როგორ იზრდებიან ახალ გვინეაში (მარგარეტ მიდი)

ნაწყვეტი მარგარეტ მიდის წიგნიდან ,,კულტურა და ბავშვობის სამყარო”. ამერიკელმა ანთროპოლოგმა, მარგარეტ მიდმა ეს წიგნი პოლინეზიიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა, სადაც ორი წელი (1925-26 წ) გაატარა ადგილობრივი კულტურების შესწავლაში. ამ თავში მიდს განხილული აქვს კულტურის შინაარსის და პიროვეების მისწრაფებების ურთიერთდამოკიდებულება, პიროვნების ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები და საზოგადოების ტიპისა და გავლენების განაწილების ზემოქმედება ადამიანის ტიპაჟისა და ხასიათის ჩამოყალიბებაზე. პრინციპში, ამ ტექსტში ბევრი სოციოლოგია და ცოტა ფსიქოანალიზია, მაგრამ რაკი ფსიქოანალიზის ნაწილი ცოტა მოძველებული, არაადეკვატური და ნაკლებსაინტერესოა (თან, გენდერული და სექსუალური იდენტობის პატივისცემის ნიმუშადაც არ გამოდგება :დ) თავს უფლებას ვაძლევ რაღაცები შევამოკლო .

,,აღზრდა და პიროვნება “

მართალია, აღზრდას არ შეუძლია შეცვალოს ის ფაქტი, რომ ბავშვის პიროვნება თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხებით ყოველთვის იმ კულტურას აირეკლავს, რომელშიაც იგი გაიზარდა, მაგრამ აღზრდის მეთოდებს შესაძლოა მაინც ხანგრძლივმოქმედი შედეგები მოჰყვეს ტემპერამენტის, მსოფლხედვის, უპირატესობის განსაზღვრის სწორედ იმ ერთობლიობის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ჩვენ პიროვნებას ვუწოდებთ.
იმის მიუხედავად, რომ მანუსის ხალხი ერთი კულტურული ტრადიციის ვიწრო ჩარჩოშია მოქცეული, მან მაინც შეძლო პიროვნების განვითარების უმკაფიოესი ფორმების განსაზღვრა. ამიტომაც პიროვნების ფორმირების მთელ პრობლემას ნათელს მოჰფენდა იმის ანალიზი, თუ როგორ განსხვავდება ამ ხალხის ყველა მცირეწლოვანი ყველა დანარჩენი ხალხის მცირეწლოვნებისგან.
ჰომოგენური კულტურის შიგნით პიროვნებად ფორმირების პრობლემა უფრო რელიეფურად იკვეთება. მას არ ამუქებენ ხელოვნური დაშრევებები, რომელთაც რთული კულტურა აუცილებლად რთავს ხოლმე თავისი ჰიბრიდული ტრადიციების ფონზე შობილი თითოეული ინდივიდის განვითარებაში. ჩვენ ხშირად პიროვნულ განსხვავებებად ვიღებთ ამ მეორადი წარმონაქმნების ნაყოფს, თუმცა, სინამდვილეში მათ საერთო არაფერი აქვთ.
მოდით, ერთი წუთით, შევადაროთ მანუსის ხალხში ზრდასრული მამაკაცისათვის ნებადართულ კულტურულ ფორმათა შესაძლო ვარიაციები იმავე ვარიაციებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ყოველი მამაკაცის ინდივიდუალურობის შემადგენელ ნაწილია. თავიდან მეორეხარისხოვანი საკითხი ავიღოთ, რომელიც გარეგნულ შესახედაობას შეეხება. მანუსის მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს გრძელი თმები, კვანძად შეკრული თმები ან შეიძლება მათი მოკლედ შეჭრაც. მას შეუძლია ატაროს რგოლები ყურებზე, ან შეუძლია არც ატაროს. ზუსტად ასევე, მას შეიძლება ცხვირში გაყრილი ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მარგალიტის ნიჟარის წვრილი ნახევარწრე, ან გამოთლილი ძვალი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყურებიც და ცხვირიც გახვრეტილი ექნება ამ სამკაულების სატარებლად. მისი შარვლის ქსოვილი ან პურის ხის ყავისფერი ლაფანია, ან ვაჭართან ნაყიდი ჯუთის. მისი ძვირფასეულობაა ძაღლის კბილები, მძივები, ნიჟარები, რომლებიც ფულის დანიშნულებას ასრულებს. ძაღლის