დ :*

  4. sofo says:

    დამეხმარეთ რა ხალხო.მაინტერესებს სად ფიქსირდება ანუ რომელ ქვეყანაში ყველაზე მეტი სუიციდის შემთხვევები ..მადლობთ წინასწარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s