სოლიდარობა ქველმოქმედების ნაცვლად

ბაზრობა გუდიაშვილის მოედანზე (С) მარიამ გაბრიჩიძე

ქველმოქმედება ყბადაღებული თემაა, რომლითაც მორჭმული ადამიანები არიან დაკავებული და ამ შინაარსის ფარგლებში ღატაკ, უბადრუკ და გასაცოდავებულ ადამიანებს გულმოწყალედ ეხმარებიან.
ქველმოქმედების მთელი აზრი იმაში გამოიხატება რომ საფეხურებრივად უფრო მაღლა მდგომი ჰომოსაპიენსი დიდსულოვნად ეხმარება თავისზე ,,დაბლა” მდგომ თანამოძმეს _ უბოძებს მას საკუთარი უხვი რესურსებიდან მცირედ წილს, რომ ბედკრულმა, არსებობის გაგრძელება შეძლოს და ყოფა შეიმსუბუქოს. მაგრამ, ქველმოქმედები არასოდეს სვამენ შეკითხვას, რატომ არ შეუძლიათ გლახაკებსა და სხვების სამოწყალოდ დარჩენილთ თავად მოიპოვონ რესურსები _ რატომ არიან ისინი უქონელნი და რატომ აქვთ სხვებს ეს რესურსები.
ქველმოქმედი აპრიორულად იღებს, რომ თავად უფრო დამსახურებული გვამია, გამომუშავება უკეთ შეუძლია და მორჭმას მეტად იმსახურებს. ის საკუთარი პიროვნული სიდიადისა და სიქველის გამო ეხმარება მას, ვისაც გამომუშავება არ შეუძლია _ მისი ლოგიკით, ყველაფერი სწორადაა განაწილებული, ყველაფერი წონასწორობაშია და ასეც უნდა გაგრძელდეს _ მარადიულად იარსებებენ უსახლკაროთა კასტები, რომელთაგან ზოგიერთვის ფონდი იავნანა კვარტალში ერთ ბინას იყიდის _ დანაარჩენები კი არამარტო ბინის გარეშე დარჩებიან, არამედ ის კანონზომიერება და წესებიც უცვლელად შენარჩუნდება, რომლებიც ადამიანებს უსახლკაროებად აქცევს.
საქველმოქმედო აქციაზე ჩემდათავად ფეხს არ მივადგამდი _ აი ისეთზე, ნაპატივები გვამები რომ აფრიკელი ოჯახების დასახმარელად მართავენ და იქ საკუთარ ავტოგრაფებს და იმიჯს ყიდიან. მაგრამ ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად აგორებული კამპანია სოლიდარობის აქტი უფროა, ვიდრე ქველმოქმედება. ამიტომაც ვუერთდები.
სოლიდარობა, ქველმოქმედებისგან განსხვავებით, ერთ სიბრტყეში მდებარე ინდივიდებს შორის ურთიერთობაა _ აქ არავინაა წარჩინებული და უჩინო, ადამიანები ერთმანეთისადმი თანადგომას გამოხატავენ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს გვანან, ერთ მდგომარეობაში არიან და ძალების გაერთიანება ჭირდებათ გადასარჩენად.
ქველმოქმედები საკუთარი ნასუფრალის ნამცეცებს უწილადებენ ხოლმე უპოვართ, ისეთ ნივთებს იმეტებენ მათთვის, რაც თავად უკვე აღარ ჭირდებათ, იმდენ ფულს _ რაც თავად დიდად არ დააზარალებთ. სოლიდარობა კი ისეთი რამის გაღებას ნიშნავს, რაც შენთისაც ძვირფასია და სწორედ ამიტომ იმეტებ სხვისთვის რომ ძვირფასია, მთლი არსებთ უჭერ მხარს, ვისაც უჭერ (და არა სასხვათაშორისო, მოვალეობის მოხდისა და ნატიფი მანერების გამო, ქველმოქმედების მსგავსად) და იგივეს მოელი მისაგანაც _ამაშია სოლიდარობის არსი.
ერთმანეთის მიმართ სოლიდარულობა მხოლოდ ერთ ნავში მსხდომთ შეუძლიათ, რომელთაც ჩაძირვაც და ნაპირამდე მიღწევაც ერთად უწერიათ. ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახის და ჩვენი (ჩვენი ანუ, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, საშუალო და დაბალი წრის ოჯახებიდან გამოსული პრესპექტივასა და პრესტიჟის შესაძლებლობას მოკლებული ახალგაზრდების) შემთხვევაც სწორედ ასეთია _ ჩვენ ერთი სოციალური სივრცის ნაწილები ვართ, მსგავსი ინტერესები გვაქვს და მსგავსი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ყველას საარსებო რესურესებს გვიკავებენ ფინანსური კორპორაციები და სამთავრობო დონის მონოპოლიები და მათი თვითნებობის შეზღუდვითა და ჩვენი ინტერესების გატარებითაც ერთნაირად უნდა ვიყოთ დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. ჰემოფილიით დაავადებული შვილის სამკურნალოდ გამოტანილი სესხი ოჯახმა მიცემულ დროში ვერ დაფარა. საკრედიტო ორგანიზაცია კი გადახდის ვადას არ უზრდის და საცხოვრებელი ბინის დაყადაღებას უპირებს. არადა ღარიბ ოჯახს (და საქართველოში ყოველი მეორე ოჯახი ასეთია) სულ 2700 დოლარი დარჩა გადასახდელი.
ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად კამპანიის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ღონისძიებებით უკვე 1460 ლარი შეაგროვეს. შაბათს გუდიაშვილის მოედანზე მაგართულ ძალიან მცირემასშტაბიან გამოფენა-ბაზრობაზე 240 ლარი და 50 თეთრი შეგროვდა. იგეგმება კონცერტის მოწყობაც. ხვალ კი, 29 მაისს 6 საათიადან პუშკინის სკვერში კიდევ ერთი ასეთი ბაზრობა იგეგმება და ამ პოსტის მიზანია იქ მოსვლა გთხოვოთ: წამოიღეთ თქვენი ნივთები და შეიძინეთ სხვების. ნუ წავიღებთ გადასაყრელ ნივთებს – ისეთი რამე გავიმეტოთ, რაც ჩვენ თითონაც მოგვწონს (შაბათს მაგალითად ჩემი საყვარელი პოეზიის თარგმანები დავტოვე, ხვალისთისაც რამე ,,სათუთ” ნივთს შევარჩევ). ნუ ჩავთვლით ამ ბაზრობას ქველმოქმედებად და სოლიდარობის აქტად ვაქციოთ _ პირველ რიგში კი ხაზი გავუსვათ პრობლემის რეალურ მიზეზებს, რატომ აღმოჩნდა ამდენი ხალხი გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებში, რატომ ტოვებს სახელმწიფო ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვს ღვთის ანაბარა და სადაა შექმნილი სიტუაციიდან რეალური გამოსავალი.

ესეც წინა ბაზრობის ვიდეო

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s