კბილები მძივებთან ერთად შეიძლება ძაფზე აცმული და ყელის გარშემო ერთ, ან ორ წრედ შემოტარებული იყოს. ნიჟარებში კი წითელი, ან წითელი და შავი მძივების მოთავსება შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ წინაშე შესაძლებელ ვარიანტთა ძალიან მცირე დიაპაზონია წარმოდგენილი. შეადარეთ მას ტანისამოსის ვარიანტები ჩვენთან, მუშათა კომბინიზონებით დაწყებული, ნატიფი მოდელებით დამთავრებული, რომლებიც სარეკლამო განცხადებებში აღწერილია სიტყვებით: ,,რას ატარებენ კარგად ჩაცმული ადამიანები“. ხოლო როცა საქმე შესაძლებელ გემოვნებებს, რწმენებს, აზრებს ეხება, კონტრასტი გასაოცარი ხდება.
აი ყველაზე ექსტრავაგანტული ადამიანი პერეში (პერი ადგილობრივი დასახლება გვინეაზე _ მე): მან ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ჭაბუკობისას განაცხადა თავისი ამხანაგებისაგან განსხვავებულობის შესახებ, როცა მის მიერ შეცდენილ ბიძაშვილს ზურგზე ჩამოკიდა ამულეტი სულების შურისძიებისაგან დასაცავად. შემდგომ, მან მეტყველება სხვადასხვა სოფლის მოხუცებისგან საგულდაგულოდ შეკრებილი სალანძღავი სიტყვებით შეავსო და ხმამაღლა იცინოდა დების დაკრძალვაზე. ყველაფერ დანარჩენში კი ის სავსებით თანხვდებოდა თავის ამხანაგებს: დაქორწინდა, ცოლმა მიატოვა და ისევ ხელახლა დაქორწინა. ის დაკავებული იყო თევზჭერით და თევზს ხილზე ცვლიდა ხოლმე, მონაწილეობდა სავაჭრო გარიგებებში, იცავდა ყველა ახლო ნათესავის სახელის ტაბუს, ისევე, როგორც ყოველი პერეს მცხოვრები.
პერეს მცხოვრები მეორე მამაკაცი სხვა ნიშნით იყო გამორჩეული: ის დიდხანს და გულწრფელად ტიროდა თავისი ცოლის სიკვდილის შემდეგ, მის თავის ქალას ინახავდა და ხანდახან ელაპარაკებოდა. ამ ყველაფერმა მამაკაცი შესამჩნევი ფიგურა, მის ნათესავებსა და მეზოლებს შორის უნიკალური მოვლენა გახადა. თუმცა თავისი რწმენებისა და ჩვევების უმრავლესობაში ის არ განსხვავდებოდა სოფლის დანარჩენი მამაკაცებისგან.
ახლა კი, მოდით განვიხილოთ იმ ინდივითთა მცირე კრებული, რომელთა ნახვაც ჩვენთან შეიძლება. ხასიათის ერთნაირი შტრიხების მქონე ორი მამაკაციდან, ანუ, ორივეს შეუძლია იყოს გავლენიანი, მოხერხებული და საკუთარ თავში დარწმუნებული, შესაძლოა, ერთს წმინდა სამებისა და პირველქმნილი ცოდვის სწამდეს, მეორე კი თავდაჯერებული აგნოსტიკოსი იყოს. ერთს სჯერა თავისუფალი ვაჭრობის, შტატების უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, მეორეს კი ტარიფების, დიდი ფლოტის, სოციალურ საკითხებზე ფედერალური კანონების; ერთი შესაძლოა ადრეული პერიოდის ნიუიორკის ხედებიან გრავიურებს აგროვებდეს, მეორე კი პეპლებს; ერთმა შესაძლოა მთელი სახლი დედოფალ ანას დროში დამზადებული ავეჯით გააფორმოს, მეორემ კი ერთდროულად 5 სტილის ავეჯით; ერთი მუსიკაშია განსწავლული, ისე რომ ყველაზე რთულ ფუგებში გარკვევაც შეუძლია, მეორემ კი ისე იცის პიკასოს შემოქმედება, რომ ნებისმიერი მისი ნამუშევრის დათარიღება შეუძლია; ერთს კაბელი, მოსწონს, მეორეს კი პრუსტი. და ამგვარად კიდე უფრო ღრმად წასვლაც შეიძლება, რომ ამ ადამიანების განსხვავებულ გემოვნებათა მთლი დიაპაზონი წარმოიქმნას, ხოლო ჩვენი აღწერა ნებისმიერი მათგანის შედარებით დამთავრდეს პატარა ქალაქის მცხოვრებ ახალგაზრდა კლერკთან, რომლის ერთადერთი გასართობიც ,,ფორდის“ საჭესთან ჯდომა, კინოში სიარული და კომიქსების კითხვაა; მისი სახლი გაწყობილია კრედიტით ნაყიდი სტანდარტული, უსახური ავეჯით და ის რესპუბლიკელია, რაკი მამამისიც რესპუბლიკელი იყო.
