პინტას უკანასკნელი მოჰიკანი

მარტოხელა ჯოჯი _ პინტას უკანასკნელი მოჰიკანი


მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება უკვე ერთი სახეობით ნაკლებს ითვლის. ორიოდე დღის წინ გალაპაგოსის ეროვნულ პარკში საკუთარ ვოლიერში გარდაცვლილი იპოვეს მარტოხელა ჯორჯი, რომელიც 100 წელზე მეტის იყო და 200 ფუნტამდე იწონიდა. ის თავისი ქვესახეობის (Geochelone nigra abingdoni) უკანასკნელი გალაპაგოსის კუ იყო.

გალაპაგოსის კუების სახეობა რამდენიმე კუნძულზე ბინდარობს ეკვადორის მახლობლად. მარტოხელა ჯორჯს, რომელიც მეცნიერებმა პინტას კუნძულზე 1971 წელს იპოვნეს და ამ კუნძულის ბოლო ბინადრად ითვლება, შთამომავლობა არ დარჩენია. მეცნიერებმა მისი შეჯვარება რამდენიმეჯერ სცადეს სხვა ქვესახეობის მდედრ ინდივიდებთან, მაგრამ მათმა შრომამ ამაოდ ჩაიარა _ მდედრების კვერცხები უნაყოფო აღმოჩნდა.

გიგანტური კუები წყნარი ოკეანის არქიპელაგზე პირველად ევროპელმა მეზღვაურებმა 17 საუკუნეში აღმოაჩინეს. გალაპაგოსის კუნძულებს მეზღვაურებმა სახელი სწორედ მათი უცნაური ბინადრების პატივსაცემად უწოდეს (გალაპაგო პორტუგალიურად კუს ნიშნავს). კუების უმეტესობა მეზღვაურების საკვები რაციონის მსხვერპლი აღმოჩნდა _ გემები კუნძულებს სპეციალურად აკითხავდნენ რომ შორი ცურვისათვის თან წაეყვანათ ,,ბუნებრივი კონსერვები” რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში არც საკვები ჭირდებოდა და არც წყალი და საბრალო, უწყინარი ზოზინა კუებიც ხარბი მეზღვაურების სტომაქისაკენ გზას დაჩქარებული ტენმპებით მიუყვებოდნენ. მართალია, კუების წვნიანზე უარს არც კუნძულების ადგილობრივი მკვიდრები ამბობდნენ, მაგრამ ისინი მხოლოდ ამ მიზნით მოშინაურებული რეპტილიებს შეექცეოდნენ და ხელს არ უშლიდნენ ბუნებაში მცხოვრები კუების გამრავლებასა და ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას. შეერთებული შტატების ბიბლიოთეკებში შემონახული გემის ჟურნალებიდან ირკვევა რომ მხოლოდ ამ ქვეყნის ფლოტმა გალაპაგოსის კუნძულებიდან 1831-დან 1868 წლამდე 13013 კუ წაიყვანა. საბოლოოდ, მეზღვაურებისა და მონადირეების ქმედებებმა კუები განადგურების ზღვარზე მიიყვანა, თუმცა ამასობაში ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოებამ გიგანტური კუების არსებობა ირწმუნა, შეისწავლა და განგაშიც ატეხა ამ იშვიათი სახეობის ლამის გადაშენების გამო.

დღისითვის გალაპაგოსის კუები საკმაო ყურადღების ობიექტები არიან, თუმცა ზოგ შემთხვევაში ადამიანების მიერ მიყენებული ზიანის რეაბილიტაცია ბუნებისთვის შეუძლებელია _ კუების გადაშენებული ქვესახეობა სწორედ ამაზე მეტყველებს. ჰო, სანამ ამ 200 წლოვან გიგანტებზე საუბარს დავასრულებდე, ისიც უნდა ითქვას რომ გალაპაგოსის კუებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს დარვინის ევოლუციური მოძღვრების დასბუთებაში, როგორც უძველესი სამყაროდან შემორჩენილმა ცოცხალმა რელიქტებმა.

Posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

  • კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს უნდა არ წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხისნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის მიერ” უმაღლესი განათლების პროლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე გავეშურე.

    დისკუსიაზე მომხსენებლებ იყვნენ თსუ-ს და ილიაუნის ლექტორები _ სანდრო კვიტაშვილი და გიგი თევზაძე და ამავე უნიერსიტეტეის სტუდენტები _ ქეთი მჭედლიშვილი და გიორგი ნონიაშვილი.

    ნუ, ეს იყო საფუძვლიანი და ნელი წამება ჩემთვის, დაახლოებით ისეთი, როგორსაც შუასაუკუნეებში იყენებდნენ მდიდარი ებრაელების გამოსატეხად, სად მალავდნენ თავიანთ ქონებას. იმდენად აღშფოთებული ვიყავი ძვირფასი მომხსენებლების მჭერვმეტყველებით (და მსმენლის უსუსურ მდგომარეობაში აღშფოთება როგორ უნდა გამოხატო თუ არა მსუბუქი ოვაციებითა და სახის მეტყველი მიმიკით :დ), რომ ვიღაც პატივსაცემ მანდილოსანს უხამსადაც კი მოეჩვენა ეს ყველაფერი. _ისეთი სახე გაქვთ, მყუდრებას არღვევთ და ხელს უშლით დისკუსიასო, დაახლოებით ასეთი შინაარსის შენიშვნა მსტყორცნა მან (ნუ, ნაწილობრივ ვაზვიადებ).

    სანამ აღშფოთების მიზეზებს დავაკონკრეტებდე, უნდა აღვნიშნო, რომ ძვირფასი რექტორები მოხსენებაზე გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ხსენებული ორი სტუდენტი, რომლებსაც იდეაში, სტუდენტური ხედვიდან გამომდინარე უნდა ესაუბრათ განათლების პრობლემებზე. როგორც თითმმართველობის საუბარი და ქმედებებია აცდენილი სტუდენტების ინტერესებს, ზუსტად ასევე იყო სამწუხაროდ დღევანდელი მომხსენებლების შემთხვევშიც, იმის მიუხედავად რომ ორივე აქტიური სტუდენტია, რომელიც ,,რაღაცის” შესაცვლელად იბრძვის.

    მაგრამ ამ ,,რაღაცის” რაობაა ხომ სინამდვილეში მთავარი… ჩვენმა (ანუ, სტუდენტების) წარმომადგენლებმა კი დღევანდელ დისკუსიაზე რექტორებს ლამის სასამართლო გაუმართეს, რატო სტუდენტებს არ ცხრილავთო. ამის გაგონებისას მომინდა თავით კედელს შევსკდომოდი თვალი ვკიდე კიდეც როგორ ჩადიოდა ანალოგიურ ქმედებას ჩემი რამდენიმე მეგობარი ლაბორატორიელი. ნუ, როგორ გინდა თავის დახრჩობა არ მოგინდეს როცა განათლების სისტემის პრობლემებში სფიქერებად შერჩეული სტუდენტები მთავარ პრობლემად იმას განიხილავენ, რომ თურმე უნივერსიტეტის სტუდენტი ზედმეტად ბევრი ადამიანი ხდება _ აი რა ყოფილა ბოროტების სათავე. ამ დროს კი გიგი თევზაძე გამოდის და ამ სტუდენტებს აშკარად შარავანდედმოსილი უხსნის, რომ უმაღლესი განათლება ადამიანების კარიერულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არა მხოლოდ ელიტური ჯგუფებისთვის განკუთვნილი. ესენი კი მაინც ჯიუტად განაგრძნობენ, რომ თურმე სტუდენტები კარგად ვერ აზროვნებენ და უნივერსიტეტიდან უნდა გაყარონ თუ რაღაც ასეთი…

