მოხუცი რობინ გრეი (Herstory XVIII საუკუნიდან)

კეტრინ არნოს ნამუშევარი


,,ქალებს რომ მხოლოდ მამაკაცის დაწერილ რომანებში ეარსებათ, წარმოიდგენდით, რომ ისინი იყვნენ უმნიშვნელოვანესი და სხვადასხვაგვარნი: გმირები და სულით მდაბალნი; ბრწყინვალენი და ბინძურნი, უსაზღვროდ მშვენიერნი და უკიდურესად საზიზღარნი, მამაკაცივით დიდებულნი, ზოგის აზრით, უფრო დიდებულნიც. ასეთია ქალი ლიტერატურული პერსონაჟი. ცხოვრებაში კი… ქალს ოთახში კეტავდნენ, სცემდნენ და თმით ათრევდნენ.” _ წერს ვირჯინია ვულფი ,,საკუთარ ოთახში”, რომელიც ალბათ ყველაზე კარგი ესეია რაც ქალების მიმართ ინტელექტუალური ჩაგვრის შესახებ ოდესმე დაწერილა ან დაიწერება.
,,საკუთარი ოთახი” 1929 წელს გამოიცა. მას შემდეგ ლამის საუკუნე გავიდა, მაგრამ ქალების ინტელექტუალურ პოტენციალზე საუბრისას (თუ ასეთი საუბარი გქონიათ, დამეთანხმებით)რომელიმე თვითცენზორი ქალი ან გონებაზარმაცი მამაკაცი უთუოდ დასვამს თავისი აზრით გამანადგურებელ და უძლიერეს შეკითხვას _ თუ ქალებსაც ისეთივე ინტელექტუალური მონაცემები აქვთ, როგორც მამაკაცებს, რატომ არ არსებობენ ქალი მეცნიერები, ქალი მწერლები, ქალი კომპოზიტორები, ქალი მხატვრებიო და ა.შ. ამ შეკითხვის დასმის შემდეგ მამაკაცები ერთგვარ მორალურ კმაყოფილებას გრძნობენ და უკვე მზად არიან საკუთარი შენზე მაღალი ინტელექტულური პოტენციალით მოწყალებისა და მზრუნველობის კალთა გადაგაფარონ შენგან მათი აღიარების სანაცვლოდ, ქალები კი რაღაცნაირად ინაბებიან და საკუთარი მოწყვლადი მაგრამ ღირსეული მდგომარეობის სრული შეგნებით მზად არიან მამაკაცთა ,,გონებრივ ბიცეფსებს” მთელი ვნებით მინებდნენ. ნუ, თუ გაგიმართლათ და მოსაუბრე მხოლოდ კამათის გამო არ გეკამათებათ, მაშინ აზრი აქვს ისაუბროთ რატომ არ გვყავს მამაკაცების რაოდენობის პროპორცული რაოდენობის ქალი მეცნიერები, მწერლები და პოეტები. რომ არ გვყავს ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის ინტელექტუალი ქალებიც, რომლებმაც შეძლეს ბარიკადების გარღვევა და რაიმეს შესწავლა და გააზრება, უმეტესად დავიწყებული, იგნორირებულია კულტურის მიერ (ეს ტენდენცია აბსოლუტურია შუასაუკუნეებისთვის, ხოლო ნაწილობრივ დღემდე გრძელდება. იხ. სტატია ).