ჩვენ კულტურაში ჩვენ ერთმანეთს ვეჯახებით დიამეტრალურად განსხვავებული, მარტივი და რთული გემოვნებებით და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ფონს, რომელზეც ადამიანი მნიშვნელოვნად მეტ რელიეფურობას იძენს, ვიდრე ეს უბრალო კულტურის წარმომადგენლისთის არის შესაძლებელი. მანუსის ხალხში მუსიკისადმი სიყვარული სალამურზე ან ხის ფლეიტაზე მეტნაკლებად კარგად დაკვრის შესაძლებლობაში გამოიხატება, ხოლო პლასტიკური ხელოვნებისადმი ინტერესი _ მეზობელი ხალხების მიერ შექმნილი ტრადიციული ფორმების მეტნაკლებად წარმატებული გამოჭრის შესაძლებლობაში. მაგრამ კულტურის მიერ განსაზღვრულ შესაძლებლობათა ამ მეტად ვიწრო დიაპაზონში, მანუსის ბავშვები აღმოაჩენენ პიროვნების არსებით ნიშანთა შროის ისეთსავე მკვეთრ განსხვავებებს, როგორც ამერიკელები. მათ შოროის მკაფიოდ გამოიყოფა მორჩილები და გავლენიანები, ანგარიშიანები და ფიცხები, ინიციატივის მქონენი და მიმბაძველები; და სწორედ იმიტომ, რომ რთული განსხვავებები ტრადიციულ განათლებაში აქ სურათს არ ამუქებენ, მანუსის ხალხი _ ბავშვისთის პირვონების ამ ფუნდამენტალურ თვისებათა ფორმირების გზების შესწავლისთვის ღვთის მოძებული საჩუქარია.
ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი პრიმიტიული საზოგადოებისთვის. როგორ გამომუშვდება მოზარდობისას ინდივიდში მისთის დამახასიათებელი ტენდენცია, რომ აირჩიოს კონკრეტული რამე სხვა რამის ნაცვლად? თანამედროვე ცივილიზაციებისთის თვალის უბრალო გდავლებითაც კი, ჩვენ კულტურასა და ტემპერამენტს შორის პირდაპირ კავშირს აღმოვაჩენთ. ამერიკაში, სადაც მღვდელიც კი მოხერხებული უნდა იყოს და სადაც ენერგიულობაა წახალისებული, სავსებით დევალვირებულია განმჭვრეტელი, მოფიქრალი ადამიანი, რომელიც იმქვეყნიურ, მიღმურ პრობლემებშია ჩაძირული. ხოლო ძველინდურ ცივილიზაციისნაირ საზგადოებაში პირიქით, არახელსაყრელ მდგომარეობაში იქნებოდა აქტიური, მოქმედი გონების ადამიანი, რომელსაც აზრი, როგორც ასეთი, არ ხიბლავს და ეზიზღება ფილოსოფიური სიზუსტე.
ყველა საზოგადოებაში იდეალად ითვლება საქციელის შესაძლო ტიპთაგან ერთერთი. ის ინდივიდუმები, რომლებიც საკუთარ თვს პიროვნების ამ ტიპად გარდაქმნიან, ამ საზოგადოების ბელადები და წმინდანები ხდებიან. ხოლო ისინი, ვისაც პიროვნების ეს გაბატონებული ტიპი ნაკლებად აქვს განვითარებული, მათი მიმდევრები ხდებიან. მათ კი, ვინც პიროვნებაზე სავსებით განსხვავებული თვალთახედვის წერტილის დაჭერას ახერხებს, ხან საგიჟთში ათავსებენ, ხან ციხეში ამწყვდევენ, როგორც საშიშ აგიტატორებს, ან კოცონზე წვავენ, როგორც ერეტიკოსებს, ხანდახან კი ნებას რთავენ არტისტების ნახევრად დამშეული არსებობა ათრიონ. ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ ,,ის დაიბადა თავის დროში“, ,,თავის საუკუნეში“, უბრალოდ, ისეთი ადამიანია, რომლის პიროვნებაც თანხვდება მის საზოგადოებაში გაბატონებულ ტონს. ის არის ადამიანი, რომელიც ამ თანხვედრისთვის აუცილებელ ინტელექტს ფლობს. საზოგადოებები ფუნქციონირებენ, ვითარდებიან და ფართოვდებიან მათით, ვისი სულებიც ამ საზოგადოებების სულებს ენათესავება. კულტურებს ძირს უთხრიან და გადალახავენ ახალი რწმენები და პროგრამები _ მათი ტანჯვისა და ამბოხის ნაყოფი, ვინც