    ნუცა მეტრეველის ფოტო

    უნდა ითქვას, რომ ამ სტუდენტების აზროვნების პრობლემა მეტად მოხერხებულად აიტაცეს რექტორებმა (რექტორებმა რა, გიგიმ ძირითადად და მერე სანდროც აყვა). გიგი თევზაძემ ისაუბრა სოციალიზაციის პერიოდიდან გამოყოლილ პრობლემებზე და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ უმაღლესი განათლების პრობლემები ჩვენთან კულტურით ყოფილა განპირობებული. აქ არც ,,სფიქერი სტუდენტები” დარჩენილან ვალში და აქტიურად აუბეს მხარი განათლების ხარისხის სამამულო მენტალობით ახსნას. მოკლედ, გამომსვლელების საბოლოო შეჯამებით ჭკუათმყოფელი ადამიანი დაასკვნიდა რო პრობლემა ქართველებში ყოფილა და განათლების პრობლმები ძალიან მჭიდრო კორელაციაშია ქართულ კულტურასთან, სუფრასთან, წინაპართა ადათებთან და ა.შ.

    ამ დროს დისკუსია არ შეხებია ისეთ საკითხს, როგორიცაა განათლების მიზერული დაფინანსება. არ მესმის როგორ უნდა ისაუბრო უმღლესი განათლების პრობლემებზე ისე, ეს საკითხი მეტაფიზიკურ-მენტალურ პრობლემაში გაატარო და არ ახსენო, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური საკითხია და მისი პრობლემები თუ ღირსებები იმ პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელთა მიხედვითაც დგინდება სახელმწიფო სტრატეგია განათლების სფეროში. დღეს ხომ ფაქტია, სახელმწიფო განათლებას იმაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ვიდრე რიყეზე გასამართ კონცერტებს. ცხადია, ამაზე საჯარო დისკუსიაზე არ ისაუბრებდნენ რექტორები და ისინი არც არიან განათლების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნის ადრესატები, მაგრამ, უბრალოდ არაადეკვატურია სტუდენტების მხრიდან ამის გვერდის ავლა.

    დისკუსიაზე რექტორები ,,მსუბუქად” კი შეეხენ კვლევითი პროეტების და სამეცნიერო მუშაობის პრობლემურობას, იმას, რომ პრინციპში ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი უღრესად მწირია სამეცნიერო მუშაობისთვის, მაგრამ საუბარი ცხადია არ ყოფილა თუ რომელი ციდან უნდა ჩამოფრინდნენ ერთ დღესაც არარსებულ სამეცნიერო სკოლებში აღზრდილი ქართველი მეცნიერები. ამის ნაცვლად ბატონმა სანდრომ გულწრფელად აღიარა, რომ მაგარი ფარჩაკები ვართ და ასეც დავრჩებით, რადგან ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გავჩნდეთ ერთ დღესაც მსოფილო წამყვანი უნივერსიტეტების სიაში.

    მოკლედ, მე თუ მკითხავ, დიდი ნიჭი უნდა ამ პრობლემებზე ისე ისაუბრო რო მათ მიზეზს არ შეეხო და ჩემს გულწრფელ აღფრთოვანებას გამოვთქვამ დისკუსიაზე გამომსვლელებისადმი, განსაკუთრებით კი სტუდენტებისადმი (და სწორედ ამ აღფრთოვანებით ვხსნი რომ დისკუსიაზე მოლომდე დარჩენას ჩემმა გულმა ვერ გაუძლო).მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოში განათლების დაფინანსებაზე გაღებული მშპ-ს წილი ორჯერ ჩამოუვარდება სხვა, ჩვენი ანალოგიური ეკონომიკური მდგომარეობის მქონდე განვითარებადი ქვეყნების მიერ გაღებულ მშპ-ს წილს და რომ ამ პირობებშიც კი, სახელმწიფოს, სულ მცირე, ორჯერ შეუძლია გაზარდოს განათლების დაფინანსება. ეს კი არ ხდება _ იმიტომ რომ ჩვენ არ ვითხოვთ ამას მთავრობისგან და საშუალებას ვაძლევთ ჩვენი ფული კონცერტებზე, ლაზიკას მშენებლობაზე, ომის დაფინანსებაზე გაფლანგოს და არა კეთილდღეობის ინსტიტუტების შენებაზე. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მიკროფონთან მიღწეული სტუდენტები განათლების კიდევ უფრო ელიტარულად ქცევას ითხოვენ და არა პირიქით. უმრავლესობის ხმა და ინტერესი კი ისევ არსად ჩანს.

  • Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

    Paint it black

    პინგვინთა კუნძულის სტუმარია საინტერესო მწერალი _ ფორე ბალიაშვილი. ასე რომ, შეაფასეთ :))


