ჟირაფისებრკისრიანთა ჯერარშემდგარი ამბავი

ჟირაფისებრკისრიანთა თაობის წარმომადგენელი (ჩემი ,,ნახატი'')


ოდესღაც სამყარო ვეშაპების ზურგზე იდგა და მზე მის გარშემო მოძრაობდა. ოდესღაც ღრუბლებში ღმერთები ცხოვრობდნენ და ისინი ხან უსამართლოები იყვნენ, ხან ჭირვეულები, მაგრამ ჩვენ სულ გვქონდა იმედი, რომ შეგვიფარებდნენ ( სანამ გჯერა, რომ შენთვის არსებობს თავშესაფარი, მანამდე გწამს ღმერთისო, თუ არ ვცდები ასე თქვა ბალზაკმა თუ რომელიღაც სხვა ჭკუისკოლოფმა). ჩვენც ყველაფერს ვაკეთებდით იმ იდეით დანთქმულები, რომ კარგად ვიქნებით, წვიმა თავის დროზე მოვა, მოსავალი უხვი იქნება და რომ მოვკვდებით მერეც რაღაც გამოსავალისმაგვარი იარსებებს ჩვენთვის. ცოტა მოგვიანებით, დროთა განმავლობაში, ადამიანის მთელი სიცოცხლე განმსჭვალა იდეამ, რომ ახლა მოსავალი თუნდაც არ მოვიდეს, მთავარი მაინც ის საბოლოო თავშესაფარია და დღემუდამ სწორედ მისთვის უნდა ვიღვაწოთ, იმ სამუდამო კომფორტისთვის და არა ამწუთიერი უსაფრთხოებისთვის. მერე ეს იდეა იმდენად საყოველთაო და თავისთავად ნაგულისხმები გახდა, რომ საჭირო აღარც კი იყო ხმამაღლა გეთქვათ, ჩვენი ნაქმნარი ყველა ნივთი და საგანი მისით იყო შთაგონებული და მასვე გადმოსცემდა. საეკლესიო მხატვრობა გინდათ თუ იგავები და ლექსები_ ყველაფერი იმ დიადს და მარადიულს უკავშირდებოდა რისკენაც მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე ილტვოდა მოკვდავი. მთელი მისი ცხოვრება ამ ღერძის გარშემო ერთიანდებოდა, ერთი ლოგიკით წარიმართებოდა დაბადებიდან ვიდრე სიკვდილამდე.
მერე რაც მოხდა დროში გაწელილი დესტრუქციაა: ვეშაპები დაბერდნენ და დაიხოცნენ, სამყარო გაფართოვდა და საერთოდაც, ბურთის ფორმა მიიღო, მზე კი ერთ ადგილას გაიყინა. ჩვენ კისრები ჟირაფებივით დაგვიგრძელდა მეტის დანახვის სურვილით (ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს რომ რიგ ბატონებს ხსენებული ორგანო ჟირაფებზე მეტადაც კი დაგრძელებიათ, ერთ ფრანცუსზე კი იმასაც უბნობენ, თითქოს მისი კისრის სიგრძე მშობლიური საფრანგეთიდან ნილოსის სათავეებამდე ჰორიზონტის ხედვის საშუალებას აძლევდაო, თუმცა ისტორიკოსების ვერსიები მოგეხსენებათ რა გაზვიადებულიცაა). ჩვენ დავვეჭვდით, ხომ არ იყო ღრუბლები ,,ცარიელი”?
სიკეთის მოტანა რომ პასუხების პრეროგატივაა ეგ უთუოდ გეცოდინებათ. კითხვებს როდის იყო სიკეთე მოჰქონდათ! ჰოდა ამ კითხვამაც ადამიანთა ისეთი საგვარტომო მუტაცია გამოიწვია რომ მალე ქალაქებს აფრიკის სავანებისგან ვეღარ გაარჩევდით ისე მომრავლდნენ ჟირაფისკისრიანები. რაც ყველაზე უარესია, ასეთებს უკვე აღარ სურდათ თავიანთი ცხოვრება იმ დაბადებიდან ვიდრე სიკვდილამდე ერთადერთ ჭეშმარიტი დიადი იდეით განემსჭვალათ რაკი ბუნდოვანი იყო იდეის ჭეშმარიტებაცა და თავად მისი არსებობის ფაქტიც.
