რეგიონული ქცევის ფუნქცია და რეგიონული ქცევა პოლიტიკის სივრცეში

მასალები ირვინგ გოფმანის 90 წლის იუბილისადმი მიძღნილი კონფერენციიდან
ხელმძღვანელი: ამირან ბერძენიშვილი

რეგიონული ქცევა ამერიკელი სოციოლოგისა და ანთროპოლოგის, ირვინ გოფმანის (1922-1982) სოციალური დრამატურგიის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის საფუძვლიანი გაანალიზების გარეშეც გოფმანის მიერ სოციალური სისტემის ანალოოგიით შექმნილი მოდელის ღერძული მოცემულობა _ შესრულება, ანუ პერფორმანსი ბუნდოვანი დარჩებოდა.
რეგიონული ქცევის, როგორც სოციალური მოცემულობის გასააზრებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი სახელდება და აღწერა, არამედ მისი ფუნქციის შესწავლაც, რაც, მეტნაკლებად ახსნიდა ამ მოვლენის სოციალურ საზრისს და საშუალებას მოგვცემდა უფრო ფართო პლანით დაგვენახა მისი მიზეზები და შედეგები.

გოფმანი სასცენო სპეკტაკლის ანალოგიურად მიჩნეული ცხოვრებისეული თეატრის აღსაწერად შემდეგ ტერმინებს იყენებს:
,,შესრულება”ანუ პერფორმანსი_ ამ ტერმინში გოფმანი აქტორის მიერ თავისი სოციალური როლის შესრულებას, საზოგადოების წინაშე პრეზენტაციას გულისხმობს. შესრულების მიზანია აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენა და სწორედ ამისთის მზადდება და იგეგმება იგი წინასწარ.
,,აუდიტორია”_ საზოგადოება, რომლის წინაშეც ხდება და ,,შესრულება“.
,,მე“_ წარმოდგენა, რწმენათა და ნიშანთა ერთობლიბა, რომელსაც ინდივიდი საკუთარ თავში აღიქვამს და განსხვავდება მეორე ,,მე“-სგან, როგორადაც სურს მას საკუთარი თავის წარდგენა გარშემომყოფთათვის.
,,გუნდი“ _ ანუ რაიმე ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც დამოკიდებული არიან ერთმანეთზე, ერთმანეთის ქცევასა და მიზნებზე. მათ გააჩნიათ საერთო მახასიათებლები და შთაბეჭდილებები. საყურადღებოა, რომ გუნდი ადამიანების ხანმოკლე დროით გაერთიანებას გულისხმობს.
,,ჩარჩო“ ანუ ფრეიმი _ ეს არის სოციალური მოქმედების სტრუქტურული ელემენტი, გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მონაცემთა გაცვლა.
,,გარემო“_ ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა თანხლებითაც ხდება შესრულება და რომლებიც მასზე გარკვეულწილად ზემოქმედებენ. გარემოში, პირველ რიგში, შედის დრო და სივრცე.

რეგიონს გოფმანი განსაზღვრავს, როგორც ადგილს, სადაც შესრულების აღქმა ბარიერებითაა შემოსაზღვრული.
სოციალური მოქმედების არეალის რეგიონული დაყოფა ჩვენ ირგვლივ მიმიდნარე სოციალ-პოლიტიკური პროცესების ანალიზის დამატებით საშუალებას გვაძლევს.

გოფმანი გამოყოფს ,,წინა პლანის რეგიონს“ ანუ გარემოცვას, რომელიც აუდიტორიის ხედვის არეშია. სწორედ ისაა პერფორმანსის ზოგიერთი ასპექტის მთვარი სამიზნე სეგმენტი. წინა პლანის რეგიონში შესრულება მიზნად ისახავს კონკრეტული სოციალური სტანდარტების განმტკიცებას და სასურველი შთაბეჭდილებების მიღებას.