    ცხელა. შუბლზე ოფლის წვეთები ჩამომდის და თვალებისკენ მიცოცავს. სათვალის ყურები საფეთქელთან ჯებირს ქმნის და ოფლი მშვიდად გროვდება ჯებირის გასწვრივ. სათვალეს კანზე მაწებებს და ჩემში ტოვებს როგორც ნაცნობ სხეულს.
    ნეტა აქ რაღა მინდა?! ამ ცხელსა და საშინლად ჩახუთულ ვარდისფერკედლებიან და ხატებისკუთხიან საკლასო ოთახში?!
    პედაგოგები წყვილად უსხედან მაგიდებს და მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ.
    ასაკის მიუხედავად მათი სხეულები არაბუნებრივად დეფორმირებულია. ტანსა და კისერს შორის, როგორც ჩანს, დიდი ხანია გაწყდა მეგობრობის ძაფი. თმები ყველას უცნაურად აქვს დამწვარი უხარისხო საღებავისგან. ვარცხნილობაც უცნაურია. ძირითადად ბიჭური მოკლე თმები, ყურებთან ნახევარმთვარის ფორმის რკალითა და კისერზე ჩამოშვებული ძიმა ბილანისეული დალალებით. თავზეც ოდნავ აფოფრილი, უფრო უხეიროდ დავარცხნილი ქოჩორი. ხელები გაუხეშებული აქვთ, თითქოს სახლის საძირკველი ჩაყარეს ან 20 კილოგრამი კაკალი გაარჩიეს. შეღებილი თმების ძირში ჭაღარა იას ამოუყვია თავი. მათი სამკაულები და ფეხსაცმელები ხასხასად გახუნებული და მტვრიანია. ჩაცმულობა – ჩვენებური, ზომაზე აცდენილი და მოდღლეზილი. მზერა – შეშინებული, მეტროსთან ნაყიდი მზა ნომრიანი სათვალეებიდან ჩამოღვრილი.
    ყოველ სამ წუთში ერთხელ კედლისკენ მჯდომი პედაგოგი ისეთი ძალით ახველებს, მგონია გულ-ღვიძლს ამოიღებს და ახალი რეფორმების ფარგლებში შეძენილ პრიალა მერხებს წითელ-მოყავისფრო ჯიგარს დაანთხევს. ხველებაგაუთავებელ პედაგოგს ცალყურა სათვალე აქვს და კითხვისას ხელით იმაგრებს მოწყენილ ცხვირზე. მზერა პედაგოგების ფეხებისკენ გამირბის და ჩემი თვალები ვარიკოზული ვენების ფესტივალზე ხვდება. ფეხსაცმელებიდან კანი და სისხლძარღვები ლუდის ქაფივით გადმოდით, ოღონდ მკვდარი ხორცის ფერი აქვს. რომ არ ვარწყიო, მათ ჩანთებზე გადამაქვს მზერა. ჩანთები შავი ფერისაა, ყველა დერმატინის, ალაგ-ალაგ უხარისხო მეტალით გაწყობილი და დაპრანჭული. მათ შიგნით მომეჩვენა ძველებური, ცხვირმოყინული საწერი კალამი (ახლა ამ სიცხეში შეიძლება ადუღებულიც), რუმიანა, პომადა და საფულე, რომელიც ცარიელია. იაფფასიანი სუნამოს სუნი დგას ოთახში.
    დავალებას ჩუმად წერენ. მე ვარ მათთან. იციან საიდანაც ვარ.
    დავალების წაკითხვის დროს ყველა ერთად საუბრობს. ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ და მწვრთნელის თვალში კარგი გოგონები გამოჩნდნენ. ნეტა როგორები იყვნენ 30 წლის წინ, როგორი სხეული ჰქონდათ, როგორი მკერდი და ფეხები?! როგორი სექსი, ან საერთოდ თუ ჰქონდათ. მაგრამ თუ არც, არაფერი უშავს, ცხოვრება ისედაც გვტყნავს.
    მწვრთნელიც ჩვენიანია. ამ დედამიწელი. ამ ნახალოვკელი. ქართველი და უგემოვნოდ გაპრანჭული. პედაგოგებს მიმართავს, რომ ზუსტად იმ ამოცანებს აკეთებინებს მათ, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე მოდის ხოლმე. „ოღონდ მართლა“ – აყოლებს ის და ჩამქრალი თვალებით ხმარობს სხვადასხვა ტერმინებს: ბრეინ შტორმინგი, ინტერაქტიული მეთოდები, მასლოუს პირამიდა, კოლბერგის მორალური… პედაგოგების თვალებს ვერ ვხედავ, მათ ზურგს უკან ვზივარ, მაგრამ კეფაზე ვატყობ, რომ ვერაფერი გაიგეს. მაციებს და ოფლი მასხამს. ტრენერი ამბობს, რომ ესეს დაწერისას პედაგოგებმა არ უნდა გამოიყენონ თანამედროვე პოლიტიკოსების სახელები და გვარები. ამაზე ერთი არცთუ ისე ურიგოდ ულვაშებიანი ქალბატონი პედაგოგი სიცილით პასუხობს და თან აქეთ იქით იყურება: „მარაა ქა, დაგვაპატიმრებენ ეგ რო ვქნათ…“
    ერთი პედაგოგი, აბრეშუმისპერანგა, შესვენებას ითხოვს, რომ რამე შეჭამოს. ნაღველი აწუხებს, ირკვევა. მეორეს ცხელა და ფანჯრის გაღება სურს, ხოლო მესამეს, თეთრპერანგიანსა და შავლიფიანს, გაციების ეშინია და სულ ახლახანს გაღებული ფანჯრის დახურვას ლამობს. ორი პედაგოგი ჩემკენ ტრიალდება და უცნაური, ოდნავ პაკაზუხურჩმორული ღიმილით მეუბნება, რომ მიცნობს. არ ვიცი რა ვუთხრა. მშვენიერი ყაყანია. ყაყანი აცხუნებს ოთახს. მთელი სხეული მექავება. ყელში მტკივნეული ბურთულები მაქვს გაჩხერილი. მინდა ხელი ჩავიყო მუცელში და ყველაზე ღრმად მოვიფხანო შიგნეულობა. ჩემს თვალებში კადრები ჩნდება საინფორმაციო გამოშვებებიდან. კადრები ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციაზე, დემოკრატიზაციაზე, თავისუფლებაზე, კანონის უზაენაესობაზე, განათლებაზე. თვალებს ვხუჭავ და ვისრეს მაგრად. მინდა გავექცე ამ ყველაფერს. დაუსრულებლად ვირბინო და უკან აღარასდროს მოვიხედო.
    შლეგივით ვდგები, ვიღებ ჩემს ფურცლებს, მე ხომ აქ პედაგოგების გადამზადებისთვის უნდა მედევნებინა თვალი, და ოთახიდან გიჟივით გამოვრბივარ. იმ ორი პედაგოგის ხმა მესმის, ორი წუთის წინ რომ შემომცინეს: „ასეთი ლაწირაკები უნდა მუშაობდნენ?!“
    ოთხი სართულის კიბეებს სინათლის სიჩქარით ჩამოვრბივარ და ქუჩაში გავდივარ. შავი ფერის უფალო შეგვიწყალეს სტიკერიანი ჯიპი, რომელსაც მსუქანი და მობილურზე მიწებებული ბიძია მართავს, მარტყამს და ტვინს მასხმევინებს ახლადდაგებულ ასფალტზე. სიკვდილის წინ თვალწინ მთელი ცხოვრება გაგირბენსო, ეგ ტყუილი ყოფილა…
    მწვრთნელს ვემშვიდობები და მეცადინეობაზე მონაწილე პედაგოგებს მადლობას ვუხდი, რომ ზრუნავენ საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის. შუბლიდან ოფლს ვიწმენდ და შარვალზე ვისვამ. სკოლიდან გამოსვლისთანავე მეტროსკენ ვეშვები და წვრილი წვიმის წვეთების ფონზე აიპოდს ვრთავ.
    არა, ამ ბოლო დროს ყველაფერს განვიცდი! – ვფიქრობ და მელოდიას ვყვები…

    “I see a red door and I want it painted black
    No colors anymore I want them to turn black

    I wanna see it tainted, tainted black
    Black as night, black as coal
    I wanna see the sun blotted out from the sky
    I wanna see it tainted, tainted, tainted, tainted black
    Yeah!”

    ფორე ბალიაშვილი

    Posted in მთავარი, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , | 3 Comments

    ტოკიოს სონატა

    ისინი სარკინიგზო მაგისტრალის გვერდით, პატარა ნაცრისფერ სახლში ცხოვრობენ, სადაც მატარებლის ყოველ გავლაზე ხმაური და მოძრავი ჩრდილები აღწევს. ცოლი სულ შინაა ყოველდღიურ საზრუნავთია და მორჩილებით მოსილი, ალაგებს, რეცხავს, წმენდს, თავს უვლის და მდუმარებას არ არღვევს, საყიდლებზე დადის, შვილებს ელოდება, კრძალვით შეცქერის ქმარს და შვილებსაც ასწავლის, ოჯახის მამას დაუჯერონ.

    ოჯახის მამა _ კლასიკური პატრიარქი, რიუეი სასაკი, რომლის მთელ მგრძნობიარე ნატურას კულტურის მარწუხები შთანთქავს, იაპონურ კომპანიაში მუშაობს და პირნათლად ასრულებს პატრიარქისთვის დაკისრებულ მთავარ ვალდებულებას _ ოჯახის კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ყვირის, აბოყინებს, ხელებს აბრახუნებს და ვაჟებს მორჩილების გაკვეთილებს აძლევს.