მერე ისე მოხდა, რომ ჟირაფისებრებმა იმდენი ჩიჩქნეს და იძიეს, ღრუბლებიც ისწავლეს, ვეშაპების ჩონჩხებიც აღმოაჩინეს და სათანადოდ გააექსპერტიზეს, მზისა და მთვარის ბუნებაზეც ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით იმსჯელეს და ბოლოს ზოგიერთებმა გადაწყვიტეს რომ ყველაფერი გაიგეს, ყველაფერი ამოხსნენს და აღარაფერი დარჩეიათ შეუსწავლელი.
აი მაშინ დადგა ჩვენი თანამედროვე ხანა. ჩვენმა კისრებმა ისევ თავდაპირველი ზომა კი არ მიიღო, საერთოდ გაქრა. თუ არ გჯერათ პირველივე გამვლელს დააკვირდით ქუჩაში, ან ოჯახის წევრს (თუ ის გყავთ) და ნახავთ თუ მგელივით ზედ მხრებზე არ ებას კისერი. რაიმეს დასანახად თავს ვერ მიაბრუნებს მთელი კორპუსით თუ არ შებრუნდა, ჰოდა რაკი ციბრუტივით ტრიალი ყველა ნორმალურ ადამიანს ეზარება, მაინცდამაინც გვერდებსა და უკან ყურებას არავინ ცდილობს. ერთი მიმართულებით მზერაც მშვენივრად ყოფნის თანამედროვე ადამიანს, მით უფრო, რომ ისედაც იცი რა ხდება სხვაგვან, დედამიწის ბურთის ნებისმიერ წერტილში. თან თვალების დაბრუცვას და აქეთ–იქით ყურებას ჯობია ჯადოსნურ სარკეს მიუჯდე, რომელიც დედამიწის მდუღარე ბირთვშიც ჩაგახედებს და კოსმოსშიც 3 წამში გამოგზაურებს.
ჟირაფისკისრიანებიც შემორჩნენ აქაიქ, როგორ არა, მაგრამ ისინი იშვიათი სახეობის ფარგლებში არიან დაცული და ძალიან უჭირთ უკისროთა დარწმუნება, რომ კისრის ეპოქა არ დასრულებულა და რომ მთავარი ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ, რომ საჭიროა ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება და მათი მონაღვაწი სავსებით უმართებულოდაა განზოგადებული. ამაზე გავლენიანი უკისროები უდარდელად იღიმიან და დამრიგებლური ტონით პასუხობენ რომ ჭეშმარიტება საზოგადოების მოთხოვნაა და ისინი ამ მოთხოვნებს პასუხობენ. საზოგადოებას კი კვლევა–ძიებისა და ახალი სისტემებისაკენ ლტოლვის არავითარი მოთხოვნილება არ აქვს და როგორც კი ასეთი მთხოვნილება გაჩნდება, ისინი პირველები იქნებიან ვინც ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს (მკვლელი სიტყვათშეთანხმებები ფრიად უყვართ გავლენიან უკისროებს) პროდუქტიც უმალ შეიქმნება, შეიფუთება და ისე გასაღდება, როგორც ჯერ არს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, გავლენიანი უკისროები მშვენივრად მოკალათდნენ ჟირაფისებრკისრიანთა ოდინდელი სწავლულობის გამოყენებით, და ძალიანაც კმაყოფილები იქნებიან რომ ჟირაფისებრკისრიანთა კვლევა–ძიება ამ ნიშნულზე შეჩერდეს _ მათთის ხელსაყრელ დასკვნებსა და ფრაგმენტებზე. აი, უგავლენო, რიგით უკისროებს რაც შეეხება, სწორედ მათი ცხოვრების ზუსტი ( ჩემი, გამოკლეკისრებულისთვის შესაფერისი აზრით) აღწერისთვის ვუწოდებ ნეომარქსისტ ამერიკელ ეკონომისტს, ფრედერიკ ჯეიმსონს გენიალური .
რა არის ჩვენი ყოფა? რისგან შედგება ის მოცემულ მომენტში და რა ახასიათებს? შევეცდები ამ კითხვებზე ჯეიმსონისეული პასუხები ჩემებური ინტერპრეტაციით, ჩვენს მიკროსამყაროზე გადაყვანით გავცე. ჯეიმსონმა ჩვენი რეალობის 4 ძირითადი მახასიათებელგამოყო.

