ქალური ნიშნავს ადამიანურს _ ვისლავა შიმბორსკა

მსუბუქად შეყვარებული გახლდით, როცა შემთხვევით გადავაწყდი პოლონელი პოეტის, ვისლავა შიმბორსკას ძალიან რომანტიკულ–სოციოლოგიურ პოეზიას. პოლიტიკური მსჯელობები, სოციოლოგიური განზოგადებები, კაცთმოყვარეობის ფილოსოფია და ქალური განცდები _ ასე დაიშალა ჩემი გონების პრიზმაში მისი შემოქმედება, თუმცა, ზემოთ უკვე ხსენებული ფაქტორის გავლენით ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, რა დასამალია და, სწორედ უკანასკნელმა მოცემულობამ მიიპყრო. შიმბორსკას ზოგ ლექსში ეს ე.წ. ,,ქალური განცდები” მართლა განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა. შიმბორსკას ლექსების ,,ქალურობა”, ცხადია, პატრიარქალური სტერეოტიპების შესაბამისი ,,ქალურობის” მსგავს შინაარსს არ ატარებს _ ეს, უბრალოდ, იმ მრავალფეროვნებისა და ემოციური თუ პიროვნული სიმდიდრის ხაზგასმაა, რაც ქალის ფსიქოსოციალურ სამყაროს ახასიათებს.
შიმბორსკას სოციომეტრული სიზუსტით აღწერს ქალის ინტიმურ შეგრძნებებსა და ემოციებს, რომელსაც მასში იწვევს გარესამყარო და გარესამყაროს ღერძი _ სასურველი ადამიანი_ ეს რაღაც პიროვნული სრულყოფის მისტერიაა თითქოს _ ადამიანად ფორმირების ყველაზე წმინდა გზა.
გუშინ, 1 თებერვალს კრაკოვში ვისლავა შიმბორსკა გარდაიცვალა. მისი მშვიდი და კაცთმოყვარე სულის პატივსაცემად პინგვინთა კუნძული თავის სტუმრებს შიმბორსკას ჩემ ხელთ არსებულ ერთერთ ,,ქალის შიდაანატომიურ” ლექსს გააცნობს.


ღვინის სმის დროს

(მიხეილ ქვლივიძის თარგმანი)

მხოლოდ შემხედე და სილამაზე შემმატე უცებ.
გამოგართვი, როგორც ჩემი კუთვნილი
და, ბედნიერს, ვარსკვლავი გადამცდა ყელში.
თავს უფლება მივეცი წარმომედგინა,
რომ ანარეკლი ვარ
შენს თვალებში დანახული.
ვცეკვავ, ვცეკვავ და გამეტებით მოძრაობს ჩემი ფეხები.
სუფრა _ სუფრაა, ღვინო _ ღვინოა
ჭიქაში, რომელიც ჭიქაა
და დგას, ჩეულებრივ, მაგიდაზე.
მე კი _ თავით ფეხებამდე გამოგონილი ვარ,
წარმოუდგენლად გამოგონილი,
იმდენად გამოგონილი,
რომ მეცინება ამაზე.
გესაუბრები რაზეც მინდა: ჭიანჭველებზე,
სიყვარულის გამო რომ კვდებიან
ბაბუაწვერას თანავარსკვლავედის ქვეშ,
გარწმუნებ, რომ თეთრი ვარდი ამღერდება,
ღვინოს თუ შეასხურებ.
ვიცინი, თავს ვხრი ფრთხილად,
თითქოს ქიმიური ცდის შედეგს ვამოწმებდე,
თან ვცეკვავ, ვცეკვავ ჩემს გაოცებულ კანში,
შენს მკლავებში, რომლებიც მეხვევიან და მქმნიან…
ევა _ ნეკნიდან, ვენერა _ ქაფიდან,
მინერვა _ იუპიტერის თავიდან,_
ისინი ჩემზე უფრო ნამდვილები იყვნენ.
როცა შენ არ მიყურებ
მე ჩემს ანარეკლს კედელზე ვეძებ
და მარტო ლურსმანს ვხედავ,
საიდანაც სურათი ჩამოხსნეს.

This entry was posted in პოეზია, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ქალური ნიშნავს ადამიანურს _ ვისლავა შიმბორსკა

  1. prodigycow ამბობს:

    სოციოლოგიური პოეზია პირველად მესმის.
    იმდენი რამის სოციოლოგიას ვსწავლობთ, ეგეც დაამატონ – პოეზიის სოციოლოგია 😀

  2. chankotadze ამბობს:

    პოეზიის სოციოლოგია კულტურის სოციოლოგიაში იქნება სადმე, ვინმე თავგამოდებული მოკიდებდა ხელს… სოციოლოგია კიდე თვად პოეზიაა ჩემთვის, ცოტა უხეში მეთოდებით ოღონდ, ამერიკელებისთის დაწერილი ინსტრუქციებივით არი :დდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s