    შემდეგ აწყობილი სისტემის მონოტონური, მოჩვენებითი კეთილდღეობა უეცრად ეკრანიდან თვალსა და ხელს შუა ქრება და მაყურებელი ნელ-ნელა რეალობის ყველაზე უხერხული და გულსაკლავი შტრიხების დანახვას ახერხებს: რიუეი სამსახურს კარგავს და მთლი იიმპერია ინგრევა.

    დიასახლისი, დედა და ცოლი _ მეგუმი და მისი ,,გამტაცებელი” მძარცველი _ ფილმის ერთერთი ყველაზე საინტერსო პასაჟი

    იაპონიის სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე რაიმე ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიების ქვეყანაში არ ველოდი ისეთი სურათის ნახვას, რასაც კიიოსი კურასავა ამ ფილმში აჩვენებს: ადგილობრივებზე რამდენჯერმე იაფი ჩინელი მუშახელის (ნუ, მუშახელი არ ეთქმის, სინამდვილეში შუა რგოლის მენეჯერები არიან) შემოდინებამ უამრავი იაპონელი უმუშევარი დატოვა. ყოველდღე ოფისებიდან საკუთარნივთებმომარჯვებულ გათავისუფლებულ მოსამსახურეთა არმიები მოაბიჯებს ქუჩაში და დასაქმების ერთიანი ბაზის ოფისბთანაც საათობით გაჭიმული რიგებია. განსაკუთრებით მძიმე დღეში შუა ხნის იაპონელები არიან (იგულისხმება მამაკაცები _ ქალები იაპონიაში, როგორც წესი, უმეტესად საოჯახო მეურნეობით არიან დაკავებული). ისინი ჩამოწერილი ინვენტარის მდგომარეობაში იმყოფებიან _ მათი კვალიფიკაციის შესაფერისი სამუშაო აღარ მოიპოვება, ალტერნატივად კი მხოლოდ წვრილმანი ფიზიკური სამუშოები აქვთ, დაბალი ანაზღაურებითა და ერთჯერადი კონტრაქტებით. თუმცა, ანაზღაურებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავმოყვარე იაპონელ მამაკაცს, რომელსაც ოჯახში ლამის ღმერთად თვლიან, სუპერმარკეტში დამლაგებლად მუშაობას სიკვდილი ურჩევნია.

    თითქმის გულისამაჩუყებელია ამ იაპონელი კაცების ყურება, რომლებიც ცოლებს
    საგულდაგულოდ უმალავენ თავიანთ უმუშევრობას და უკანასკნელ შემორჩენილ გროშებს უტოვებენ, თითქოსდა ხელფასი აიღეს. თავად კი მთელ დღეს შარვალკოსტუმში გამოწყობილები დახეტიალობენ ქალაქში, ამაოდ დგანან დასაქმების ცენტრების რიგში და ღატაკებისთვის განკუთვნილ უფასო საკვებს ჭამენ, რომელსაც ერთჯერადი პოლიეთილენის ჯამებით არიგებენ სკვერებში.

    უკეთეს დღეში არც ახალგაზრდები არიან _ საარსებოდ საჭირო რესურსებისა და სივრცის
    გამონახვას ვერც ისინი ახერხებენ. რიუეის უფროსი ვაჟი ტაკასი, ასეთი უპერსპექტივობისგან თავის დაღწევას მის წინაშე არსებული ერთადერთი შესაძლებლობით წყვეტს და საკუთარი სურვილით ეწერება ამერიკის არმიაში სამსახუროდ და თავის განმაიარაღებელ სისტემას ნებაყოფლობით თავაზობს თავის უკანასკნელ რესურსსაც _ საკუთარ სისხლს და ხორცს.

    ამ ყველაფრით ზოგი ზედმეტად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად იღლება, ზოგი კი ახლებურად ცხოვრებას სწავლობს და ტკივილის ფასად,მაგრამ მაინც ახერხებს გადააბიჯოს კულტურისა და სოციალური ნორმების მიერ აგებულ ბარიერებს, რომლებიც იმდენად არაადეკვატური და რეალობისადმი შეუფერებლები გახდნენ, რომ დარღვევა აუცილებლობად იქცა. ამ ყავლგასულ ნორმებს შორის ექცევა იაპონური მკაცრი პატრიარქატის ტრადიციაც.

    ერთი სიტყვით, ეს არის ძალიან კარგი ფილმი იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ცვალებად სოციალურ გარემოს საკუთარი უცვლელი გრძნობების, შიშებისა და ტკივილის ამარა დარჩენილი ადამიანები. href=”http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=6954&order=1.1″>თქვენც ნახეთ 🙂

    Posted in კინო | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

    როგორ იზრდებიან ახალ გვინეაში (მარგარეტ მიდი)

    ნაწყვეტი მარგარეტ მიდის წიგნიდან ,,კულტურა და ბავშვობის სამყარო”. ამერიკელმა ანთროპოლოგმა, მარგარეტ მიდმა ეს წიგნი პოლინეზიიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა, სადაც ორი წელი (1925-26 წ) გაატარა ადგილობრივი კულტურების შესწავლაში. ამ თავში მიდს განხილული აქვს კულტურის შინაარსის და პიროვეების მისწრაფებების ურთიერთდამოკიდებულება, პიროვნების ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები და საზოგადოების ტიპისა და გავლენების განაწილების ზემოქმედება ადამიანის ტიპაჟისა და ხასიათის ჩამოყალიბებაზე. პრინციპში, ამ ტექსტში ბევრი სოციოლოგია და ცოტა ფსიქოანალიზია, მაგრამ რაკი ფსიქოანალიზის ნაწილი ცოტა მოძველებული, არაადეკვატური და ნაკლებსაინტერესოა (თან, გენდერული და სექსუალური იდენტობის პატივისცემის ნიმუშადაც არ გამოდგება :დ) თავს უფლებას ვაძლევ რაღაცები შევამოკლო .

