Paint it black

პინგვინთა კუნძულის სტუმარია საინტერესო მწერალი _ ფორე ბალიაშვილი. ასე რომ, შეაფასეთ :))


ცხელა. შუბლზე ოფლის წვეთები ჩამომდის და თვალებისკენ მიცოცავს. სათვალის ყურები საფეთქელთან ჯებირს ქმნის და ოფლი მშვიდად გროვდება ჯებირის გასწვრივ. სათვალეს კანზე მაწებებს და ჩემში ტოვებს როგორც ნაცნობ სხეულს.
ნეტა აქ რაღა მინდა?! ამ ცხელსა და საშინლად ჩახუთულ ვარდისფერკედლებიან და ხატებისკუთხიან საკლასო ოთახში?!
პედაგოგები წყვილად უსხედან მაგიდებს და მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ.
ასაკის მიუხედავად მათი სხეულები არაბუნებრივად დეფორმირებულია. ტანსა და კისერს შორის, როგორც ჩანს, დიდი ხანია გაწყდა მეგობრობის ძაფი. თმები ყველას უცნაურად აქვს დამწვარი უხარისხო საღებავისგან. ვარცხნილობაც უცნაურია. ძირითადად ბიჭური მოკლე თმები, ყურებთან ნახევარმთვარის ფორმის რკალითა და კისერზე ჩამოშვებული ძიმა ბილანისეული დალალებით. თავზეც ოდნავ აფოფრილი, უფრო უხეიროდ დავარცხნილი ქოჩორი. ხელები გაუხეშებული აქვთ, თითქოს სახლის საძირკველი ჩაყარეს ან 20 კილოგრამი კაკალი გაარჩიეს. შეღებილი თმების ძირში ჭაღარა იას ამოუყვია თავი. მათი სამკაულები და ფეხსაცმელები ხასხასად გახუნებული და მტვრიანია. ჩაცმულობა – ჩვენებური, ზომაზე აცდენილი და მოდღლეზილი. მზერა – შეშინებული, მეტროსთან ნაყიდი მზა ნომრიანი სათვალეებიდან ჩამოღვრილი.
ყოველ სამ წუთში ერთხელ კედლისკენ მჯდომი პედაგოგი ისეთი ძალით ახველებს, მგონია გულ-ღვიძლს ამოიღებს და ახალი რეფორმების ფარგლებში შეძენილ პრიალა მერხებს წითელ-მოყავისფრო ჯიგარს დაანთხევს. ხველებაგაუთავებელ პედაგოგს ცალყურა სათვალე აქვს და კითხვისას ხელით იმაგრებს მოწყენილ ცხვირზე. მზერა პედაგოგების ფეხებისკენ გამირბის და ჩემი თვალები ვარიკოზული ვენების ფესტივალზე ხვდება. ფეხსაცმელებიდან კანი და სისხლძარღვები ლუდის ქაფივით გადმოდით, ოღონდ მკვდარი ხორცის ფერი აქვს. რომ არ ვარწყიო, მათ ჩანთებზე გადამაქვს მზერა. ჩანთები შავი ფერისაა, ყველა დერმატინის, ალაგ-ალაგ უხარისხო მეტალით გაწყობილი და დაპრანჭული. მათ შიგნით მომეჩვენა ძველებური, ცხვირმოყინული საწერი კალამი (ახლა ამ სიცხეში შეიძლება ადუღებულიც), რუმიანა, პომადა და საფულე, რომელიც ცარიელია. იაფფასიანი სუნამოს სუნი დგას ოთახში.
დავალებას ჩუმად წერენ. მე ვარ მათთან. იციან საიდანაც ვარ.
დავალების წაკითხვის დროს ყველა ერთად საუბრობს. ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ და მწვრთნელის თვალში კარგი გოგონები გამოჩნდნენ. ნეტა როგორები იყვნენ 30 წლის წინ, როგორი სხეული ჰქონდათ, როგორი მკერდი და ფეხები?! როგორი სექსი, ან საერთოდ თუ ჰქონდათ. მაგრამ თუ არც, არაფერი უშავს, ცხოვრება ისედაც გვტყნავს.
მწვრთნელიც ჩვენიანია. ამ დედამიწელი. ამ ნახალოვკელი. ქართველი და უგემოვნოდ გაპრანჭული. პედაგოგებს მიმართავს, რომ ზუსტად იმ ამოცანებს აკეთებინებს მათ, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე მოდის ხოლმე. „ოღონდ მართლა“ – აყოლებს ის და ჩამქრალი თვალებით ხმარობს სხვადასხვა ტერმინებს: ბრეინ შტორმინგი, ინტერაქტიული მეთოდები, მასლოუს პირამიდა, კოლბერგის მორალური… პედაგოგების თვალებს ვერ ვხედავ, მათ ზურგს უკან ვზივარ, მაგრამ კეფაზე ვატყობ, რომ ვერაფერი გაიგეს. მაციებს და ოფლი მასხამს. ტრენერი ამბობს, რომ ესეს დაწერისას პედაგოგებმა არ უნდა გამოიყენონ თანამედროვე პოლიტიკოსების სახელები და გვარები. ამაზე ერთი არცთუ ისე ურიგოდ ულვაშებიანი ქალბატონი პედაგოგი სიცილით პასუხობს და თან აქეთ იქით იყურება: „მარაა ქა, დაგვაპატიმრებენ ეგ რო ვქნათ…“