1) სიმძაფრე–ვარვარი

ეს ე.წ. პოსტმოდერნული სიმძაფრის შეგრძნებაა. სამყარო, რომელიც ყოველ წამს იცვლება დაძაბულია, ალმასივით ბზინავს და ნაღერდალივით ვარვარებს, გაიძულებთ სულ მომართული იყოთ მისი ვარვარის შესაბამისად. ის ახალ ახალ რამეებს ასხივებს და საჭიროა ეს რამეები ჰაერშივე დაიჭიროთ სანამ მიიკარგება, თორემ მიკარგვა უკვალოა და არარაში გადასროლას წარმოადგენს. ენერგიის მუდმივობის კანონით აქ ვეღარაფერს ახსნით. არც ენერგია აღარაა მუდმივი და არც ფიზიკის კანონები _ თუ არ გჯერათ ახალი ამბების ყველა საიტი მოიხილეთ და სადმე უთუოდ წააწყდებით სენსაციურ ცნობას ამაზე და თუ ყველა საიტის მოსანახულებლად არ გცხელათ, რაკი თქვენი სკაიპის ფანჯარა ძალიან ვარვარებს ან ფეისბუქზე ნოუთები გამოდევნებას საჭიროებენ, თან ნახევარ საათში შინიდან გასასვლელი ხართ, მოსაგვარებელი გაქვთ სამსახურებრივი ამბები, ხოლო საღამოს კიდევ ერთ ღონისძიებაზე ატარებთ, მაშინ მოგიწევთ უარი თქვათ ამ ინფორმაციის გადამოწმებაზე. ვერც ჩემ სიტყვებს ენდობით და არც გჭირდებათ, სინამდვილეში ხომ ცალ ფეხზე გკიდიათ უახლესი სენსაციური ცნობები ფიზიკის სფეროდან და სავსებით მართალიც ხართ. ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. საერთოდ, დღეს ძნელია რაიმე ისეთის პოვნა რასაც მართლა ექნება მნიშვნელობა… თუ ჩავთვლით რომ ასეთი რაიმეს პოვნა საერთოდ შესაძლებელა, მაშინ უთუოდ დიდ დროს და ენერგიას უნდა მოითხოვდეს, მაგისთვის კიდე ამ ვარვარში არავის სცალია!

2) ისტორიულობის დაკარგვა

წარმოიდგინეთ, საუკუნეების წინ ადამიანები ცხოვრობისას ცდილობდნენ თავიანთი ყოფა წინაპრების ყოფაზე დაეშენებინათ. ისინი საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებელ მთელად კი არა, წინაპართა ცხოვრების გაგრძელებად აღიქვამდნენ და ცდილობდნენ ის ამოცანები დაეძლიათ, რაც მათმა მამებმა და ბაბუებმა ვრ შეძლეს (ქალებს, როგორც წესი, ერთიდაიგივე ამოცანა ჰქონდათ მისჯილი და უმეტესად ახერხებდნენ მის დაძლევას _ შვილებს აჩენდნენ). მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რაც წარსულში მოხდა და მომავალს მის მიხედვით აგებდნენ. დღეს ფსიქოპათოლოგიის დადასტურებული ფორმა თუ მომღერლობაზე მეოცნებე დედა შვილს სიმღერის შესწავლას აძალებს და მამა ფეხბურთელობას. ეგ კი არა, უაბრავი მსხვილი საქმოსნის შვილი თავს საბრალო ჩაგრულად მიიჩნევს რაკი სამომავლოდ მამამისის საქმიაობის შესწავლა და გაგრძელება უწევს. ჩვენ სავსებით უარვყოფთ არათუ მითიური გმირების, შორეული წინაპრებისა და მშობლების ისტორიულ გამოცდილებას, არამედ საკუთარსაც. ჩვენ ერთიდაიგივე ადამიანებიი არ ვართ, რომელიც ჯერ 3 წლის იყო, შემდეგ 5–ის, ახლა 26–ისაა და 20 წლის მერე 46–ის გახდება. ჩვენ ყველა ამ ასაკში სხვადასხვა არსებები ვართ, სხვადასხვა მიზნებითა და ღირებულებით და ამ ასაკების შეკრება ერთ მთელ ადამიანს არ იძლევა _ ის ჭრელი, უფორმო ბრიკოლაჟი გამოვა ეგზოტიკური აქცენტებით. ჩვენ ისტორია არ გვაქვს, მხოლოდ აწმყო დროში ვარსებობთ. გუშინ ეს სხვა იყო, ხვალაც სხვა იქნება… ეს ხდება ინდივიდების დონეზეც და ასეთია ეპოქის ზოგადი სულისკვეთებაც.