სოციალური სტანდარტები მარტივად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: თავაზიანობის წესები და ეტიკეტი:
თავაზიანობის წესები გულისხმობს იმ ნორმების შინაარსს, რომლებსაც შემსრულებელი, ანუ აქტორი პრეზენტაციის დროს იცავს და რომლის მიხედვითაც აუდიტორიასთან კომუნიკაციაშია ჩაბმული. ეტიკეტი კი იმ საშუალებების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობით შემსრულებელი თავაზიანობის წესებს ამჟღავნებს როცა ის აუდიტორიის სმენით, ან ვიზუალურ არეში იმყოფება.
ეტიკეტი, თავის მხრივ, იყოფა მორალურ და ინსტრუმენტულ მოთხოვნებად.
მორალური მოთხოვნები ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც მიზანს საკუთარ თავში ატარებენ _ ისინი მორალური შინაარსის პრინციპები, მორალური იმპერატივებია. რაც შეეხება ინსტრუმენტულ მოთხოვნებს, ისინი მოვალეობებს, ვალდებულებებს წარმოადგენენ .

როგორც წესი, ეტიკეტის დაცვა უფრო იოლად დაკვირვებადია და შესაბამისად, აუდიტორიის მხრიდანაც აქცენტირება მასზე უფრო კეთდება, ვიდრე თავაზიანობის წესებზე, ანუ შინაარსზე რომლის გამოც ხდება ეტიკეტის დაცვა. ეტიკეტს, შეგვიძლია თავაზიანობის დაკვირვებადი და ,,მექანიზებული“ გამოვლინება ვუწოდოთ, თუმცა, უფრო სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ეტიკეტი ზოგადად გაუცხოვებული ხდება თავაზიანობის წესებისაგან და ნორმების მონოტონურ ერთობლიობად იქცევა. ეტიკეტი სწორედ ის დემონსტრაციაა, რომელიც აუდიტორიაზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით სრულდება, თუმცა, ხშირად გამოცლილი აქვს ის საფუძველი, რის გამოც აუდიტორია მოხიბლული უნდა დარჩენილიყო ამ შესრულებით.

გოფმანი გამოყოფს წინა პლანის რეგიონს , რომელიც თეატრის სცენის ანალოგიად შეგვიძლია გავიგოთ, და უკანა პლანის რეგიონს, ანუ ,,კულისებს მიღმა რეგიონს.
შემსრულებლის ქცევა, შეიძლება ითქვას, განპირობებულია იმით, თუ რომელ რეგიონში მიმდინარეობს მოქმედება _ შესრულება აბსოლუტურად განსხვავებულია წინა პლანის რეგიონში _ სწორედ აქ შეიძლება მას ეწოდოს ,,პერფორმანსი“. ხოლო კულისებს მიღმა რეგიონში შესრულება აღარ ხდება _ აქ ნიღაბჩამოხსნილი მსახიობი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება _ ან ემზადება სოციალური როლის მორგებისა და თამაშისთვის და ან ისვენებს საკუთარი როლის შესრულების შემდეგ.
,,როცა ვინმეს ქმედება სხვა პიროვნების თანდასწრებით ხდება, ამ ქმედების ზოგიერთ ასპექტი ექსპრესიულად ხაზგასმულია, სხვა ასპექტები, რომლებსაც შექმნილი შთაბეშდილების დისკრედიტაცია შეუძლია _ დაფარული. ნათელია, რომ მომგებიან ფაქტებს შემსრულებლები წინა პლანის რეგიონში წარმოადგენენ. ასევე ნათელი უნდა იყოს, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა რეგიონიც _ ,,უკანა პლანის რეგიონი“, ანუ ,,კულისებს მიღმა რეგიონი“, _ სადაც აუდიტორიისაგან დაფარული ფაქტები წარმოჩინდება. ‘’ _ წერს გოფმანი.