ვერ იპოვა სულიერი სამშობლო კულტურაში, რომელშიც დაიბადა. ადამიანთა პირველ ჯგუფს მათი საზოგადოების დაცვის ტვირთი აწევს, და, შეიძლება ითქვას, ის ტვირთიც, რომ საზოგადოებას უფრო განსაზღვრული სახე მისცენ. სააზოგადოებისგან გარიყულ ნიჭიერ ადამიანთა მხრებზე კი ახალი სამყაროების დაარსების ტვირთი ასევენია. ცხადია, რომ კულტურის ბედი ნაწილობრივ ამ სამი ტიპის ადამიანების თანაურთიერთობაზეა დამოკიდებული. ენთუზიასტი შემომქმედების გარეშე, რომლებიც საკუთარ თავს არსებული რეჟმის ან ამავე რეჟიმის ახალი ფორმების სამსახურში აყენებენ, საზოგადოება, ან სოციალური ცხოვრების რაღაც ნაწილი ლიდერების გარეშე აღმოჩნდებოდა და მოწყენილობასა და უღიმღამობაში დაინთქმებოდა. ამის მაგალითად თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრება გამოდგება. მის სათავეში არ დგანან ამერიკელთა საუკეთესო ტიპები , ანუ ადამიანები, რომლებიც ამერიკულ იდეას საკუთარ თავსში საუკეთესოდ გამოსახავდნენ. პოლიტიკურ სცენაზე ისეთი ძლიერი პიროვნებების გამოჩენა, რომლებიც ამერიკულ იდეალებს არ შეესაბამებიან, ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას ენერგიასა და სიჯანსაღს ვერ მიანიჭებს. ნებისმიერი საზოგადოების ბედი იმ სულიერ საკვებზეა დამოკიდებული, რომლითაც მისგან გარიყულები იკვებებიან _ რაზე აგებენ ისინი იდეების შეცვლის თავიანთ ფილოსოფიას, იდეებზე, რომლებიც საკმაოდ ენათესავება მათ კულტურას, აწყობენ ნამდვილი ცვლილებების საფუძვლებს, ან მათი კულტურისთის იმდენად უცხო წყაროებს მიმართავენ, რომ უსაფრთხო ინტელექტუალ მეოცნებეებად რჩებიან.
ამიტომ ყველა საზოგადოება, ისინიც კი, როლებიც სავსებით იზოლირებული არიან და შეხება არა აქვთ სხვა კულტურებთან, თავისი არსებობის ნებისმიერ მომენტში დამოკიდებულია პიროვნების იმ თვისებებზე, რომლებიც მას დაბადების შემდეგ უვითარდება. რაც შეეხება, რამდენიმე გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანს, რომლებიც ყოველ თობაში იბადებიან, ძალიან მნიშვნელოვანია იწვიან თუ არა ისინი არსებული წესრიგის შენარჩუნების ენთუზიაზმით, თუ თავიანთ ცხოვრებას რაღაც ახლის, დაუდგრომელ ძიებას სწირავენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველა საზოგადოების ბედი ადამიანების კალიბრზეა დამოკიდებული და არა მათ შორის ინტელექტუალური განსხვავების შინაარსზე. კულტურის ბედი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მიმზიდველია მისი იდეალები ყველა თაობის ნიჭიერი ადამიანებისათვის, აბრმავებენ თუ არა მათ საკუთარი ბრწყინვალებით და თვიანთდა სამსახუროდ აღძრავენ თუ განახლების დაუცხრომელ ვნებას აღძრავენ მათში.
ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ პროცესის მექანიზმზე, რომლის შედეგადაც ერთი ბავშვი სისტემის აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი ხდება, მეორე მასზე აპათიურად რეაგირებს, მესამე კი მისადმი დაუფარავ ზიზღს გრძნობს. შესაძლოა ამ პრობლემის გადაწყვეტის მეტნაკლებად ნაყოფიერი მცდელობები მოდიოდა ფსიქოანალიტიკოსებისგან, რომელთა დაუცხრომელმა სურვილმაც, რომ მთელი ცხოვრება ერთ კატეგორიაში მოექციათ, მათ მცდელობები გაუღვიძა გადაეჭრათ ის პრობლემებიც, რომელთაც ორთოდოქსალური ფსიქოლოგები არ განიხილავდნენ რაიმე ერთიანი თეორიის ჩარჩოში. ერთერთი მეტნაკლებად დიდი ფსიქოანალიტიკური თეორია, იდენტიფიკაციის თეორია, იმის ანალიზს წარმოადგენს, როგორ ახდენს ინდივიდუმი საკუთარი თავის გაიგივებას სხვა პიროვნებასთან (რომელსაც უშუალოდ იცნობს, რომლის შესახებაც წაუკითხავს ან რომელსაც წარმოიდგენს) იმდენად ძლიერად, რომ მის მიდრეკილებებსა და მდგომარებებს ითავისებს. ფსიქოანალიტიკოსები ამით იმისთის სარგებლობდნენ, რომ ათობით განსხვავებული სიტუაცია აეხსნათ.