იმ ფონზე, როცა მამაკაცები აკეთებენ ფიზიკის აღმოჩენებს, ქმნიან სიმფონიებს, წერენ კანონებს და მკაცრად მეთვალყურეობენ მათ შესრულებას, აკვირდებიან ვარსკვლავებს, წერენ წიგნებს, ხელმძღვანელობენ განათლების პოლიტიკას და ზოგადად, ძერწავენ სამყაროს ხატს საკუთარი თვალთახედვის პრიზმიდან, ბუნებრივია რომ ქალი ამ ხატში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თვალში გაეჩხირა მამაკაცს. ჩვენ ისტორიიდან, ფერწერიდან თუ ლიტერატურიდან ვიცნობთ მკერდსავსე, ელვარეთვალებიან და გრაციოზულ ქალებს, სხეულის მოხდენილი პოზებითა და მხრებზე დაყრილი საუცხოო თმით _ ისინი ისტორიასა თუ ხელოვნების ნაწარმოებებს დეკორატიულად აფორმებენ და მამაკაცთა ბედნიერების დამატებითი კომპონენტები არიან. ვიცნობთ ყოვლად ამაზრზენ და შეუხედავ, სულმდაბალი, ვაჭრული გამომეტყველების ასაკოვან ქალებს, რომლებზეც შემოქმედი მამრები ჯავრობენ და ბონუსის სახით გვაქვს ასევე გმირების დედათა სახეები _ მშვიდი და გაწონასწორებული, კდემამოსული ხატება, როგორც ერთგვარი იდეალი მთელი სქესისთვის. ქალები ყოველთვის ,,გარედან”, შორიდან არიან ასახული მამაკაცების მიერ და ამ ასახვის მიზანი არის არა ქალის ცხოვრების აღწერა, არა მისგან ნაწარმოების გმირის შექმნა (როგორც ამას აკეთებენ მამრობითი პერსონაჟბის შემთხვევაში), არამედ ქალის, როგორც სასურველი, მისაბაძი ან საზარელი ობიექტის(და არა სუბიექტის) აღწერა(გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ გამონაკლისი წესს ადასტურებს). სულ ესაა ჭრილი, რომლის ფარგლებშიც ქალების არსებობა აისახა საუკუნეები მანძილზე. ამ ხვედრს ვერ ასცდნენ დიდგვაროვანი და ინტელექტუალი ქალებიც კი _ მათაც რომელიმე ზემოთჩამოთვლილი კატეგორია უნდა დაეკმაყოფილებინათ კულტურის მეხსიერებაში ადგილის მოსაპოვებლად.
ახლა კი წარმოიდგინეთ არა ინტელექტუალი, საშუალო წრის ზედა ფენიდან ან სულააც დიდგვაროვანი ოჯახიდან გამოსული ქალი, რომელსაც ბედმა ზოგად განათლებაზე მეტი ხელმისაწვდომობა მაინც არგუნა, არამედ ვინმე უბრალო გლეხის გოგო, რეცხვა–ხეხვით დაწითლებული ხელებითა და იაფფასიანი ქსოვილისგან შეკერილი მოუხეშავი კაბით, რომელიც მუამდღე ბოსტანსა და სამზარეულოში ტრიალებს, ხან თალგამს რგავს და ხან კვერებს აცხობს. რას წარმოადგენდა ასეთი ქალი საუკუნეების მიღმა? _ არაფერს. მისი ცხოვრებისადმი ისტორიაც, კულტურაც და რელიგიაც გულგრილია. ცივილიზაციის რეპროდუქციის ყველა ინსტიტუტი კარს ცხვირწინ უკეტავს და კულტურულის სივრცისგან გამოდევნილს საკუთარი ბილოგიური არსებობის ამარა ტოვებს. ის საოცრად მარტოა საკუთარ თავთან, პირად ტრაგედიასთან თუ სიხარულთან და კაციშვილი არ ეგულება გულღიად დალაპარაკება რომ შეეძლოს. საკუთარ თავში ამოხარშვა, დარდის და სიხარულის გულში ჩაკვლა და უსიტყვო მორჩილება კაცების შექმნილი სამყაროს კანონზომიერებების _ აი, ქალური ხვედრი, რომელსაც ძველი ბალადა, ,,მოხუცი რობინ გრეი” აღწერს.