რეგიონული ქცევის ფუნქციები და მიზნები

რეგიონების მიხედვით ქცევის განსხვავებას, ბუნებრივია საკუთარი მიზეზები და ფუნქციური დანიშნულება აქვს. კულისები უმნიშვნელოვანესი ადგილია იმისთვის, რათა სცენაზე ყველაფერი სურვილისამებრ წარიმართოს: სცენაზე გამოსვლამდე შავი სამუშაოები სწორედ აქ ტარდება. საკუთარი როლის შესრულების შემდეგაც აქტორი იქ ისვენებს და ახალი შესრულებისათვის აღიდგენს ძალებს.
სწორედ ამგვარი დანიშნულება აქვს კულისებსმიღმა რეგიონსაც სოციალური თეატრის შესრულებისთვის. აქ აქტორი თავისუფლდება იმ სოციალური როლისაგან, რომელსაც წინა პლანის აუდიტორიისთვის ასრულებდა. უკანა პლანის რეგიონი, ერთგვარი შიდასამზარეულოა, სადაც, გოფმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ერთადაა თავმოყრილი და შენახული პერსონალური წინა პლანის სასცენო რეკვიზიტი და ცალკეული ნივთი მოქმედებისა და მოქმედი პირების მთელი რეპერტუარისთის“ .

ცხადია, ერთიდაიგივე სივრცე, გარემოებებისდა მიხედვით, შესაძლოა მოგვევლინოს როგორც წინა, ისე უკანა პლანის რეგიონად. თავისთავად რომელიმე სივრცე კვალიფიცირებული ვერ იქნება, როგორც უკანა პლანის რეგიონი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ მოცემულ შემთხვევაში მკვეთრად გაიმიჯნოს ეს რეგიონები და უკანა რეგიონში გადასვლის საშუალება არავის ჰქონდეს თავად შემსრულებლის გარდა. ამაზეა დამოკიდებული შესრულების მიერ საკუთარი მიზნის მიღწევა _ რამდენად შეძლებს ის სასურველი შთაბეჭდილების შექმნასა და შენარჩუნებას. თუ წინა და უკანა პლანებს შორის გასასვლელლი მკაცრად არ იქნებოდა დაგმანული, მაშინ მაყურებლისთვის, რომელიც უკან შეჭვრეტას შეძლებდა, წინა პლანზე მიღწეული ეფექტი გაუფერულდებოდა, რამდენადაც მის უკან მდგარი სამუშაოების შესრულების ლოგიკა პერფორმანსს ბუნებრივ შედეგად აქცევდა და არა იმ უნიკალურ მოვლენად, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია უნდა გამოიწვიოს მაყურებელში.
იმისთვის, რომ შესრულებამ განსაკუთრებული ეფექტი მოახდინოს, მაყურებელმა ვერ უნდა შეძლოს მის უკან მდგარი ძალისხმევისა და მოსამზადებელი სამუშაოების დანახვა.
ასე რომ, რეგიონული ქცევის მთავარი ფუნქცია შთაბეჭდილებების ეფექტური, შემსრულებლისთვის მომგებიანი კუთხით წარმართვაა.


რეგიონული ქცევა პოლიტიკაში

შეიძლება ითქვას, შთაბეჭდილებების მართვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენ ხანაში შეიძინა, სადაც ადამიანების კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად დაუკავშირდა და განპირობებული გახდა იმ კეთილგანწყობით, რომლის მოპოვებასაც მოახერხებენ საკუთარი აუდიტორიისგან. ეს ფენომენი უთუოდ ჩვენი თანამედროვე სამყაროს, უფრო კონკრეტულად, კი დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკური კულტურის კანონზომიერებებით არის ნაკარნახევი.
წინამორბედი ფორმაციებისგან განსხვავებით, კაპიტალიზმის განვითარებამ და საბაზრო ეკონომიკის ლოგიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა შთაბეჭდილებებს, როგორც რეალური საგნობრივი ვითარების ვიზუალურად საგრძნობ გამოხატულებას. თუკი წინარე ეპოქებში გადამწყვეტი მნიშვნელობა სამხედრო ძალას ჰქონდა და მატერიალური სიკეთეთა მოპოვებაც ამ მოცემულობის პროპორციულად ხდებოდა, საბაზრო ეკონომიკამ შექმნა ისეთი ფაქტორი, როგორიცაა კონკურენცია. კონკურენცია კი ამ შემთხვევაში გულისხმობს არა მეტოქესთან ფიზიკურ დაპირისპირებასა და საკუთარი რესურსების მასთან ბრძოლაში დახარჯვას, არამედ მობილიზებას მასზე მეტი რესურსის დასაგროვებლად და მასზე მეტი ძლიერების დემონსტრირებას. ანუ, შთაბეჭდილების შექმნას, რომ მეტოქეზე ძლიერი ხარ. ამგვარად, წამყვანი მნიშვნელობის ხდება არა საგნობრივი ვითარება, არამედ მისი აღქმადი პრეზენტაცია.