ჩვენს საზოგადოებაში იდენტიფიკაციის მექანიზმში ჩადებული ვარიაციული შესაძლებლობები მრავალრიცხოვანი და ურთიერთსაპირისპიროა. ნებისმიერი მშობელი, მასწავლებელი, განთქმული კინომსახიობი, ბეისბოლის მოთამაშე, წიგნისა თუ პიესის გმირი, ისტორიული პიროვნება, საყვარელი ამხანაგი თუ თავად ღმერთი შეიძლება იქცეს იდეალად. საგიჟთები სავსეა ისეთი ადამიანებით, რომელთაც საკუთარი იდენტიფიკაციები ჯასაღი განსჯის სფეროდან გაიყვანა და დაეჭვების გარეშე დაიჯერა, რომ ნაპოლეონი, ან იესო ქრისტეა. სამოას საზოგადოება აჩვენებს, რომ იდენტიფიკაციის უკიდურესი ფორმები დამახასიათებელი მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის. იქ მე შევხვდი ადამიანს, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა რომ ის ტუფელეა, კუნძულის მთავარი ბელადი, და ითხოვდა რომ მისთვის, გლახაკისთვის, ისეთ სიტყვებით მიემართათ, როგორც მთავარ ბელადსთვის შეეფერებოდა.
საკუთარი თავის ვინმესთან ასოცირების ნაკლებპათოლოგიურ ფორმებს შეიძლება შევხვდეთ რომელიმე ბელადის მგზნებარე თაყვანისმცემლის ყოველ ხუმრობაში, ყველასთან, ვინც ისწრაფვის საგულდაგულოდ, თუნდაც მცირედით გაიმეოროს სხვა, უსაზღვროდ სათაყვანებელი ადამიანის ქცევა.
მანუსის ბავშვებს არჩევანის ასეთი დიაპაზონი არ აქვთ. ისინი ვერ ხედავენ ადამიანის რანგებს შორის დიდ განსხვავებას, მოკლებული არიან რელიგიურ ბელადებს, წარმოდგენა არ აქვთ მითებზე თუ ისტორიის უდიდეს პიროვნებებზე. ამ ბავშვებს არ გააჩნიათ სახებათა გალერეები რომლის შედარებაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გალერეასთან, რომლისგანაც ჩვენ ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი იდეალების გამოძერწვა. ამის გარდა, შესაძლებლობები და მზაობა, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ბავშის მიდრეკილება აირჩიოს სახე მისაბაძად, მანუსში ძალიან მყიფედ შემოიფარგლება მამა–შვილის ჩარჩოთი. მკითხველმა უნდა გაიხსენოს რა მჭიდროდ აკავშირებს მეგობრობის უღელი მამასა და პატარა ვაჟს, როგორ იმეორებს ბავშვი მამის მოქმედებებს თავის ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, ისვენებს, არწმუნებს წინაპართა სულებს, როგოლ ელაქლაქება ცოლს. ჩვენ ვნახეთ, რომ უფრო ხანშიშესული და უფროსი მამების შვილები შეიძლება განვასხვაოთ უფრო უმცროსი მამაკაცების შვილებისაგან. და რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ რომ მამის პიროვნების თანხვედრა გერ ვაჟთნ ისეთივე დიდია, როგორც საკუთარ შვილთან და მსგავსება გერთან შვილთან მსგავსებაზე უფრო დიდია იმ შემთხვევაში, თუ შვილი სხვა ტემპერამენტის ან სოციალური მდგომარეობის მამაკაცმა იშვილა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს მემკვიდრეობითობის გავლენა, ფაქტორი, რომელიც ამჟამად არ ექვემდებარება ზუსტ გაზომვას _ ბავშვის პიროვნების ფორმირება _ დიდწილად განპირობებულია მოზრდილ პიროვნებებთან მჭიდრო კავშირით. მანუსის ხალხში მამების მხრიდან ვაჟებზე მშობლიურ ზრუნვაში მანუსის ხალხმა მომავალ თაობაზე მათი პიროვნული მახასიათებლების გადატანის დიდებული მექანიზმი აღმოაჩინა.