              მოხუცი რობინ გრეი

              (ბალადა თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ, რომლის წყალობითაც ინგლისურენოვანი პოეზიის მრავალი დიდებული თარგმანი არსებობს ქართულად)

              როცა ცხვრები ბაკში წვანან
              და სახლის კარს ადევს კლიტე,
              სახლში ყველას სძინავს, ხოლო
              ზოგი სიზმარს ხედავს კიდეც,
              გულზე ერთად მომეშვება
              წუხილი და დარდი, ვიდრე
              ჩემი ჯემი ჩემთან წევს და
              თავი იმის მკლავზე მიდევს.

              მე ვუნდოდი ცოლად ჯემის,
              სწვავდა ტრფობა მხოლოდ ჩემი,
              მაგრამ, ერთი კრონის გარდა,
              არაფერი ჰქონდა ჯემის,
              კრონი ფუნტად რომ ექცია,
              გემს იმიტომ გაჰყვა მხოლოდ,
              ჩემთვის უნდა მოერთმია
              კრონიცა და ფუნტიც ბოლოს.

              თქვენს მტერსა და ჩემს მტერს, რაიც
              მერე ჯემის წასვლას მოჰყვა:
              მამამ მკლავი მოიტეხა,
              მიწამ პირი უყო ძროხას,
              დასნეულდა დედა დარდით,
              ობლად მეღა დავრჩი სახლში
              და მოხუცი რობინ გრეიც
              შემომიჩნდა სწორედ მაშინ.

              ვერ შეიძლო მამამ გარჯა,
              დედას ჯარა განზე დარჩა,
              მე ვწვალობდი, მაგრამ ერთი
              ქალის შრომა მაინც არ ჩანს,

              დატრიალდა რობინ გრეი,
              სახლს ახადა ლამის ჭერი _
              შენთვის ვიკლავ თავს და მხოლოდ
              შენ მწამხარო ჩემო ჯენი.

              ვერ გავცვლიდი ძვირფას ჯემის,
              შუბლი ცივად შევიკარი,
              მაგრამ გემი ზღვამ ჩაყლაპა, _
              მაშინ ატყდა შლეგი ქარი,
              ცოცხალს რაღა დაარჩენდა,
              ზღვა თუ გემზე მოდგა მწყრალი,
              არც მე გავჩნდი ტირილისთვის,
              ვაი ჩემი ცოდვის ბრალი!

              მოუხშირა მამამ ყვირილს,
              დაადუმა დედამ პირი,
              თან თვალებში მიყურებენ
              წამდაუწუმ _ ხომ არ ტირის…
              ჩემი ხელი გრეის ერგო,
              გული ჩემი დარჩა ზღვაში
              და მოხუცი რობინ გრეი
              ჩემი ქმარი გახდა მაშინ.

              ასე, ალბათ ორი კვირის
              ვიქნებოდი პატარძალი,
              ჩემთვის კართან მივჯექ _ გულში
              გადავასხი ღადარს წყალი,
              რომ მომადგა ჯემის სული,
              მაგრამ ვერ ვიცანი, სანამ
              არ მახარა: ,,აჰა, ფული,
              დავიწეროთ ჯვარი ჩქარა”!

              ჩავეხვიეთ ერთურთს ვნებით,
              გავიკრიფეთ ენად ორთავ,
              წადი–მეთქი, ბოლოს ხელი
              ვკარი, ანდა რა გზა მქონდა?

              მსურდა მიწა გამსკდომოდა,
              გავაყოლე შორით თვალი,
              მაგრამ არაფერი მკლავდა, _
              ვაი ჩემი ცოდვის ბრალი!

              ოჯახს ქალის ხელი უნდა,
              მე კი მომკლა სულის ხუთამ,
              ვერც ჯემიზე ვფიქრობ, რადგან
              ასეთი რამ ცოდვად უთქვამთ,
              ვცდილობ კარგი ცოლი ვიყო,
              შაქარივით დატკბა ჩემთან
              ეს მოხუცი რობინ გრეიც,
              ოღონდ ჯანი მისცეს ღმერთმა!

    საინტერესოა, რომ ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის გმირიც ქალია და თან დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელი, ასევე ქალი ავტორის კალამს ეკუთვნის და 1772 წლით თარიღდება. ბალადის ავტორი, შოტლანდიელი გრაფის ასული ლედი ანა ლინდსეი(მეუღლის გვარი _ ბერნარდი) ის შემთხვევაა, როცა ბრწყინვალე წარმოშობა და მატერიალური სიძლიერე ქალს საკუთარი უნარების შედარებით უკეთ გამოვლენის პირობებს უქმნიდა. რობინ გრეის ბალადა მან 22 წლის ასაკში დაწერა. წერა ბავშობიდანვე დაუწყია და 18 წლის ასაკში უკვე მრავალი კარგი ლექსის ავტორი იყო. ანა გათხოვების შემდეგ რამდენიმე წლით საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაშიც გადავიდა და მოგზაურობის ამსახველ ძალიან საინტერესო წერილებს წერდა, საერთოდ კი თავისი დროის სოციალ–კულტურული ცხოვრების თვალსაჩინო ფიგურა იყო.