თუ ამ განვითარების ლოგიკის კიდევ უფრო ახალ სტადიებს შევეხებით, აღმოჩნდება, რომ საგნობრივი ვითარება, როგორც ასეთი, საერთოდ დაკარგავს მნიშვნელობას და გაუჩინარდება თავის ვირტუალურ პრეზენტაციასთან მიმართებაში _ თავად მისი ვირტუალური პრეზენტაცია _ მის მიერ შექმნილი შთაბეჭდილება გახდება ერთადერთი არსებული მოცემულობა. თუმცა, გოფმანის ანალიზის ველში, ცხადია, ეს სტადია არ გვხვდება და იგი მხოლოდ შემდგომი პოსტმოდერნისტი ავტორების ანალიზის ობიქტი ხდება.

რაც შეეხება გოფმანს, ის მკვეთრად მიჯნავს იმ მოცემულობას, რაც რეალობაში არსებობს და ინდივიდი აღიქვამს კიდეც მას არსებულ რეალობად, იმისგან, რისი დანახვებაც მას სხვებისთვის სურს.

კაპიტალიზმის ლოგიკასა და საარჩევნო დემოკრატიის პირობებში, როცა პოლიტიკური თამაშის წესები მასში მონაწილეობის საშუალებას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ანიჭებს და მათ ნებაყოფლობით მოქმედებისა და თვითორგანიზების, მინიმუმ, ფორმალურ საშუალებას აძლევს, პოლიტიკოსის მიერ მიზნის მიღწევა დამოკიდებული ხდება იმაზე, რამდენად მოახერხებს სხვებისთვის რეალობის სასურველი კუთხით დანახვებას, ანუ ამომრჩევლის შთაბეჭდილებების მართვას.
თუ გოფმანის ტერმინებით აღვწერთ ჩვენს თანამედროვე აუდიტორიას, შეიძლება რეგიონების კლასიფიცირება შემდეგნაირად მოვახდინოთ: წინა პლანის რეგიონი არის პოლიტიკოსების მოღვაწეობის ის ნაწილი, რომელიც საჯარო ხილვადობისაა და რომელიც ტელეეთერში ხვდება _ მათი აუდიტორიაა მოსახლეობაა. უკანა პლანის რეგიონად კი შეგვიძლია მათი პოლიტიკური შიდასამზარეულო ჩავთვალოთ: დროისა და სივრცის ის ნაწილი, სადაც მათი პოლიტიკური მესიჯები იგეგმება, სადაც მათი რეიტინგები ანალიზდება და მათი ,,რებრენდინგი“ მიმდინარეობს _ ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც ვერ ხვდება კამერის ობიექტივში, მაგრამ რისი შედეგიც სწორედ ტირაჟრებისთვისაა გამიზნული.

ოჯახური პორტრეტი ეკლესიაში _ მედიისთვის გამიზნული ერთიდაიგივე შესრულება პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ

ამგვარად, მედია გამოდის სცენის როლში _ ის არის სივრცე, საიდანც შემსრულებელი როლის საკუთარ შესრულებას სთავაზობს მაყურებელს.
თუ გავიხსენებთ რა მნიშვნელობას ანიჭებს გოფმანი უკანა და წინა პლანის რეგიონების გამიჯვნას და უკანა პლანის რეგიონის შეუვალობას, შეგვიძლია პოლიტიკოსების შემთხვევაშიც ვიმსჯელოთ, სად გადის ზღვარი ამ რეგიონებს შორის პოლიტიკოსების შემთხვევაში, რამდენად მყარია ის, და რამდენად მნიშვნელოვანია რომ მედიამ _ სცენამ _ არ მოახერხოს შეჭრა პოლიტიკოსების შესრულების უკანა პლანის რეგიონში.