და ეს მარტო იმ თანადამოკიდებულების შენახვის საშუალებაა არაა მომავალ თაობაში, გადამწყვეტსა და არა გადამწყვეტს, აგრესიულსა და რბილ ხასიათებს შორის, რომლებიც წინათ არსებობდნენ. თუ ძლიერ ადამიანს 5 ვაჟი ჰყავს, რომლებიც ცხოვრებისეული კარიერის განსხვავებულ ეტაპებზე გაუჩდნენ, ბავშვი, რომელიც მას ახალგაზრდობაში შეეძინა, უფრო რბილი ტემპერამენტის მფლობელი იქნება, ვიდრე მეორე ბავშვი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული სიმწიფის ნაყოფია. შეიძლება ეს იყოს ერთერთი მიზეზი, თუ რატომ ნიშნავს მანუსში პირველი შვილი ცოტას და რატომ ბატონობენ ასე ხშირად უმცროსი ძმები უფროსებზე (ასევე, ამ მოვლენის ერთერთი მიზეზი შეიძლება ინტელექტუალური განსხვავებაც იყოს).
ყოველი ტემპერამენტის წილი შეიძლება მსუბუქად შეიცვალოს თაობდან თაობამდე იმის მიხედვით, რამდენად ხშირია შემთხვევითი შობები და შვილად აყვანები. პალეავოს, აგრესიულ ადამიანს, მხოლოდ ერთი შვილი ყავდა. მუჩინს კი, მის ძმას, რბილი ხასიათის, არააგრესიულ და კონსერვატიული ხასიათის პატრონს ოთხი შვილი ყავდა. შემდეგ პალეავომ იშვილა მუჩინის ერთერთი ვაჟი, მაგრამ ეს ზედმეტად გვიან გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვის ხასიათზე მოეხდინა გავლენა. იქ, სადაც მხოლოდ ათი თუ თხუთმეტი მამაკაცი წყვეტს ერთობის ბედს, ძალიან მნიშვნელოვანია იქნებიან თუ არა მათში 3–4 ინიციატივიანი და აგრესიული ადამიანი.
საინტერესოა მანუსის აღზრდის მეთოდების არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ოკეანიის სხვა კუნძულების, სამოელების აღზრდის მეთოდებთან შედარება. სამოაზე ტიტულის იდეა ბავშვებისთვის სტიმულს წაროადგენს, მაგრამ ის არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არასოდეს რთავენ ბავშვებს მათთან მიახლოების ნებას. ბავშვებს აძევებენ მოზრდილების საზოგადოებიდან, მათ მოხუც ქალებს გადასცემენ ან უმცროსების ძიძაობას აიძულებენ. აქ არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ძლიერი ადამიანის ვაჟი პიროვნება გახდება, როგორიც არ უნდა იყოს მამასთან ურთიერთობა. მაგრამ რანგის იდეას აღმოაჩნდა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე განსაზღვრული გავლენა. თუ ის ბელადის ვაჟი ან დისწულია, მის მიმართ ქცევის რამდენადმე მაღალი ნორმებია წაყენებული და ის მათ დასაკმაყოფილებლად თანატოლებზე მეტ ძალისხმევას ხარჯავს. მაგრამ ,,შენ ბელადის ვაჟი ხარ“ ეს ძალისხმების გაღვიძებაა და არა ჩვენებური მამის წარმატებების ფატალური ხაზგასმა, რომელიც ვაჟს აშინებს და მის განვითარებას აფერხებს. ამ სტიმულის პიროვნებაზე მოქმედება სამოელ ბავშვთან ცალსახად შემცირებულია. პატარა ბიჭები აქ ერთმანეთისგან იმაზე გაცილებით მცირედ განსხვავდებიან, ვიდრე მანუსის ხალხში. როცა ისინი ახლგაზრდა ადამიანები ხდებიან, ბელადები დიდ ინტერესს იჩენენ მათდამი. როგორც თვიანი პოტენციური მიმღებებისა და მაღიარებლებისადმი. მაგრამ, ამ დროისთვის, როდესაც ახალგაზრდას უფროსებისადმი მიბაძვის დიდი შესაძლებლობები უჩნდება, მისი ხასიათი უკვე საკმაოდ ფორმირებულია. პირველი 17–18 წლის მანძლზე, ახლაგაზრდა სამოელის მთავარ სოციალურ დეტერმინანტად