    PS. რობინ გრეის ბალადა:

    This entry was posted in გენდერი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

    5 Responses to მოხუცი რობინ გრეი (Herstory XVIII საუკუნიდან)

    1. netochka3 says:

      ლედი ანა ლინდსეის :”მოხუცი რობინ გრეი” მეც ძალიან მიყვარს.შეუდარებელია გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი.
      – მოუხშირა მამამ ყვირილს,
      დაადუმა დედამ პირი,
      თან თვალებში მიყურებენ
      წამდაუწუმ _ ხომ არ ტირის…
      ჩემი ხელი გრეის ერგო,
      გული ჩემი დარჩა ზღვაში
      და მოხუცი რობინ გრეი
      ჩემი ქმარი გახდა მაშინ.

    2. Herman says:

      and what??? მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირად ჩავწვდი სტატიის ქვეტექსტს – დაუღალავად წუწუნებთ ქალების ჩაგრულობაზე და ამით იმართლებთ თავს? ძალიან უსუსური მაგალითები კი მოგყავთ ღმერთმანი :))) კაცობრიობის ისტორიას უამრავი “დიდებული ქალი” მმართველი, შემოქმედი და მეცნიერი ახსოვს და ის, რომ მხოლოდ ლინდსდეით და ვირჯინია ვულფით შემოიფარგლეთ, ცოტა უხერხულობას ქმნის. არაფერს ამბობთ კლეოპატრაზე, მერი შელიზე, ელიზაბეტინა ბრენტანოზე, მარია ბაშკირცევაზე, ანა ახმატოვაზე, ოლგა ბერჰოლცზე, ჰარიეტ ბიჩერ სთოუზე, შარლოტა და ემილია ბრონტეებზე (და საერთოდ, ინგლისურენოვანი ლიტერატურა სავსეა ქალბატონი შემოქმედებით), ეტელ ლილიან ვოინიჩზე, ემილი დიკინსონზე, აგათა კრისტიზე, სელმა ლაგერლიოფზე, ასტრიდ ლინდგრენზე, მარგარეტ მიტჩელზე, ჯეინ ოსტინზე, ფრანსუაზა საგანზე, ჟორჟ სანდზე (ბოლოს და ბოლოს!), საფოზე, მარინა ცვეტაევაზე, სილვია პლატზე და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ ასეთ ჩინებულ ქალბატონზე! უკაცრავად, მაგრამ ეს მხოლოდ პოზაა ტანჯული სქესისა და მეტი არაფერი! არაარგუმენტირებულია…
      P.S. ცვაიგზე აღარაფერს ვწერ და მის დამოკიდებულებაზე ქალბატონების მიმართ🙂 არც მარი კიურიზე დავწერ არაფერს…

    3. chankotadze says:

      Herman

      ოღონდ ამ პოსტთან რა შუაში იყო ახლა ეგ, შენ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩა რომ მე ქალებს ინტელექტუალურად ნაკლებ პროდუქტიულად მივიჩნევ და ბუნებას ან მამაღმერთს ვდებ ბრალს და ამის გამო ვწუწუნებ თუ რამე კიდე სხვა ვარიანტი წარმოიდგნე? :))

    4. Herman says:

      ჰო, რაღაც მაგდაგვარის შეგრძნება დამრჩა :))))

    5. chankotadze says:

      Herman
      არ ვიცი ღმერთმანი :დ ნამდვილად საპირისპიროდ ვთვლი და მთელი ცხოვრებაა ამის დამტკიცებას ვცდილობ. უბრალოდ, ისიც ფაქტია რომ ქალებს დღემდე უფრო შეზღუდული აქვთ რიგ მიზეზთა გამო ინტელექტუალური მოღვაწეობის შესაძლებლობა.

      ბიჭი ხარ ხომ? ალბათ იმფაქტმა გაგაღიზიანა, რომ ,,ბრალდებული” სქესად იგრძენი თავი… რაც ჩემი მიზანი, ცხადია, არ ყოფილა

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s