რეგიონულ დაყოფას საკუთარი სპეციფიკა გააჩნია სოციო-პოლიტიკური ფაქტორების ზემოქმედებიდან გამომდინარე. მაგალითად პოლიტიკოსების ქცევის არეალის რეგიონული დაყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებში განსხვავდება საქართველოში არსებული დაყოფისგან. მართალია, პოლიტიკოსებისთვის ორივე შემთხვევაში წამყვანია სასურველი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ ამის ორგანიზება ამერიკასა და საქარველოში სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი.
შეერთებულ შტატებში, რომლის კონსტიტუციის პირველი შესწორება სიტყვის თავისუფლებას ხელშეუებელ უფლებად აქცევს, მედიის პირდაპირი შეზღუდვა ან მის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რაც უხეშად არღვევს მედიის მუშაობის პრინციპებს, თითქმის შეუძლებელია _ ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსებს(რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესზე) ამის რესურსი ნაკლებად გააჩნიათ, თუნდაც, მთავრობაში ყოფნის დროს. თუმცა, კონკრეტულ სატელევიზო არხებსა თუ მედიაგამოცემებზე პოლიტიკოსებს გავლენა გააჩნიათ. მაგალითად FOX NEWS ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ,,ადმინისტრაციულ ტელევიზიად“ ითვლებოდა და მისი ყოფილი თანამშრომელი, ჩარლი რეინა ყვება კიდევაც, როგორ იღებდა ტელევიზია ახალია მბების გაშუქებისას დირექტივებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. თუმცა ამერიკა, როგორც ყველაზე დიდი ბაზარი ალტერნატივების განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას გულისხმობს და ფოქს-ნიუსი არ წარმოადგენდა ერთადერთ ,,წინა პლანის აუდიტორიას“ ბუშისთვის. უამრავი სხვა მედია არხი, რომელიც მოვლენებს განსხვავებულად აშუქებდა, წინაღობას უქმნიდა ჯორჯ ბუშის შესრულებას აუდიტორიაზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენაში, თუ აუდიტორიაში ამომრჩეველთა გენერალურ ერთობლიობას ვიგულისხმებთ.
ამგვარად, ამერიკელი პოლიტიკოსისთვის შეუძლებელია მედიასაშუალების პირდაპირი კონტროლი იმგვარად, რომ აუდიტორიის შთაბეჭდილებები ეფექტურად მართოს. ამიტომ, ის ცდილობს აკონტროლოს მედიასაშუალების მესიჯების შინაარსი, არამედ აკონტროლოს საკუთარი შესრულება და შესრულების სრულყოფით უზრუნველყოს კეთილგანწყობის მოპოვება ვისაც არ უნდა მოუხდეს ამ შესრულების აუდიტორიამდე მიტანა ტექნიკურად. სწორედ ამიტომ ტარდება მსოფლიოში ყველაზე ძვირი არჩევნები ამერიკაში, სადაც კანდიდატები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ,,კულისებსმიღმა სამუშაოებში“ და საკუთარი საშემსრულებლო ხელოვნების სრულყოფაში. (წელს მაგალითად, რესპუბლიკელების კანდიდატი მიტ რომნი და მისი დემოკრატი კონკურენტი, ბარაკ ობამა მილიარდ-მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის. _ აქ, ფაქტობრივად იმარჯვებს ის, ვინც მეტ ფულს დახარჯავს, რადგან მეტი ფულით სასურველი შთაბეჭდილების შექმნა და ამომრჩევლის სიმპათიის დამსახურება ,,მეტად ხერხდება“.)