მისი ასაკობრივი ჯგუფის ნორმატივები გვევლინება და არა მოზრდილის პიროვნება. საკკუთარი ასაკობრივი ჯგუფის ტენდენციების დამორჩილების ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ რანგის იდეა, გვიან წლებში მოზრდილ ადამიათან კავშირი ცოტა რამეს თუ შეუძლია რომ შეცვალოს. სამოაზე მამაკაცები გაცილებით უფრო გვანან ერთმანეთს, ვიდრე მანუსის მამაკაცები. საქციელის კეთილგონივრული სტანდარტიზაცია და დახვეწილი მანერები, რომლებიც, უფრო მეტად, ადამიანის სოციალური სტატუსის შესატყვისია, ვიდრე მისი ბუნებრივი მიდრეკილებებისა თუ პიროვნული განსაკუთრებულობის, სამოელებს მნიშვნელოვნად უფრო ერთგვარ მასად ხდის.
მანუსის ბავშვებისთვის ასაკობრივი ჯგუფის როლი უმიშვნელოა. როგორც ინდივიდუმები, ისინი ითვისებენ თავიანთი მამების განმასხვავებელ მახასიათებლებს, თავისებურებებს, რომლებიც პირდაპირ გამოხატავს მათ ასაკს, ეკონომიკურ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ წარმატებას. ეს უკანასკნელი გარკვეულწილად დამოკიდებულია ინტელექტზე, მაგრამ, ძირითადად მაინც ხასიათის ისეთი შტრიხებითაა განპირობებული, როგორიცაა აგრესიული ინიციატიურობა და ენერგია.
მანუსზე ჩვენ პიროვნების სამ მთავარ ტიპს ვნახულობთ:
1. აგრესიული, ძალადობისკენ მიდრეკილი, გავლენიანი ტიპი, რომელიც გავრცელებულია უფრო ასაკოვანსა და მდიდარ ხალხს შორის და ბავშვებს შორის, რომლებიც მათ აღზარდეს.
2. საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებული, მაგრამ ნაკლებ გამოხატული აგრესიულობით გამორჩეული ტიპი. ის გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობისთვის, თუმცა კარგი სტარტი აქვთ აღებული ბავშვობაში, ისევე როგორც ამ კაცის მიერ აღზრდილ ბავშვებს.
3. რბილი, არააგრესიული, სუსტი ტიპი _ გვხვდება ხანშიშესულ წარუმატებელ ინდივიუმებთან, რომელთაც ცუდად დაიწყეს თვიანთ ცხოვრების გზა. გვხვდება ასევე ბუნებისგან ნაკლები ნიჭით დაჯილდოებულ ინდივიდებსა და მათ შვილებში.
იმდენად, რამდენადაც ნახევარზე მეტ შემთხვევებში მოზრდილ მამაკაცთა მოსახლეობას თავად ჰყავს ვაჟები, ან სისხლით ნათსავები მაინც, ეს სისტემა აჩენს პიროვნების არისტოკრატიზმს, რომელიც საიმედოდ უკვდავყოფს საკუთარ თავს. მას მოაქვს იშვიათი ინდივიდუალური განსხვავებები, თუნდაც ძალიან პატარა სოფლის მცხოვრებ მამაკაცებს შორის, მოაქვს ცხოვრების დინამიკური ატმოსფეროს გამოჩენა, რომელიც სამოაზე არ არსებობს, იმის მიუხედავად რომ იქ პროვნების განვითარება რანგობრივი სისტემის მანიპულირებით ხდება. ეს ცოცხალი, უწყინარი ადამიანები მიმღებლები არიან იმ კულტურებისადმი, რომელთანაც შეხებაში იმყოფებიან,, სწრაფად სარგებლობენ თეთრი ადამიანის იდეების უპირატესობებით და მათ თავის სასიკეთოდ მიმართავენ. მაგრამ სამოელების დამოკიდებულება თეთრების ცივილიზაციისადმი დაფუძნებულია ცხოვრების სახის მოქნილობაზე, რომელშიც არაა ძლიერი ვნებები და ძალიან ძვირად რაიმეს გადახდაც აღარ მოგიწევს. მანუსს, სხვა კუთხით, ბევრი კონფლიქტი და სხვადასხვა ტიპის პიროვნებებს შორის ბევრი უთხმოება აქვს. სამოური სისტემა კი ძალიან სასიამოვნო საშუალებაა ადამიანის ბუნების არასასიამოვნო, უხეში მხარეების დასალაგებლად იმ დონეზე, სანამ ის უვნებელი არ გახდება. მანუსის სისტემა კი პიროვნებაში კაპიტალდაბანდებისა და მისით საზოგადოებრივი სარგებლობის ერთერთი მაგალითია.

