მეორე დღეა სოციალური ქსელებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ პროვოკაცია იგეგმება და ხელისუფლება აქციების დაშლას სპეცრაზმის გამოყენებით აპირებს. ეს ეს ვერსია გარკვეულ დამაჯერებლობას იძენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა ციხეებში პატიმრების სასტიკი წამების კადრების გავრცელებამ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზაფრა და აღაშფოთა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მმართველი პარტიისადმი აგრესია და უნდობლობა გაუჩინა.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მსგავსი ნაბიჯი გამანადგურებელი დარტყმაა მმართველი პარტიის რეიტინგისთვის და მას არჩევნების მოგების შანსი პრაქტიკულად ნულზე დაჰყავს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის ყველაზე კომფორტული არჩევნების გადადება იქნებოდა. არჩევნების გადადების საბაბისთვის კი არეულობა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო ამბავია. სწორედ ეს გარემოება პროვოკაციაზე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ანგარიშგასაწევს ხდის. თუმცა, საღი აზრის მიხედვით, ასეთ სიტუაციაში აქციების დარბევა თითქმის გამორიცხული უნდა იყოს.
პარასკევს 3 საათზე თსუ-ში დაგეგმილია აქცია სტუდენტების სახელით, რომლის ორგანიზატორებიც თსუ-ს თვითმმართელობში მყოფი ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წევრები არიან. მე მოსაწვევი პირადად დაჩი გუბაძემ, თვითმმართველობის პრეზიდენტმა გამომიგზავნა.
რა თქმა უნდა ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, ორგანიზაციას თუ ინდივიდს უფლება და მორალური ვალდებულება აქვს პროტესტი გამოუცხადოს ადამიანის არსების ფეხქვეშ გათელვასა და საკუთარი პოზიცია გამოხატოს პატიმრების წამების ნახვის შემდეგ. თუმცა, თსუ-ს თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი აქციის ორგანიზება მეტისმეტად არადამაჯერებელია, რადგან ის უნივერსიტეტში შინაარსობრივად ციხის ადმინისტრაციის ანალოგიური საქმიანობით იყო დაკავებული.
წლების განმავლობაში ერთიანი სტუდენტური მოძრაობა ფიზიკურად უსწორებოდა სტუდენტებს, რომლებიც პროტეტს გამოთქვამდნენ საკუთარი უფლებების შელახვის გამო. ამ დრომდე გამოძიებული არაა და სტუდენტური თვითმმართელობის არცერთი წევრის პასუხისმგებლობა არ დამდგარა სტუდენტების ცემის არცერთი ფაქტის გამო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა მმართველ პარტიასთან კოორდინებით მოქმედებს და მისი დავალებით ცდილობს სტუდენტების გაკონტროლებას. ამიტომ, ცხადია, მისი დაკვეთის შესრულების გამო არ დაისჯებოდა.
ერთიანი სტუდენტური მოძრაობა არის ორგანიზაცია, რომელიც ძალადობას ყოველდღიურად იყენებდა ბრძოლის იარაღად სტუდენტების დასამოჩილებლად. ამიტომ სრული აბსურდია მისი მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლა. ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ ორ რამეს: საკუთარ იმიჯზე ზრუნვას და წარსული გამოცდილების მიუხედავად გადარჩენის ცდას, ან პროვოკაციის მოწყობას და აქციაზე იმგვარი მდგომარეობის შექმნას, რომ სტუდენტური მოძრაობის დისკრედიტაცია მოხდეს და ძალოვან სტრუქტურებს სტუდენტების დარბევის საფუძველი მიეცეთ, რასაც კიდევ ახალი არეულობები და ესეიგი, არჩევნების გადადება მოყვება.
ცხადია ეს უკანასკნელი გარკვეულწილად კონსპირაციის თეორიასავით ჟღერს, მაგრამ მაინც არსებობს უმცირესი ალბათობა. მით უფრო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკვე აქვს მშვიდობიანი სტუდენტური მანიფესტაციის დარბევის პრაქტიკა. 3 წლის წინ ზონდერების მიერ სტუდენტების აქციის დარბევა, რომელიც თავის დროზე მედიაშიც კი არ გაშუქებულა ნორმალურად, დღემდე გამოუძიებელია საქართველოში და სტუდენტების საქმეს ამჟამად სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.
ცხადია, დღეს სხვა მდგომარეობაა, გარეთ, ადამიანის უფლებების სადარაჯოზე გაცილებით ბევრი სტუდენტი დგას და ისინი ძალიან გაბრაზებულიები და ძალიან მოტივირებულები არიან. ამიტომ მსგავსი რაიმეს განმეორება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მაინც ყველას ვთხოვ, ნუ მივლენ დღეს თსუ-ში 3-ზე და ნუ მისცემენ თვითმმართველობას ჩვენი პროტესტის მართვის, განეიტრალების ან მარგინალიზების საშუალებას. ლაბორატორიის წევრები ვაპირებთ 1 საათიდან შევიკრიბოთ თსუ-ს ეზოში და თითმმართველობის აქციაზე მოსულ სტუდენტებს გაბრუნება ან გლდანის ციხესთა გამართულ აქციას შეერთება ვთხოვოთ.