სავსებით განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, სადაც ეროვნული მასშტაბით 3 ტელეარხი მაუწყებლობს. აქ პოლიტიკოსებს გამოსდით პირდაპირ აკონტროლონ სცენა და კულისები _ თავად განსაზღვრონ წინა და უანა პლანის რეგიონების მოცულობა. ამას ადასტურებს ის, რომ სამივე ტელევიზიის მაუწყებლობის შინაარსი ერთგვაროვანი და მმართელი პარტიისთის ხელსაყრელია. მმართელ პოლიტიკურ გუნდს, ფაქტობრივად ხელი მიუწვდება ყველა მათგანზე: ერთი ტელევიზია საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმყოფება და მისი ფინანსური მდგმარეობა ერთპარტიული მთავრობის პირობებში ცალსახად მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, მეორე _ კერძო ტელევიზია მმართველი პარტიის მიერ აქტიურ იარაღად იქნა გამოყენებული თავის დროზე მოსახლეობის შთაბეჭდილებების მართვისთვის, სანამ ახალი მმართველი გუნდი ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და მესამე _ ასევე კერძო ტელევიზია, რომელიც ცდილობდა ალტერნატიული საინფორმაციო ველის ფუნქცია შეესრულებინა და რომელშიც ასეთი შინაარსის მაუწყებლობის დროს შეიარაღებული რაზმი შეიჭრა და მაუწყებლობა შეაჩერა _ მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ კი ტელევიზიის მმართელი გუნდი შეიცვალა.

ბუნებრივია, პოლიტიკურ სივრცეზე საუბრისას, შესრულებაში იგულისხმება არა მარტო პოლიტიკოსების ინდივივიდუალური ქცევა, არამედ მათი გატარებული პოლიტიკა თავიანთი შედეგებით წარმოადგენს მათ შესრულებას _ მათ პოლიტიკურ პრეზენტაციას და ამდენად, მნიშვნელოვანია მედიის წინა პლანის რეგიონში არამარტო პოლიტიკოსების წარმოდგენა, არამედ იმ ვითარებისაც, რომელიც მათ შექმნეს, ან რომლის შეცვლასაც აპირებენ.

ციხეში გარდაცვლილი პატიმრისადა 26 მაისის ღამეს დარბეული მიტინგის კადრები, რომელიც ნაციონალურ მაუწყებლებზე ვერ ხვდება

მუშების მდგომარეობა საქართველოში: პირველ სემთხვევაში ნაციონალური მაუწყებლების მიერ პრეზენტირებული მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ქვემოთ კი ვებგამოცემა ,,ნეტგაზეთის” რეპორტინგი ქუტაისში ,,ჰერკულესის” მუშების გაფიცვიდან, რომელიც პოლიციამ დაარბია

ნაციონალურ მაუწყებლებზე თითქმის ვერ ხვდება ციხეებში პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების კრიტიკული შენიშვნები მთავრობის მისამართით, გაეროს რეკომენდაციები, სიღატაკისა და უმუშევრობის ამსახავი ინფორმაცია _ ერთი სიტყვით, ინფორმაცია, რომელიცეჭქვეშ დააყენებდა მთავრობის ეფექტურ მუშაობას. სამაგიეროდ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი პატივისცემითა და ერთგვარი სითბოთი ეკიდებიან მმართველი გუნდის წევრების ქმედებებს, გარკვეულწილად, ეხმარებიან მათ თავიანთი როლის ,,წარმატებით შესრულებაში“. ეს იგრძნობა კამერის რაკურსის შერჩევაში, მუსიკაში, კადრების თანმიმდევრობასა და ბუნებრივია, ტექსტუალურ გაფორმებაში. მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან ვერ ხვდებიან ტელესივრცეში და ამგვარად, მათ წართმეული აქვთ აუდიტორიის წინაშე საკუთარი როლის შესრულების საშუალება, ან მათი შესრულება გაფორმებულია იმგვარი ტექსტუალური მასალით, რაც გამორიცხავს შესრულების მიერ სასურველი შთაბეჭდილების შექმნას მაყურებელში.
მაგალითისთის, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა ადგილას ვიზიტებსა და სიტყვით გამოსვლას სამმა ნაციონალურმა მაუწყებელმა საინფორმაციო ბადეში 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით 3 საათი და 17 წუთი დაუთმო. რაც, აღემატება იმ დროის მოცულობას, რაც ტელევიზიებმა საერთო ჯამში დაუთმეს ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა სადაზღვევო სისტემა, სახალხო დამცველის განცხადებები, კონტროლის პალატის საქმიანობა და ა.შ. _ ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ ნაციონალური მაუწყებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ სივრცე გამოყენებული იქნეს როგორც წინა პლანის რეგიონი პრეზიდენტისთვის.