This entry was posted in თარგმანი, მთავარი, სოციოლოგია, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to როგორ იზრდებიან ახალ გვინეაში (მარგარეტ მიდი)

  1. შოთა ამბობს:

    საინტერესოა, მაგრამ რაღაცეებში არ ვეთანხმები მიდის… არაადეკვატურად მიმაჩნია იდეალისა და პიროვნული გაიგივების ერთ დონეზე დაყვანა. მაგალითად, თუ ვინმესთვის იდეალია ქრისტე ეს არ ნიშნავს, რომ მას თავი ქრისტედ მიაჩნია, სწორედ იმიტომ რომ ქრისტე იდეალია ის ვერ იქნება ქრისტე, რადგან იდეალი არის ადამიანის თაყვანისცემის, აღრფთოვანებისა და მოწონების საგანი, ამიტომაც ადამიანი ბაძავს იდეალს, სურს დაემსგავსოს მას და ამ შემთხვევაში ქრისტე, მისი ორიენტირია და არა საკუთარი თავის გაიგივების ობიექტი. იდეალი, როგორც ცნება, ადამიანისთვის უმაღლესი “მიზანი” და სრულყოფილებაა, რომელიც გამორიცხავს ადამიანისთვის მის ბოლომდე განხორციელებას.

  2. chankotadze ამბობს:

    რა თქმა უნდა, მაგრამ, უბრალოდ ადამიანი ცდილობს მიბაძოს და დაემსგავსოს იდეალს, თავი გააიგივოს მასთან. რა თქმა უნდა ქრისტიანი თავს ქრისტედ არ აღიქვამს, მგრამ ქრისტიანობის იდეაც ხო ქრისტეს ბაძვაა (რამდენადაც შეზლებს ადამიანი), რაკი ისაა იდეალი

  3. შოთა ამბობს:

    დიახ, მაგრამ არა თავის გაიგივების ობიექტი.

  4. შოთა ამბობს:

    ადამიანი, როდესაც ბაძავს იდეალს და სურს დაემსგავსოს მას, რეალობისა და იდეალის განცდა არ უნდა დაკარგოს და თავი არ უნდა გააიგივოს მასთან, მითუმეტეს ქრისტეს შემთხვევაში, რადგან როდესაც ვინმე თავს გააიგივებს ქრისტესთან, ეს ფსიქიკურად არაჯანსაღი იქნება, რადგან იესო უნივერსალურია, ადამიანი კი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც “ქრისტედ ქცევა” პრინციპულად არ შეუძლია.

  5. შოთა ამბობს:

    თორემ დანარჩენს რაც შეეხება, სწორედ მაგას ვამბობ მეც.

დატოვე კომენტარი