ერთი პედაგოგი, აბრეშუმისპერანგა, შესვენებას ითხოვს, რომ რამე შეჭამოს. ნაღველი აწუხებს, ირკვევა. მეორეს ცხელა და ფანჯრის გაღება სურს, ხოლო მესამეს, თეთრპერანგიანსა და შავლიფიანს, გაციების ეშინია და სულ ახლახანს გაღებული ფანჯრის დახურვას ლამობს. ორი პედაგოგი ჩემკენ ტრიალდება და უცნაური, ოდნავ პაკაზუხურჩმორული ღიმილით მეუბნება, რომ მიცნობს. არ ვიცი რა ვუთხრა. მშვენიერი ყაყანია. ყაყანი აცხუნებს ოთახს. მთელი სხეული მექავება. ყელში მტკივნეული ბურთულები მაქვს გაჩხერილი. მინდა ხელი ჩავიყო მუცელში და ყველაზე ღრმად მოვიფხანო შიგნეულობა. ჩემს თვალებში კადრები ჩნდება საინფორმაციო გამოშვებებიდან. კადრები ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციაზე, დემოკრატიზაციაზე, თავისუფლებაზე, კანონის უზაენაესობაზე, განათლებაზე. თვალებს ვხუჭავ და ვისრეს მაგრად. მინდა გავექცე ამ ყველაფერს. დაუსრულებლად ვირბინო და უკან აღარასდროს მოვიხედო.
შლეგივით ვდგები, ვიღებ ჩემს ფურცლებს, მე ხომ აქ პედაგოგების გადამზადებისთვის უნდა მედევნებინა თვალი, და ოთახიდან გიჟივით გამოვრბივარ. იმ ორი პედაგოგის ხმა მესმის, ორი წუთის წინ რომ შემომცინეს: „ასეთი ლაწირაკები უნდა მუშაობდნენ?!“
ოთხი სართულის კიბეებს სინათლის სიჩქარით ჩამოვრბივარ და ქუჩაში გავდივარ. შავი ფერის უფალო შეგვიწყალეს სტიკერიანი ჯიპი, რომელსაც მსუქანი და მობილურზე მიწებებული ბიძია მართავს, მარტყამს და ტვინს მასხმევინებს ახლადდაგებულ ასფალტზე. სიკვდილის წინ თვალწინ მთელი ცხოვრება გაგირბენსო, ეგ ტყუილი ყოფილა…
მწვრთნელს ვემშვიდობები და მეცადინეობაზე მონაწილე პედაგოგებს მადლობას ვუხდი, რომ ზრუნავენ საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის. შუბლიდან ოფლს ვიწმენდ და შარვალზე ვისვამ. სკოლიდან გამოსვლისთანავე მეტროსკენ ვეშვები და წვრილი წვიმის წვეთების ფონზე აიპოდს ვრთავ.
არა, ამ ბოლო დროს ყველაფერს განვიცდი! – ვფიქრობ და მელოდიას ვყვები…

“I see a red door and I want it painted black
No colors anymore I want them to turn black

I wanna see it tainted, tainted black
Black as night, black as coal
I wanna see the sun blotted out from the sky
I wanna see it tainted, tainted, tainted, tainted black
Yeah!”

ფორე ბალიაშვილი

This entry was posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to Paint it black

  1. Student says:

    ძალიან საინტერესოა! ალბათ ბატონი ფორე პედაგოგებს მხოლოდ ამ ტრენინგზე არ შეხვედრია. მომწონს მისი წერის სტილი, შედარებები და შემჩნეული რეალობა.

  2. Anonymous says:

    კარგია….. ფორე, წერე…..
    .

  3. შოთა says:

    “ცოცხალი” აღწერაა, თავი ისე ვიგრძენი თითქოს ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და რამდენადაც კარგად წერს ავტორი, იმდენად უსიამოვნება განვიცადე მაგრამ, ეს ,ცხადია, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მწერალმა მიზანს მიაღწია, საკუთარი განცდები მკითხველს გადასდო. ამიტომაც , კარგი ნამუშევარია, თუმცა, უფრო მომეწონებოდა, ამავე ოსტატობით რაიმე სხვა, უფრო საინტერესო, “პეიზაჟი” რომ ყოფილიყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s