განსხვავება ონლაინ მედიაში წარმოჩენილსა და თავად ნაციონალური მოძრაობის მიერ პრეზენტირებულ მოცემულობებს შორის

განსხვავებული სურათია თბილისის მასშტაბით მაუწყებელი ორი ტელევიზიის შემთვხვევაში, რომლებიც არ სჯერდებიან მმართელი გუნდის შესრულების ოფიციალურ ვერსიას და ცდილობენ გააქარწყლონ მისი შთაბეჭდილებები. ამისთვის ტელევიზიები ცდილობენ დაარღვიონ მმართელი გუნდის პოლიტიკოსების მიერ დადგენილი საზღვარი სცენასა და კულისებს შორის და წინა პლანზე გამოიტანონ ის მოქმედებები, რასაც მმართველი გუნდის პოლიტიკოსები მხოლოდ კულისებში ჩადიან. ამის მაგალითია ტელეკომპანია მაესტროს მიერ წამოწეული ერთერთი მთავარი თემა _ მმართელი გუნდის წარმომადგენელი საჯარო მოხელეების დახურული მასობრივი შეხვედრები ამომრჩევლებთან, რომელიც ფაქტობრივად არღვევს მმართველი გუნდისვე ინიცირებულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
გამოდის, რომ მმართველი გუნდი არღვევს საკუთარ შექმნილ კანონს, რომლის დარღვევის გამო მილიონიანი სანქციებს უწესებს ოპოზიციური მოთამაშე ძალისთვის. ცხადია არცერთი შემსრულებელი ამას საჯაროდ არ გააკეთებს, რადგან ასეთი პერფორმანსი ვერ გახდება მოსახლეობაში დადებითი განწყობის ინსპირატორი. მაგრამ მსგავსი ქმედების ჩადენა კულისებს მიღმა სავსებით შესაძლებელია.

ბრძოლა, რომელიც პოლიტიკურ მეტოქეებს შორის მიმდინარეობს, როგორც წესი, მიზნად ერთმანეთის უკანა პლანის ცხოვრების გამომზიურებას ისახავს. მართალია, შესაძლოა აუდიტორიამ ზოგადად იცოდეს, რომ შესრულების დროს უბრალოდ, ეტიკეტის დაცვა ხდება და კულისებში შემსრულებელი ქმედებები სხვაგვარად გამოიყურება, მაგრამ კულისების გამომზიურებას ყოველთვის განსაკუთრებით ნეგატიური ეფექტი აქვს და ეს ,,მაინც მუშაობს”.

2011 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მმართველი გუნდის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება დაიწყო. თითქმის განიარაღებულმა და აუდიტორიასთან საკუთარი როლის შესრულების საშუალებას მოკლებულმა ივანიშვილმა პირველივე რაც გააკეთა ის იყო, რომ ტელევიზიის შეძენაზე ზრუნვა დაიწყო. მას სივრცე დაუთმო ორმა ლოკალურმა ტელევიზიამ, მოახერხა მაუწყებლის ყიდვა და საკუთარი გაზეთის გამოშვება. ეს ცხადია მოკრძალებული მასშტაბის სივრცეა საკუთარი თავის პრეზენტირებისთვის ეროვნული მასშტაბის მაუწყებლებთან შედარებით, თუმცა ამ მასშტაბში მანაც დაიწყო შეტევა ოპონენტების კულისებზე, როგორც მათ ამ უკანასკნელისაზე.