    ,,აღზრდა და პიროვნება “

    მართალია, აღზრდას არ შეუძლია შეცვალოს ის ფაქტი, რომ ბავშვის პიროვნება თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხებით ყოველთვის იმ კულტურას აირეკლავს, რომელშიაც იგი გაიზარდა, მაგრამ აღზრდის მეთოდებს შესაძლოა მაინც ხანგრძლივმოქმედი შედეგები მოჰყვეს ტემპერამენტის, მსოფლხედვის, უპირატესობის განსაზღვრის სწორედ იმ ერთობლიობის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ჩვენ პიროვნებას ვუწოდებთ.
    იმის მიუხედავად, რომ მანუსის ხალხი ერთი კულტურული ტრადიციის ვიწრო ჩარჩოშია მოქცეული, მან მაინც შეძლო პიროვნების განვითარების უმკაფიოესი ფორმების განსაზღვრა. ამიტომაც პიროვნების ფორმირების მთელ პრობლემას ნათელს მოჰფენდა იმის ანალიზი, თუ როგორ განსხვავდება ამ ხალხის ყველა მცირეწლოვანი ყველა დანარჩენი ხალხის მცირეწლოვნებისგან.
    ჰომოგენური კულტურის შიგნით პიროვნებად ფორმირების პრობლემა უფრო რელიეფურად იკვეთება. მას არ ამუქებენ ხელოვნური დაშრევებები, რომელთაც რთული კულტურა აუცილებლად რთავს ხოლმე თავისი ჰიბრიდული ტრადიციების ფონზე შობილი თითოეული ინდივიდის განვითარებაში. ჩვენ ხშირად პიროვნულ განსხვავებებად ვიღებთ ამ მეორადი წარმონაქმნების ნაყოფს, თუმცა, სინამდვილეში მათ საერთო არაფერი აქვთ.
    მოდით, ერთი წუთით, შევადაროთ მანუსის ხალხში ზრდასრული მამაკაცისათვის ნებადართულ კულტურულ ფორმათა შესაძლო ვარიაციები იმავე ვარიაციებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ყოველი მამაკაცის ინდივიდუალურობის შემადგენელ ნაწილია. თავიდან მეორეხარისხოვანი საკითხი ავიღოთ, რომელიც გარეგნულ შესახედაობას შეეხება. მანუსის მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს გრძელი თმები, კვანძად შეკრული თმები ან შეიძლება მათი მოკლედ შეჭრაც. მას შეუძლია ატაროს რგოლები ყურებზე, ან შეუძლია არც ატაროს. ზუსტად ასევე, მას შეიძლება ცხვირში გაყრილი ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მარგალიტის ნიჟარის წვრილი ნახევარწრე, ან გამოთლილი ძვალი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყურებიც და ცხვირიც გახვრეტილი ექნება ამ სამკაულების სატარებლად. მისი შარვლის ქსოვილი ან პურის ხის ყავისფერი ლაფანია, ან ვაჭართან ნაყიდი ჯუთის. მისი ძვირფასეულობაა ძაღლის კბილები, მძივები, ნიჟარები, რომლებიც ფულის დანიშნულებას ასრულებს. ძაღლის კბილები მძივებთან ერთად შეიძლება ძაფზე აცმული და ყელის გარშემო ერთ, ან ორ წრედ შემოტარებული იყოს. ნიჟარებში კი წითელი, ან წითელი და შავი მძივების მოთავსება შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ წინაშე შესაძლებელ ვარიანტთა ძალიან მცირე დიაპაზონია წარმოდგენილი. შეადარეთ მას ტანისამოსის ვარიანტები ჩვენთან, მუშათა კომბინიზონებით დაწყებული, ნატიფი მოდელებით დამთავრებული, რომლებიც სარეკლამო განცხადებებში აღწერილია სიტყვებით: ,,რას ატარებენ კარგად ჩაცმული ადამიანები“. ხოლო როცა საქმე შესაძლებელ გემოვნებებს, რწმენებს, აზრებს ეხება, კონტრასტი გასაოცარი ხდება.
    აი ყველაზე ექსტრავაგანტული ადამიანი პერეში (პერი ადგილობრივი დასახლება გვინეაზე _ მე): მან ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ჭაბუკობისას განაცხადა თავისი ამხანაგებისაგან განსხვავებულობის შესახებ, როცა მის მიერ შეცდენილ ბიძაშვილს ზურგზე ჩამოკიდა ამულეტი სულების შურისძიებისაგან დასაცავად. შემდგომ, მან მეტყველება სხვადასხვა სოფლის მოხუცებისგან საგულდაგულოდ შეკრებილი სალანძღავი სიტყვებით შეავსო და ხმამაღლა იცინოდა დების დაკრძალვაზე. ყველაფერ დანარჩენში კი ის სავსებით თანხვდებოდა თავის ამხანაგებს: დაქორწინდა, ცოლმა მიატოვა და ისევ ხელახლა დაქორწინა. ის დაკავებული იყო თევზჭერით და თევზს ხილზე ცვლიდა ხოლმე, მონაწილეობდა სავაჭრო გარიგებებში, იცავდა ყველა ახლო ნათესავის სახელის ტაბუს, ისევე, როგორც ყოველი პერეს მცხოვრები.
    პერეს მცხოვრები მეორე მამაკაცი სხვა ნიშნით იყო გამორჩეული: ის დიდხანს და გულწრფელად ტიროდა თავისი ცოლის სიკვდილის შემდეგ, მის თავის ქალას ინახავდა და ხანდახან ელაპარაკებოდა. ამ ყველაფერმა მამაკაცი შესამჩნევი ფიგურა, მის ნათესავებსა და მეზოლებს შორის უნიკალური მოვლენა გახადა. თუმცა თავისი რწმენებისა და ჩვევების უმრავლესობაში ის არ განსხვავდებოდა სოფლის დანარჩენი მამაკაცებისგან.
    ახლა კი, მოდით განვიხილოთ იმ ინდივითთა მცირე კრებული, რომელთა ნახვაც ჩვენთან შეიძლება. ხასიათის ერთნაირი შტრიხების მქონე ორი მამაკაციდან, ანუ, ორივეს შეუძლია იყოს გავლენიანი, მოხერხებული და საკუთარ თავში დარწმუნებული, შესაძლოა, ერთს წმინდა სამებისა და პირველქმნილი ცოდვის სწამდეს, მეორე კი თავდაჯერებული აგნოსტიკოსი იყოს. ერთს სჯერა თავისუფალი ვაჭრობის, შტატების უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, მეორეს კი ტარიფების, დიდი ფლოტის, სოციალურ საკითხებზე ფედერალური კანონების; ერთი შესაძლოა ადრეული პერიოდის ნიუიორკის ხედებიან გრავიურებს აგროვებდეს, მეორე კი პეპლებს; ერთმა შესაძლოა მთელი სახლი დედოფალ ანას დროში დამზადებული ავეჯით გააფორმოს, მეორემ კი ერთდროულად 5 სტილის ავეჯით; ერთი მუსიკაშია განსწავლული, ისე რომ ყველაზე რთულ ფუგებში გარკვევაც შეუძლია, მეორემ კი ისე იცის პიკასოს შემოქმედება, რომ ნებისმიერი მისი ნამუშევრის დათარიღება შეუძლია; ერთს კაბელი, მოსწონს, მეორეს კი პრუსტი. და ამგვარად კიდე უფრო ღრმად წასვლაც შეიძლება, რომ ამ ადამიანების განსხვავებულ გემოვნებათა მთლი დიაპაზონი წარმოიქმნას, ხოლო ჩვენი აღწერა ნებისმიერი მათგანის შედარებით დამთავრდეს პატარა ქალაქის მცხოვრებ ახალგაზრდა კლერკთან, რომლის ერთადერთი გასართობიც ,,ფორდის“ საჭესთან ჯდომა, კინოში სიარული და კომიქსების კითხვაა; მისი სახლი გაწყობილია კრედიტით ნაყიდი სტანდარტული, უსახური ავეჯით და ის რესპუბლიკელია, რაკი მამამისიც რესპუბლიკელი იყო.
    ჩვენ კულტურაში ჩვენ ერთმანეთს ვეჯახებით დიამეტრალურად განსხვავებული, მარტივი და რთული გემოვნებებით და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ფონს, რომელზეც ადამიანი მნიშვნელოვნად მეტ რელიეფურობას იძენს, ვიდრე ეს უბრალო კულტურის წარმომადგენლისთის არის შესაძლებელი. მანუსის ხალხში მუსიკისადმი სიყვარული სალამურზე ან ხის ფლეიტაზე მეტნაკლებად კარგად დაკვრის შესაძლებლობაში გამოიხატება, ხოლო პლასტიკური ხელოვნებისადმი ინტერესი _ მეზობელი ხალხების მიერ შექმნილი ტრადიციული ფორმების მეტნაკლებად წარმატებული გამოჭრის შესაძლებლობაში. მაგრამ კულტურის მიერ განსაზღვრულ შესაძლებლობათა ამ მეტად ვიწრო დიაპაზონში, მანუსის ბავშვები აღმოაჩენენ პიროვნების არსებით ნიშანთა შროის ისეთსავე მკვეთრ განსხვავებებს, როგორც ამერიკელები. მათ შოროის მკაფიოდ გამოიყოფა მორჩილები და გავლენიანები, ანგარიშიანები და ფიცხები, ინიციატივის მქონენი და მიმბაძველები; და სწორედ იმიტომ, რომ რთული განსხვავებები ტრადიციულ განათლებაში აქ სურათს არ ამუქებენ, მანუსის ხალხი _ ბავშვისთის პირვონების ამ ფუნდამენტალურ თვისებათა ფორმირების გზების შესწავლისთვის ღვთის მოძებული საჩუქარია.
    ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი პრიმიტიული საზოგადოებისთვის. როგორ გამომუშვდება მოზარდობისას ინდივიდში მისთის დამახასიათებელი ტენდენცია, რომ აირჩიოს კონკრეტული რამე სხვა რამის ნაცვლად? თანამედროვე ცივილიზაციებისთის თვალის უბრალო გდავლებითაც კი, ჩვენ კულტურასა და ტემპერამენტს შორის პირდაპირ კავშირს აღმოვაჩენთ. ამერიკაში, სადაც მღვდელიც კი მოხერხებული უნდა იყოს და სადაც ენერგიულობაა წახალისებული, სავსებით დევალვირებულია განმჭვრეტელი, მოფიქრალი ადამიანი, რომელიც იმქვეყნიურ, მიღმურ პრობლემებშია ჩაძირული. ხოლო ძველინდურ ცივილიზაციისნაირ საზგადოებაში პირიქით, არახელსაყრელ მდგომარეობაში იქნებოდა აქტიური, მოქმედი გონების ადამიანი, რომელსაც აზრი, როგორც ასეთი, არ ხიბლავს და ეზიზღება ფილოსოფიური სიზუსტე.
    ყველა საზოგადოებაში იდეალად ითვლება საქციელის შესაძლო ტიპთაგან ერთერთი. ის ინდივიდუმები, რომლებიც საკუთარ თვს პიროვნების ამ ტიპად გარდაქმნიან, ამ საზოგადოების ბელადები და წმინდანები ხდებიან. ხოლო ისინი, ვისაც პიროვნების ეს გაბატონებული ტიპი ნაკლებად აქვს განვითარებული, მათი მიმდევრები ხდებიან. მათ კი, ვინც პიროვნებაზე სავსებით განსხვავებული თვალთახედვის წერტილის დაჭერას ახერხებს, ხან საგიჟთში ათავსებენ, ხან ციხეში ამწყვდევენ, როგორც საშიშ აგიტატორებს, ან კოცონზე წვავენ, როგორც ერეტიკოსებს, ხანდახან კი ნებას რთავენ არტისტების ნახევრად დამშეული არსებობა ათრიონ. ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ ,,ის დაიბადა თავის დროში“, ,,თავის საუკუნეში“, უბრალოდ, ისეთი ადამიანია, რომლის პიროვნებაც თანხვდება მის საზოგადოებაში გაბატონებულ ტონს. ის არის ადამიანი, რომელიც ამ თანხვედრისთვის აუცილებელ ინტელექტს ფლობს. საზოგადოებები ფუნქციონირებენ, ვითარდებიან და ფართოვდებიან მათით, ვისი სულებიც ამ საზოგადოებების სულებს ენათესავება. კულტურებს ძირს უთხრიან და გადალახავენ ახალი რწმენები და პროგრამები _ მათი ტანჯვისა და ამბოხის ნაყოფი, ვინც ვერ იპოვა სულიერი სამშობლო კულტურაში, რომელშიც დაიბადა. ადამიანთა პირველ ჯგუფს მათი საზოგადოების დაცვის ტვირთი აწევს, და, შეიძლება ითქვას, ის ტვირთიც, რომ საზოგადოებას უფრო განსაზღვრული სახე მისცენ. სააზოგადოებისგან გარიყულ ნიჭიერ ადამიანთა მხრებზე კი ახალი სამყაროების დაარსების ტვირთი ასევენია. ცხადია, რომ კულტურის ბედი ნაწილობრივ ამ სამი ტიპის ადამიანების თანაურთიერთობაზეა დამოკიდებული. ენთუზიასტი შემომქმედების გარეშე, რომლებიც საკუთარ თავს არსებული რეჟმის ან ამავე რეჟიმის ახალი ფორმების სამსახურში აყენებენ, საზოგადოება, ან სოციალური ცხოვრების რაღაც ნაწილი ლიდერების გარეშე აღმოჩნდებოდა და მოწყენილობასა და უღიმღამობაში დაინთქმებოდა. ამის მაგალითად თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრება გამოდგება. მის სათავეში არ დგანან ამერიკელთა საუკეთესო ტიპები , ანუ ადამიანები, რომლებიც ამერიკულ იდეას საკუთარ თავსში საუკეთესოდ გამოსახავდნენ. პოლიტიკურ სცენაზე ისეთი ძლიერი პიროვნებების გამოჩენა, რომლებიც ამერიკულ იდეალებს არ შეესაბამებიან, ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას ენერგიასა და სიჯანსაღს ვერ მიანიჭებს. ნებისმიერი საზოგადოების ბედი იმ სულიერ საკვებზეა დამოკიდებული, რომლითაც მისგან გარიყულები იკვებებიან _ რაზე აგებენ ისინი იდეების შეცვლის თავიანთ ფილოსოფიას, იდეებზე, რომლებიც საკმაოდ ენათესავება მათ კულტურას, აწყობენ ნამდვილი ცვლილებების საფუძვლებს, ან მათი კულტურისთის იმდენად უცხო წყაროებს მიმართავენ, რომ უსაფრთხო ინტელექტუალ მეოცნებეებად რჩებიან.
    ამიტომ ყველა საზოგადოება, ისინიც კი, როლებიც სავსებით იზოლირებული არიან და შეხება არა აქვთ სხვა კულტურებთან, თავისი არსებობის ნებისმიერ მომენტში დამოკიდებულია პიროვნების იმ თვისებებზე, რომლებიც მას დაბადების შემდეგ უვითარდება. რაც შეეხება, რამდენიმე გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანს, რომლებიც ყოველ თობაში იბადებიან, ძალიან მნიშვნელოვანია იწვიან თუ არა ისინი არსებული წესრიგის შენარჩუნების ენთუზიაზმით, თუ თავიანთ ცხოვრებას რაღაც ახლის, დაუდგრომელ ძიებას სწირავენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველა საზოგადოების ბედი ადამიანების კალიბრზეა დამოკიდებული და არა მათ შორის ინტელექტუალური განსხვავების შინაარსზე. კულტურის ბედი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მიმზიდველია მისი იდეალები ყველა თაობის ნიჭიერი ადამიანებისათვის, აბრმავებენ თუ არა მათ საკუთარი ბრწყინვალებით და თვიანთდა სამსახუროდ აღძრავენ თუ განახლების დაუცხრომელ ვნებას აღძრავენ მათში.
    ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ პროცესის მექანიზმზე, რომლის შედეგადაც ერთი ბავშვი სისტემის აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი ხდება, მეორე მასზე აპათიურად რეაგირებს, მესამე კი მისადმი დაუფარავ ზიზღს გრძნობს. შესაძლოა ამ პრობლემის გადაწყვეტის მეტნაკლებად ნაყოფიერი მცდელობები მოდიოდა ფსიქოანალიტიკოსებისგან, რომელთა დაუცხრომელმა სურვილმაც, რომ მთელი ცხოვრება ერთ კატეგორიაში მოექციათ, მათ მცდელობები გაუღვიძა გადაეჭრათ ის პრობლემებიც, რომელთაც ორთოდოქსალური ფსიქოლოგები არ განიხილავდნენ რაიმე ერთიანი თეორიის ჩარჩოში. ერთერთი მეტნაკლებად დიდი ფსიქოანალიტიკური თეორია, იდენტიფიკაციის თეორია, იმის ანალიზს წარმოადგენს, როგორ ახდენს ინდივიდუმი საკუთარი თავის გაიგივებას სხვა პიროვნებასთან (რომელსაც უშუალოდ იცნობს, რომლის შესახებაც წაუკითხავს ან რომელსაც წარმოიდგენს) იმდენად ძლიერად, რომ მის მიდრეკილებებსა და მდგომარებებს ითავისებს. ფსიქოანალიტიკოსები ამით იმისთის სარგებლობდნენ, რომ ათობით განსხვავებული სიტუაცია აეხსნათ.
    ჩვენს საზოგადოებაში იდენტიფიკაციის მექანიზმში ჩადებული ვარიაციული შესაძლებლობები მრავალრიცხოვანი და ურთიერთსაპირისპიროა. ნებისმიერი მშობელი, მასწავლებელი, განთქმული კინომსახიობი, ბეისბოლის მოთამაშე, წიგნისა თუ პიესის გმირი, ისტორიული პიროვნება, საყვარელი ამხანაგი თუ თავად ღმერთი შეიძლება იქცეს იდეალად. საგიჟთები სავსეა ისეთი ადამიანებით, რომელთაც საკუთარი იდენტიფიკაციები ჯასაღი განსჯის სფეროდან გაიყვანა და დაეჭვების გარეშე დაიჯერა, რომ ნაპოლეონი, ან იესო ქრისტეა. სამოას საზოგადოება აჩვენებს, რომ იდენტიფიკაციის უკიდურესი ფორმები დამახასიათებელი მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის. იქ მე შევხვდი ადამიანს, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა რომ ის ტუფელეა, კუნძულის მთავარი ბელადი, და ითხოვდა რომ მისთვის, გლახაკისთვის, ისეთ სიტყვებით მიემართათ, როგორც მთავარ ბელადსთვის შეეფერებოდა.
    საკუთარი თავის ვინმესთან ასოცირების ნაკლებპათოლოგიურ ფორმებს შეიძლება შევხვდეთ რომელიმე ბელადის მგზნებარე თაყვანისმცემლის ყოველ ხუმრობაში, ყველასთან, ვინც ისწრაფვის საგულდაგულოდ, თუნდაც მცირედით გაიმეოროს სხვა, უსაზღვროდ სათაყვანებელი ადამიანის ქცევა.
    მანუსის ბავშვებს არჩევანის ასეთი დიაპაზონი არ აქვთ. ისინი ვერ ხედავენ ადამიანის რანგებს შორის დიდ განსხვავებას, მოკლებული არიან რელიგიურ ბელადებს, წარმოდგენა არ აქვთ მითებზე თუ ისტორიის უდიდეს პიროვნებებზე. ამ ბავშვებს არ გააჩნიათ სახებათა გალერეები რომლის შედარებაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გალერეასთან, რომლისგანაც ჩვენ ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი იდეალების გამოძერწვა. ამის გარდა, შესაძლებლობები და მზაობა, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ბავშის მიდრეკილება აირჩიოს სახე მისაბაძად, მანუსში ძალიან მყიფედ შემოიფარგლება მამა–შვილის ჩარჩოთი. მკითხველმა უნდა გაიხსენოს რა მჭიდროდ აკავშირებს მეგობრობის უღელი მამასა და პატარა ვაჟს, როგორ იმეორებს ბავშვი მამის მოქმედებებს თავის ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, ისვენებს, არწმუნებს წინაპართა სულებს, როგოლ ელაქლაქება ცოლს. ჩვენ ვნახეთ, რომ უფრო ხანშიშესული და უფროსი მამების შვილები შეიძლება განვასხვაოთ უფრო უმცროსი მამაკაცების შვილებისაგან. და რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ რომ მამის პიროვნების თანხვედრა გერ ვაჟთნ ისეთივე დიდია, როგორც საკუთარ შვილთან და მსგავსება გერთან შვილთან მსგავსებაზე უფრო დიდია იმ შემთხვევაში, თუ შვილი სხვა ტემპერამენტის ან სოციალური მდგომარეობის მამაკაცმა იშვილა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს მემკვიდრეობითობის გავლენა, ფაქტორი, რომელიც ამჟამად არ ექვემდებარება ზუსტ გაზომვას _ ბავშვის პიროვნების ფორმირება _ დიდწილად განპირობებულია მოზრდილ პიროვნებებთან მჭიდრო კავშირით. მანუსის ხალხში მამების მხრიდან ვაჟებზე მშობლიურ ზრუნვაში მანუსის ხალხმა მომავალ თაობაზე მათი პიროვნული მახასიათებლების გადატანის დიდებული მექანიზმი აღმოაჩინა.
    და ეს მარტო იმ თანადამოკიდებულების შენახვის საშუალებაა არაა მომავალ თაობაში, გადამწყვეტსა და არა გადამწყვეტს, აგრესიულსა და რბილ ხასიათებს შორის, რომლებიც წინათ არსებობდნენ. თუ ძლიერ ადამიანს 5 ვაჟი ჰყავს, რომლებიც ცხოვრებისეული კარიერის განსხვავებულ ეტაპებზე გაუჩდნენ, ბავშვი, რომელიც მას ახალგაზრდობაში შეეძინა, უფრო რბილი ტემპერამენტის მფლობელი იქნება, ვიდრე მეორე ბავშვი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული სიმწიფის ნაყოფია. შეიძლება ეს იყოს ერთერთი მიზეზი, თუ რატომ ნიშნავს მანუსში პირველი შვილი ცოტას და რატომ ბატონობენ ასე ხშირად უმცროსი ძმები უფროსებზე (ასევე, ამ მოვლენის ერთერთი მიზეზი შეიძლება ინტელექტუალური განსხვავებაც იყოს).
    ყოველი ტემპერამენტის წილი შეიძლება მსუბუქად შეიცვალოს თაობდან თაობამდე იმის მიხედვით, რამდენად ხშირია შემთხვევითი შობები და შვილად აყვანები. პალეავოს, აგრესიულ ადამიანს, მხოლოდ ერთი შვილი ყავდა. მუჩინს კი, მის ძმას, რბილი ხასიათის, არააგრესიულ და კონსერვატიული ხასიათის პატრონს ოთხი შვილი ყავდა. შემდეგ პალეავომ იშვილა მუჩინის ერთერთი ვაჟი, მაგრამ ეს ზედმეტად გვიან გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვის ხასიათზე მოეხდინა გავლენა. იქ, სადაც მხოლოდ ათი თუ თხუთმეტი მამაკაცი წყვეტს ერთობის ბედს, ძალიან მნიშვნელოვანია იქნებიან თუ არა მათში 3–4 ინიციატივიანი და აგრესიული ადამიანი.
    საინტერესოა მანუსის აღზრდის მეთოდების არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ოკეანიის სხვა კუნძულების, სამოელების აღზრდის მეთოდებთან შედარება. სამოაზე ტიტულის იდეა ბავშვებისთვის სტიმულს წაროადგენს, მაგრამ ის არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არასოდეს რთავენ ბავშვებს მათთან მიახლოების ნებას. ბავშვებს აძევებენ მოზრდილების საზოგადოებიდან, მათ მოხუც ქალებს გადასცემენ ან უმცროსების ძიძაობას აიძულებენ. აქ არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ძლიერი ადამიანის ვაჟი პიროვნება გახდება, როგორიც არ უნდა იყოს მამასთან ურთიერთობა. მაგრამ რანგის იდეას აღმოაჩნდა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე განსაზღვრული გავლენა. თუ ის ბელადის ვაჟი ან დისწულია, მის მიმართ ქცევის რამდენადმე მაღალი ნორმებია წაყენებული და ის მათ დასაკმაყოფილებლად თანატოლებზე მეტ ძალისხმევას ხარჯავს. მაგრამ ,,შენ ბელადის ვაჟი ხარ“ ეს ძალისხმების გაღვიძებაა და არა ჩვენებური მამის წარმატებების ფატალური ხაზგასმა, რომელიც ვაჟს აშინებს და მის განვითარებას აფერხებს. ამ სტიმულის პიროვნებაზე მოქმედება სამოელ ბავშვთან ცალსახად შემცირებულია. პატარა ბიჭები აქ ერთმანეთისგან იმაზე გაცილებით მცირედ განსხვავდებიან, ვიდრე მანუსის ხალხში. როცა ისინი ახლგაზრდა ადამიანები ხდებიან, ბელადები დიდ ინტერესს იჩენენ მათდამი. როგორც თვიანი პოტენციური მიმღებებისა და მაღიარებლებისადმი. მაგრამ, ამ დროისთვის, როდესაც ახალგაზრდას უფროსებისადმი მიბაძვის დიდი შესაძლებლობები უჩნდება, მისი ხასიათი უკვე საკმაოდ ფორმირებულია. პირველი 17–18 წლის მანძლზე, ახლაგაზრდა სამოელის მთავარ სოციალურ დეტერმინანტად მისი ასაკობრივი ჯგუფის ნორმატივები გვევლინება და არა მოზრდილის პიროვნება. საკკუთარი ასაკობრივი ჯგუფის ტენდენციების დამორჩილების ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ რანგის იდეა, გვიან წლებში მოზრდილ ადამიათან კავშირი ცოტა რამეს თუ შეუძლია რომ შეცვალოს. სამოაზე მამაკაცები გაცილებით უფრო გვანან ერთმანეთს, ვიდრე მანუსის მამაკაცები. საქციელის კეთილგონივრული სტანდარტიზაცია და დახვეწილი მანერები, რომლებიც, უფრო მეტად, ადამიანის სოციალური სტატუსის შესატყვისია, ვიდრე მისი ბუნებრივი მიდრეკილებებისა თუ პიროვნული განსაკუთრებულობის, სამოელებს მნიშვნელოვნად უფრო ერთგვარ მასად ხდის.
    მანუსის ბავშვებისთვის ასაკობრივი ჯგუფის როლი უმიშვნელოა. როგორც ინდივიდუმები, ისინი ითვისებენ თავიანთი მამების განმასხვავებელ მახასიათებლებს, თავისებურებებს, რომლებიც პირდაპირ გამოხატავს მათ ასაკს, ეკონომიკურ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ წარმატებას. ეს უკანასკნელი გარკვეულწილად დამოკიდებულია ინტელექტზე, მაგრამ, ძირითადად მაინც ხასიათის ისეთი შტრიხებითაა განპირობებული, როგორიცაა აგრესიული ინიციატიურობა და ენერგია.
    მანუსზე ჩვენ პიროვნების სამ მთავარ ტიპს ვნახულობთ:
    1. აგრესიული, ძალადობისკენ მიდრეკილი, გავლენიანი ტიპი, რომელიც გავრცელებულია უფრო ასაკოვანსა და მდიდარ ხალხს შორის და ბავშვებს შორის, რომლებიც მათ აღზარდეს.
    2. საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებული, მაგრამ ნაკლებ გამოხატული აგრესიულობით გამორჩეული ტიპი. ის გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობისთვის, თუმცა კარგი სტარტი აქვთ აღებული ბავშვობაში, ისევე როგორც ამ კაცის მიერ აღზრდილ ბავშვებს.
    3. რბილი, არააგრესიული, სუსტი ტიპი _ გვხვდება ხანშიშესულ წარუმატებელ ინდივიუმებთან, რომელთაც ცუდად დაიწყეს თვიანთ ცხოვრების გზა. გვხვდება ასევე ბუნებისგან ნაკლები ნიჭით დაჯილდოებულ ინდივიდებსა და მათ შვილებში.
    იმდენად, რამდენადაც ნახევარზე მეტ შემთხვევებში მოზრდილ მამაკაცთა მოსახლეობას თავად ჰყავს ვაჟები, ან სისხლით ნათსავები მაინც, ეს სისტემა აჩენს პიროვნების არისტოკრატიზმს, რომელიც საიმედოდ უკვდავყოფს საკუთარ თავს. მას მოაქვს იშვიათი ინდივიდუალური განსხვავებები, თუნდაც ძალიან პატარა სოფლის მცხოვრებ მამაკაცებს შორის, მოაქვს ცხოვრების დინამიკური ატმოსფეროს გამოჩენა, რომელიც სამოაზე არ არსებობს, იმის მიუხედავად რომ იქ პროვნების განვითარება რანგობრივი სისტემის მანიპულირებით ხდება. ეს ცოცხალი, უწყინარი ადამიანები მიმღებლები არიან იმ კულტურებისადმი, რომელთანაც შეხებაში იმყოფებიან,, სწრაფად სარგებლობენ თეთრი ადამიანის იდეების უპირატესობებით და მათ თავის სასიკეთოდ მიმართავენ. მაგრამ სამოელების დამოკიდებულება თეთრების ცივილიზაციისადმი დაფუძნებულია ცხოვრების სახის მოქნილობაზე, რომელშიც არაა ძლიერი ვნებები და ძალიან ძვირად რაიმეს გადახდაც აღარ მოგიწევს. მანუსს, სხვა კუთხით, ბევრი კონფლიქტი და სხვადასხვა ტიპის პიროვნებებს შორის ბევრი უთხმოება აქვს. სამოური სისტემა კი ძალიან სასიამოვნო საშუალებაა ადამიანის ბუნების არასასიამოვნო, უხეში მხარეების დასალაგებლად იმ დონეზე, სანამ ის უვნებელი არ გახდება. მანუსის სისტემა კი პიროვნებაში კაპიტალდაბანდებისა და მისით საზოგადოებრივი სარგებლობის ერთერთი მაგალითია.

    Posted in თარგმანი, მთავარი, სოციოლოგია, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , | 5 Comments