3) ზედაპირული გამოსახულებები _ სიმულაკრები

ენდი უორჰოლი _ ,,თავისქალა''

მაშ ასე, ვიმყოფებით ვარვარის პირობებში და ახლანდელ დროში. ახლანდელი დრო კი მოფენილია სიმბოლოებით, ხატ–ნიშნებით, სახეებით, რომლებიც სინადვილეში არც არაფრის სიმბოლოებია და არც არაფერს გამოხატავს. ისინი უბრალოდ არსებობენ და არავის სცალია მათთვის რაიმე აზრის მისანიჭებლად. ,,აზრი” როგორც ასეთი დაიკარგა _ ჯერ შეიკუმშა და დაპატარავდა, შემდეგ კი საერთოდ მხოლოდ სახელიღა დარჩა მისგან. დღეს სახელების ეპოქაა, ქუჩაშიც სახელები დააბიჯებენ, ტანზეც სამოსის ნაცვლად სახელები გვმოსავს, სახელებში შევდივართ ფინჯანი სახელების დასალევად და ა.შ. სახელები მკვდარი სიმბოლოებია. თუ კლასიკური პოეზია გიყვართ, მისი კითხვისას მიხვდებით რას ნიშნავს ცოცხალი, შინაარსის გამომხატველი სახელების/სიმბოლოების განსხვავება მათი სიმულაციებისგან( შეადარეთ, მაგალითად, უილიამ ბლეიკის და ბროდსკის ლექსები). სიმულაკრები ნამდვილი საგნების მხოლოდ ანარეკლებია, რომლებიც ამ საგანთა გაქრობის შემდეგ შემორჩა.

4) ემოციებისა და აფექტების შესუსტება

ნამდვილ საგანთა ანარეკლებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ ის ემოციები, რომლებსაც ნამდვილი საგნები გამოიწვევდნენ. და აღარც ჩვენ, ადამიანთა სიმულაციებს შეგვიძლია იმის განცდა, რასაც ჩვენი ,,ორიგინალები” განიცდიდნენ (თუმცა სიმულაკრს ორიგინალი არ გააჩნია). თანამედროვეობას ახასიათებს უფრო ჭრელი ემოციები, უამრავი ახალი ემოცია გაჩნდა, მაგრამ ახლებიც და ძველებიც ზედაპირულად განიცდებიან… ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი დროის ახლებური მენეჯმენტია. ზოგჯერ ემოციებს წუთები თუ წამები გააჩნიათ სასიცოცხლოდ. მათ სწრაფად უნდა მოასწრონ განხორციელება და სწრაფადვე დაუთმონ ადგილი ახალ ემოციებს_,,ახალი ადამიანისთვის” ხომ საოცარი სისწრაფით იცვლება აღმგზნები სტიმულები. ის, ,,ახალი ადამიანი”, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებს და გზადაგზაშეხვერდილი საგნების განცდას როგორც ასწრებს ისე ასწრებს. ერიხ ფრომი (კიდევ ერთი ნეომარქსისტი :დ) თავის ,,სიყვარულის ხელოვნებაში” წერს, რომ თანამედროვე ადამიანი კაპიტალისტური სამყაროს ახალმა რეალობამ და ცხოვრების წესმა ისე გამოწვრთნა, რომ მას არ შეუძლია ,,გაჩერდეს”_ აი ისე, უბრალოდ იჯდეს სავარძელში და იფიქროს, ტბის პირას იდგეს ან ფანჯარაში იყურებოდეს დიდხანს. მას არ შეუძლია მცირეოდენი მოთმინების გამომჟღავნება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა _ აუცილებლად გართული უნდა იყოს რაიმე, თუნდაც მექანიკური საქმიანობით _ უნდა ჭამდეს, დადიოდეს, ლაპარაკობდეს, პიჯაკის ღილს აწვალებდეს ან ფრჩხილებს იკვნეტდეს. ფილმის ყურებისასაც კი ბატიბუტი უნდა ახრამუნოს. და ბუნებრივია რომ ასეთ პირობებში მხოლოდ საკუთარი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განზომილებების უაღრესად ზედაპირული განცდისთვის თუ გვეყოფა ყურადღება.

მოკლედ, ასეა… ეს არის რეალობის ჩემეული ხედვა და საკმაო დისკომფორტსაც მიქმნის. ვცდილობ განვავითარო რწენა, რომ ეს ,,გზააბნეულობა” და უსაზრისობა უბრალოდ გარდატეხის პერიოდის თანმხლებია, რომ ჟირაფისებრკისრიანები ბოლოს და ბოლოს მუზეუმებიდან გამოვლენ და გავლენიანი უკისროების კერძო ინტერესები ვეღარ დაადევს ვეტოს მათ საქმიანობას, რომ ყველაფერი დამთავრდა კი არა, ახლა იწყება, რომ ეს კაცობრიობის გრანდიოზული მენტალური რევოლუციის დასაწყისია და როცა ეს ,,გარდატეხის ასაკი” გაივლის, სრულიად ახალი, უფრო ჯანსაღი და სხვანაირი ადამიანის ტიპი ჩამოყალიბდება. ბევრი რამე ხომ ძალიან კარგიც მოხდა _ ელიტიზმის ნგრევა რად ღირს მარტო.
თუმცა არ ვიცი, ამისთვის გააზრებისთის ჩემი მწირი ანალიტიკური რესურსები აღარ მყოფნის. ინდივიდუალურად ერთი ძველმოდური წითელქუდა ვარ, რომელსაც უნდა გზა როგორმე გაიგნოს ქოხამდე, სადაც ორთქლმდინარი თაფლიანი ჩაი და ძველებური ბუხარი იქნება.

This entry was posted in მთავარი, პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ჟირაფისებრკისრიანთა ჯერარშემდგარი ამბავი

  1. jijgina ამბობს:

    საინტერესოა : )

    მაგრამ არ მესმის, რატომ გაწუხებს სწრაფი ცვლილებები ან ის, რომ შვილი მშობლების პროფესიას არ ირჩევს და ა.შ?

  2. chankotadze ამბობს:

    არა, შვილები რომ მშობლების პროფესიას არ ირჩვევენ ეგ სულაც არ მაწუხებს უბრალოდ ფაქტია, რომელიც ადრინდელი ფაქტებისგან განსხვავდება. ეს ძალიან კომფორტული ფაქტიცაა.
    სწრაფ ცვილებებს რაც შეეხება, არც თავისთავად ცვლილებები მგონია პრობლემა. პრობლემას იმაში ვხედავ რომ მხოლოდ ,,ერთი განზომილება” იცვლება_ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გვცვლის და ეს ფაქტი თავისთავად ტრაგედია არაა, პირიქით, ამის გარეშე მომავალი განავითარება შეუძლებელი იქნებოდა, მაგარამ ჩვენი ცვლილებები მგონი ძირითადად გამოიხატება ფრაგმენტებად ქცევით, თითქოს ძირსდანარცხებული ფაიფურის ჭურჭელივით ვიმსხვრევით და ძალიანაც გვსიამოვნებს საკუთარი თავის ხან ერთ ნამსხვრევად ხილვა, ხან მეორედ და ამაში იმდენად ვართ გართულები რომ სამარადჟამოდ ასე ნამსხვრევების ქექვაში დარჩენის და ახალი სინამდვილის შექმნის საჭიროების დავიწყების საფრთხე რეალური მეჩვენება. ანუ, სინამდვილეში ცვლილებები კი არ ხდება, ერთ ადგილზე ვციმციმებთთქო, ამის მეშინია.

  3. jijgina ამბობს:

    ცვლილებები ხდება – ერთი ეგაა, საზოგადოებები უფრო ნელა იცვლება და ვითარდება, ვიდრე მეცნიერება და ტექნოლოგიები. ნუ, ნამსხვრევების მეტაფორებს მე მაინცდამაინც ვერ ვწვდები :დ

    ”ჟირაფისკისრიანები” ადამიანთა რომელი ტიპია, რენესანსის დროინდელი ადამიანები?

  4. chankotadze ამბობს:

    რენესანსიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე… :პ

    ჰო, ცვლილებები ხდება მაგრამ ტექნოლოგიების განვითარება რომ უსწრებს საზოგადოების განვითარებას ეგ ჩემი მოკრძალებული აზრით სამწუხაროზე მეტია _ტრაგედია

  5. michael ამბობს:

    კარგი პოსტია ძალიან
    მაგრამ მე მგონია რომ კაცობრიობას ყველა დროში ქონდა რაღაც ნაკლი და წარსული საკმაოდ იყო ნაკლოვანებებით სავსე.

  6. chankotadze ამბობს:

    ჰო, ეგ ფაქტია…

დატოვე კომენტარი