ამგვარად, კულისების კონტროლის უფლება პოლიტიკური ძალაუფლებაა და ყველაზე ძლევამოსილთ შეუძლიათ ყველაზე უკეთ დაიცვან საკუთარი კულისები. თუმცა, საინტერესოა, როგორ ცდილობენ პოლიტიკის სივრცეში ,,ნაკლებძლევამოსილები“ ამ დისბალანსის გამოსწორებას და ძლიერი მეტოქის დისკრედიტაციას კულისებში შეუღწევლობის გამო მათზე ფაქტობრივი სამიხილების ქონისა და მათი პრეზენტირების გარეშე.

ვარდების რევოლუციამდე, როდესაც მოსახლეობის მმართველობისადმი უკმაყოფილება პიკს აღწევდა, საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა მულტიპლიკაციური სერიალი ,,დარდუბალა“, რომელიც მაშინდელი მმართველი გუნდისა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისადმი მიმართულ პოლიტიკურ სატირას წარმოადგენდა. ამ სერიალით, ფაქტობრივად, ხდებოდა ,,კულისების“ მხილება _ უკანა პლანის რეგიონის ყველა სიმახინჯის გამომზიურება. რაკი ამ კულისებში შეღწევის რესურსები არ არსებობდა, სერიალის შემქმნელები ანალოგიებითა და ფანტაზიით ცდილობდნენ მმართველი გუნდის უკანა პლანის რეგიონული ქცევის გაცოცხლებას.
დარდუბალას შემქნელმა ანალოგიურ სერიალზე მუშაობა ხელახლა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი საქმიანობა უკვე ხსენებულმა ოპოზიონერმა პოლიტიკოსმა დააფინანსა. ,,ბანანის რესპუბლიკა“ მიმართულია მმართველი გუნდის დისკრედიტაციაზე _ მისი პერსონაჟები არიან მთავრობის წევრები, რომლებიც სერიალში სულელ, არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო და ხარბ არსებებად არიან წარმოდგენილი.

ასეთი ასოციაციებით თამაშსა და წინა პლანზე შექმნილი შთაბეჭდილებების გაქარწყლებას ემსახურება პოლიტიკური კარიკატურებიც, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად იყენებს ჟურნალი

,,დიადი მუნჯი ალაპარაკდა” ჟურნალი ტაბულა ოპოზიციის ლიდერზე

ტაბულა, რაც უცნაური იქნებოდა ისეთი მედიასაშუალებისთის, რომელიც რომელიმე პოლიტიკური ძალის ,,შესრულებაში“ დაინტერესებულ მონაწილეობას არ იღებს და არ თამაშობს ამ ძალის სასარგებლოდ. მმართველი გუნდის წარმომადგენელი, დიმიტრი შაშკინი ტაბულას გარეკანზე ელეგანტურად გამოწყობილი ხვდება, მის შემთხვევაში ციტირებულია კონსტრუქციული ციტატა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი კი ტაბულაში მხოლო ზებრაზე ამხედრებული შეიძლება იხილოთ, ან დამცინავი წარწერით გარეკანზე _ ,,დიადი მუნჯი ალაპარაკდა“.

ამგვარად, მედიის მიერ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზრისის მქონე, ასოციაციების გამომწვევი სიმბოლოებით ხორციელდება, წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის იარაღს, რომელიც პოლიტიკური ძალის მიერ ცნობიერად გამოიყენება როგორც საკუთარი თავის რეკლამა, ან ოპონენტი ძალის დისკრედიტაციის საშუალება. რეგიონული ქცევა ამ კომუნიკაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რამდენადაც თავად მედია ქცეულია წინა პლანის რეგიონის ასლად. ამავე დროს ის შემოფარგლავს სცენის საზღვრებს და აქვს ძალაუფლება _ შეარღვიოს კულისები.

This entry was posted in სოციოლოგია. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი